Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ჩხაიძე: მე თვითონ მიკვირს, ცოცხალი რომ გადავრჩი

აკაკი ჩხაიძე: მე თვითონ მიკვირს, ცოცხალი რომ გადავრჩი

1660

დიდი კომბინატორი ოსტაპ ბენდერი თავის კომპანიონთან ერთად კავკასიონს რომ გადმოვიდა, ფულის შოვნას შარაგზაზე ლეკურის ცეკვით შეეცადაშამილი შევიდა მეჩეთში, დაიჩოქა და ილოცამოტივის თანხლებით.

_ დენგი დავაი! დავაი დენგი!

ჩაუვარდა ეს ტრანზაქცია, ვერ გადმოქაჩა რუბლები ექსკურსანტების ჯიბიდან თავისაში.

გავა წლები, თითქმის საუკუნე, საყაჩაღოდ გამოვლენ სააკაშვილის ხელის ბიჭები _ კეზერაშვილი და მისთანანი, და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანენ ფულის გამოძალვის პრიმიტიულ მეთოდს, რომელიც ძალას დაეფუძნება _ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების სქელშუბლობას, და _ არავითარი მხატვრული თვითშემოქმედება:

_ დენგი ნა ბოჩკუ!

და მონათლავენ ამ რეკეტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად, ხალხში  გაწეწვის სახელით გავრცელდება და ადამიანების ტრაგედიებად შემოგვიბრუნდება, ტრაგიზმის სტაბილურობით.

ისტორია, რომელსაც დღეს წაიკითხავთ, ერთერთია მრავალთაგან და ტიპიურია.

აკაკი ჩხაიძე, საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, ვის თავზეც უსამართლობის დოლაბი დატრიალდა და ვერ დაფშვნა, ვერ გატეხა, ალაპარაკდა, “საქართველო და მსოფლიოწარმოგიდგენთ ინტერვიუს მასთან.

ბატონი აკაკი იხსენებს გზას, რომელიც მან გაპარტახებული რკინიგზის აღსადგენადმის ნორმალურ კალაპოტში  ჩასაყენებლად რკინიგზელთა დიდ კოლექტივთან ერთად 24-საათიანი შრომითა და თავდაუზოგაობით განვლო.

საქმემან შენმა გამოგაჩინოს

ბატონი აკაკის მოღვაწეობა საქართველოს რკინიგზაში  ახალი იდეების, პროექტების დანერგვაგანხორციელებით იყო გამორჩეული.

_ დარგი კატასტროფის პირას იყო მისული, ყველაფერი იმდენად გაჩანაგებული იყო, რომ გერმანელმა სპეციალისტებმა, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს პრობლემა, შემოგვთავაზეს საერთოდ ხელი აგვეღო აზია-ევროპის დერეფნის იდეაზე და შევგუებოდით იმ აზრს, რომ მხოლოდ 2016 წლისთვის შევძლებდით დაახლოებით 4 მილიონი ტონის გადაზიდვას წელიწადში.

_ ეს ცოტაა?

_ ძალიან ცოტაა. მაგალითად, ციმბირის რკინიგზაზე 2 მილიონს ერთ დღეში ვატარებდით. რკინიგზისთვის მთავარია ტვირთების გადაზიდვა, ოქროს ლიანდაგებიც რომ დააგოთ, შემოსავალს ვერ მიიღებთ. ამიტომ საზღვარგარეთ, უწინარეს ყოვლისა, ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანაში გავხსენით ჩვენი წარმომადგენლობები რათა გაგვემარჯვა ტენდერებში და მოგვეზიდა  ტვირთები ამ ქვეყნებიდან ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გავლით ევროპაში გადასაზიდად.

ავამუშავეთ “ტრასეკას” პროექტი. ამ საკითხთან დაკავშირებით უზბეკეთის პრეზიდენტს, კარიმოვს, სამი საათის განმავლობაში ველაპარაკე. ერთი სიტყვით ავაწყეთ ეს საქმე, სულ მალე 17 მილიონი ტონა ტვირთი გადავიტანეთ ერთ წელიწადში და ბიუჯეტში პირველი გადამხდელები გავხდით _ 100 მილიონამდე ლარი შევიტანეთ. ყოველწლიურად 40-50 მილიონი ლარის მოგება რჩებოდა რკინიგზას, რითაც განვახორციელებდით ჩვენს პროექტებს.

_ მაგალითად, რომელს?

_ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გავიყვანეთ ფოთიდან ბაქომდე, რომელსაც 100 მილიონის შემოსავალი უნდა მოეტანა წელიწადში. 2008 წლისთვის ნახევარ მილიარდზე უნდა გავსულიყავით.

_ ახლა მუშაობს?

_ გაყიდა “ვარდების რევოლუციით” მოსულმა ხელისუფლებამ. ჩამოვიტანეთ რანალახის სისტემის განძელების (“შპალების”) ქარხანა, ავამუშავეთ. უდიდესი მოთხოვნილება იყო ამ პროდუქციაზე.

_ ახლა მუშაობს?

_ გაყიდეს. ჩამოვიტანეთ იტალიური ხაზი.

_ ისიც გაყიდეს?

_ გაყიდეს. ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოვიდა ელმავალმშენებელი ქარხანა და დავიწყეთ პირველი, გამარტივებული ელმავლების გამოშვება ცვლად დენზე… დავიწყეთ ესპანელებთან ერთად გოგორწყვილების, ლიანდაგების ქარხნის მშენებლობა.

(ყვება ბატონი აკაკი ამას, კიდევ ბევრ სხვა პროექტზეც ლაპარაკობს, მაგრამ მხოლოდ წარსულ დროში _ იყო და აღარ არის: ასეთი იყო ახალი ხელისუფლების რეფორმების გენერალური მიმართულება).

გაყიდეს, გაყიდეს, გაყიდეს!

როგორც ხრუშჩოვის დროს ბულდოზერის გადავლით მიწასთან გასწორებულ სამოციანელთა თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ფაქტს მოჰყვა გამყინვარების პერიოდი, ასევე მოსპეს და გაანადგურეს ქართული ეკონომიკა.

უმწიფარიძეები კი პირში შეცქეროდნენ.

თუმცა რკინიგზის წინააღმდეგ შეტევა გაცილებით ადრე დაიწყო “მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდულმა ფრთამ, რომელიც შემდეგ ტრიუმვირატის სახით მოგვევლინა და საბოლოოდ “ნაცმოძრაობად” ჩამოყალიბდა.

   _ რუსეთის გზათა მიმოსვლის მინისტრსა და მთავრობის მოადგილეს, ნიკოლაი აქსიონენკოს, ციმბირის რკინიგზაზე მუშაობის დროს დავუმეგობრდი, ახლობლური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, _ ჰყვება აკაკი ჩხაიძე. _ არ ვიცი, როგორ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ კაცთან მოსკოვში ჩავიდნენ მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელები, რომლებიც აქსიონენკომ ერთი მილიონი დოლარით დააფინანსა. ამ შეხვედრას რუსეთში ჩვენი მაშინდელი ელჩი მალხაზ კაკაბაძე ესწრებოდა, რომელმაც მითხრა, რომ მინისტრს 20 წუთის განმავლობაში ჩვენს მეგობრობაზე ულაპარაკია, მილიონ დოლარზე არაფერი უთქვამს.

_ კარგია, რომ გაქო.

_ გეთანხმებით, მაგრამ ამ ქებას ძალიან უარყოფითი შედეგი მოჰყვა. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისში გაჟონა ამ ერთი მილიონის ამბავმა. მოქკავშირის ხელმძღვანელები დაეჭვდნენ, რომ ჩემგან გავრცელდებოდა ეს ხმა (აქსიონენკო მეტყოდა და მეც არ დავტოვებდი საიდუმლოდ).

საქართველოსთვის სატრანსპორტო ბლოკადის მოსახსნელად მოსკოვში რომ ჩავედი (აქსიონენკოს დახმარებით, 20 დღეში ეს საკითხი მოვაგვარეთ) ვკითხე ჩემს მეგობარს _ მართალი იყო თუ არა ის, რასაც ჰყვებოდნენ. მან დამიდასტურა, რომ მართალია.

სწორედ ამ ფაქტის გამო გამოწვეული ეჭვი გახდა ჩემი დევნის მიზეზი მოქკავშირელების მხრიდან. ამ საქმეში მათი მთავარი იარაღი იყო “რუსთავი 2”-ის პროგრამა “60 წუთი”, რომელსაც აკაკი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა. თუ ვინმე ფულს არ მისცემდა, იმავე წუთში გოგიჩაიშვილს მიუქსევდნენ.

ამერიკაში ჰყავდათ დაქირავებული პიარჯგუფი, რომელიც ნებისმიერ უმწიკვლო კაცს საშინელ მონსტრად წარმოაჩენდა. ის ჯგუფი კარნახობდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.

