Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ხაჭაპურიძე: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას საფუძველი ბოროტმოქმედმა სააკაშვილმა ჩაუყარა

ვაჟა ხაჭაპურიძე: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას საფუძველი ბოროტმოქმედმა სააკაშვილმა ჩაუყარა

899

2008 წლის აგვისტოს სისხლიანი ტრაგედია, რომელიც ორ ერს თავზე დაგვატეხა «პოტომაკდალეულმა» სააკაშვილმა თავისი «ნაციონალური» ბანდით, კიდევ დიდი ხნით აუტანელ ტკივილად გაგვყვება… მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, შერიგებაზე ვიფიქროთ, ცხოვრება ხომ გრძელდება. მუდმივ მტრობას კარგი არაფერი მოაქვს. ჩვენი გაზეთის სტუმარია საქართველოს  უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე,  შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და დღევანდელი დევნილი ვაჟა ხაჭაპურიძე.

 

_ ბატონო ვაჟა, გავიგე, რამდენიმე დღის წინ თქვენ ცხინვალელი სტუმრები გყავდათ, კერძოდ, კანცელარიიდან. თუ სახელმწიფო საიდუმლო არაა, რატომ  ჩამოვიდნენ?

_ არავითარი საიდუმლო! ისე, საოცარი ხალხი ხართ ჟურნალისტები, ეშმაკიც ვერ დაგემალებათ! (იცინის) საიდან გებულობთ ამბებს ასე დეტალურად?! დიახ, მართლაც ხშირად მოდიან ჩემთან ცხინვალიდან ჩემი ყოფილი თანამშრომლები. ჩვენ არ შეგვიწყვეტია არც თანამშრომლობა და არც მეგობრობა! ამჟამად მანქანის საყიდლად იყვნენ. იყიდეს და მალევე წავიდნენ. დამიბარეს, ამ დღეებში კიდევ ჩამოვალთო ოჯახებთან ერთადო.

_ ბატონო ვაჟა, თქვენ ახსენეთ, _ ყოფილ თანამშრომლებთან ვმეგობრობ და ვთანამშრომლობო. თანამშრომლობა როგორ გავიგოთ?

_ ოსი და ქართველი ხალხები ერთმანეთის მტრები რომ არ არიან, რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია?! ორივენი პოლიტიკური პროვოკაციების მსხვერპლნი ვართ. აი, მაგალითად, თქვენ როგორ უყურებთ იმ ასი ათას ოსს, რომლებიც ცხინვალის გარეთ ცხოვრობენ?

_ ძალიან დადებითად, მეტიც, დიდი სიყვარულით და პატივისცემით!

_ ჰოდა, თუ არაცხინვალელი ოსები გვიყვარს, რატომ უნდა გვძულდეს ცხინვალელი ოსები? ჩვენ შორის გრძელდება ნათესაური კავშირების დამყარება. მაგალითისთვის, ჩემმა ბიძაშვილმა ორი თვის წინ ცხინვალელი ქალიშვილი შეირთო ცოლად! აქვე მინდა გითხრათ, რომ არ მესმის, რატომ მივდივართ ერთმანეთთან შესარიგებლად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ვმართავთ იქ, ჩემი აზრით, არაფრისმომცემ მოლაპარაკებებს?! დიდი სირცხვილია ეს და ერთმანეთისადმი უპატივცემულობა! რად გვინდა ჩვენ ვიღაც უცხო შუამავალი?! რა იცის გადამთიელმა ჩვენი ისტორიული ურთიერთობების შესახებ?! ამიტომაც ვახსენე, ვთანამშრომლობთ-მეთქი. ჩვენი ჭირი ჩვენვე თუ არ მოვიშორეთ, სხვა უარეს შემთხვევაში, თუ არ გაართულებს, კარგს არაფერს გაგვიკეთებს. ჩვენსავე წიაღში უნდა შევქმნათ ის ორგანიზებული ნათესაურ-მეგობრული მუშა ჯგუფი, რომელიც შეუდგება ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენას.

