Home რუბრიკები პოლიტიკა ლუი XVI და გარეკილ I _ პარალელები და პერპენდიკულარები

ლუი XVI და გარეკილ I _ პარალელები და პერპენდიკულარები

937

კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა. პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილს «ლეგიტიმური გადატრიალების» მოწყობის შესაძლებლობა ჩამოართვა. ის, ვინც ამ ფაქტის მნიშვნელობას აკნინებს და მას ერთ სიბრტყეში განიხილავს ისეთ ტაქტიკურ წვრილმანებთან, როგორიცაა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება ამ ცვლილებების დამტკიცების წინ, საპარლამენტო უმცირესობის დღევანდელი ვნებები და ხვალინდელი ხვედრი და .., ალბათ, დიდ შეცდომას უშვებს. არავინ ამბობს, რომ ეს თემები უინტერესოა და მათზე არ უნდა ვმსჯელობდეთ, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მნიშვნელოვანია; მათმა მიღებამ ქვეყნის მდგომარეობა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი გახადა და, შესაძლოა, დიდი უბედურება (სისხლისღვრის ჩათვლით) აგვარიდა.


პოლიტიკის ისტორიაში იმ მდგომარეობის ანალოგის მოძებნა, რომელშიც დღეს მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა, არც ისე იოლია. კლასიკურ მაგალითად მსგავს სიტუაციებში, როგორც წესი, განიხილება ლუდოვიკო XVI- მდგომარეობა. 1791 წლის კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საფრანგეთის მეფე ქვეყნის პირველ პირად რჩებოდა, თუმცა რეალურად არაფრის შეცვლა აღარ შეეძლო, მას შემდეგ, რაც დამარცხდა 1789 წლის ეპიკურ დაპირისპირებაში დეპუტატებთან, და რევოლუციას წინ ვერ აღუდგა. მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი მეფე რევანშზე ოცნებობდა და უცხო სახელმწიფოებს დახმარებას სთხოვდა. მას მშვენივრად ესმოდა, რომ ძველი რეჟიმის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ ამავე დროს სასწაულის ირაციონალური იმედი ჰქონდა. მას ეშინოდა რადიკალური გადაწყვეტილებების და მცირე საბოტაჟის ტაქტიკას მიმართავდა (ალბათ, არის ამაში რაღაც ნაცნობი). რაღაც მომენტში ეს საზოგადოებას ყელში ამოუვიდა. როდესაც მეფემ დამფუძნებელი კრების ერთ-ერთი დეკრეტის სანქცირებაზე უარი თქვა, მანიფესტანტები სასახლეში შეუცვივდნენ, ხოლო 1792 წლის 10 აგვისტოს პარიზში მოხდა აჯანყება, რომელსაც მონარქიის ფაქტობრივი (21 სექტემბერს _ ფორმალური) გაუქმება მოჰყვა. 1793 წლის 11 იანვარს კონვენტში დაიწყო ლუდოვიკოს სასამართლო პროცესი; მას ბრალად წაუყენეს შეთქმულება ერის თავისუფლების წინააღმდეგ და მოქმედება სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ, 20 იანვარს მას სიკვდილი მიუსაჯეს, 21-ში კი თავი მოჰკვეთეს. ასეთი ტრაგიკული შედეგით დასრულდა «კოაბიტაცია ფრანგულად», ძველი და ახალი რეჟიმის (უფრო ფართოდ კი _ ორი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის) არაბუნებრივი, პერვერსიული თანაცხოვრების, მათი ელემენტების შერწყმის მცდელობა. 

ლუი XVI სულაც არ იყო ძალაუფლებას მოწყურებული მონსტრი, პათოლოგიური ფსიქოპატი, რომელსაც საკუთარი ამბიციების გარდა არაფერი ანაღვლებდა. ის თავისებურად კეთილი, გულმოწყალე, რბილი და დამთმობი ხასიათის ადამიანი იყო. მას არ უნდოდა, საფრანგეთში სამოქალაქო ომი დაწყებულიყო და ამ მიმართულებით წასვლაზე რამდენიმეჯერ მტკიცე უარი თქვა, ხოლო როდესაც სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა, ძალიან ღირსეულად იქცეოდა და ამას  მისი მოსისხლე მტრებიც კი აღიარებდნენ. ყოველივე თქმულის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ორ განხილულ პიროვნებას შორის თუნდაც პირობითი პარალელების გავლება არანაირად არ გამოგვივა, თუმცა გარკვეული მსგავსება ორ ტრანზიტულ პოლიტიკურ პერიოდს შორის ნამდვილად შეინიშნება _ იგივე პრინციპული შეუთავსებლობა, იგივე ჩუმი საბოტაჟი, რომელიც სულ უფრო გამაღიზიანებელი ხდება; იგივე უაზრო, მომწამვლელი ილუზიები დაცარიელებულ სასახლეში.  