ჩემს შემთხვევაშიც ეს მექანიზმი ამუშავდა.

ავდექი და ჩვენი საელჩოს მეშვეობით მივმართე აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს თხოვნით, გაერკვიათ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს შემდგომში “ხალხის ტელევიზიად” წოდებული “რუსთავი 2”-ის მიერ ჩემ წინააღმდეგ გავრცელებული ცილისწამება.

ამერიკიდან დიპლომატიური არხით მივიღეთ ოფიციალური წერილი იუსტიციის სამინისტროდან, რომელიც დღესაც შენახული მაქვს. აშშ-ს შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და შეთითხნილი ცილისწამებიდან არაფერი დადასტურდა.

საქართველოს ძველმა პროკურატურამაც გამოიძია ეს საქმე და კვლავ არაფერი დადასტურდა. მაგრამ მოვიდნენ ესენი და ახალმა პროკურატურამ დაშალა ძველი საქმე, თავიდან დაიწყეს გამოძიება. სად არ მათრიეს, რა ბრალდებები არ წამომიყენეს… დღეს ცოცხალი როგორ ვარ, ის მიკვირს. იცით, რა ძნელია, როცა მორალურად თანმიმდევრულად გაფუჭებენ?

_ რას გაბრალებდნენ კიდევ?

_ მაგალითად, ისეთ აბსურდს, თითქოს მე ვაგონებს ვჭრიდი და ჯართად ვყიდდი. არადა, წელიწადში 300-დან 500 ახალ ვაგონს ვყიდულობდით. ლაპარაკია იმ ვაგონებზე, რომლებმაც ომი გამოიარა და მათი ექსპლუატაცია წარმოუდგენელი იყო. ეს ვაგონები მივეცით ვაგონშემკეთებელ ქარხანას იმ პირობით, რომ მოეხსნათ მარაგნაწილები, რომელთა გამოყენება კიდევ შეიძლებოდა, ხოლო დანარჩენი ჩაებარებინათ წესისა და კანონის შესაბამისად.

ეგ იყო და ეგ, ამათ კი ისეთი ამბავი ატეხეს, რომ მეორედ მოსვლა გეგონებოდა.

მეორე “ბრალდება” ჭითახევჰესის გამო წამომიყენეს, რომლისგანაც, მინისტრთა საბჭოს დადგენილებით და სემეკის გადაწყვეტილებით, რკინიგზა _ სახელმწიფო ორგანიზაცია კერძო ჰესიდან ყიდულობდა ელექტროენერგიას. მაშინ ერთი კილოვატსაათი 6 თეთრი ღირდა, ჩვენ 3 თეთრად ვყიდულობდით. ამით რკინიგზა 150 000 ლარის ეკონომიას სწევდა ყოველ თვეში.

გამომძიებელმა სირაძემ (!) შარი მოგვდო, რომ გადახდილი არ გვქონდა ჭითახევჰესის ქონების გადასახადი 38 ათასი ლარის ოდენობით. ამაზე დიდ სისულელეს _ სხვისი ქონების გადასახადის ჩვენთვის დაწერას _ კაცი ვერ მოიგონებდა!

ამ დროს რკინიგზას წინმსწრებად ბიუჯეტში ჩარიცხული ჰქონდა 15 მილიონი ლარი. ჩემს მისაღებში გაწვებოდნენ საგადასახადოს წარმომადგენლები _ გვიშველე, ვიღუპებით, და გაიძულებდნენ, წინასწარ გადაგეხადა  გადასახადები, რომელთა დრო ჯერ დამდგარი არ იყო. ვთქვათ, დავუშვათ, რომ ის სირაძე მართალი იყო. გამოეკლოთ 38 ათასი 15 მილიონისთვის და კიდევ 14 მილიონ 900 ათასზე მეტი დარჩებოდა ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი!

_ ახლა რის გაკეთებას აპირებთ?

_ არავინ იფიქროს, რომ უკან დაბრუნებისთვის ვიბრძოლებ. არა! ბრძოლა ისეთი უნდა, როგორადაც ცხონებული ირინა ენუქიძე იბრძოდა სიმართლისთვის, სამართლიანობის გამარჯვებისთვის.

