Home რუბრიკები პოლიტიკა «ქართული ოცნების» მზარდი autoრიტეტი

«ქართული ოცნების» მზარდი autoრიტეტი

1078

ლექსუსები, პრადოები, ჰაიკლასის ავტომობილები ივანიშვილის დანატოვარი ხელისუფლების დიადი  გატაცება აღმოჩნდა. «ცალცალი კალოშით» მოსული თანამდებობის პირები წინამორბედების სავარძლებსა და სამსახურებრივ ავტომანქანებს აღარ დასჯერდნენ და ბიუჯეტის სახსრებით  ახალი ჰაიკლასის მანქანების შეძენა დაიწყეს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის, მიერ ძვირადღირებული «პრადოს» შეძენასთან დაკავშირებული სკანდალი ყველას გახსოვთ, თუმცა იგი ერთადერთი არაა, ვისაც ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის სურვილი გაუჩნდა. 174 ათას ლარად ღირებული ჯიპი შეიძინა აწ უკვე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა _ ოთარ ფარცხალაძემ. 78 ათასი ლარის ღირებულების «ტოიოტა პრადო» და პირადი მოხმარების საგნები იყიდა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, რომელიც პარლამენტში ყოფნისას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სტუმრობისას აბანოში ყოფნის ხარჯებს აფრიალებდა, თავად კი  ბოკერიას დანატოვარ მანქანაში ჩაჯდომა არ იკადრა.

შავი ჯიპების ეპოპეა უწოდეს «ახალგაზრდა იურისტებმა» კვლევას, რომლის თანახმადაც ორწელიწადნახევარში სახელმწიფო დაწესებულებებმა ავტომანქანების შესაძენად 90 მილიონი ლარი დახარჯეს. 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებამ 2146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 61 მილიონ 439 ათას 788 ლარი, 16 მილიონ 545 ათას 81 დოლარი და 110 ათასი ევრო შეადგინა. საია მონაცემებით, საჯარო უწყებებმა 2011-13 წლებში ავტომობილების შესაძენად 90 მილიონი დახარჯეს. მათ შორის, შსს ძვირადღირებული «მინიკუპერები» და «ტოიოტა ჰაილუქსები» იყიდა.

 ახალი მთავრობის მიერ ავტოპარკის განახლების მიზნით დახარჯული თანხა ათეულობით მილიონია. მხოლოდ «ბათუმელების» მიერ გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, 2013 წლის იანვრიდან დღემდე შსს მანქანებში 22 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში ავტოპარკი ბოლოს 2012 წლის დეკემბერში განაახლეს.

 სამმართველომ 72 ათას ლარად ღირებული ავტომანქანა «ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო» იყიდა. შპს «ტოიოტა ცენტრ თბილისსა» და სამმართველოს შორის ავტომანქანის მიწოდებაზე დადებულ ხელშეკრულებას სამმართველოს ხელმძღვანელი ვალერიან თელია აწერს ხელს. არადა, აჭარის სამმართველოში ჯერ კიდევ 2012 წლის თებერვალში შეიძინეს 108 ათას 700 ლარად «ტოიოტა ლენდკრუიზერ 200». რატომ თქვა წინამორბედის ახალ მანქანაზე უარი ახალმა პოლიციის უფროსმა და სად წავიდა ეს მანქანა, უცნობია.

2013 წლის მეორე ნახევარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკინგის განახლების მიზნით 6 მილიონ 444 ათას 450 ლარი დახარჯა. ამ თანხაში არ შედის დეპარტამენტების მიერ შესყიდული მანქანებისთვის გადახდილი თანხა. შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის, საჭირო მანქანების გარდა, უწყება ძვირადღირებულ მანქანებსაც ყიდულობს, სავარაუდოდ, თანამდებობის პირებისთვის. მაგალითად, «ნეტგაზეთის» ინფორმაციით, სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2013 წლის აპრილში 630 ათასი ლარი დახარჯა და ცხრა «ტოიოტა ჰაილენდერი» შეიძინა _ თითოეულში 70 ათასი ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ სააგენტომ დამატებით 43 ათას 700 ლარად ღირებული სამი ერთეული «ტოიოტა ჰაილუქსი» და სამი ერთეული «ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო» შეისყიდა, თითოეული 63 ათას ლარად. ამას მოჰყვა კიდევ ორი, 93 ათას ლარად ღირებული «ლენდკრუიზერ პრადო». 2013 წლის აპრილში სააგენტომ «ტოიოტა ლენდკრუიზერ 200»-ც იყიდა _ ამ მანქანაში სამინისტრომ 121 ათას 700 ლარი გადაიხადა. სააგენტო წელს ძვირადღირებულ მანქანებში, რითაც, სავარაუდოდ, თანამდებობის პირები ისარგებლებენ, 600 ათასი ლარის დახარჯვას ისევ გეგმავს.

