Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველოს ერთიანობა და გამძლავრება ყველაზე უფრო რუსეთს აძლევს ხელს”

“საქართველოს ერთიანობა და გამძლავრება ყველაზე უფრო რუსეთს აძლევს ხელს”

938

რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო ძალიან ძვირი უჯდება მცირე შეცდომაც კი, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო ხელმძღვანელთა არჩევისასბოროტების დამანგრეველი ძალა უფრო საზარელია, როცა ამგვარ არსებას უცხო ქვეყანა წამოგასვამს, მეგობრის ნიღბით რომ გიპირებს გადაშენებას. ძარცვის, რბევისა და აოხრების დამანგრეველი ძალის შემოქმედება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მძლავრად განიცადა საქართველომ. ამ უბედურების უკან კი მტაცებლის ბრჭყალებიანი დღევანდელი «მეგობრები» იდგნენ, ასე ენერგიულად რომ მიგვათრევენ ბატონყმობის განუკითხაობისკენ.

 

ნახეთ, როგორი მაღალი ხელფასები დაინიშნეს ხელისუფალთ მაშინ, როდესაც საქართველოში ბავშვები შიმშილით იხოცებიან და პენსიონერებს  მხოლოდ შიმშილით ტანჯვის გზას უგრძელებენ. ამ პირობებში თავისი ქვეყნის და ერის გულშემატკივარი მამულიშვილი განა ასეთი ფუფუნების უფლებას მისცემდა თავს, სახელმწიფო ბიუჯეტის ვირთხად ქცეული, ქვეყანას წურბელასავით გამოსწოვდა სისხლს და მერე უსირცხვილოდ ტელევიზორის ეკრანიდან გაზულუქებულ ნაპატივები პოლიტიკაზე იყბედებდა და თავისი უმარილო იუმორით თვითონვე სიცილით გაიჭაჭებოდა?!

არა და არ დამთავრდა საქართველოში ვნებათაღელვის დუღილი. ვერ დაწყნარდა ცხოვრება.

როგორც დასუსტებულ ფუტკრის სკაში მომრავლებული ფუქსავატი მამალი ფუტკრები, ისე დაგვჩხავიან თავიანთ დამსახურებაზე პოლიტიკოსებად წოდებული მუქთახორა ყბედი გრანტიყლაპიები. თანაც დიდ წყალსგაღმა იყურებიან, ხომ კარგად ვასრულებთ თქვენ შეკვეთილ ავკაცობას, ხელისუფლებაში გასვლაზე მოგვეხმარეთ, რომ უფრო ენერგიულად აგილოკოთ დასვრილი ადგილებიო. არადა, თავისი ხალხის ღალატს და ამერიკელთა ქვეშაგებად დაგებას «ნაციონალებზე» უკეთესად ვერავინ შეძლებს, თუმცა ამგვარი დამსახურების მქონე არანაკლები სულები გვეთვლება დღევანდელ მთავრობასა და პარლამენტში. ამიტომაა ხალხის უპირობო მოთხოვნის გათვალისწინება, რომ აუცილებლად უნდა დაინიშნოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნები და, ვინც ამის წინააღმდეგია ქართველთა მაოხარის სიფათს ვერავითარი ნიღბით ვერ დაფარავს.

