Home რუბრიკები საზოგადოება რით დაემუქრა დეპუტატი თინა ხიდაშელი «ქართული ოცნების» შტაბის წარმომადგენლებს და გადაჰყვება თუ...

რით დაემუქრა დეპუტატი თინა ხიდაშელი «ქართული ოცნების» შტაბის წარმომადგენლებს და გადაჰყვება თუ არა იგი საგარეჯოს გამგებლის საქმეს?

858

რამდენიმე თვის წინ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» დაიბეჭდა ინტერვიუ სათაურით «რა შეუთვალა მოდულის შენობიდან საგარეჯოს გამგებელმა თინა ხიდაშელს». დღეს საგარეჯოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ამ თემაზე წერა კვლავ გვიწევს, მოგეხსენებათ, კოალიცია «ქართული ოცნების» საგარეჯოს საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც გაპროტესტებულია საგარეჯოს გამგებლის, გიორგი ლოლაძის, პოლიტიკური მოღვაწეობა.

 

შტაბის წევრები ლოლაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს გამგებელი და მისი მოადგილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი 80 ათასის მითვისების გამო დააკავეს, თუმცა, როგორც ამბობენ, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის _ თინა ხიდაშელის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. მაშინ ხიდაშელი ჩვენთან საუბარში ამტკიცებდა, რომ გამგებელს ფული არ გაუფლანგავს. «გაუგებრობა იყო თუ არა, ამას სასამართლო დაადგენს. ისინი პატიმრობაში აღარ არიან. გამოძიება გრძელდება, უფრო სწორად, არ ვიცი, გრძელდება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს, წესით. მე ამ საქმის ყველა დეტალი ვიცი. დარწმუნებული ვარ, სრულ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე», _ აცხადებდა, ხიდაშელი. თუმცა არსებობდა კულუარული ინფორმაცია, რომ საგარეჯოს გამგებელმა გიორგი ლოლაძემ თინა ხიდაშელს შეუთვალა, _ მომხედე, თორემ ვაღიარებ, სად მიდიოდა «ატკატებიო»… მაინც რა ხდება დღეს საგარეჯოში და კონკრეტულად რა ბრალდებებს უყენებენ თინა ხიდაშელს? «საქართველო და მსოფლიოს» «ქართული ოცნების» წევრი ალექსანდრე მეზვრიშვილი დაუკავშირდა.

_ საგარეჯოს გამგებელი გიორგი ლოლაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტების თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით, ახლაც არსებობს ეკონომიკური ხასიათის ბრალდებები მის წინააღმდეგ, რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ ეჭვმიტანილ კაცს ასე მფარველობს თინა ხიდაშელი?

_ გიორგი ლოლაძე პასუხისგებაში უსაფუძვლოდ რომ არ იყო მიცემული, ეს  ეჭვს არ იწვევს… გაინტერესებთ, რატომ მფარველობს მას თინა ხიდაშელი? _ თინას «პროექტია» და იმიტომ. დიახ, ლოლაძე ხიდაშელს რაიონის კონტროლისთვის სჭირდებოდა, თუმცა, როგორც დღევანდელმა მოვლენებმა გახადა ცნობილი, გიორგი ლოლაძე თინა ხიდაშელის შეცდომა აღმოჩნდა. ახლა ის ამას კარგად ხვდება, მაგრამ აღიარება არ უნდა, რადგან ხიდაშელს, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, უკან დახევა არ სჩვევია, უკომპრომისოა, რაც ამ ეტაპზე არავითარი პოზიტივის მომტანი არ არის რაიონში. ვიმეორებ: თინა ხიდაშელს უნდოდა, ჰყოლოდა საიმედო დასაყრდენი რაიონში, მისი ნების უსიტყვოდ აღმსრულებელი და რაში გამოიყენებდა ის ასეთ ბერკეტს, უკვე მისი პირადი საქმეა, ხვდებით, ალბათ

_ რამდენადაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მოდულში მყოფმა ლოლაძემ თინა ხიდაშელს დუმილის სანაცვლოდ გარანტიები მოსთხოვა. მაინც რატომ არის ხიდაშელისთვის გიორგი ლოლაძე უფრო ფასეული, ვიდრე საგარეჯოს რაიონისთვის გამოყოფილი ყველა პროექტი, პლუს კოალიცია «ქართული ოცნების» ადგილობრივი ორგანიზაციის ექვსივე პარტიის აზრი?

_ ხიდაშელს ლოლაძემ რა შეუთვალა მოდულის შენობიდან და შეუთვალა თუ არა რამე საერთოდ, არ ვიცი და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა რატომ არის გიორგი ლოლაძე ხიდაშელისთვის ფასეული, უკვე მოგახსენეთ… ლოლაძის ხელით მას უნდოდა, ეკონტროლებინა რაიონისთვის გამოყოფილი პროექტების თანხები, ალბათ, რაიონის სასიკეთოდ, მაგრამ გიორგი ლოლაძე ასეთი მისიისთვის არ აღმოჩნდა მზად, რაც მასზე ცნობილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრამაც დაამტკიცა, სადაც, სულ ცოტა, მისი, როგორც მაღალი თანამდებობის პირის, გულგრილობა და დაუდევრობა იხატება.

