Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო გერბი ანტიმართლმადიდებლურია!

საქართველოს სახელმწიფო გერბი ანტიმართლმადიდებლურია!

4131

«ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, ჰიმნი და დროშაა, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა» _ ამ ფრაზას ნოდარ დუმბაძის «თეთრი ბაირაღების» გმირი ძია ისიდორე ამბობს. ანბანზე არა, მაგრამ სახელმწიფო დროშაზე, გერბსა და ჰიმნზე საქართველოში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

 

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს გერბზე წმინდა გიორგი მარცხნივ არის მიბრუნებული და არასწორად არის გამოსახული, კანონიკურ ხატებზე კი პირიქითაა. ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა ქართული კი არა, კათოლიკურია. რა უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ და რატომ არის შესაცვლელი ქართული დროშა, გერბი და ჰიმნი _ ამ საკითხზე სამართლის დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კახნიაშვილი გვესაუბრება:

_ სამწუხაროდ, საქართველოში უაღრესად დაბალი სამართლებრივი კულტურაა. ასი მოქალაქიდან 99- კონსტიტუცია წაკითხულიც არ ექნება. საქართველოს დღევანდელ სახელმწიფო სიმბოლიკაზეც 100-დან, ალბათ, სულ რამდენიმე კაცს თუ აქვს წარმოდგენა. არადა, შეუძლებელია, რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოებზე არ ჰქონდეს ინფორმაცია. სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო სიმბოლოები ისეთ მნიშვნელოვან სიმბოლოებად არის აღიარებული, რომ მათი შემოღება ორგანული კანონით უნდა ხდებოდეს. ამასთანავე, კანონპროექტს განმარტებითი ბარათიც უნდა ახლდეს, რომელშიც ნორმის მიღების აუცილებლობა იქნება დასაბუთებული. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ სახელმწიფო სიმბოლიკა ისე ნაუცბათევად შეიცვალა, რომ «გამარჯვებული ხალხისთვის» არაფერი უკითხავთ. 2004 წლის 14 იანვარს პარლამენტის შენობაში ძალით შეიყვანეს შევარდნაძის დროინდელი დეპუტატები, რომლებსაც კონსტიტუციური უფლებამოსილება 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდათ (ახალი პარლამენტი 2004 წლის მარტში აირჩიეს) და სააკაშვილის ინაუგურაციისთვის «ხუთჯვრიანი დროშა» ისე სახელდახელოდ «დააკანონებინეს», რომ არც მისი წარმომავლობა იცოდნენ და არც ზუსტი აღწერილობა. არადა, კარგა ხნით ადრე პროფესორი გურამ შარაძე ცდილობდა, ემცნო საზოგადოებისთვის ხუთჯვრიანი დროშის კათოლიკური წარმომავლობა, ხოლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინტერნეტში შეეძლო მოეძებნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ახალი «ოფიციალური» სიმბოლო სინამდვილეში კათოლიკური ჯვრის ერთერთი მოდიფიკაციაა, რომელიც მე-13 საუკუნეში შეიქმნა.

საგულისხმოა, რომ 2001 წელს, როდესაც, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიის შენობის თავზე აღმართეს ხუთჯვრიანი დროშა, სააკაშვილმა ეს დროშა დავით აღმაშენებლის სახელს დაუკავშირა. არადა, ამას არც ერთი ქართველი მეცნიერი არ ადასტურებს _ ყველა ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, როგორი იყო «გორგასლიან-დავითიანი» დროშა (აკაკი ბაქრაძე, სიმონ გამსახურდია, ნუკრი შოშიაშვილი, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, მალხაზ აფრიდონიძე, აპოლონ სილაგაძე და სხვანი). სამაგიეროდ, ხუთჯვრიანი დროშის თაობაზე მსოფლიოში საერთო პოზიცია აქვთ, რომელსაც ქართველი მეცნიერებიც იზიარებენ და საჯაროდ ამბობენ, რომ ხუთჯვრიანი კომპოზიცია ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა და რომ ის «კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელი სიმბოლოა» (თედო დუნდუა, «ძელი ცხოვრებისა», თბილისი 2000).

_ ქართველი ჰერალდიკოსები ამტკიცებენ, რომ ხუთჯვრიანი დროშა ქართული სიმბოლოა და მე-14 საუკინის რუკებზეც აღნიშნულია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამოიყენებოდა.