«ნაციონალების» დამღუპველი საქმიანობა ჯერ კიდევ გრძელდება. მათი ცრუპენტელა პრეზიდენტის არარსებული ობიექტების საზეიმოდ გახსნა და ყვარყვარეს მარილმოყრილი ლაქლაქი რომ იყო, ახლა აღარავინ უსმენს და გარდასულ ძალაუფლებაზე ნოსტალგიური წუწუნის ჰარიქა შეეყარა. იმდენად გაუცვდა თავმოყვარეობის სიმი, რომ მის ნათქვამ აჯაფსანდალში სიმართლის მყარ ადგილს ვერ მოძებნი. რომელი ევროპული სახელმწიფო არ ინატრებდა ასეთ ტაკიმასხარა კლოუნს ცირკის არენაზე და არა პრეზიდენტად, რომლის ხსენებაც ასე სასაცილოდ აქცია ამ უცხოეთის ლაქია საცოდაობამ, საქართველოს დაქცევა-დაქუცმაცებისკენ რომ მიათრევდა, ამის დასტურად ქუთაისის პარლამენტიც კმარა. დღეს ყველა ნორმალურმა ქართველმა იცის, რომ საქართველოს ყველა უბედურება მისი ღალატიდან იღებს სათავეს. დღევანდელი ხელისუფლება თუ მას და ყველა დამნაშავე «ნაციონალს» დამსახურებისამებრ პასუხს არ მოსთხოვს, ნუ დაივიწყებს, რომ კოჰაბიტაციით «ნაციონალების» გადარჩენის მცდელობა ამ მომაკვდავი უბედურების კუბოში ჩაწოლის ტოლფასია.

ხალხის დამსახურებაა «ქართული ოცნების» უმრავლესობა პარლამენტში და გამარჯვებულთა მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, მათი ძალა ხალხის მხარდაჭერაშია, რაც ხელისუფლებაში წამოსკუპების შემდეგ ავიწყდებათ. არ არსებობს ხალხის ნდობადაკარგულთა დიდხანს ბოგინი, თორე აგერ გვაქვს მაგალითად გაპანღურებული «ნაციონალების» წკავწკავი. თითქმის ყველა მათი მინისტრი დანაშაულში იმხილება და ბრალი აქვს წაყენებული. აქედან ზოგი გაქცეულია, ზოგი საპატიმროშია, ზოგი კი გარეთ არის და განაჩენს ელოდება, რათა მათმა თავქარქაშა პრეზიდენტმა მაშინვე შეიწყალოს, რომელიც ახლა საქართველოს რეგიონებში დაძრწის, ლანძღვა-გინებას და ლაყე კვერცხებს იმკის. აქა-იქ პოულობს თავგზააბნეულ მოქალაქეებს და თავის დაკოჭლებულ გარდასულ დიდებაზე წუწუნებს.

ძალაუფლება კი ისევ «ნაციონალების» სამსახურს ვერ იშლის სასამართლოს და პროკურატურის იმ მუშაკთა სახით, რომლებმაც უდანაშაულო ადამიანები აწამეს და ციხეში ჯდომისთვის გაწირეს. ახლაც ინარჩუნებენ ცოდვიან სკამებს და ისევ იმათ უნდა გამოიძიონ უსამართლოდ ჩატუსაღებულთა საქმე?!

დღეს დემოკრატიის ნიღბით ძალადობა ცდილობს ხალხთა იმ დონეზე დაბეჩავებას, რომ ბოროტებამ სიკეთე, უზნეობამ ზნეობა, გარყვნილებამ პატიოსნება ისე დააბეჩავოს, რომ ცხოველთა სამყაროს დასაცინად აქციონ ადამიანთა მოდგმა. სადაც ერთსქესიან ქორწინებას აკანონებენ, მათთვის პირუტყვის შერქმევა ცოდვაა, რამეთუ ზნეობით პირუტყვი ამგვარ ზნედაცემულ ადამიანთა მოდგმის სირცხვილზე მაღლა დგას.

