Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია _ 50

ზურაბ კვარაცხელია _ 50

1248

ალბათ, განგების ნება იყო, რომ ზუსტად 50 წლის წინ, ახალი წლის პირველ დღეს მოევლინა ქვეყანას ბატონი ზურაბ კვარაცხელია. ბატონმა ზურაბმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განვლილი პერიოდი უშურველად მოახმარა საკუთარი ერის სიყვარულს, საფიცარი სამშობლოს სამსახურს. ის, სრულიად ახალგაზრდა, პირდაპირ გადაეშვა ეროვნული მოძრაობის მორევში, გახდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეებისთვის მტკიცე, ურყევი და ერთგული მებრძოლი. ძალიან ძნელი იყო ეს გზა. 1987 წელს იგი ხდება «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» წევრი, მაგრამ  ზვიად გამსახურდიასთან ორგანიზაციის დაპირისპირების გამო ტოვებს საზოგადოებას. ამავე მიზეზით ტოვებს ედპ «მეოთხე დასის» სოხუმის ფილიალს.

 

1989 წელს, აფხაზეთში, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის _ ვოვა ვეკუას დაბადების დღეს, ზურაბ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით ფუძნდება ორგანიზაცია «თავისუფალ დემოკრატთა კავშირი», რომელშიც ზურაბ კვარაცხელია აქტიურად მონაწილეობს. იგი, ზვიად გამსაურდიასა და მერაბ კოსტავას გადაწყვეტილებით, ხდება «ეროვნული ხსნის კომიტეტის» წევრი. 1990 წლის მარტში ზურაბ კვარაცხელია «თავისუფალ დემოკრატთა კავშირის» ბაზაზე სოხუმში აფუძნებს «ჰელსინკის კავშირის ეროვნული აღორძინების ცხუმ-აფხაზეთის ორგანიზაციას»…

საქართველოში დატრიალებული პუტჩის დღეებში აფხაზეთში იწყება მძლავრი საპროტესტო მოძრაობა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ ზურაბ კვარაცხელია. სოხუმში იქმნება იატაკქვეშა კომიტეტი და სწორედაც ეს კომიტეტი ზუგდიდში ჩამოყალიბებულ სრულიად საქართველოს ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტში მიავლენს ბატონებს: ზურაბ კვარაცხელიას, ანზორ გვარამიას და პეტრე ნაჭყებიას (დანარჩენი წევრები გახლდნენ: ზაურ ქობალია, მერაბ ჩუხუა, ვახტანგ ჭითავა, ვალერი გაბელია, ზურაბ გუჩუა, გია მამფორია, გურამ მაქაცარია…)

დიახ, ადრეც ბატონმა ზურაბმა მრავალჯერ აჩვენა, რომ ის ბატონების _ ზვიადისა და მერაბის საქმისათვის, ე. ი. დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი იყო გიორგი სიჭინავასთან,  ზაურ კვარაცხელიასთან, რეზო ფაჩუაშვილთან, მურმან ზაქარაიასთან, ჯემალ გამახარიასთან, თემურ მჟავიასთან, ნაპო მესხიასთან, ნუგზარ მგალობლიშვილთან, გოჩა ბახიასთან, როზა ქანთარიასთან, სლავა ინჯიასთან, ალიო ქობალიასთან, გენო ადამიასთან, სოსო ჯომიდავასთან, დებ ნონა და ნანა ქობალიებთან, ჯამბულ წურწუმიასთან, ავთანდილ დავითაიასთან და სხვებთან ერთად, ვიწრო, კლდოვანი, ხიფათითა და წინააღმდეგობებით სავსე გზა გამოიარა, კაცურად იარა.

და მაინც, ყველა ვარიანტში აფხაზეთიცა და მთლიანად საქართველოც განწირული იყო, რადგანაც ქვეყნის სათავეში ეროვნული საქმის მოღალატე «მთავარსარდალი» ედვარდ შევარდნაძე იდგა.

ზურაბი დაუცხრომლად, დაუღალავად იბრძოდა პუტჩისტების წინაააღმდეგ, კანონიერი პრეზიდენტის დაბრუნებისთვის, საქართველოს მთლიანობისთვის. გამოდიოდა მიტინგებზე, საჯარო დემონსტრაციებზე მამხილებელი, უშიშარი სიტყვებით; იგი გაზეთ «აღდგომის» ერთ-ერთი დამფუძნებელია, ავრცელებდა კიდეც, თუმცა გავრცელება არც სჭირდებოდა; გაზეთს გამოსვლისთანავე იტაცებდნენ… იმ შავბნელ დროს ის იყო უმნიშვნელოვანესი გაზეთი, რომელიც იცავდა კანონიერი პრეზიდენტის უფლებებს, ერთიანი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს ინტერესებს. ვაგლახ, რომ ინტელიგენციის უმრავლესობას ან შეეშინდა, ან შეგნებულად ტაშს უკრავდა უზურპატორი შევარდანაძისა და ბანდიტი ჯაბა იოსელიანის სისხლიან რეჟიმს, რამაც საქართველო დააქცია.

ადრე, ზვიად გამსახურდიას რეკომენდაციით, ინდივიდუალური წევრის სტატუსით, შეყვანილ იქნა «მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს» ცენტრალურ აპარატში. «საქართველოს ჰელსინკის კავშირის» ყრილობაზე რესპუბლიკური გამგეობისა და პოლიტიკური საბჭოს წევრად აირჩიეს.

ზურაბ კვარაცხელია ყოველთვის იყო და არის აფხაზთა და ქართველთა დაპირისპირების მოწინაააღმდეგე და ორ მოძმე ხალხს შორის პრობლემური საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე.

2001 წლიდან ბატონი ზურაბ კვარაცხელია არის სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» წევრი; უკანასკნელი წლების მანძილზე ხელმძღვანელობს ამ მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციას და კურირებს რეგიონულ ორგანიზაციებს.…

2013 წელს ბატონი ზურაბ კვარაცხელია არჩეულ იქნა მეცნიერებათა აკადემია «აიას» ნამდვილ წევრად. იგი აქტიურად იბრძვის ქართველური ენების _ მეგრულის, სვანურისა და ლაზურის დაცვისთვის.

ვუსურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერი ცხოვრება ბატონ ზურაბ კვარაცხელიას ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში.

მამანტი ძაძამია,

 საქართველოს მეცნიერებათა აკადემია «აიას» პრეზიდენტი; კოლხური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი;

ცირა ძაძამია,

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია «აიას» ვიცეპრეზიდენტი;

ალეკო თოდუა,

 კოლხური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი; «ფაზისისა» და «აიას» მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობა» მისი თავმჯდომარის, ბატონ ტარიელ გაგნიძის მეთაურობით, ასევე, გულითადად ულოცავს ბატონ ზურაბ კვარაცხელიას 50 წლის იუბილეს. ჯანმრთელობასა და წარმატებებს უსურვებს მას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here