Home რუბრიკები პოლიტიკა ყელში გაჩხერილი რიჩარდი, ანუ ვისწავლოთ «არას» თქმა

ყელში გაჩხერილი რიჩარდი, ანუ ვისწავლოთ «არას» თქმა

683

25 მარტს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი საბოლოოდ დაამტკიცა. პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მთავრობის  პარლამენტთან შეუთანხმებლად დანიშვნის უფლება, ჩამოერთვა. ქვეყნის მთავარ კანონში განისაზღვრა, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს. კონსტიტუციის 80-ე მუხლს ახალი, 5/1 პუნქტიც დაემატა, რომლის თანახმად, მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.

«ქართული ოცნება» თავდაჯერებულად აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს «ნაციონალების» გარეშეც მიიღებდნენ. 21 მარტს პირველი მოსმენით კანონის მიღებამდე ყოფილმა მმართველმა პარტიამ კატეგორიულად მოითხოვა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება, რასაც ასეთივე კატეგორიულობით უარყოფდნენ ახალი უმრავლესობის სახეები. დებატები გაჭიანურდა და «ორი თხის» იგავი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მთელი დრამატიზმით გათამაშდა. როცა თხები დაიღალნენ, «შემთხვევით» იქვე მყოფმა აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა «მავრის საქმე» შეასრულა და იქაურობაც დატოვა. გაჯიუტებულმა «მეოცნებეებმა» ფირფიტა გადააბრუნეს და სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ეს მერამდენედ, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ყველას შეახსენა, «ვინ არის აქ უფროსი» და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შესვენებაზე ტელეფონით ესაუბრა და სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება ურჩია. პრემიერმა ისიც თქვა, რომ უსუფაშვილს ამის სურვილი არ ჰქონდა, რადგან კარგად იგრძნობოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებს უმრავლესობა ისედაც მიიღებდა. არადა, თავად უსუფაშვილმა სარეიტინგო კენჭისყრამდე საგანგებოდ განაცხადა, რომ «ნაცმოძრაობის» ხმების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილება ვერ გავიდოდა.

«პოლიტიკურად უფრო კარგი იქნებოდა, რომ მე უსუფაშვილთან არ დამერეკა, მაგრამ ადამიანურად ჯობდა, არ დაგვეშვა ძალიან დაბალი ალბათობაც იმისა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო. საზოგადოებისთვის ეს საშიში არ იყო, მაგრამ «ნაციონალური მოძრაობა» დარჩებოდა საზოგადოების მიღმა, რისი სურვილიც არ გამაჩნდა და არ გამაჩნია დღესაც. თუ «ნაციონალური მოძრაობა» უფსკრულისკენ წასვლას გადაწყვეტდა, ჩვენ მათ პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ. ამიტომ ვურჩიე უსუფაშვილს, რომ სჯობდა, დაგვეთმო ამ ახირებაზე. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც გვინდოდა», – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართველი საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ ზრუნავს ასე ბიძინა ივანიშვილი «ნაცმოძრაობისთვის» «სახის შენარჩუნებაზე» და სათადარიგო პარაშუტით აღჭურვაზე. მან ხომ თავად განაცხადა, რომ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ივარაუდა, რომ ასეთივე გრძნობა ექნება საზოგადოებასაც.

რამდენიც უნდა უარყოს ნორლანდმა მონაწილეობა ამ პროცესში, ერთი თვით ადრე გაკეთებული მისივე განცხადებები აშკარად ადასტურებს მის ჩართულობას ორ პოლიტიკურ ძალას შორის მოლაპარაკებებში. 20 თებერვალს მან განაცხადა, რომ ამნისტიის საკითხზე საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეუთანხმებლობაა, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარე კონსტრუქციულია. «გარკვეული საკითხები ისევ გადასაწყვეტია. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გამოძიება მართლმსაჯულების პრინციპების სრული დაცვით უნდა  წარიმართოს, კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და შერჩევითი სამართალი თავიდან უნდა იქნეს აცილებული», _ განაცადა ნორლანდმა. ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ ებადება კითხვა, რატომ დადიან დაუსჯელები ბობოლა «ნაცები», ეს საკუთარ მიამიტობას დააბრალოს!

საჯარო განცხადებებსაც რომ თავი დავანებოთ, უსუფაშვილისა და ივანიშვილის ნირწამხდარი გამომეტყველება აშკარად მოწმობდა, რომ ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ახირებული სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება მათი იდეა არ ყოფილა. ნორლანდის აქტიური მიმოსვლა ორ ბანაკს შორის მხოლოდ ბრმამ შეიძლება ვერ დაინახოს, ხოლო შედეგები ნათლად მეტყველებს, თუ ვის ინტერესებს ემსახურება ამერიკელი დიპლომატის ეს მოძრაობები.

