Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი და მის მიერ შექმნილი რეჟიმი პოლიტიკური სარბიელიდან უნდა გავაძევოთ!

სააკაშვილი და მის მიერ შექმნილი რეჟიმი პოლიტიკური სარბიელიდან უნდა გავაძევოთ!

611

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მოწმობს, რომ ყველაფერი  თანმიმდევრულად და მიზანშეწონილად არ მიმდინაერეობს გლობალურ გარემოში. ფეთქებადსაშიში  დაძაბულობა მაქსიმალურ დონეს აღწევს. არ ცხრება წინააღმდეგობა ისრაელსა და ირანს შორის, რასაც სირიაში სამოქალაქო ომში გადაზრდილი პოლიტიკური კრიზისიც ემატება. პოლიტიკური კრიზისისკენ მიდის საქმე ჩვენს მეზობელ თურქეთშიც. დიდი რვიანის შვიდ წევრსა და რუსეთს შორის აშკარაა კონფრონტაცია. ყოველივე ეს საქართველოს სამეზობლოში ხდება. სამწუხაროა, რომ დიალოგში, რომელიც მიმართულია შექმნილი სიტუაციების დასარეგულირებლად, საქართველო არ მონაწილეობს. იგი გაიხლართა საშინაო ყოველდღიურობაში  და  გეოპოლიტიკური პრობლემების გარკვევისგან რამდენადმე დისტანცირებულია.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირების აღმოსაფხვრელად არსებობს ორი გზა: 1. თანმიმდევრული დისკუსიებითა და პოლიტიკური პრესინგით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ხალხისთვის მიუღებელი ძალა «ნაციონალური მოძრაობა» და, მიმდინარე პროცესის ლოგიკიდან გამომდინარე, მოხდეს მისი ლიდერების იზოლაცია (რა გზასაც ახლა ვადგავართ) და 2. იგივე პროცესი განვითარდეს სწრაფად, დამნაშავეთა დანაშაულში დარწმუნების ფსევდოდემოკრატიულობის გარეშე. ორივე მეთოდს ერთი საერთო საფუძველი აქვს, უნდა გამოვლინდეს «ნაციონალური მოძრაობის» როგორც პოლიტიკური რეჟიმის დანაშაულებრივი სახე და დამტკიცდეს მისი პოლიტიკური მოქმედებების ანტიხალხური, არადემოკრატიული ხასიათი.

«ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლამდეც, ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბრიდან გაცხადდა, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენდა, არსებითად ანტიხალხურ, დანაშაულებრივ რეჟიმს. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, რამაც ასახა ქართულ პენიტენციურ სისიტემაში მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობა.

«ციხის კადრების», როგორც ფაქტების, ანალიზი გვიჩვენებდა, რომ:

) საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იყენებდნენ ადამიანების დასჯის მიუღებელ და აკრძალულ მეთოდებს, რომელთა გამართლება შეუძლებელია;

) დასჯის ეს არაადამიანური მეთოდები გამოიყენებოდა «კარანტინის დაშლის» დროს, რაც ნიშნავს იმას, რომ ციხის ადმინისტრაცია უკანონო, აკრძალული მეთოდებით პატიმრებს სჯიდა წინასწარ (იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სასჯელი კანონიერი იყო, მაშინაც მისი გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რადგან პატიმარი ჯერ ციხეში არ შესულა, მის შინაგანაწესს ვერ დაარღვევდა);

) ამგვარად, ასეთ დასჯას არ გააჩნია პოზიტიური შინაარსი, . . არ წარმოქმნილა დასჯის საჭიროება. მაგრამ, რადგან ამგვარი დასჯის ფაქტი არსებობს, იგი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ნორმატიულად, წინასწარ შემუშავებული წესის მიხედვით;

) დასჯის ასეთ მეთოდს იყენებენ ციხის განსაკუთრებული კონტიგენტის, ქურდების, მიმართ, მაგრამ დასჯის «ტექნოლოგიურად» დახვეწილი ფორმები გვაფიქრებინებს, რომ ასეთ ძალადობრივ აქტებს სხვა შემთხვევებშიც შესაძლებელია მიმართონ (რაც დამტკიცდა კიდეც ქუთაისსა და ზუგდიდში მოპოვებული ნივთმტკიცებებით 2013 ილის 19 ივნისს). 