მადლობა ღმერთს, ჩვენ შედარებით ჰუმანურ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც თავის მოჭრა პოლიტიკური პრობლემის მოგვარების ლეგიტიმურ საშუალებად არ განიხილება, მაგრამ ეს საკითხის სიმწვავეს არ ამცირებს, ისევე, როგორც შეუძლებელი იყო აბსოლუტისტური და რევოლუციური საფრანგეთის რამდენადმე ხანგრძლივი მშვიდობიანი თანაარსებობა, ასევე შეუძლებელია ავტორიტარული და დემოკრატიული საქართველოს კოაბიტაციაც და პრინციპულად შეუთავსებელი იდეების შეჯვარება. იმ ადამიანისთვის (ან ჯგუფისთვის), რომელიც მთელი არსებით მიმართულია ძველი,  ანტიდემოკრატიული, რეალობასთან და საზოგადოების სურვილებთან შეუთავსებელი რეჟიმის აღდგენისკენ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ არის და მისი მოძებნის ნებისმიერი მცდელობა ადრე თუ გვიან მწვავე კრიზისით და, სავარაუდოდ, ფრიად დრამატული კულმინაციით დაგვირგვინდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც სააკაშვილს მთავრობის ერთპიროვნული დათხოვნადანიშვნის უფლება ჩამოერთვა, ძველი რეჟიმის, უფრო ფართოდ კი, ძველი პოლიტიკური აზროვნების დემონტაჟის საქმეში საეტაპო მოვლენას წარმოადგენს. რაც შეეხება მათ დამტკიცებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ეს იყო, ალბათ, ერთგვარი «ტესტი დემოკრატიაზე» და ბილეთი პოლიტიკურ მომავალში, რომელზეც «ნაციონალებმა» სარეიტინგო კენჭისყრის საკითხის დაყენებით, ფაქტობრივად, უარი თქვეს. ეს ნიუანსი ყველამ როდი შეამჩნია და ზოგმა შეიძლება მეორეხარისხოვნად ჩათვალოს, თუმცა ის პრინციპულად მნიშვნელოვანია; იმ მომენტში წარსულთან დაკავშირებულმა ძალებმა საკუთარი არჩევანი (წარსულის სასარგებლოდ) გააკეთეს და ლუი XVI-ს გზას დაადგნენ, თანაც ისე, რომ, შესაძლოა, ვერ გააცნობიერეს ეს.

ფრანგულ გამოცდილებას თუ დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ მეფის მოქმედება აშკარად დესტრუქციული, გამომწვევი და ამავე დროს უაზრო მას შემდეგ გახდა, რაც მან გადატრილების (პირობითად ასე ვუწოდოთ) მოწყობის არა მხოლოდ ფაქტობრივი (საყოველთაო აჯანყების შიშის გამო), არამედ   იურიდიული შესაძლებლობა დაკარგა; როდესაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ 1791 წლის კონსტიტუციის ერთგულების ფიცი დადო, რომლის თანახმად საკანონმდებლო კრების დაშლა არ შეეძლო. გამორიცხული არაა, რომ საქართველოშიც იგივე მოხდება და სრული უძლურების განცდა, შეუზღუდავ ამბიციებთან ერთად მიხეილ სააკაშვილს სწორედ ამ მიმართულებით უბიძგებს. აქ შეიძლება გაჩნდეს საწინააღმდეგო მოსაზრება _ ლუდოვიკო მონარქი იყო და, უხეშად რომ ვთქვათ, უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, ხოლო სააკაშვილს შეუძლია მშვიდად დატოვოს თანამდებობა ოქტომბერში და ხელისუფლებაში დაბრუნება ამის შემდეგ, დემოკრატიული პროცედურების გამოყენებით სცადოს (რასაც, 99%-იანი ალბათობით, ვერ მოახერხებს და გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკურ არენას დატოვებს). ღმერთმა ქნას, მოვლენები უმტკივნეულოდ განვითარდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილისთვის შეუზღუდავი ძალაუფლება და მასთან დაკავშირებული აქსესუარები, ალბათ, მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ლუდოვიკო XVI-ს სახელობის ალგორითმით იმოქმედებს.

თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ნადირობის სცენას, თუნდაც ძველფრანგულ სტილში, თავისი კოსტუმებით, ესთეტიკითა და პოეტიკით, იმ მომენტს, როდესაც ნადირი (ეს შეურაცხყოფა კი არა, მეტაფორაა) ალყაშია, ყველა გზა მოჭრილი აქვს, მხოლოდ ერთი მიმართულებით გაქცევა შეუძლია და სწორედ იქ ელოდებიან მონადირეები, ეს, ალბათ, შექმნილი ვითარების შეფასებაში დაგვეხმარება. ბოლო საკანონმდებლო შეზღუდვებმა რკალი შეკრეს და, ალბათ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის დაუშვებს «პირობითი ნადირი» («ჟევოდანის მხეცამდე» ბევრი აკლია) საბედისწერო შეცდომას და წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით გაიქცევა. არაფერი პირადული _ ეს სტრატეგიაა. ზოგიერთი რადიკალი გვთავაზობს, რომ ტყეში შევიდეთ და ფეხდაფეხ ვდიოთ, თუმცა პირველი ვარიანტი გაცილებით უსაფრთხო, პრაგმატული და ეფექტური ჩანს. მასში გათვალისნებულია ინსტინქტებიც, ფსიქოლოგიური ნიუანსებიც და მონადირეების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაც.