_ ეს არის პორტოლანები, საზღვაო რუკები მე-14 საუკუნის იტალიელი ზღვაოსნებისა, რომლებსაც მონიშნული ჰქონდათ ის ქალაქები (თბილისი და სოხუმი), სადაც მოქმედებდა კათოლიკური მისიები. ამაზე მეცნიერები აღარ დავობენ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ რუკებზე სწორი (იერუსალიმური) ჯვრებია გამოსახული, ხოლო ტამპლიერთა ორდენის სიმბოლო იერუსალიმის ჯვრის ერთ-ერთი მოდიფიკაციაა. გარდა ამისა, ამიხსნან, რა კავშირშია მე-14 საუკუნის რამდენიმე რუკაზე თბილისის თავზე დასმული ხუთჯვრიანი ნიშანი და დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს სახელმწიფო დროშა. მაჩვენონ ერთი ნაშრომი მაინც, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად იქნება აღწერილი დავით აღმაშენებლის დროშა ან სადმე მოიძიონ ასეთი დროშის ნიმუში. იტალიელ ზღვაოსანთა იმავე რუკებზე ხუთჯვრიანი სიმბოლოები დასმულია სირიის, ყირიმის, სომხეთის, იორდანიისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ ქალაქებზეც… კარგი, ვთქვათ, ქართველებმა ვერ შემოვინახეთ «ხუთჯვრიანი დროშის» ნიმუშები, ნუთუ მტერმა ნადავლის სახითაც ვერ იგდო ხელთ ერთი ცალი მაინც?!

_ თუ ხუთჯვრიანი დროშა ქართული არ არის, რატომ დაამტკიცეს ის სახელმწიფო დროშად?

_ ამ დროშას 1991 წლიდან მონარქისტული პარტია იყენებდა, ოღონდ სწორჯვრებიანს, ხოლო ამ ფორმის ხუთჯვრიანი დროშა საქართველოში პირველად მხოლოდ 1995 წელს «მოქალაქეთა კავშირის» ღონისძიებებზე გამოჩნდა, ხოლო 21-ე საუკუნეში «ნაციონალურმა მოძრაობამ» გახადა პოპულარული. ახლახან წავიკითხე გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე ხუთჯვრიანი დროშა, სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს არის მიღებულიო. ამანაც ორი საუკუნით აქეთ გადმოიჩოჩა. ამიტომ, ამდენ უხერხულობას რომ არ წავაწყდეთ, უნდა შეიკრიბოს სპეციალური კომისიაჩამოვყალიბდეთ, აზრი საზოგადოებას უნდა ვკითხოთ და ახალ სიმბოლოს მივიღებთ თუ ძველი დარჩება, ყოველ შემთხვევაში, დროშის შინაარსი უნდა ვიცოდეთ.

_ ისტორიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მასონურია

_ ტამპლიერთა ორდენის ბაზაზე წარმოიშვნენ მასონები, რომლებსაც მართლმადიდებლები გულზე არ ეხატებათ. ისტორიული წყაროებიც გვამცნობს, რომ ამ დროშის წარმომავლობა არის კათოლიკურ-ჯვაროსნული. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ მე, ქართველს, მინდა ეროვნული  დროშა, რომელზეც ასახული იქნება ჩემი ქვეყნის წარსული, ვიზუალურად კარგად აღსაქმელი და არა _ ჯვაროსნულ-დამპყრობლურ-ბარბაროსული სიმბოლოებით გაჯერებული. ამის გარდა, იერუსალიმში 5 ჯვრის გამოსახულება ხუთ სამსჭვალისს ნიშნავს, რომლებითაც ქრისტე გააკრეს ჯვარზე.

_ ეს ყველაფერი წინა ხელისუფლებას უვიცობით მოუვიდა თუ განზრახ გააკეთა, რომ სახელმწიფო დროშა არაქართული ყოფილიყო?

_ მგონია, რომ სააკაშვილმა თავის დამფინანსებლებს, პირველ რიგში სოროსს, ასიამოვნა და ამიტომაც მოგვახვია ქართველებს თავს  ეს დროშა.

_ რაც შეეხება საქართველოს გერბს

_ სხვათა შორის, 1999 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ აღდგეს ისტორიული დროშა, ხოლო გერბი _ «კვართიან-დავითიანი». მართალია, დეპუტატებს დროშის თაობაზე მკაფიო წარმოდგენა არ ჰქონდათ, მაგრამ იმაზე მაინც შეთანხმდნენ, რომ გერბზე ქრისტეს კვართი და დავით აღმაშენებლის მეფობის სიმბოლოები აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოსახული. მაინტერესებს, საქართველოს ამჟამინდელ გერბზე რა არის «კვართიან-დავითიანი»? როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჩვენს გერბზე გამოსახულია ბურგუნდიის მეფის გვირგვინი და არ არის ასახული ისეთი რამ, რაც მხოლოდ საქართველოსთან იქნებოდა დაკავშირებული.

_ საქართველოს გერბზე, საპატრიარქოს გერბისგან განსხვავებით, წმინდა გიორგის გამოსახულება რატომ არის მარცხნივ შებრუნებული?