ამგვარად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების მიმართ ხორციელდებოდა ნორმატიული ხასიათის (წინასწარ განსაზღვრული და დადგენილი) დანაშაულებრივი ზემოქმედება. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს ის, რომ ხდებოდა თითოეული ასეთი დასჯის ფაქტის ტელეგადაღება და აღნუსხვა, ანუ ანგარიშგება ზემდგომი პირის ან ორგანოს წინაშე. შესაბამისად, პატიმრების დასჯა-წამება წარმოადგენდა დამსჯელთა «შრომითი» საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ სამსახურებრივ მოვალეობას, რის მიხედვითაც (საქმიანობის ინტენსივობიდან და ხარისხიდან გამომდინარე) უხდიდნენ გასამრჯელოს.

ჩვენს სამართალდამცავ სისტემაში მოქმედებდნენ სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანები, რომელთათვისაც სხვა ადამიანების წამება პროფესიული უნარ-ჩვევების ნაწილს წარმოადგენდა. მაგრამ თუ არის საიდუმლო შინაგანაწესით დადგენილი წამების ნორმატივი და ადამიანი, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს, მაშასადამე, ის, რაც ხდება, სისტემის ორგანული ნაწილია, რომელსაც უნდა ჰქონოდა მიზანი. ეს მიზანი კი «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერთა მრავალი გამონათქვამით ყველასთვის ცხადი იყო _ პატიმართა მენტალობის ტრანსფორმაცია, გარდაქმნა.

ხოლო ციხის შინაგანაწესის შექმნა და მისი სტანდანტირება ამ დაწესებულების ზემდგომი ინსტანციის პრეროგატივაა. შესაბამისად, სამინისტრო არამარტო ამტკიცებდა ციხის საქმიანობის შინაგანაწესს (როგორც ვიცით, ციხე უნივერსიტეტი არაა, აკადემიური ავტონომიურობა რომ მოითხოვოს), არამედ განსაზღვრავდა მას. ამ ანტიჰუმანური ნორმების დამდგენი და პრაქტიკული რეალიზატორი ზემდგომი ორგანო «სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო» იყო, ე.ი. დამნაშავედ მიჩნეული ადამიანების სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში ადამიანისადმი სისასტიკის გამოვლენის ფორმატით დასჯა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საშუალებად გვევლინება.

აი, როგორც მათემატიკოსები იტყვიან, რისი დამტკიცება გვინდოდა.

ეს ყოველივე ცხადი იყო ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში. მაგრამ, სამწუხაროდ, აღიარებას, რომ საქართველოში ადამიანების წამებას აქვს სისტემური, სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ სანქცირებული ხასიათი და ამიტომ იგი მმართველი ძალის პოლიტიკური დანაშაულია, ახალი ხელისუფლება ცხრა თვეს მოუნდა. მხოლოდ დამატებითი ფაქტებისა და არგუმენტების მოძიების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით  გამოგვიცხადა, რომ  საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს.  

ამ სიტყვათა შეთანხმებამ «სისტემური დანაშაული» შოკისმომგვრელი ეფექტი იქონია. სააკაშვილი გაემიჯნა მას და ვიღაც «შემოპარულ ჩხატარაშვილსა და ქარდავას» დააბრალა ყოველივე. თარგამაძემ მერაბიშვილისკენ გაიშვირა ხელი, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ძებნილი ადეიშვილის განცხადება, რომელშიც იგი სახელმწიფო საიდუმლოებათა გათქმის ფაქტზე ლაპარაკობს. თვით ვანო მერაბიშვილი კი სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ნივთმტკიცებების იდენტიფიკაციას «ციხის კადრებთან» აკეთებს და თავის უდანაშაულობას იფიცება.