აშშ-ის ელჩი საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრამდე ორიოდე საათით ადრე ჯერ უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. მართალია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ელჩის ვიზიტი ორი თვით ადრე დაიგეგმა და ის დაკავშირებული არ არის პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან, მაგრამ თავად ნორლანდმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც «შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე» მეტად პროცესზე მის ზედამხედველობას მიანიშნებს: «დღეს პარლამენტი იწყებს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილების განხილვას;  ეს აშკარად საქართველოს შიდა პოლიტიკური განსჯის საგანია. რამდენადაც  პრესიდან ვიცნობ ვითარებას,  აღვნიშნავ, რომ ორივე მხარე თანხმდება შინაარსზე, მაგრამ, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ პროცესში, თითოეული მხარე ცდილობს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი ამომრჩევლის ინტერესები და ამას ვხედავთ ჩვენ».

როგორ და ვისი ჩარევითაც თანხმდება ორივე მხარე, ეს ჩვენც კარგად დავინახეთ. და თუკი ნორლანდს მართლაც სჯერა, რომ «საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა ძლიერი საარჩევნო მანდატით, ჰყავს კომპეტენტური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია», ქართველი ამომრჩეველი სამართლიანობის აღდგენას არ უნდა ელოდოს. 21 მარტს ივანიშვილმა კი არა, სწორედ რიჩარდ ნორლანდმა აჩვენა ყველას, «ვინ არის აქ უფროსი».

ახალ პარლამენტში თუნდაც ერთი განსხვავებული იდეოლოგიის ფრაქცია რომ იყოს, აშშ-ის ელჩი ამდენის უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემდა, ვერც «ქართულ ოცნებაზე» მოახდენდა ასე გაბედულად ზეწოლას. პარლამენტის თავმჯდომარე მაინც რომ იყოს «ნაციონალური მოძრაობისგან» განსხვავებული ორიენტაციის, იმ დრამას ვერ ვიხილავდით, რომელიც სააკაშვილმა საკუთარი თავის რეანიმაციად მიიჩნია. ერთი იდეოლოგიის ორ ძალას შორის მანევრს კი ყველაზე უკეთ ამერიკელები ახერხებენ და ამიტომაც არის, რომ ყველაფერი მათი მითითებითა და ჩარევით წყდება.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, როდესაც საქართველო სუვერენული სახელმწიფო არ იყო, წარმოუდგენელი იყო, მოსკოვიდან მოვლენილ ცკ-ს მეორე მდივანს ეკარნახა, რა გადაწყვეტილება მიეღო უზენაეს საბჭოს, ვინ დაეპატიმრებინა ან ვისთვის ეპატიებინა დანაშაული საქართველოს ხელისუფლებას. ახლა სუვერენული სახელმწიფო გვქვია და ვაშინგტონის ნების გარეშე ვერაფერი გადაგვიწყვეტია. მთავარია, რომ ნორლანდი სუვერენიტეტს გვიქებს, დანარჩენი წყალს და მეწყერს წაუღია!

მან 26 თებერვალსაც «დაგვამშვიდა», რომ  პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმების გზებს გამონახავენ და კოაბიტაციის პროცესი წინ მიიწევს: «ბოლო პერიოდში მქონდა შეხვედრები როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან და ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის გზები გამოძებნონ. ასევე, დააბალანსონ ორი ძირითადი საკითხი, როგორებიც არის სამართლებრივი პროცესების სწორად წარმართვა და დაძაბულობისა და დაპირისპირებების თავიდან აცილება».

ელჩს არ დაუკონკრეტებია, დაძაბავს თუ არა ეს ყველაფერი ქართველ ამომრჩეველს. ან კი რა ენაღვლება? «სააკაშვილის ყოფილი მეგობრების კლუბი» ხომ არ დაუშვებს, რომ ქართულ პოლიტიკაში სხვა თვალსაზრისი გაჭაჭანდეს! ყველაზე ნაკლებად ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს შეიძლება დასდო ბრალი; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან მოახერხა ის, რისი იმედიც ყველა სხვა პოლიტიკურმა ძალამ გაუცრუა ამომრჩეველს _ უმრავლესობა დააკარგვინა «ნაციონალურ მოძრაობას»! თუმცა მხოლოდ ეს საზოგადოებას დიდხანს ვერ ასაზრდოებს, მას რეალური ცვლილებები და სასიკეთო ძვრები სჭირდება.

საქართველოს არა აქვს იმ ფუფუნების უფლება, რომ რომელიმე ერთ ვექტორს ჩამოეკიდოს. ეროვნული ინტერესების განხორციელების ყველაზე მეტ შესაძლებლობას დაბალანსების პოლიტიკა იძლევა. რეგიონში, სადაც თურქეთის, ირანის, რუსეთისა და სხვა მოთამაშეების ინტერესები იკვეთება, მხოლოდ ამერიკაზე დაყრდნობა სიკეთეს არ მოიტანს ან მოიტანს იმას, რაც 21 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიხილეთ.

