Home რუბრიკები საზოგადოება უშანგი დოინჯაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ვალდებულია, მოტყუებულ მეანაბრეებს დაუბრუნოს ვალი. ეს მისი...

უშანგი დოინჯაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ვალდებულია, მოტყუებულ მეანაბრეებს დაუბრუნოს ვალი. ეს მისი ღირსების საკითხია!

694

ჩვენი გაზეთის 2012 წლის #33-ში დაიბეჭდა ინტერვიუ დამსახურებულ იურისტთან, «მეანაბრეთა ლიგის» თავმჯდომარესთან,  საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსთან, პროფესორ უშანგი დოინჯაშვილთან, რომელიც, უკვე 17 წელია, უანგაროდ იცავს 2,5 მილიონი მეანაბრის უფლებებსა და ინტერესებს, რომლებიც ძლიერ დაზარალდნენ 1992 წლის ივნის-ივლისში ექსპრეზიდენტ შევარდნაძის მიერ განხორციელებული ფინანსური აფერის შედეგად.

 

_ ბატონო უშანგი, ჩვენი წინა შეხვედრიდან გავიდა ზუსტად ნახევარი წელი. როგორც მახსოვს, თქვენ მაშინ თქვით: ანაბრების დაბრუნება თუ გვინდა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. ხელისუფლება შეიცვალა. საინტერესოა, როგორაა ახლა თქვენ საქმე?

_ ვფიქრობ, უპრიანი იქნება, მკითხველს ჯერ შევახსენოთ, რა ზარალი მოგვაყენეს შევარდნაძემ და მისმა «ღირსეულმა» მოწაფემ _ სააკაშვილმა.

_ კი, ბატონო, გისმენთ!

_ 1992 წლის ივლისამდე სახელმწიფო შემნახველ სალაროებში ირიცხებოდა მეანაბრეთა დანაზოგი 12 მილიარდ 156 მილიონი მანეთის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ _ ედუარდ შევარდნაძემ მასმედიის საშუალებით მოსახლეობას მოუწოდა, შეეტანათ სახელმწიფო შემნახველ სალაროებში ანაბრების სახით დაზოგილი თანხები და სანაცვლოდ მის გაორმაგებას შეჰპირდა, გარანტორადაც დაისახელა თავი. ხალხმა ირწმუნა «დიდი პოლიტიკოსის» მოწოდება. უმრავლესობამ გაყიდა, და მათ შორის მეც ვარ, განძეულობა, ზოგმა კი საცხოვრებელი ბინებიც მიაყოლა თანხის გაორმაგების იმედით და ერთ თვეში შემნახველ სალაროებში შევიდა რვა მილიარდამდე მანეთი. 1993 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 4 446 877 ანაბარზე დაირიცხა 20 (ოცი) მილიარდ 018 მილიონი მანეთი. მსგავსი აფერით მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეატანინეს მნიშვნელოვანი თანხები კერძო კომერციულ ბანკებშიც. როგორც იცით, არათუ გაგვიორმაგდა თანხა, საერთოდ დაგვეკარგა დანაზოგი! ამის გამო, დღემდე საქართველოში მილიონობით მეანაბრეა უფლებააყრილი, მოტყუებული, დამცირებული და დამშეული! ჩემი ანგარიშით, ორასი ათასზე მეტ მოხუც ადამიანს შემნახველ სალაროებში ჰქონდათ თავიანთი სამკვდრო _ ხუთ-ხუთი ათასი მანეთი, რაც გათვალისწინებული იყო მათი გაპატიოსნებისთვის: კუბო, ქელეხი, ორმოცი და წლისთავი. ეს თანხები მათ შეაგროვეს პენსიით, შვილების თუ ახლო ნათესავების მიერ ხელფასებიდან დაზოგილი წინასწარი შეწირულობებით. ამ კატეგორიის მეანაბრეების ოთხმოცი პროცენტი  საიქიოში გაუპატიოსნებელი წავიდა; ბევრ მათგანს კუბოც არ ეღირსა და ცელოფანში გახვეულები მიაბარეს მიწას… ამ ადამიანებმა საფლავში ჩაიტანეს ის ტკივილი, რაც მათ შევარდნაძის ბანდამ მიაყენა ალალი შრომით მოპოვებული დანაზოგის წაგლეჯვით!..

2009 წლის 27 მარტს მეანაბრეთა დარღვეული უფლებების აღდგენაში დახმარებისთვის ღია წერილით მივმართე პრეზიდენტ სააკაშვილს, ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს, ყველა გუბერნატორს, ყველა უმდიდრეს ქართველ ბიზნესმენს. სააკაშვილის სახელზე გაგზავნილი წერილი ადრესატს არ ჩაბარებია. მისმა სამდივნომ ის გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს, ხოლო გუბერნატორებმა და ბიზნესმენებმა, რომ იტყვიან, პირში წყალი ჩაიგუბეს.