გამსახურდიამ დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი… გააუქმა ყოველგვარი იურიდიული, სამართლებრივი კანონების გარეშე. გააუქმა ხელაღებით! უნდა მოწვეულიყო რეგიონული ყრილობა და, როგორც შეიქმნა, ისე უნდა გაუქმებულიყო; ან უნდა მიენიჭებინათ ოლქისთვის გაფართოებული უფლებები, რასაც ოსები თხოულობდნენ, მე ვგულისხმობ «ადამონ ნიხასის» წევრებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 90-იან წლებში მათი ე.წ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ოლქის გაუქმებით ჩვენ მივეცით სეპარატისტებს საშუალება, უფრო გაძლიერებულიყვნენ, ანუ გამსახურდიას საბედისწერო შეცდომამ გამოიწვია ის, რომ ოსურ მხარეს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის საბაბი მივეცით… მაგრამ შევარდნაძემ ეს მდგომარეობა გააანალიზა და გადადგა საკმაოდ გონივრული ნაბიჯი. დაგომისის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო 1992 წელს გაეროს ეგიდით, სამხრეთ ოსეთი დავიმორჩილეთ სამშვიდობო ძალებით და, ფაქტობრივად, გავაუქმეთ ის ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებიც იქ არსებობდა. დაგომისის ხელშეკრულებაში, ჩKK-ში წერია: დაუყოვნებლივ მოხდეს ოსთა და ქართველთა მოლაპარაკებები და დაუბრუნდნენ ისინი თავიანთ საწყის, პირვანდელ მდგომარეობასო. ეს იყო დოგმა და ამით ოსური მხარე ძალას კარგავდა. აქვეა, რომ ჩვენ, ქართველებს, გვეკრძალებოდა მიტინგებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, გარდა კულტურულისა და ისიც _ ოსურ მხარესთან შეთანხმებით, რათა არ ყოფილიყო რაიმე გაუგებრობა. აქედან გამომდინარე, სამშვიდობო ძალები აკონტროლებდნენ ვითარებას, არ აძლევდნენ არც ქართულ და არც ოსურ მხარეს საშუალებას, რომ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი შეექმნათ.

სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მოხდა უბედურება! ამ შეჩვენებულმა უკუაგდო ჩKK-ს გადაწყვეტილება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს არა მხოლოდ მას, არამედ მისი ხროვის ერთ წევრსაც კი… ჯერ რაღაც გაუგებარი ავანტიურა მოაწყვეს მან და ოქრუაშვილმა 2004 წელს; მერე გაბრაზდა თუ გაღიზიანდა იმით, რომ კოკოითი მეორედ იყრიდა კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგის ჯინაზე, ქართულ მხარეზე, ქართულ სოფლებში შექმნა «ჩვენი» ოსური ადმინისტრაციული ერთეული, კერძოდ, რესპუბლიკა!.. აქ სააკაშვილმა ჩაიდინა პირველი სახელმწიფოებრივი დანაშაული, როდესაც აღადგინა არა ოლქი, არამედ შექმნა მეორე უკანონო რესპუბლიკა! წარმოიდგინეთ, ამ არამზადამ რა ხელსაყრელი პირობები შეუქმნა მოწინააღმდეგე მხარეს! რომ იტყვიან, პენალი დაარტყმევინა კარში, რომელშიც მეკარეც კი არ იდგა! ერთი კაცი არ გამოვიდა და არ უთხრა სააკაშვილს, ამას რას აკეთებ, შე არაკაცოო! მე ამოვიღე ხმა და ციხეში მიკრეს თავი, _ სიგარეტი მოიპარაო… სიგარეტი კი არ მოვიპარე,  მივუთითებდი სააკაშვილს იმ უსინდისობასა და უნამუსობაზე, რომელსაც ის სჩადიოდა. თუ, მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელი იყო ოსური მხარის გადაწყვეტილება, ეს რაღა იყო?! ოსური დროშით დიმა სანაკოევმა  ბინა თბილისში დაიდო. მის ღერბზე რაღაც გაწელილი ლომი თუ კატა ეხატა და ამას ტაშს ვუკრავდით! ასეთი მდაბიობა, ასეთი გულგრილობა, ასეთი არაპოლიტიკური აზროვნება გვეკადრება ქართველებს?! დღეს ჩვენ რაზე ვჩივით? ოსეთის დამოუკიდებლობაზე? მაგრამ ეს ხომ სააკაშვილის «დამსახურებაა»?! დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას საფუძველი სახელმწიფო ბოროტმოქმედმა სააკაშვილმა ჩაუყარა!