საგარეჯოს «ოცნების» ექვსივე პარტიის კოალიციის უგულებელყოფა და იგნორირება თინა ხიდაშელს სწორედაც რომ პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება. მარგინალიზაცია მან საკმაოდ წარმატებით მოახერხა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და აქვს მცდელობა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდეც ამ რეჟიმში მიგვიყვანოს, რაც მხოლოდ მის წისქვილზე ასხამს წყალს და არა ქვეყნის. ამ რეალობით ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, არათუ კოალიციის გამარჯვება, არამედ საგარეჯოელი ხალხის მხრიდან სრული ბოიკოტია მოსალოდნელი, მაგრამ კოალიცია «ქართული ოცნება», საბედნიეროდ, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და გაბედულად გაილაშქრა თინა ხიდაშელის ფენომენის წინააღმდეგ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ ჯანსაღი ძალების დაბალანსებას და საგარეჯოელ ხალხთან ერთად შევძლებთ რაიონში პროცესების ნორმალურად წარმართვას.

_ სად იყვნენ არჩევნების წინ ის ადამიანები, რომლებიც მერე ლოლაძემ თანამდებობებზე დანიშნა? როგორც ირკვევა, ისინი საარჩევნო პროცესში «ქართულ ოცნებასთან» ერთად არ იბრძოდნენ, თორემ «ქართული ოცნების» პარტიები ამხელა აგრესიით არ იქნებოდნენ მათ მიმართ განწყობილნი; გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან, მაგრამ ეს ნეპოტიზმი ნათესაობაზეა დაფუძნებული, ძმაბიჭობაზე თუ ფინანსებზე? დამისახელეთ ამ ადამიანების გვარები

_ არჩევნების წინ (როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო) ლოლაძესა და მის რაზმს შტაბთან საერთო არაფერი ჰქონიათ (თუმცა ისინი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ). ლოლაძე, როგორც «ქართული ოცნების» მხარდამჭერი, თინა ხიდაშელის შექმნილი ლეგენდაა! გამგებლად კურთხევის შემდეგ ლოლაძემ ნათესაურ-ძმაკაცურ-მეზობლური მიდგომით დანიშნა მთელი რიგი საპასუხისმგებლო კადრები (ერთი-ორი რესპუბლიკური პარტიიდანაც). მისი მმართველობა დამყარებული იყო წმინდა წყლის ტრაიბალურ ნეპოტისტურ კურსთან, რომელმაც კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა მისი «რეჟიმი». ამ «რეჟიმის» კოჰორტაში იყვნენ და არიან დღესაც ბესიკ მარტაშვილი, თეიმურაზ ჯინჯიხაძე, თენგიზ ივანელაშვილი, სოსო თედიაშვილი, მარიკა თოლომაშვილი, ცისმარი თედიაშვილი, გია მაისურაძე და ძმანი მათნი. ეს ადამიანები მაღალი თანამდებობის პირები არიან. მოდით, აღარ შეგაწყენთ თავს მათი სხვა სატელიტების არაფრისმთქმელი გვარების ჩამოთვლით.

_ 600 კაცის ხელმოწერილი წერილი მარტო საგარეჯოში კი არა, ქვეყნის მასშტაბითაც სერიოზულია. რით ხსნით ამ ფაქტს, რომ ამ წერილს იგნორირებას უკეთებს ხიდაშელი? იმით ხომ არა, რომ არსებობდა ფარული გარიგება ჯერ კიდევ არჩევნების წინ «ნაცებსა» და ხიდაშელს შორის? და ახლა უკვე გამარჯვებული თინა ხიდაშელი «ნაცებისთვის» მიცემულ სიტყვას ასრულებს?

_ ეს 600 ადამიანი კოალიციის (ადგილობრივი) შტაბის აქტივია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები 66.7%-ით მოიგო, რაც კახეთის რეგიონში შედეგით მესამეა. ყველაფერი ეს მიღწეული იქნა იმ წინასაარჩევნო სოციალური მდგომარეობის ფონზე, ასევე დიდი იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და მაჟორიტარის მიმართ უაღრესად აგრესიული პრეტენზიების გარემოში. იგნორს რატომ უკეთებსო, მეკითხებით! სხვა არც არაფერი აქვს სათქმელი, ერთის გარდა _ კომენტარებს დაბოღმილ, თანამდებობას დახარბებულ ხალხის პრეტენზიებზე არ ვაკეთებო! ეს არის ყველაზე მარტივი გამოსავალი თინა ხიდაშელის მხრიდან, რაც ისევ პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციასა და კონფლიქტის პირადულ ემოციებში გადაყვანს ემსახურება.