ახალი ავტომანქანები  2013 წელს საქართველოს პროკურატურასაც უყიდია. მან  კომპანია «ჯი თი მოტორსისგან» 485 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანები შეიძინა. 2013 წლის ივლისში ახალ მანქანებში ფული საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც დახარჯა. სამინისტრომ «იბერია ავტო ცენტრისგან» ორი ერთეული «შკოდა» შეიძინა, რაც, ჯამში, 82 ათასი ლარი დაჯდა.

 ახალი მანქანები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც გამოჩნდა. სამინისტრომ 2013 წლის თებერვალში 15 ათას 619 ლარად ღირებული «ვოლკსვაგენ პასატი» და 42 ათას 121 ლარად ღირებული «კია სერატო» შეიძინა. მანქანების შეძენის ხელშეკრულებას ახლანდელი მინისტრი თამარ სანიკიძე აწერს ხელს, თუმცა ირკვევა, რომ სამინისტროს მაშინ «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთლიანობაში 1 მილიონ 841 ათას 40 ლარი დახარჯა ავტოპარკის გასაახლებლად. ახალი ავტომობილები მინისტრის მოადგილეებს ჩამოურიგეს, ხოლო ძველი, როგორც  ირკვევა, სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო იურიდიულ პირებს გადაეცათ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომაც 2013 წლის სექტემბერში ორი ერთეული «ტოიოტა კოროლა» შეისყიდა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კი 2013 წლის მაისში 2 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა, რაშიც, ჯამში, 78 ათას 500 ლარი გადაიხადა. კახა კალაძის სამინისტრომ  არჩევანი «შკოდა ოქტავიაზე» შეაჩერა.

 საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთი ერთეული სედანის ტიპის «ჰიუნდაი ელექტრა» შეისყიდა, რაშიც მთლიანობაში 137 ათას 400 ლარი გადაიხადა. 11 «სედანი» იყიდა საქართველოს პარლამენტმაც.

სახელმწიფომ 2013 წლის პირველ 6 თვეში საწვავის შესასყიდად უკვე დახარჯა 159 მილიონ 336 ათას 748 ლარი. ავტომანქანების რემონტში კი მთავრობას 20 მილიონ 713 ათას 902 ლარი აქვს ათვისებული. არადა, ყველა არასამთავრობო თუ ჟურნალისტური კვლევიდან ჩანს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენაზე არანაკლებ თანხებს ხარჯავდა, ეს ავტომობილები რამდენიმეჯერ ტელევიზიითაც გვაჩვენეს და ზურგზე არც ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს არ მოუკიდებია. რატომ აღარ იკადრეს აღნიშნულ, თითქმის ახალ ავტომობილებში ჩასხდომა «ქართული ოცნების» ახლადგამომცხვარმა მაღალი თანამდებობის პირებმა?

იმერლიშვილს ბოკერიას სიგარეტის სუნით გაჟღენთილი მანქანა არ მოეწონა და ასე იმართლა თავი, სხვებს კი, უბრალოდ, მადა გაეხსნათ და «თხა თხაზე ნაკლებიო»… მხოლოდ 1 წელიწადში «ოცნების» მინისტრებმა სააკაშვილის ჩინოვნიკებს გადაუსწრეს ფუფუნებით ბიუროკრატიულ ხარჯებში ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაში.

ანალოგიურად მოიქცნენ თბილისის საკრებულოშიც: «საქართველო და მსოფლიომ» გაარკვია, რომ, მაგალითად, მხოლოდ 2013 წელს, მიუხედავად იმისა, რომ 2012-ში სრულად იყო განახლებული საკრებულოს ავტოპარკი და არც საკრებულოს დამატებია ახალი წევრები, საკმაოდ ძვირადღირებული ახალი ავტომანქანები შეიძინეს: «ჰიუნდაი იხ35» _ 37 ათას 515 ლარად, ასევე «კია ოპტიმას» 44 ათასლარიანი ავტომობილი, ასევე 6 ცალი «ჰიუნდაი ელანტრას» ძვირადღირებული ავტომანქანები შეისყიდეს.

«მაღალი კლასი შეიძლება დიპლომატიურ სამსახურს და რამდენიმე თანამდებობას ესაჭიროებოდეს, მაგრამ ამ ღატაკ ქვეყანაში გაჭირვებული ხალხის გადასახადებით ასიათასიანი მანქანების ყიდვა ცოტა უხერხულია; ცოტა იმ ხალხზეც იფიქრეთ, რომელთა ჯიბიდანაც ყიდულობთ ამ ყველაფერს _ გაგვძვრა სული ამ გადასახადებში

_ ასეთია სოციალურ ქსელში  საქართველოს მოქალაქეების გამოხმაურება თანამდებობის პირების მისამართით, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩინოვნიკების ჯიპების დაბურულ მინებსა და აწეულ ფანჯრებში უბრალო ხალხის ხმა ვერ აღწევს.

გიორგი გაჩეჩილაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here