რა არის «სისტემური დანაშაული»? როცა ეს შეკითხვა დავსვი, ამიხსნეს, რომ «დანაშაული სისტემურია მაშინ, როცა სისტემას არ გააჩნია უნარი, აღმოაჩინოს თავის წიაღში იგი და დასაჯოს დამნაშავე». ხოლო ის, რაც ვიხილეთ, სულ სხვა რამეზე მეტყველებს, კერძოდ, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ვნახეთ, დანაშაულია, სამართლის ფილოსოფიის, იურისპრუდენციის  თვალსაზრისით, თორემ ჩვენი სახელმწიფო სისტემის თვალსაზრისით, იგი ქვეყნის პოლიტიკური წყობის ქვაკუთხედია. ამგვარად, სამართალდამცველი სისტემა თვით არის ამ დანაშაულებათა შემოქმედი, რადგან იგი (დანაშაული) არსებული პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების მეთოდია.

ტერმინს «სისტემური დანაშაული» იმიტომ ვანიჭებ მნიშვნელობას, რომ ამ ახალმა, ჩემი აზრით, ბოლომდე გაუაზრებელმა კატეგორიამ გაუგებრობა არ გამოიწვიოს ჩვენს მეგობრებში, საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცეში არ მოხდეს ის, რაც ხშირად მოგვსვლია, ცნებითი აპარატის არათანაზომადი გამოყენებით არ გადავაყოლოთ ბავშვიც და მშობელიც ნაბან წყალს.

თუ ეს ასეა, უკვე 2012 სექტემბერში ვიცოდით, რომ «ნაციონალური მოძრაობა» დანაშაულებრივ პოლიტიკურ რეჟიმს განახორციელებდა ჩვენს ქვეყანაში. 9 თვით რატომ დავაგვიანეთ და არ ავხსენით თავის დროზე? რა თქმა უნდა, ქართულ პრესაში დაიწერა, რომ ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფცია, ადამიანების დასჯა და სასჯელის აღსრულების დროს სასტიკი მეთოდების გამოყენება იყო სახელმწიფოს მართვის ცენტრალური რგოლი, რომ ასეთი დანაშაული ხორციელდებოდა ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით და მათი კონსესუსით მსოფლიო საერთაშორისო ბიუროკრატიის ზოგიერთ წარმომადგენელთან. აბა, შემთხვევითი ხომ არ არის ავტორიტეტული უცხოური გამოცემებისა და ცალკეული პოლიტიკური ინსტიტუტების მიერ ჩვენთვის გაუგებარი და პროცესების ლოგიკის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება სააკაშვილის ხელისუფლების მხარდასაჭერად? ამ საქმის ჩაფარცხვა მათ ინტერესებშიც შედის, რადგან ამ დანაშაულობათა ფილოსოფია, როგორც სამოქმედო პროგრამა, მათ მიერაც არის მხარდაჭერილი. აი, რეალური მიზეზი სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ნარჩენების დღემდე შენარჩუნებისა და მასთან კოაბიტაციის, ანუ თანამშრომლობის მცდელობისა.

ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა მსოფლიო საზოგადოებრიობა, რომ  დისციპლინარული საზოგადოების იდეოლოგიის საფუძველზე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სისტემა შინაარსობრივად იყო დანაშაულებრივი და ამორალური. იგი, ლიბერალურ ფასეულობასა და რიტორიკაში შეფუთული, მთლიანად ემყარებოდა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს უხეშ ჩარევასა და მათი დასჯის ფილოსოფიას. იმის გამო, რომ ეკონომიკა განიხილებოდა როგორც მეთოდი, რომელიც მუდმივად დაკავშირებულია ადამიანების ნებისმიერ საქმიანობასთან და არა როგორც დამოუკიდებელ ურთიერთობათა სისტემა, რომელშიც სრულიად იგნორირებული იყო ადამიანის საკუთრების უფლება. მატერიალური დოვლათის მოძრაობა ხორციელდებოდა ძირითადად დაბალ, ვოლუნტარისტულად განსაზღვრულ ტრანსაქციული დანახარჯების საფუძველზე. ამ პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შექმნილი სამოქალაქო რეესტრი, სადაც ადამიანები რანჟირებული იყვნენ უძრავ-მოძრავი ქონებრივი ცენზის მიხედვით, ქმნიდა ადამიანებისა და მათი ქონებისადმი ასეთი დანაშაულებრივი მიდგომის საფუძველს. ამგვარად, სისტემა, რომელიც ემყარებოდა ადამიანების დასჯას და სასჯელის აღსრულება წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკის ცენტრალურ რგოლს, და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტებს ადამიანთა პირად ცხოვრებაში შეღწევის შესაძლებლობა ეძლეოდა, რომელიც აღწერილია ლიტერატურაში, როგორც დისციპლინარული საზოგადოება, საქართველოში გამოვლინდა, როგორც ანტიხალხური, მოსახლეობისათვის გაუგებარი და ეროვნული განვითარებისთვის ტრაგიკული  პოლიტიკური რეჟიმი. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით მისი დროული ნეიტრალიზაცია და ახლაც გვიჭირს დავარწმუნოთ მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოება, ამ პოლიტიკური კურსის ანტიხალხურ, დანაშაულებრივ ხასიათში.

იარაღისა და ადამიანთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის, ახალი სამალავების აღმოჩენა მეხივით დაატყდა თავს საქართველოს ორხელისუფლებიან  დემოკრატიას. ამან ძირი გამოუთხარა სააკაშვილის რეჟიმის დამცველებს საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც.

ისმის კითხვა: რა დამალეს და ვისგან? როგორც ამბობენ, ეს საერთო სახელმწიფო მნიშვნელობის სამალავები შექმნილი იყო ქვეყნის უსაფრთხოების, სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელების მიზნით, კერძოდ, საიდუმლო მასალის დაცულობისა და არასასურველ პირთათვის მისი ხელმიუწვდომლობის მისაღწევად. თუ ასე იყო, ამ სამალავებს რა აღმოჩენა სჭირდებოდა? რატომ არ შეიყვანეს საქმის კურსში ახალი, დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლება? გამოდის, რომ «ნაციონალური მოძრაობა» კოაბიტაციის, თანამშრომლობის ნაცვლად «ქართული ოცნების» წინააღმდეგ მტრულ საქმიანობას ეწევა! მალავს მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროს და ახდენს ქვეყნის სპეციალური სამსახურების პარალიზებას. შესაბამისად, ამ დანაშაულის წაყრუება და ჩვეულებრივ უწყებრივ შეცდომად გამოცხადება აღარ შეიძლება. ამიტომაც ახლა უკვე «ქართული ოცნება» ვალდებულია, მას მიანიჭოს სათანადო კვალიფიკაცია.

მივესალმები პარლამენტის წევრის _ გია ჟორჟოლიანის ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინციატივას, სათავეში ჩაუდგეს პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას. ამჯერად იმპიჩმენტი უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ ბოლომდე იქნას მხილებული დანაშაულებრივი სახელმწიფო რეჟიმი, რომელიც წლების მანძილზე ეწეოდა საქართველოს მოქალაქეთა შანტაჟს, დამცირებას, ძარცვასა და შეურაცხყოფდა მის ეროვნულ ღირებულებათა სისტემას. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ დისკრედიტებული პოლიტიკური ძალის, «ნაციონალური მოძრაობის», პოლიტიკური სარბიელიდან გაძევების შემდეგ გახდება შესაძლებელი, რომ საქართველო კვლავ ჩაერთოს დიდ საერთაშორისო დიალოგში, კვლავ თვითონ გახდეს საკუთარი გეოპოლიტიკური რესურსების განმკარგავი და პატრონი. მაგრამ მანამდე გვესაჭიროება ეროვნული თვითგანწმენდა, რაც დამნაშავეთა გამოვლენისა და გასამართლების შედეგად მიიღწევა.

დავით იაკობიძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here