_ სააკაშვილი აღარაა, სააკაშვილი გაქცეულია (თუ გააქცუნეს) ქვეყნიდან, მაგრამ ახლანდელი ხელისუფლება რატომ აფინანსებს დანაშაულებრივად შექმნილ ადმინისტრაციას, ხოლო დიმიტრი სანაკოევი დაჰყავთ საერთაშორისო შეხვედრებზე? რატომ აგრძელებს წინამორბედის პოლიტიკას ახალი ხელისუფლება?

_ მართალი ბრძანდებით, დღესაც ვერ ამოვედით ბეცური პოლიტიკის ჭაობიდან! ჯერჯერობით თავს შევიკავებ მძაფრი კრიტიკისგან, იმიტომ, რომ ეს გართულებული პროცესია; ეს იგივეა, მარტენის ღუმელში შეყო ხელი და ადუღებული ფოლადი გამოიღო. ახლა დავაცალოთ ახალ ხელისუფლებას, საქმეში გაერკვეს. თუ «ქართულმა ოცნებამ» გააგრძელა სააკაშვილის რეგვენული პოლიტიკა ამ საკითხში, აი, მაშინ გამოვალ და ხმამაღლა ვილაპარაკებ იმაზე, რაც ბევრზე უკეთ ვიცი!

ისე, სანაკოევის ადმინისტრაცია არამარტო ოსების წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ჩვენ წინააღმდეგაც. ამით ირღვევა ჩვენი, ოს-ქართველების, ისტორიული ტრადიციული ურთიერთობა. რა უფლება გვაქვს ჩვენ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ შექმნილი ორი ერის ძმურ ურთიერთობას ხელაღებით შხამი და ბოროტება დავანთხიოთ?! რომ იცოდეთ, რამხელა სინანულია ოსებში! ჩვენსავით ნანობენ დაშვებულ შეცდომებს, რაც დაუშვა «ადამონ ნიხასის» ზოგიერთმა წევრმა. ნანობენ, რომ იმ დრომდე არ მიაქციეს ყურადღება პროვოკაციებს, სანამ ორივენი ცეცხლში არ გავეხვიეთ!.. ამიტომ დროა, რუსეთს კი არ დავაბრალოთ ეს დანაშაული, არამედ მოვითხოვოთ სააკაშვილის გასამართლება!

_ სააკაშვილი რუსეთისკენ გაიშვერს ხელს, ბატონო ვაჟა.

_ რა შუაშია რუსეთი? ეს შენ, სააკაშვილო, პირველმა დაუშინე ცეცხლი საკუთარ ქალაქს! რუსეთმა გითხრა ესროლეო?! ეს შენ, სააკაშვილო, ამოწყვიტე ნახევარი ცხინვალი! ჩადით ერთი და ნახეთ, იქაურობა სასაფლაოებად იქცა! ამდენი მსხვერპლი, უბედურება… მითუმეტეს მაგ არაკაცმა იცის, რომ კოკოითმა გამომგზავნა ხვეწნით, არ დაიწყოთ ომიო, ორივესთვის მომაკვდინებელი იქნებაო!.. მეტი რაღა უნდა ექნა იმ კაცს?! თოფი ესროლე და აღარ გესროლოს?! საზოგადოებას ვთხოვ, მიუდექით სერიოზულად ამ უაღრესად რთულ საქმეს, თქვენს ნათქვამს გაუწიეთ ანგარიში!  უნებლიეთ წამოსროლილ ყოველ თქვენს სიტყვას უბედურება მოსდევს!

