Home რუბრიკები საზოგადოება ვის კისერზეა ლაფანყურის ცოდვა?

ვის კისერზეა ლაფანყურის ცოდვა?

1207

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება, უკვე ერთი წელია, უშედეგოდ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპული არჩილ ჩოხელის ოჯახი თავიდანვე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულზე საუბრობდა, სიმართლე დღემდე არ გარკვეულა. რატომ გაჭიანურდა საქმის გამოძიება და ვინ არის დაინტერესებული ფაქტების დამალვით, «საქართველო და მსოფლიოს» გარდაცვლილი არჩილ ჩოხელის და _ ხათუნა ჩოხელი ესაუბრა.

 

_ ქალბატონო ხათუნა, უკვე ერთი წელი გავიდა, რაც პირადად თქვენ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეთ და საქმის ობიექტურად გამოძიება მოითხოვეთ. თუ არის რაიმე სიახლე აღნიშნული საქმის ირგვლივ?

_ გამოძიება ამ ერთი წლის განმავლობაში  მიმდინარეობდა, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან იგი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით არ წარიმართა. თუმცა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს შეისწავლის, იმედი გაგვიჩნდა, რომ ამჯერად მაინც გამოძიება ობიექტურად წარიმართება. როგორც გვპირდებიან, 6 თვეში მაინც გაირკვევა სიმართლე.

_ რატომ არ ენდობით გამოძიებას?

_ პროკურატურამ აღნიშნული საქმე გადასცა შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, მაგრამ ვფიქრობ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, არ სურდათ საქმის ძირფესვიანი და ობიექტური გამოძიება.

_ ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად გეწვიათ ოჯახში და საქმის ობიექტურად გამოძიებას დაგპირდათამის მიუხედავად, რატომ გაჭიანურდა ერთი წლის განმავლობაში საქმის გამოძიება?

_ ღარიბაშვილი ისეთი სამაგალითო პიროვნებაა, დარწმუნებული ვარ,  მართლაც დაინტერესებული იყო საქმის ობიექტურად გამოძიებით, მაგრამ ვფიქრობ, ამ საქმეში ისეთი პირები არიან გარეულნი, რომლებიც პირადად იყვნენ დაინტერსებულნი იმით, რომ ეს საქმე არ გამოძიებულიყო. ის ადამიანები კი, მოგეხსენებათ, ისევ მუშაობენ თანამდებობებზე. ამის გამოა, რომ საქმის გამოძიება წინ ვერ წავიდა. გამომძიებელ ლადო დათაშვილს ბოლოს მარტში შევხდი და მაშინაც მისგან არარეალური ფაქტები მოვისმინე. ის ხალხიც არ დაუკითხავთ, რომელიც სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. მას შემდეგ საერთოდ არც შეგვხმიანებია, რომ თუნდაც გამოძიების თაობაზე რაიმე ახლადაღმოჩენილი ფაქტების შესახებ ეცნობებინა.

_ თქვენ თავიდანვე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობდით და პირადად სდებდით ბრალს მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, გიორგი ლორთქიფანიძეს, სანდრო ამირიძეს, მამუკა აბაშიძესრომელიმე მათგანი თუ დაიკითხა?

_ მიხეილ სააკაშვილი და ბაჩო ახალაია რომ არ დაუკითხავთ ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით, ეს დანამდვილებით ვიცი. ბაჩო ახალაიას ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალიც არ აქვს წაყენებული. არადა, ჩემი ძმა ბაჩო ახალაიას ბრძანებით მოკლეს, თუმცა ისიც ცხადია, რომ ახალაია თავად ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, მიხეილ სააკაშვილთან შეუთანხმებლად, ვერ მიიღებდა. სწორედ სააკაშვილის შეკვეთა იყო ამ ბიჭების დახოცვა, რადგან ყოფილი ხელისუფლების მიზანი იყო, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში როგორმე არეულობა გამოეწვია, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყო. ჩემი ძმაც იმ ხელისუფლების უკანონო ქმედების მსხვერლი გახდა.

სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ, სანამ ეს სპეცოპერაცია ჩატარდებოდა, ცოტა ხნით ადრე, ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობით, შავნაბადას სპეცრაზმის დარბევა და იქ გადატრიალების ინსცენირება იგეგმებოდა. და რადგან ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ სიტუაციის არევა ლაფანყურში სცადეს.