მოთმინების გამოვლენა საკმაოდ რთულია; სააკაშვილის მოწინააღმდეგეები გამარჯვებას წლების განმავლობაში ელოდნენ, განსაკუთრებით მძიმე იყო პაუზა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე და აზრი იმის შესახებ, რომ ახლა 2013 წლის ოქტომბერს უნდა დაელოდონ, მათთვის აუტანელია. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია შედეგი და არა ემოციები; იმისთვის, რომ ანტიდემოკრატიული იდეოლოგია და ავტორიტარული რეჟიმის აღდგენაზე ორიენტირებული ძალა სრულად ამოშანთონ ქართული პოლიტიკიდან (მათი ინტეგრაცია დემოკრატიულ რეალობაში დღესდღეობით სრულიად წარმოუდგენელი ჩანს), უნდა მოხდეს მათი სრული გაშიშვლება, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ამ მიზნის მიღწევისთვის კი მეტად ხელსაყრელია ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც სააკაშვილი მაქსიმალური რაოდენობის და სიმძიმის შეცდომებს დაუშვებს ისე, როგორც ეს თავის დროზე ლუი XVI- გააკეთა, თითქოსდა მის შიგნით რაღაც თვითგანადგურების მექანიზმი ჩაირთო.

რა თქმა უნდა, თეორიულად შეიძლებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხელების გადაგრეხვით, მეტიც, «ნაცმოძრაობის» სრული განადგურება ძალზე უხეში მეთოდებით, მაგრამ ეს იმ ბინძური ტექნოლოგიების გამოყენება იქნებოდა, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს შეგნებულად უარი თქვა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამას მოჰყვება ქვეყნის პოზიციების დასუსტება საერთაშორისო არენაზე, საქართველოს კი ამის ფუფუნება არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ უცხოელები ვერ აცნობიერებენ, რას წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი სინამდვილეში, ან «ნაცმოძრაობის» რეანიმირებას ხელს განგებ, რაღაც შორსმიმავალი გეგმებიდან გამომდინარე უწყობენ, თუმცა ეს მოსალოდნელ შედეგს არ შეცვლის. ასე რომ, ალბათ, არ არის საჭირო ჭურჭლის მსხვრევა და ლოკალური საღვთო ომის მოწყობა მაშინ, როდესაც გაცილებით დახვეწილი სტრატეგიის გამოყენების შესაძლებლობა არსებობს. 

იმ ადამიანების მოსაზრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართულ კოაბიტაციას სხვა ფინალი ვერ ექნება, ერთ-ერთი მხარის პოლიტიკური განადგურების გარდა, ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არაა. ორი დაპირისპირებული ძალა სრულიად შეუთავსებელ ღირებულებებს იზიარებს, როგორც რეალობას მოწყვეტილი აბსოლუტისტები და რევოლუციონერები საფრანგეთში XVIII საუკუნის მიწურულს. მაგრამ ბევრს ეს განადგურება რატომღაც დემონსტრაციული, ლამის თეატრალური (გვიყვარს ქართველებს ეს ეფექტები და რა ვქნათ!) აქტის სახით წარმოუდგენია, ურჩხულის განგმირვის სტილში, არადა, ალბათ, უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან გაცილებით ეფექტურია სხვა მეთოდების გამოყენება, მაგალითად, ხაფანგში შეტყუება. ივანიშვილის წინასაარჩევნო სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა სააკაშვილის პროვოცირება, რათა მას საბედისწერო შეცდომები დაეშვა და ამ ხერხის გამოყენებამ 100%-ით გაამართლა.

რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იგივე ხერხი ახლო მომავალშიც არ იმუშავებს, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილს მანევრის სივრცე შეეზღუდა, გამოსავალს ეძებს და ილუზიებს ეპოტინება.

რაც შეეხება შიშს, იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლოდროინდელი პროცესები თითქოს ხელს შეუწყობს «ნაციონალური მოძრაობის» საზოგადოების თვალში ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად და ორპარტიული მოდელის ფარგლებში ერთ-ერთ პოლუსად გადაქცევას, ალბათ, გადაჭარბებულია. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ან სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა», ან სრულიად დემოკრატიული საზოგადოება უნდა გაქრეს, რადგან ისინი ერთმანეთთან პრინციპულად შეუთავსებლები არიან და, მარტივად რომ ვთქვათ, რამდენადმე ხანგრძლივი თანაარსებობა არ შეუძლიათ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here