წერილი პატრიარქსაც მივწერე, რომელიც განსახილველად დაეწერა ქორეპისკოპოს თევდორეს. ამ უკანასკნელმა არ ჩააყენა საქმის კურსში პატრიარქი, თითქმის 9 თვე ედო უმოძრაოდ და ბოლოს რეგისტრირებული წერილი პირადად დამიბრუნა…

_ ბატონო უშანგი, თქვენ არამარტო ადგილობრივ, ევროპის სასამართლოსაც მიმართეთ, არა?

_ დიახ, 1999 წლის 14 დეკემბერს საჩივარი შევიტანე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში. ჩემი საჩივარი და წარმოდგენილი მასალები ევროპის სასამართლომ ჩათვალა პირველხარისხოვნად და ამზადებდა საქმეს სასამართლოში არსებითად განსახილველად. შევარდნაძემ აქაც გამოიჩინა მაქინატორის დიდი ნიჭი: 15 მინისტრისაგან შექმნა კომისია, მათ შორის იყო იუსტიციის მინისტრი _ სააკაშვილი, ვითომ და მეანაბრეთა საქმის შესასწავლად. ამ კომისიას სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო მინისტრი _ არსენიშვილი; მერე იგი შეცვალა ახალმა სახელმწიფო მინისტრმა _ ჯორბენაძემ. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დაევალა სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს _ გიორგი ისაკაძეს. მოკლედ, კომისიამ ისე დაასრულა თავისი მოღვაწეობა, რომ არც ერთი სხდომა არ ჩაუტარებია!..

ევროპის სასამართლოს მეორედ 2006 წლის 25 აპრილს მივმართე 93-გვერდიანი საჩივრით. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მიმოწერა ჩემსა და სასამართლოს შორის, რასაც კარგი პირი უჩანდა, მაგრამ მოხდა დღემდე გაუგებარი რამ _ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს წარმომადგენელმა, მოსამართლე მინდია უგრეხელიძემ, რის უფლებაც მას არ ჰქონდა! და რაღაც, ასევე გაუგებარი ხარვეზის გამო, უგრეხელიძემ ევროპის სასამართლოს უარი ათქმევინა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.

_ მახსოვს, 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სააკაშვილი დაჰპირდა ამომრჩევლებს ანაბრების დაბრუნებას.

_ დიახ! მეანაბრეთა ვალების გასტუმრების შეპირების ათასობით პლაკატი დაიბეჭდა და გამოქვეყნდა. მათზე გამოსახული იყო საბჭოური შემნახველი სალაროს წიგნაკები, ციფრი «5» და წარწერა: «სააკაშვილი» ნაციონალური მოძრაობა», დავიბრუნოთ ჩვენი ანაბრები». მაგ დროისათვის მარტო თბილისში მოტყუებულ მეანაბრეთა რაოდენობა თითქმის მილიონს აღწევდა; და ასეთი გამამხნევებელი და იმედისმომცემი პლაკატებისა და ბუკლეტების გავრცელებამ პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მოაპოვებინა! აი, ასე «გააცურა» სააკაშვილმა ამომრჩევლები!..

სამი კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მეანაბრეთა საქმესთან დაკავშირებული ახალი სარჩელი შევიტანე, სადაც ჩემი მოპასუხეა ბატონი ბიძინა, რადგან ის მთავრობის მეთაურია. სარჩელი წარმოებაში მიიღო მოსამართლე ნინო შარაძემ. მოპასუხე ივანიშვილზე გაგზავნილია სარჩელის ასლი და ველოდებით მის პასუხს, ანუ შესაგებელს. თუ მოპასუხე დაეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნებს, მაშინ შესაძლებელია, ეს საქმე მორიგებით შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე განიხილავს სარჩელს ოფიციალურად და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

_ კონკრეტულად რას სთხოვთ პრემიერმინისტრს?

_ მეანაბრეთა თემა ძალზე მნიშვნელოვანია და მეტად გაჭიანურებულია წინა ხელისუფლებების მიერ. ახალ ხელისუფლებას კი, მოპასუხე ბიძინა ივანიშვილის სახით, ყველა საშუალება და პირობა აქვს ამ საკითხის მოსაგვარებლად. საჭიროა შეიქმნას მეანაბრეთა ვალების გასტუმრების მომწესრიგებელი დეპარტამენტი ათი საშტატო ერთეულით, რომლის თავმჯდომარეობა კანონით და მორალურად მეკუთვნის მე, უშანგი დოინჯაშვილს _ მეანაბრეთა უფლებებისა და ინტერესების დამცველს 17-წლიანი მუშაობის სტაჟით. თუ ეს განხორციელდა, ვაძლევ პირობას მოპასუხეს _ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, აგრეთვე, ცოცხალ მეანაბრეებსა და გარდაცვლილთა მემკვიდრეებს, რომ 2013 წლის დეკემბრიდან დავიწყებთ მეანაბრეთა ვალების ეტაპობრივად გასტუმრებას!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here