«ნაცებსა» და თინა ხიდაშელს შორის რომ არსებობდა ფარული გარიგება, უდავოა. მაგ: ის გაურიგდა საკრებულოს და 99%-იანი ხმის უპირატესობით დაამტკიცა ყველასთვის უცნობი გიორგი ლოლაძე გამგებლად! და ასევე უკან დააბრუნა და საკრებულომ აღადგინა თანამდებობაზე უკვე სახელგატეხილი და კორუფციაში ბრალდებული ეს კაცი. გარდა ამისა, მან თანამდებობაზე დატოვა რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, რათა მისი ადგილი არ დაეკავებინა პარტია «ქართული ოცნების» წევრს, ბიძინა ივანიშვილისთვის პატივსაცემ ადამიანს _ თამარ სუხიაშვილს. თეიმურაზ ჯინჯიხაძენაციონალების» მაჟორიტარი დეპუტატის ნდობით აღჭურვილი პირი), რომელიც საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იყო, თინა ხიდაშელის მარჯვენა ხელი გახდა (სწორედ მისი ორგანიზებული იყო ის ავადსახსენებლი კორუფციული გარიგება, რომლის დროსაც 67 ათას ლარზე მეტი დაიტაცეს და 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის _ გიორგი ლოლაძე). ბიუროში კოალიციის ლიდერების შეხვედრების დროს ჩემს კითხვაზე _ რატომ დატოვა მან თანამდებობაზე თეიმურაზ ჯინჯიხაძე და ენდობოდა თუ არა მას, თინა ხიდაშელმა მიპასუხა: ჯინჯიხაძე, რომ მოვედი, აქ დამხვდა და მითხრა, მე იმას ვემსახურები, ვინც მთავრობაშია და თქვენც ასევე დაგემორჩილებითო! აქედან გასაგებია თინა ხიდაშელის ორმაგი სტანდარტები. მას ხელს აძლევს უპრინციპო ადამიანების თანადგომა, რომლებიც გასვრილი არიან «ნაციონალებთან».

_ ხიდაშელმა გითხრათ, 20-კაციანი აქციით ვერ დამაშინებთო. კანონმდებლობამ და მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ სცნო ლოლაძე, რისი იმედი გაქვთ დღეს? სამართლის პოვნა ჩვენში არც ისე იოლია, რა ზომებს მიიღებთ, თუ ხიდაშელი ისევ ჯიუტად დარჩება იმ პოზიციაზე, რომ, კანონის კი არა, მისი სურვილების შესაბამისად უნდა იმართებოდეს საგარეჯო?

_ თინა ხიდაშელმა იმ ცნობილ შეხვედრაზე თავისივე ბიუროში ცინიკურად განგვიცხადა: თქვენ პრობლემებს ვერ შემიქმნით, საპროტესტო აქციების გრაფიკს, თუ გინდათ, მე შეგიდგენთ, ამაში დიდი გამოცდილება მაქვსო!

დღეს რომ სამართლის პოვნა არც ისე ადვილია საქართველოში, არ ვიზიარებ. საბედნიეროდ, აღარ არის «ნაციონალური» ფაშიზმის ხანა. ჩვენ აქციებსაც მოვაწყობთ და, რამდენ კაცსაც გვინდა და რამდენიც საქმეს დასჭირდება, იმდენს გამოვიყვანთ. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, საქმე არ მივა უკიდურესი პროტესტის ფორმებამდე, თორემ თინა ხიდაშელიც დამარცხდება.

_ დაბოლოს, კანონი ხიდაშელისთვის არ კანონობს, «ოცნების» გამოსვლები მას არ აღელვებს, საგარეჯოს მოსახლეობის დამოკიდებულება მისთვის სულერთია, ფინანსები მის ჭკუაზე ტრიალებსრამდენად აიტანს საგარეჯო ასეთ «ქურდს» თუ «ფეოდალს» რაიონის ფაქტობრივ მმართველად?

_ ცნობილია, რომ გიორგი ლოლაძე, რომელიც ერთი თვე არც არის, რაც აღადგინეს სამსახურში, შვებულებაში გასულა, რაც, ალბათ, მორიგი სვლაა. შეიძლება თინა ხიდაშელი გამბიტის განხორციელებას აპირებს, ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჩვენ მისი შესაძლო სვლები გათვლილი გვაქვს და საჭადრაკო პარტია იმედის მომცემია. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი პოლიტიკური ხრიკი! ჩვენ მხარეს შიშველი სიმართლეა, რის ნაკლებობასაც განიცდის მოწინააღმდეგე.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ალექსანდრე მეზვრიშვილო, მართალს ამბობ. მითხარი სადა გნახო, რომ ჩემი ჩაყლაპული და შეჭმული სეტყვის ფული მოვიკითხო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here