ახლა მოდაშია რუსეთის ლანძღვით თავის მოწონება, რამეთუ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა მოღალატედ და კრემლის აგენტად მონათვლის ტოლფასია. ერთ სამეფოში მდინარე ჩამოდიოდა, რომელსაც სასმელად იყენებდნენ. ერთხელ ორაკულმა გააფრთხილათ, ჭურჭელში წყალი მოიმარაგეთ, თორემ, ვინც მდინარის წყალს დალევს, გაგიჟდებაო. ხალხს ჭურჭელი არ ეყო, მდინარის წყალი დალიეს და გაგიჟდნენ. მეფეს რაკი ბევრი ჭურჭელი ჰქონდა, გადარჩა. ხალხი გიჟური როკვით და ღრიანცელით მეფისკენ დაიძრა. რა ვქნაო, შეშინებულმა ჰკითხა მრჩეველს. ახლა შენც გიჟური როკვა დაიწყე, თორემ, თუ ჭკვიანად მიგიღეს, გაგგლეჯენო. მიიღო რჩევა. ამდენი ხნის ანტირუსული ისტერიის შედეგად დამახინჯდა ახალგაზრდების შეგნება, ბევრს დაუბნელდა საღი აზრი, თითქოს იმ მდინარის გიჟობად მოწამლული წყალი დალიესო; არაფრის გაგება არ უნდათ, გარდა რუსეთზე ავისა და ბოროტის ხსენებისა. რას მივაღწიეთ ამით? რუსების დახმარებით მოსპობის გზაზე მდგარნი აყვავებას და გამძლავრებას ვეზიარეთ; რუსებთან მტრობით და ლანძღვით ჩვენივე ფეხით მივდივართ საქართველოს გადაყლაპვის მსურველთა ყბაში.

ისტორია კი მეორდება. რუსეთის ღვარძლი ვერ იქნა და ვერ მოინელა დასავლეთმა. არადა, რა დაგიშავა, შე უმადურო?! ნაპოლეონის ძალადობისგან რომ გიხსნა, შენ კიდევ ისევ რუსეთს დაუწყე ღრენა. ჰიტლერული ნაციზმის სტომაქიდან რა არსებად გამოყოფდი თავს, თვითონ სატანამ თუ იცის. ავიწყდებათ, რუსეთმა რამდენჯერ იხსნა ევროპა იმავე ევროპაში გამოჩეკილი ურჩხულებისგან. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ რუსეთის გასაღიზიანებელ თავხედ გოშიად საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ ტუტუც არსებას იყენებენ, რაც საბოლოოდ ქართველი ხალხის უბედურების ნაყოფს ისხამს. სტრატეგიულ პარტნიორებად გასაღებული «მეგობრები» კი ავღანეთიდან საქართველოს დაცვის ილუზიით გვიბავენ თვალებს, რამეთუ ვერ იქნა და ვერ გვეღირსა მაღალ პოსტზე სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ხილვა და მისი გაბრძოლებით დაჩაგრული ქართული სიამაყის ზეიმი. განა გული არ დაგწყდება პრეზიდენტობის კანდიდატების და სხვა პოსტის მაძიებელთა სირბილზე ამერიკაში, როგორც ერთ დროს ირანში დარბოდნენ?!

ქართველი ხალხის უბედურება ყველაზე ახლობელი, ერთმორწმუნე რუსეთის ლანძღვით და მტაცებელთან ჩახუტებით დაიწყო. არადა, რუსეთმაც საბჭოთა კავშირის დაშლით ისეთი საშინელი რბევა განიცადა, როგორიც დიდ ომსაც კი არ შეუძლია. ლოთი ელცინის თავქარიანობით მთელი რუსეთის სიმდიდრე დაიტაცეს და გაანიავეს; მალე რუსეთის დაშლის მსურველების მოლოდინიც ახდებოდა, თუ არა პუტინის გამოჩენა.