ვიბრძოლებ, რომ მიუკერძოებელმა პროფესიონალებმა, კომპეტენტურმა ექსპერტებმა გამოიძიონ ჩემი საქმე და იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტი არ გამეორდეს. თუ იოტისოდენა გადაცდომას აღმომიჩენენ, ჩემი ფეხით წავალ ციხეში. თუ არა, ის გამომძიებელი მისცენ პასუხისგებაში, რომელმაც ეს საქმე შეთითხნა. სამაგალითოდ დასაჯონ, რათა სხვა გამომძიებელმა მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ვეღარ გაბედოს, და არავის აზრად არ მოუვიდეს თავისი არაკაცური ქმედების გამართლება ისეთი არგუმენტით, რომელიც ხშირად მესმოდა, რომლითაც წყლიდან მშრალად ამოსვლა სურდათ: რა ვქნა, დამავალეს და ასე უნდა გავაკეთო, თორემ სამსახურიდან მომხსნიან.

მადლობა ღმერთს ქვეყანა რომ გადარჩა.

ერთ ფაქტსაც მოგიყვებით.  მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის სამმართველოდან კარგა ხნის წამოსული ვიყავი, აქტიურად ვინტერესდებოდი ტრანსპორტის იმ სახეობათა განვითარებით, რომლებიც რკინიგზის ტვირთბრუნვას ხელს შეუწყობდა. უკრაინასთან მოვილაპარაკეთ, აგვემოქმედებინა საზღვაო ბორანი ფოთი-კავკაზპორტი, რომლის პატრონი იყო ჩემი კოლეგა და კარგი ნაცნობი ანენკოვი. მან იყიდა გემი, რომელიც სომხეთიდან საქართველოში შემოტანილ ტვირთებს წაიღებდა დანიშნულებისამებრ, რუსეთიდან კი სომხეთის ტვირთებს ჩვენ მოგვაწვდიდა. ჩვენ ერევანში გადავიტანდით. ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონამდე აღწევდა.

მაგრამ მოხდა ისე, რომ დატვირთული გემი გააჩერეს და ერთი კვირის განმავლობაში ფოთში არ შემოუშვეს. ჩემთან მოვიდნენ კეზერაშვილის ბანდის წარმომადგენლები და მოითხოვეს ყოველ ტონაზე 20-25 დოლარის გადახდა  ტარიფის ზემოთ.

უარი ვუთხარით, რადგან ასეთ პირობებში მუშაობა სრულიად წარმოუდგენელი იყო. ასეთ წამგებიან საქმეს ხელს არავინ მოჰკიდებდა.

მაშინ ჩვენთან ვერ იმუშავებთო, გვიპასუხეს. დატვირთული გემი იძულებული გახადეს უკან გაბრუნებულიყო.

ანენკოვმა ამის შესახებ მიწერა ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, ხაზგასმით აღნიშნავდა იმ გამოძალვის თაობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ვინ მოისურვებდა ასეთ ქვეყანასთან საქმის დაჭერას?

_ “კი მაგრამ, რაღაც ხომ გაკეთდა!” _ ამ პოზიციაზე დგას ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეული ნაწილი. ეთანხმებით?

_ ახლა მე გეტყვით, რა და როგორ “გაკეთდა”. მაგალითისთვის ბათუმის სადგურს დაგისახელებთ, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი უნდა ყოფილიყო ამიერკავკასიაში. შენობა, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, გაყიდეს.

დაბრუნებაზე არავინ ფიქრობს, არც ვინმე აპირებს ამ სადგურის პროექტის დაბრუნებას და დამთავრებას.

წამოიწყეს ყარსი-ახალქალაქის პროექტი, რომელიც აბსურდის აბსურდია, ყოვლად გაუმართლებელია ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, საზარალო და წამგებიანია. დეტალური განხილვით თქვენს მკითხველებს არ დავღლი, აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედებით ფოთისა და ბათუმის პორტები ტვირთების 30 პროცენტს მაინც დაკარგავს. საქართველო ყოველწლიურად 90 მილიონი ლარით დაზარალდება.

თავიდან ეს პროექტი 200 მილიონად იყო შეფასებული, ახლა კიდევ 500 მილიონი დაამატეს, რომელიც ხუთპროცენტიანი სესხითაა აღებული. რეალურად არც ეს ეყოფა. ხომ ხედავთ, რა თანხებზეა ლაპარაკი, ამიტომ ვიტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელებით, ამ რკინიგზის მშენებლობით ფულის გათეთრების ქარხანა დადგეს.

_ როგორც წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები, როგორიც ავტობანების მშენებლობა და გზების გაყვანა იყო.