_ თქვენ სააკაშვილის პირველ პოლიტიკურ შეცდომაზე ისაუბრეთ. მეორე?

_ დაიწყო ომი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე! არავითარი მიზეზი არ იყო ომის დაწყებისა! რა უფლება გაქვს შენ, თუნდაც პრეზიდენტს, მიიღო გადაწყვეტილება ომის დაწყების თაობაზე, თან ვისთან!!! ჩვენს მოძმე ხალხთან, რომელსაც არანაირი ეროვნულობა არ შერჩა და არის ასიმილირებული ოსურ-ქართული ტომი! ეს ფაქტია. რაში გვჭირდება ღია კარის მტვრევა და რაღაც უაზრო მეცნიერული ანალიზი? ესენი ჩვეულებრივი ქართველები არიან, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. აგერ ბორჯომი, ბაკურიანი, გორი, კასპი… კახეთში სოფლებია, კაცო, მთელი სოფლები! ჰოდა, რა გინდოდა ამ ერთი მუჭა ოსებისგან?! რა შეჭამე ეს ხალხი, შე არამზადავ! მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და საზოგადოებას ეს კარგად ახსოვს, რომ კოკოითმა თვითონვე გამომგზავნა ინიციატივით, ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ჩვენი პროგრამით, რომ 2006 წელი გამოგვეცხადებინა შერიგების წლად. მეტი რაღა გინდოდა, შეჩვენებულო?! კაცი ხელებგაშლილი მოდის და გეუბნება: მობრძანდი, ბატონო მიშა, ჩაიბარე ჩვენი მიწა თავის უძრავ-მოძრავი ქონებით, იხარე და გვახარეო! არა! ეს არაკაცი ვიღაც გადამთიელი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აზროვნებით აზროვნებდა და მათ დავალებას ასრულებდა, როგორც ყურმოჭრილი მონა, ახორციელებდა მათ მიერ დასახულ პროგრამას _ ოსი და ქართველი ერების გაუბედურებისა, მორჩა და გათავდა!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

3 COMMENTS

  1. სანაკოევს ამ ომების შედეგად არაფერი დაუკარგავს : სახლები შეუძინა სააკაშვილმა თბილისში ( ცხინვალში მამამისი ბედნიერად ცხოვრობს-უძრავ -მოძრავი ქონება შენარჩუნებული აქვთ), ვალები გადაუხადა , ხელფასი და პრემიებს წლების განმავლობაში უხდის უსაქმურობისთვის ….მაგრამ სანაკოევის ზონდერებმა არჩევნების წინ მაგრად რომ სცემეს "ოცნება " კარალეთში ამის საპასუხოდ ოცნება მას რისთვის აფინანსებს უფრო მეტად ვიდრე სააკაშვილი და რატომ გაურიგდა მას პაატა ზაქარეიშვილი …?????????????!!!!!!!!!

  2. ამ ხაცაპურიზეს რატომ ჰგონია რომ ცვენ მეჰსიერება რა დვაქვს. გამსაჰურდიამ გააუკმა ოსების მიერ გამოცხადებული ავტონომიური რესპუბლიკა და ავტომატურად ოსებმა ტვიტონ გააუკმეს ავტონომიური ოლკი.და ამ კაცს ავიცკდება მანამდე ელცინის და გამსაჰურდია კაზბეგის ჰელსეკრულება, რომლის გაჰსენებაც სევარდნაზის აგენტებს არ უნდატ. და ესკაცის სევარდნაზის საზიზგარი კლანის ცარმომადგენელია

  3. მაიმუნი ხარ შენ ხაჭაპურიძე შენ არ იძახდი რომ ზვიად და კონსტანტინე გამსახურდიები ჩეჩნები იყვნენო ჩემი ყურით მაქ მოსმენილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here