ოქტომბერში ვადაგასულ სააკაშვილს გახანგრძლივებული დროც მიეწურება და საქართველომ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. თუ კანდიდატი კვლავაც «სააკაშვილის ყოფილი მეგობრების კლუბიდან» იქნება, ყველაფერი ისევ ისე დარჩება. იქნებ ახლა მაინც გამოიტანოს დასკვნები ახალმა მთავრობამ და ის არჩევანი გააკეთოს, რომელიც სიტუაციას ქვეყნის შიგნითაც დააბალანსებს და რეგიონშიც?

დიდი ამერიკელი სოციოლოგი და პოლიტოლოგი სამუელ ჰანტინგტონი წერდა: «საკითხთა ფართო წრეში იაპონელმა და სხვა აზიელმა ლიდერებმა ისწავლეს «არას» თქმა თავისი ამერიკელი კოლეგებისთვის. ზოგჯერ აზიური თავაზიანობით, მაგრამ ჩვენებურად რომ ვთარმნოთ, ეს ასე ჟღერს: «დაახვიე აქედან»!» აზიურმა სახელმწიფოებმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ წარმატებას სწორედ ამ «არას» წყალობით მიაღწიეს.

არც საქართველოს ეშველება არაფერი, თუ ჩვენი პოლიტიკოსები «არას» თქმას არ ისწავლიან. სულერთია, ამერიკა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელიც ჩვენს საკუთარ ჭკუაზე ტარებას ცდილობს.

ბატონებო, თუ ვერ ისწავლით «არას» თქმას, იმ ქალს დაემსგავსებით, რომელიც ვერც ერთ კაცს ვერ ეუბნებოდა უარს და ბოლოს რეპუტაცია საბოლოოდ დაკარგა!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. ახალგაზრდა, უფრო სწორად ნორჩი ხელისუფლება "არა"-ს ვერ ეტYვის აშშ ელჩს. თანაგუნდელები აჯანყდებიან, ვინ დიდი მისახვედრი არ არის…

    აქ ამერიკაში ვარ და ვაკვირდები მოვლენებს… ნელა, მაგრამ მაინც შეხედულებები იცვლება, ფასეულობებიც, გაჩნდა მოძრაობები, რომლებიც მთავრობისაგან მეტ საჯაროობას, გახსნილობას ითხოვენ… ასევე, ხმა ამოიღეს გეი ქორწინებების საწინააღმდეგოდაც, რაც დიდი გაბედულებაა…
    აშშ-ის ორივე სამთავრობო პარტიის კანონმდებელი ახალგაზრდა სენატორები და კონგრესმენები უფრო მეტ ცვლილებებს და პროგრესულ სვლებს ითხოვენ…

    პრემიერს და მის თანამოაზრეებს ვურჩევდი საერთო ენა გამოენახათ ორივე პარტიის ახალგაზრდა კონგრესმენებთან და სენატორებთან…უკეთეს ლობის ვერცერთი მთავრობა ინატრებდა. მათთან ურთიერთობას მეტი პოლიტიკური ნება, კავშირ ურთიერთობა, საჯაროობა და გახნილობა ჭირდება…მათთან ურთიერთობას საელჩოს მოხელეთა ზეწოლის შენელებაც შეუძლია…ამას კი ქმედითუნარიანი საგარეო და სხვა უწყებები, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტები და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ეროვნული ნება ჭირდება…

  2. ახალგაზრდა, უფრო სწორად ნორჩი ხელისუფლება "არა"-ს ვერ ეტYვის აშშ ელჩს. თანაგუნდელები აჯანყდებიან, ვინ დიდი მისახვედრი არ არის…

    აქ ამერიკაში ვარ და ვაკვირდები მოვლენებს… ნელა, მაგრამ მაინც შეხედულებები იცვლება, ფასეულობებიც, გაჩნდა მოძრაობები, რომლებიც მთავრობისაგან მეტ საჯაროობას, გახსნილობას ითხოვენ… ასევე, ხმა ამოიღეს გეი ქორწინებების საწინააღმდეგოდაც, რაც დიდი გაბედულებაა…
    აშშ-ის ორივე სამთავრობო პარტიის კანონმდებელი ახალგაზრდა სენატორები და კონგრესმენები უფრო მეტ ცვლილებებს და პროგრესულ სვლებს ითხოვენ…

    პრემიერს და მის თანამოაზრეებს ვურჩევდი საერთო ენა გამოენახათ ორივე პარტიის ახალგაზრდა კონგრესმენებთან და სენატორებთან…უკეთეს ლობის ვერცერთი მთავრობა ინატრებდა. მათთან ურთიერთობას მეტი პოლიტიკური ნება, კავშირ ურთიერთობა, საჯაროობა და გახნილობა ჭირდება…მათთან ურთიერთობას საელჩოს მოხელეთა ზეწოლის შენელებაც შეუძლია…ამას კი ქმედითუნარიანი საგარეო და სხვა უწყებები, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტები და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ეროვნული ნება ჭირდება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here