_ ნებისმიერ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შებრძანდით და ნახავთ, რომ ყველა ფრესკასა თუ ხატზე წმინდა გიორგი მარჯვნივ არის შეტრიალებული. დააკვირდით ჩვენს სახელმწიფო გერბს, რომელზეც წმინდა გიორგი მარცხნივ არის შეტრიალებული, და ურჩხულიც მარცხნივ არის გამოსახული, რომელსაც მარჯვენა ხელით განგმირავს გიორგი. დააკვირდითროგორი უხერხული მოქმედებაა გამოსახული. ანუ, წმინდა გიორგის მარჯვენა ხელი ცხენის კისრის აქეთ აქვს გადმოწეული და ისე კლავს ურჩხულს. ესეც კურიოზულ სიტუაციას ქმნის. მსოფლიო ჰერალდიკოსების თქმით, სიმბოლოს, რომელიც სიკეთეს გამოსახავს, თუ საპირისპირო მხარეს შეატრიალებ, უკვე ბოროტების მნიშვნელობას იძენს, ანუ სიმბოლოს, რომელიც თავისი შინაარსით მისდევს მტერს, თუ მოატრიალებ, ნიშნავს, რომ გამორბის.  აი, ეს იდეა და ჩანაფიქრი დევს ჩვენს გერბში, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუქმნა  ქვეყანას. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ჰერალდიკოსებისგან მსმენია, რომ, როდესაც გერბზე მცირე, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი იცვლება, ამას სათანადო დასაბუთება სჭირდება, ვინაიდან არსებითად იცვლება სიმბოლოს შინაარსიც. მაგალითად, ფაშისტური სვასტიკა ტოტებჩამოტეხილი ჯვარია და წარმართულ ხანაში სიკეთეს განასახიერებდა. გერმანელმა «ნაციონალებმა» კი საპირისპირო მხარეს შეაბრუნეს და ბოროტების სიმბოლოდ აქციეს. ბორჯღალის შებრუნებით გამოსახვამ ქართული კუპონი რა დღეში ჩააგდო, ყველას კარგად ახსოვს. პირველი ქართული უნივერსიტეტის სიმბოლოს «რევოლუციური ტრანსფორმირების» შედეგიც უკვე ჩანს _შველს რქები დაადგეს, სხეულზე ურთიერთსაპირისპირო მიმართულების სპირალები დაამატეს და «მოაჩუქურთმეს»…

ისე, თუ გავიხსენებთ, ვინ დააფინანსა ე. წ. ვარდების რევოლუცია, ქართულ «ნაციონალურ» სიმბოლოებთან დაკავშირებული ბასტი ბუბუ ლოგიკურია. გარდა ამისა, სასურველია, სახელმწიფო გერბი ორიგინალური იყოს და საქართველოს ისტორიასთან ერთად დღევანდელ დღეს ან მომავალსაც ასახავდეს. საქართველოს გერბზე ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას თუ არ გავითვალისწინებთ, ვერავინ მიხვდება, რომ საქართველოზე და რესპუბლიკურ პოლიტიკურ წყობაზეა მინიშნება. იმ ფაქტს კი, რომ 2004 წლის ოქტომბერში ნაუცბათევად მიღებული გერბი 2005 წლის ივლისში «ნაციონალებმა» ისევ შეცვალეს და სადევიზე ბაფთაზე ჯვრები დაამატეს, ხოლო ვაზის ფოთოლი ლეღვის ფოთლით შეცვალეს, ძნელია, გონივრული ახსნა მოუძებნო.

_ საქართველოს ჰიმნზე რას ფიქრობთ?

_ ამ შემთხვევაშიც პარადოქსთან გვაქვს საქმე. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ჰიმნში ქვეყნის სახელი არ არის ნახსენები. როდესაც ტექსტში წერია ორ ზღვას შუაო, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ტერიტორია განისაზღვრება 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. თუ ასეა, სად ვართ ორ ზღვას შუა? თუ შავ ზღვას და თბილისის ზღვას გულისხმობენ? უცხოელი რომ ისმენდეს, საქართველო ისევ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ეგონება გადაჭიმული. არადა, ქალაქი გორი ვერ დაგვიცვია, ყურისძირში გაგვივლეს საზღვარი. ან რას ნიშნავს სიტყვები: «წილნაყარია ღმერთთანა»? რა, ღმერთს ვუთანაბრებთ საქართველოს? ან ცისკრის ვარსკვლავი რა არის? ეს ხომ ვენერასა და ასევე ლუციფერის სიმბოლოა, რომელიც მატყუარების ღმერთი იყო. და რაც მთავარია: «დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება». სიტყვა თავისუფლება მესმის გამოხატვის, სიტყვის, არჩევანის თავისუფლებად, არჩევა სარწმუნოების და ა. შ. და ამ თავისუფლებას ვუმღერით, როდესაც ენა, მამული და სარწმუნოება მაქვს? ხედავთ, რამხელა დაფიქრება სჭირდება ამ ყველაფერს?