ვსვამ კითხვას: ვინ უნდა აგოს პასუხი ჩემი უდანაშაულო ძმის სიკვდილის გამო? იქნებ აგვიხსნან ბოლოსდაბოლოს, ვის კისერზეა ლაფანყურის ცოდვა? დღემდე რატომ არ აქვს ბრალი წაყენებული არავის, თუნდაც ბაჩო ახალაიას? ნუთუ ერთი ნაძირალას ახირების გამო მოხდა ეს ყველაფერი? რომ არა ბაჩო ახალაიას მიერ გაცემული ბრძანება მათი ჩახოცვის შესახებ, დღეს ჩემი ძმა ცოცხალი იქნებოდა. ამიტომ მეც და ჩემს ოჯახსაც პროტესტის გრძნობა უფრო და უფრო გვიმძაფრდება. თუმცა ბაჩო ახალაის ან ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც თავის სიგიჟეს გადააყოლა საქართველო, ვინ მისცა იმის ვაჟკაცობა,  სიმართლე აღიარონ.

მინდა, ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს, გამოვეხმაურო, რომელმაც «ფეისბუქში» დაწერა, ეს ყველაფერი ზღაპარიაო. ღმერთს ვთხოვ, ასეთი ზღაპრები მის ოჯახს შეემთხვეს და მერე მიხვდებიან, როგორია, როდესაც ამხელა ტკივილს ატარებასეთი ჯალათი და სისხლისმსმელი ქმარი რომ მყოლოდა, ხმას არ ამოვიღებდი. იქნებ ჩემ ოჯახშიც შემოიხედონ, ნახონ, როგორ დაგვინგრიეს ცხოვრება, გამიუბედურეს მშობლები, არჩილის გარეშე ცხოვრება ჩვენთვის წარმოუდგენელია, ძალიან გვიჭირს. დიახაც, უნდა აგონ პასუხი, მკვლელებმაც, შემკვეთებმაც და შემსრულებლებმაც. აბა, თავადაც გამწარდნენ, დაეხოცოთ შვილები, დედმამიშვილები, ახლობლები და ყველაფერს მერე მიხვდებიან.

მოვითხოვთ, პირველ რიგში, პასუხი აგოს ბაჩო ახალაიამ, ვინაიდან მაშინ სწორედ ის იყო შს მინისტრი და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, დღეს მის უდანაშაულობაზე საუბარი, თითქოს ახალაია «მამა აბრამის ბატკანია», როცა  მის გაუგონარ ჯალათობასა და სისასტიკეზე მთელი საქართველო ლაპარაკობს. მას იმდენი უდანაშაულო ადამიანი ჰყავს გამწარებული, ურჩევნია, ციხეში იყოს, ვიდრე გარეთ. ეს თავადაც კარგად იცის და იმიტომაც მივიდა თავისი ფეხით დაკითხვაზე პროკურატურაში.

_ ქალბატონო ხათუნა, პირდაპირ გასცა ბრძანება ბაჩო ახალაიამ, მათი დახოცვის შესახებ? რამ შეგიქმნათ ასეთი ეჭვის საფუძველი?

_ ჩემი ძმა, არჩილ ჩოხელი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მოკლეს. სამსახურში ყოველთვის აგრძნობინებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა და მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გამოსცა გაზეთი, რომელშიც ჩამოთვლილი იყვნენ ისინი, ვინც იღებდნენ მის მიერ დანიშნულ ხელფასს, ძალიან ხშირად ამ გაზეთს სამსახურში, მაგიდაზე უტოვებდნენ მას. სამსახურში ყველა გააფრთხილეს, თუ წინასაარჩევნოდ ივანიშვილი რომელიმე მათგანს ფულს შესთავაზებდა, ხელმძღვანელობისთვის უნდა ეთქვათ. ერთ-ერთი მორიგი შეკრების დროს, როცა არჩილს დააგვიანდა, მას გააგონეს  სიტყვები: «თუმცა, ამას რაო… ეს მაინც იღებს ივანიშვილის დანიშნულ ხელფასს და მაინც არაფერს გვეტყვისო». ეს ჩემს ძმას თავად აქვს ნათქვამი. მას ივანიშვილის მომხრედ მოიაზრებდნენ და ეს ძალიან არ მოსწონდათ.

ეჭვის საფუძველს ქმნის ისიც, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახს არავინ შეატყობინა. დღემდე ექსპერტიზის დასკვნაც არ გვაქვს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც გარდაცვლილი შეიყვანეს, გვეუბნებიან, რომ ასეთი არავინ მოუყვანიათო, როცა ამ ფაქტის მოწმე არსებობს. 