ამასაც იანგარიშებენ

ბატონო აკაკი, თქვენს დროს რკინიგზელებს შესაშური ხელფასები ჰქონდათ, საშუალოდ _ ოთხასი ლარი.

_ არა. მემანქანეებს 700 ლარამდე ჰქონდათ. თანაც მაშინდელი და ახლანდელი ლარის მსყიდველობითი უნარი შეადარეთ!

_ დაბოლოს, რა რაოდენობის ფული წაგართვათ ამ ხელისუფლებამ? როგორ მოახერხეთ 5 მილიონის გადახდა?

_ რუსეთში მუშაობის პერიოდში ციმბირში მქონდა ხეტყის გადამმუშავებელი ქარხანა. პროდუქციას გერმანული ტექნოლოგიით ვამზადებდით და საკმაო მოგებითაც ვყიდდით, მოთხოვნილებაც დიდი იყო: გვიჯდებოდა 300 დოლარამდე და 1000 დოლარად ვყიდდით გერმანიაში.

ბრატსკის ალუმინის ქარხანასთანაც ვიყავი დაკავშირებული. ქარხანა ყოველდღიურად 400-500 ვაგონს ტვირთავდა თავის პროდუქციით, რომლის გარკვეულ ნაწილს ჩვენი კომპანია ჰყიდდა.

ჩემი შრომითა და ოფლით მოპოვებული ფული უნამუსოდ წამართვეს. რაც გადავიხადე, ყველაფრის საბუთები მაქვს  შენახული.

მეუბნებოდნენ _ თქვი, რომ ასი მილიონი გადაიხადე, ვინც ამას მთავაზობდა, საგამომძიებლოს უფროსი იყო. ეს უნდა განმეცხადებინა ტელევიზიით, ანუ საკუთარ თავზე ლაფის დასხმას მთავაზობდნენ. მპირდებოდნენ, რომ, თუ ასე მოვიქცეოდი, არაფერს გადამახდევინებდნენ.

ამათ სიტყვას ენდობა კაცი?

გადახდით მაინც გადამახდევინებდნენ და ჩემი ნათქვამი ჩემ წინააღმდეგ ბრალის წაყენებასავით გამომივიდოდა.

_ ამათაც ეს უნდოდათ.

_ რა თქმა უნდა… სხვათა შორის, სერიოზულად დამეხმარა აზერბაიჯანი.

ერთ საკითხშიც მინდა გაგარკვიოთ. საქმე მოითხოვს, თორემ არ ვიტყოდი. რაც შემეძლო, ბევრს ვეხმარებოდი ჩვენი ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს. ზოგიერთს ჰგონია, რომ რკინიგზის ფულით ვეხმარებოდი. არა, ბატონებო, ეს ჩემი ფული იყო, ჩემი პირადი ბიზნესიდან.

უშურველად ვაკეთებდი ამ საქმეს. და ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე ამას დანაშაულად ჩამითვლიდნენ.

მადლობა ღმერთს, დრონი იცვალნენ და სიმართლის თქმა შესაძლებელი გახდა.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

2 COMMENTS

  1. კარგით რა ხალხნო! მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. დაგვავიწყდა თუ რა? არც მაინტერესებს რა წერია ამ სტაიაში. არანაირი გამართლება არ აქვს ჩხაიძის "მოღვაწეობას". თუ ვინმე არის შევარდნაძის დროინდელ კორუფციასთან ასოცირებული კაკო ჩხაიძეა. არ მაინტერესებს მაგის პროფესიონალიზმი და დიდი დამსახურებები საქართველოს რკინიგზის წინაშე. მსგავსი ზეკორუმპირებული "პროფესიონალების" დამსახურებაა შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და უპირობო ალტერნატივად ნაცმოძრაობა და სააკაშვილი რომ მოგვევლინა. კაკო ჩხაიძე იყო ერთ ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოშიდა ეს ქონება მოიხვეჭა საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში.

  2. ბატონო აკაკი სირცხვილია როდესაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ლაპარაკობთ. დღევანდელ საქართველოშიც გადასარევად ახერხებთ იმას,რასაც არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ გაპატიებდნენ,მაგრამ რას ვიზავთ ეს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა!!! ჟურნალისტს ვთხოვდი ინტერვიუ ჩემგან აეღო ან მე დავუსვავდი ბატონ აკაკის კითხვებს,საინტერესოა რა ზღაპრებს მოყვებოდა.პატივისცემით თქვენი მკითხველი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here