ახლახან «ისტორიული მემკვიდრეობის» მიერ გამოცემულ წიგნში «უცნობი პუტინი» აღწერილია, როგორი რუსეთი ჩაიბარა მან და დღეს მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი ქვეყანაა, რომელსაც თითს ვერავინ დაუქნევს. ამ რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართველები ჩვენთვის ყველაზე ახლობელი ხალხიაო. ეს მაშინ, როცა ჩვენი თავქარიანი პრეზიდენტი რუსეთის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს და მის გასაღიზიანებლად ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობს. იგი შევარდნაძის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელია, რომელმაც რუსეთი იძულებული გახადა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოეღო. შევარდნაძის დროს აგორდა სამარცხვინო სიყრუე, თითქოს პუტინი საქართველოში მცხოვრები ვიღაც რუსი ქალის შვილი იყო, აღზევებული პუტინი კი ყურადღებას არ აქცევდა. პასუხის ღირსადაც არ ჩაუგდია შევარდნაძის დროინდელი ცილისწამება, ვითომ იგი ვიღაც ქართველი გლეხის გერი იყო. ლენინგრადში დაბადებული ღირსეული მშრომელი ოჯახის შთამომავალი ნაბიჯ-ნაბიჯ მიარღვევდა გზას ცხოვრების ლაბირინთებში, პრინციპული და მტკიცე ნებისყოფით აღწევდა საწადელს. იგი, სააკაშვილისა და მისი დამქაშების პირდორბლიან შეურაცხყოფათა კასკადის მიუხედავად, მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ქართველები მისთვის ყველაზე ახლობელი ხალხია. ამას რწმენით ამბობს, რამეთუ იცის, ქართველთა და რუსთა მეგობრობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომელსაც საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად დაღვრილი სისხლი ადუღაბებს. ისიც ღრმად სწამს, რომ საქართველოში ბედის უკუღმართობით გაბატონებული უცხოეთის ლაქია ხელისუფლება, იმავე უცხოეთის დავალებით უყეფს რუსეთს ცხიმიანი ლუკმის მონადირებაზე დახარბებული გოშიასავით და ამგვარი საქციელი ქართველ ხალხში მხოლოდ ღრმა გულისწყრომას რომ იწვევს.

წაიკითხავ ამ წიგნს და თვალწინ დაგიდგება რუსეთის მძლავრი ნაბიჯებით წინსვლა. დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი მრავლდება და ადამიანთა ყოფა ყოველწლიურად უმჯობესდება.

წაიკითხავ ამ წიგნს და, თუ კიდევ არსებობს შენში ცილისმწამებელთა მიერ შემოგდებული ღვარძლის მარცვალი, დარწმუნდები, რომ რუსეთს მართავს პრიცნიპული, გონიერი და ძლიერი ხელმძღვანელი, რომელიც ქართველ ხალხს ყველაზე ახლობლად თვლის და გული დაგწყდება, რომ უგნური და უცხოეთის ლაქია ხელისუფლების მოღალატეობრივი ფაფხურის გამო მისი მტრების ბანაკში, სიცრუისა და ძალადობის ტყვეობაში საწუწნი კანფეტივით რომ თვალწინ გიდნება სამშობლო.

ძმა რომ ძმაა, ის არ გაპატიებს ამდენ შეურაცხყოფას. არადა, ყველა ხვდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის უბედურებად უყეფს რუსეთს.

დღეს მსოფლიოში ძალის პოლიტიკის აღვირახსნილობაა. ამერიკელები ერაყში შეიჭრნენ და სისხლის აბანოები გამართეს. ისეთი მიზეზი მოიგონეს, კაცობრიობას გაკვირვებით თვალები გაუფართოვდა. საჯაროდ ყველას დასაცინი გახდებოდნენ, მისი მუშტის რომ არ ეშინოდეთ, ასეა, როცა ძალა გაქვს, ტყუილს სიმართლედ შეაჭმევ ურწმუნოებს.

საქართველოს ერთიანობა და გამძლავრება ყველაზე უფრო რუსეთს აძლევს ხელს, მაგრამ ვის რად უნდა ისეთი მეზობელი, ყოველდღე ხრიკებს რომ ბლანდავს და სახალხოდ გლანძღავს. არადა, რუსეთისთვის ამერიკული მეთოდით საქართველოს დაშოშმინება რა პრობლემაა, მაგრამ კარგად იცის, რომ დასავლეთის სტომაქში შემძვრალ «ნაციონალთა» ბანდა ხალხის ნების წინააღმდეგ, უცხოელ მფარველთა საამებლად ყიდის საქართველოს აღორძინებისა და გამძლავრების შესაძლებლობას.