თავიდანვე გასაქანი არ მოგვცეს. მიცვალებული ნორმალურად ვერ ვიტირეთ. მთელი სოდი და კუდი ჩვენს სახლში იყო. გადაცმული, სამოქალაქოფორმიანი თანამშრომლებით იყო სახლი სავსე. საკუთარ სახლში გვაკონტროლებდნენ და არაფრის უფლებას არ გვაძლევდნენ. საგურამოს ერთერთი პოლიციელი _ პაატა ბერიძე, რომელიც, სხვათა შორის, დღეს ისევ მუშაობს, პირდაპირ სახლში გვივარდებოდა. გამუდმებით ტელეფონზე საუბრობდა და ვიღაცებისგან დირექტივებს იღებდა, თუ როგორ ემოქმედა. ახლა მაინც დაკითხონ და ათქმევინონ, ვისგან იღებდა დავალებებს?! მამაჩემს საწოლში დაადგებოდა ხოლმე თავზე, გასაქანს არ გვაძლევდა და ჭირისუფალი როგორ ტიროდა და ვინ რას ამბობდა, თითოეულ სიტყვას ხელისუფლებას გადასცემდა.

საქმეში უამრავი საეჭვო ფაქტი გამოიკვეთა, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ჩოხელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დროს ადგილზე დაახლოებით 15 კაცი მაინც იმყოფებოდა, ყველა მათგანი აცხადებს, რომ არც ერთმა არ იცის, სად გაქრა უცებ ჩემი ძმა და რა ვითარებაში დაიღუპა. რანაირად არ იციან, რა ვითარებაში გარდაიცვალა, როცა ერთად იყვნენ? დარწმუნებული ვარ, რაც იქ მოხდა, სულ მცირე, ორმა კაცმა მაინც იცის. დეტალურად უნდა დაიკითხოს ყველა მისი თანამშრომელი, რომელიც სპეცოპერაციის დროს არჩილთან ერთად იყო…

_ ფიქრობთ, რომ ისინი რაღაცას მალავენ?

_ დიახ, მალავენ. შესაძლოა, ყველა მათგანმა არ იცოდეს, რა დაემართა ჩემს ძმას, მაგრამ მინიმუმ ორმა კაცმა მაინც იცის, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილი. გამომძიებელი ამბობს, ცამეტივემ ერთი და იგივე ჩვენება მომცაო, მასთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

სხვათა შორის, ამ საქმეში დიდ როლს თამაშობდა მამუკა აბაშიძე, რომელიც იქ იმყოფებოდა. ამას წინათ თქვეს, რომ ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ბრალი მოუხსნა. რატომ მოუხსნეს ბრალი არ ვიცი. ისიც თანამონაწილე იყო ამ ყველაფრის. რატომ? რატომ მალავენ და ასაიდუმლოებენ, რა ვითარებაში გარდაიცვალა, ხომ შეიძლებოდა სამედიცინო დახმარება დროულად აღმოეჩინათ? რატომ მიატოვეს ორი დღის განმავლობაში მარტო? უამრავი რამაა ბურუსით მოცული.

მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ კახეთის სამხარეო სამმართველოს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, როგორც უბრძანეს, «პირნათლად» შეასრულეს დავალება. 

 _ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ, ავღანეთის, ერაყის, ლაფანყურისა და 2008 წლის ომის დროს დაღუპული და დაინვალიდებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ბინები გადასცა. თქვენ თუ გადმოგცეს ბინა?

_ სხვათა შორის, ბევრმა დაგვირეკა. ტელესიუჟეტიც ვნახე, რომ თქვეს, ლაფანყურში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს გადასცეს ბინებიო. არადა, სპეცოპერაციის დროს მხოლოდ ერთი სამხედრო მოსამსახურე _ ვლადიმერ ხვედელიძე გარდაიცვალა, რომლის ოჯახსაც, როგორც ვიცი, ერთ თვეში გადასცეს ბინა. ამჯერად, არ ვიცი, ვის რა გადასცეს. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია.

სხვათა შორის, როდესაც არჩილი გარდაიცვალა, იმ პერიოდში, ოღონდ გავჩუმებულიყავით, ხმა არ ამოგვეღო და ყოფილი ხელისუფლება ათას რაღაცას გვპირდებოდა _ ბინასაც გვჩუქნიდა და ყველანაირი ხარჯის ანაზღაურებასაც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე არავის არაფერი გაუკეთებია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here