Home რუბრიკები პოლიტიკა ბუში და სააკაშვილი: ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა იმოქმედო

ბუში და სააკაშვილი: ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა იმოქმედო

1161

თომას დე ვაალი, რომელიც Foreign Affairs-ში სააკაშვილის მმართველობას მიმოიხილავს, იხსენებს იმას, თუ როგორ აგულიანებდა საქართველოს პრეზიდენტს ამერიკული «მხარდაჭერის ჯგუფი» მის უპასუხისმგებლო ქცევაში, რომელსაც საბოლოო ჯამში 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყვა.

 

«ამერიკული მხარდაჭერა მას ქვეყნის შიგნით კრიტიკისგან იცავდა _ მაგრამ საბოლოოდ სწორედ ამ მხარდაჭერამ დაღუპა ის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებიც და ქართველებიც მიეჩვივნენ სიტყვას «მოკავშირე», როდესაც ერთმანეთზე ლაპარაკობდნენ, ამ ორ ქვეყანას შორის არასდროს დამყარებულა ოფიციალური ალიანსი. სააკაშვილმა დაუშვა ის, რომ ბუშის თეთრი სახლის მხურვალე მხარდაჭერამ მას რეალობის განცდა დააკარგვინა.

სააკაშვილის შეცდომები გააშიშვლა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულმა ომმა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო დაიწყო. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ომი სააკაშვილის გადაწყვეტილებამ გამოიწვია _ ის თავს დაესხა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს. მარცხისთვის განწირულმა ამ მცდელობამ, რომლის მიზანი იყო, ძალის გამოყენებით დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი, შედეგად ის გამოიღო, რომ რუსეთმა კარგად მომზადებული და მასიური თავდასხმა განახორციელა მის ქვეყანაზე. სააკაშვილს, ალბათ, სჯეროდა, რომ, თუ ცხინვალს დაიპყრობდა, შეერთებული შტატები მას რუსეთისგან დაიცავდა

ცხადია, სააკაშვილი საკუთარ შეცდომებში თავადაა დამნაშავე, თუმცა არ შეიძლება ბუშის ადმინისტრაციის როლის დავიწყებაც, რომელიც მის ყველაზე ცუდ მიდრეკილებებს ახალისებდა. ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორ არ უნდა ააწყო ურთიერთობა პოტენციურ კლიენტთან. გადამწყვეტი შეცდომა, რომელიც ამ შემთხვევაში ბუშმა დაუშვა, იყო ის, რომ მან საქართველოს მთავრობას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმატორობის მაგალითი უწოდა და სააკაშვილს ადიდებდა, როგორც დემოკრატს. მართალია, ქართული ეკონომიკური რეფორმები საკმაოდ რეალური რამ იყო, თუმცა სხვა ყველაფერი დიდწილად იყო მოგონილი. სააკაშვილს დაუმსახურებელ პატივს მიაგებდნენ ძირითადად იმის გამო, რომ იგი უკიდურესად ანსტირუსულად და «პროდასავლურად» იყო განწყობილი, ხოლო ამ პოზიციას ცალსახად მიიჩნევდნენ ლიბერალიზმისა და დემოკრატიის პოლიტიკური პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებად. თავისთავად სააკაშვილის რეჟიმის ნახევრადავტორიტარულ ბუნებას ასეთი მნიშვნელობა არ ექნებოდა, რომ არა მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველო არის «თავისუფლების პროგრამის» წარმატების მაგალითი, რაც ბუშის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მთავარი და შესაძლო ერთადერთი ახსნაა.

შთამბეჭდავია ის, თუ რა ხარისხში იყო აყვანილი ეს ურთიერთობები, რომელიც აბსოლუტურად გაურკვეველ რიტორიკასა და ცარიელ დაპირებებზე იგებოდა. სააკაშვილი ბუშს ეპირფერებოდა, ციტირებდა რა (ამერიკის პრეზიდენტის სასიხარულოდ) მის ბოდვით განცხადებებს გლობალური დემოკრატიული რევოლუციის შესახებ. პასუხად ბუში იღვრებოდა სააკაშვილის დროს მიღწეულ თავისუფლებაზე ლაპარაკით (სინამდვილეში სააკაშვილის დროს საქართველოში რეალურად შეიზღუდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები), რითაც დასავლეთის თვალში საქართველოს პრეზიდენტის ხისტი და ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციას ახდენდა. საბოლოო ჯამში, სააკაშვილმა იფიქრა, რომ ბუშის მხრიდან გაცემული ცარიელი დაპირებები მხარდაჭერაზე, ეს იყო უსაფრთხოების ფაქტობრივად ოფიციალური გარანტია და მიიღო კატასტროფული გადაწყვეტილება, ჩაბმულიყო ომში, რომელშიც საქართველო ვერ გაიმარჯვებდა. იგი იმედოვნებდა, რომ ნატო გადაარჩენდა, მაგრამ ეს ფუჭი იმედი აღმოჩნდა. ენთუზიაზმმა, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია ავლენდა, როდესაც ლაპარაკი იწყებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, საქმე კიდევ უფრო გააუარესა, საბოლოოდ დაარწმუნა რა სააკაშვილი იმაში, რომ აშშ მზად იყო საქართველოს დასაცავად და კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთთან დაპირისპირება, რამაც კონფლიქტის შესაძლებლობა გაზარდა. ამგვარად, ორმა მთავრობამ ერთმანეთი მოატყუა, რის შედაგადაც საქართველო ძალიან დაზარალდა.

დენიელ ლარისონი

The American Conservative

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here