წინა ხელისუფლებამ დროშაშიც მოგვატყუა, გერბშიც და ჰიმნშიც. დროა, გამოვფხიზლხდეთ, რადგან საუბარი სახელმწიფოს სიმბოლოებზე და არა მეზობლის ბოსტანზე. დროა, ახალმა ხელისუფლებამ ამაზე სერიოზულად იფიქროს. შექმნას სახელმწიფო კომისია, გამოცხადდეს კონკურსი. თუ ეს  საკითხი რეფერენდუმზე არ გავა, ლეგიტიმურმა პარლამენტმა სიმბოლოები კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მაინც უნდა მიიღოს, ხოლო თუ ხალხი ან პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო დროშად ხუთჯვრიანს აირჩევს, საზოგადოებას მისი შინაარსი ხომ მაინც უნდა აუხსნან?! საქართველოს მოქალაქემ ის მაინც ხომ უნდა იცოდეს, ჯვაროსნების შთამომავალია თუ ტამპლიერების გეგმების ხორცშესხმას აპირებს?!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

9 COMMENTS

  1. ეს საკითხი მართლაც რეფერენდუმზეა გადასაწყვეტი. ხალხსაც უნდა აუხსნან რა რას ნიშნავს…

  2. რა უვიცობა სუფევს ჩვენ ქვეყანაში…. რა დიდებული წარსული გვაქვს (ბევრი ერი შურით და ბოღმით ივსება) და არ ვაფასებთ…

  3. ამდენი ხანი სად იყავით? ამას 6-7 წლის უკან ვამბობდი და ყველას ეცინებოდა

  4. ძმები პიციგანების რუკაზე (მე-14 ს.), რომლის ასლი 1993 წელს ვიხილე პირველად, თბილისის თავზეა ხუთჯვრიანი დროშა. 2003 წელს გამოვაქვეყნე კიდეც ეს რუკა, მაგრამ სწორედ აკად. დავით მუსხელიშვილის სტატიამ (ამ რუკასა და დროშაზე) მისცა სააკაშვილს იდეა, მიეღო ეს დროშა. ზვიადისეული სამფერიანი დროშაც პრაქტიკულად არაქართულია : ის ჟორდანიას მთავრობამ გადმოასხვაფერა ერთ-ერთი გერმანული დროშიდან. თან ისეთი დროშა გვინდა, რომლის დახატვა ადვილი იყოს. არ უნდა გავართულოთ ის მანდ ათასი კონპონენტის შეტანით.
    გერბზე კი ვაზის ფოთლის ლეღვის ფოთლად შეცვლა არასწორი იყო. ვაზი საქართველოს სიმბოლოა და არა ისრაელის.

  5. დროშაც, ჰიმნიც და გერბიც უნდა შეარჩიონ და დახვეწონ უძლიერესმა ქართველმა ისტორიკოსებმა , მწერლებმა, პოეტებმა და საცერში უნდა გატარდეს ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს წარსულს , აწმყოს და მომავალს აღწერს!!! ისე, ავტორი მართალს ბრძანებს ასევე რომ , მასონები ნამდვილად ტრამპლიერების ბაზაზე აღმოცენდნენ, მაშინდელი ნაძარცვით უზარმაზარი ქონება დააგროვეს და დღემდე განაგებენ მსოფლიოს.

  6. ჩემთან სოფლად 6-7 საუკუნის ეკლესია სალოცავშოა ჩატანებული ბარელიეფი ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულებით.სოფელის მოსახლეობა თითქმის საუკუნის მანძილზე კათოლიკურ რწმენას მისდევდა 20 საუკუნეში,მაგრამ 13- 14 საუკუნის წინანდელ ტაძარზე ჩატანებულ ტაძრის ხუთჯვრიან დროშასთან არაფერი აკავშირებდა….მუსლიმანური რწმენის ნაცვლად კათოლიკური რწმენა მიიღეს და ამით დააღწიეს თავი გამუსულმანებას.პს:ტაძარი მართლმადიდებლური ტიპის სალოცავს წარმოადგენს.14 საუკუნის წინ თუ ქვაზე აღბეჭდეს წინაპრებმა იმ დროის სიმბოლოდ უბრალოდ ვერ ვხვდები დროშის არაქართულობაზე და მითუმეტეს სარწმუნოებრივ წარმომავლობაზე ვისრაპრობლემა უნდა ქონდეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here