გონზე მოსასვლელად მავთულხლართების გაბმა დაიწყო. ღავღავებენ არასამთავრობო გრანტიყლაპიები და გადარევის წყალდალეული პიარს აყოლილები. ვითომ აქციებს აწყობენ, რათა შემდეგ ტელევიზიის ეკრანებიდან იღავღავონ. შედეგი რაა? აღშფოთდებიან, აჭყლოპინდებიან, ევროატლანტიკურ «მეგობრებს» მოახსენებენ რუსეთის ამ აგრესიის შესახებ; ტუტუცი პრეზიდენტიც გამოვა და უშიშროების საბჭოს მოწვევას მოითხოვს, რომელსაც ყუდროზე გამოსული დედაბერის დაფრთხობა თუ შეუძლია. საგარეო საქმეთა მინისტრის აღშფოთებულ კნავილზეც ამცნობს ქვეყანას ყოვლისმხილველი ტელევიზია. ისე კი, მაგ ქალბატონის ცოდვით არ მოისვენოს იმან, ვინც ამგვარი მაღალი პოსტის მძევლად აქცია და პატარა ინსტრუქცია მაინც არ ჩაუტარა, _ როცა არაფერი გაგეგება, გაჩუმდი მაინცაო. მაგანაც ბალტიისპირეთში ისეთი რამ ააფრინა, კინაღამ ამიერკავკასიაში უნდობლობის ქარბუქი დაატრიალა. ხან სტალინის აუგად მოხსენიებით შეირცხვინა თავი და ხან ტუტუც მიშას სულელურ გამოსვლაზე ტაშის დაკვრით. მალე ისევ ჩადგება ყავის მომდუღებელ თანამშრომელთა რიგში, მაგრამ შვილიშვილებთან ბუხრის პირას მისი მინისტრობის პერიოდს სირცხვილით არ გაიხსენებს.

რუსეთში, ეტყობა, ელოდებიან საქართველოს ახალი ხელისუფლების გონივრული ნაბიჯის გადადგმას, თუ არადა, მავთულხლართებს გორში გაგიტარებს და ავღანეთიდან საქართველოს დაცვის ღრმაშინაარსიან სტრატეგიაზე თავდაცვის მინისტრის მეურმის მამალივით ყივილი შემაღლებული ადგილიდან განთიადს ვერ გვაღირსებს.

რუსეთს კი პუტინის სახით ძლიერი ხელი მართავს, ვისაც ამის არ სჯერა, წაიკითხოს «უცნობი პუტინი» და დაუწყნარდება მის წინ წერას ატანილი წინწკარა ჩიტივით ბოლოქანქარი. მეგობარს მტრად მხოლოდ ვინმე ჭკუასუსტი, ოხრის დათაღლითის მიერ წაქეზებული თუ მოეკიდება.

ქართველი ხალხი ბრძენია და იმას ამოუდგება მხარში, ვინც ქვეყანას გამთლიანების, აღორძინებისა და აყვავების სწორი გზით წაიყვანს.

გივი სომხიშვილი

 

1 COMMENT

  1. მოგესალმებით ბატონო გივი, კარგი სტატია , გონივრული მინიშნებაა გამგებთათვის, მაგრამ ამ 9 წლის განმავლობაში ახალგაზრდა თაობას ისე აურიეს გონება მაინც ამერიკისაკენ იხრებიან, ის კი არ იციან ამერიკამ სადაც დაადგა ფეხი იმ სახელმწიფოს განვითარება კი არა განადგურდა ან განადგურების პირასაა, მე არ ვარ რუსეთის მეხოტბე მაგრამ ორ უარეს შორის მაინც რუსეთი მირჩევნია

  2. საქართველოზე შეყვარებული მამულიშვილის განცდები და რეალობაა გადმოცემული სტატიაში!ვინც ყურადღებით "ჩაეკითხება"ამ სტატიას,მან იცის 27 ოქტომბერს რა არჩევანი უნდა გააკეთოს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here