ერთ კვირაზე ნაკლები რჩება არჩევნებამდე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ არჩევნებს, რომლის წინაც ოპოზიცია ხელისუფლების დამხობით იმუქრებოდა. ანუ, ოპოზიციური პარტიები, არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად, „მშვიდობიანი დამხობით“ იმუქრებიან. თუ აქამდე კეკლუცობდნენ, გეგმას არ ამხელდნენ, ახლა თავს ვეღარ მოერივნენ, მიხვდნენ, კონკრეტიკის გარეშე მხარდამჭერების გამოყვანა გაუჭირდებოდათ და სათქმელი თქვეს.
„ჩვენ იქ ვიქნებით მშვიდობიანად, მოქალაქეები შეეცდებიან, დაიბრუნონ წართმეული ხელისუფლება, დიახ, ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და ნებისმიერი სპეცრაზმელი, რომელიც ამის წინააღმდეგი იქნება და რომელიმე მოქალაქეს შეეხება, დაისჯება იქვე, ადგილზე. პასუხი იქნება უმკაცრესი. ამ აქციის ორგანიზატორი მთლიანად არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ შორის მეც“, – განცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ სახემ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) – ანა წითლიძემ.
რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი არ მალავს, რომ 4 ოქტომბრისთვის განსაკუთრებით ემზადება. მით უმეტეს, რომ აქციაზე მისვლაში 200 ლარს უხდიან, ხოლო შტურმის მომენტში წინა ხაზზე ყოფნისთვის 1000 ლარის მიღებაც შეიძლება. გავარკვიეთ ისიც, რომ წინა ხაზზე, საზარბაზნე ხორცად გამზადებული ახალგაზრდების გარდა, ყოფილი ძალოვანებიც იქნებიან, ისინი, ვინც თავის დროზე პატიმრების წამებისთვის ძალოვანი უწყებებიდან დაითხოვეს. ასე რომ, აღარავინ მალავს, ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდება და ეს იციან როგორც აქ, საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და ვაი, რომ დასავლეთი მზად არის, ოპოზიციის ყველა ქმედება „გააპრავოს“.
გასულ კვირას დავწერეთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიების ლიდერები ევროპაში წავიდნენ ახალი დავალებების მისაღებად. ისე ყვველაფერი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა. ხაზარაძისა და გახარიას თანაგუნდელები აქამდე ამბობდნენ, არჩევნების დღეს მთლიანად საარჩევნო პროცესზე ვიქნებით გადართულეებიო, ახლა კი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, ხმის მიცემის შემდეგ აქციაზე წადით და მომიტინგებს შეუერთდითო. ანუ, მათ უთხრეს ისეთი რაღაც, რაზეც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. დასავლეთისთვის ხალხის სიმრავლე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანური რესურსი ოპოზიციას, უბრალოდ, არ აქვს და ამას ვერაფერს უხერხებს. რამდენი მცდელობა იყო და რამდენი თანხა დაიხარჯა იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გაეყვანათ, მაგრამ ერთჯერადი დაფინანსებით გრძელვადიანი აქციები არ გამოვიდა და პროტესტის მესამასე თუ სამასმეერთე დღეო რომ გაიძახიან, რეალობა ყველამ იცის – რუსთაველზე გამოდის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებისთვისაც აქციებზე სიარული ჩვეულებრივ ანაზღაურებად სამუშაოდ იქცა თავისი ხელფასითა და შვებულებით. ახლა კი სხვა რეალობაა – 4 ოქტომბერს იმდენი ხალხი უნდა გავიდეს ქუჩაში, რომ შტურმისას თუ ვერ მიიღებენ სასურველ შედეგს, ისე მაინც მოხდეს, ვიღაცები ჭყლეტაში დაშავდნენ და… იმასაც ამბობენ, სწორედ მაშინ, როცა საქმე შტურმზე მიდგება, მომიტინგეების მხრიდან წინა რიგში მდგომებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, რათა ვითარება უკონტროლო გახდესო. ფაქტია – რაც უფრო მეტი იქნება ხალხი, მით უფრო ადვილი იქნება მათი მართვა და ბრბოს ინსტიქტი მარტივად იმუშავებს. ახლა ვიღაც იტყვის, ამ ხალხს ბრბოს რატომ ეძახითო და… „ნაციონალური მოძრაობა“ – რეჟიმი, რომელსაც ერის გადაგვარება სურს, რომ გეუბნება, ხელისუფლება უნდა დავამხო, გვერდით დაგვიდექით და ქვეყნის სათავეში ისევ ჩვენ მოვალთო – აი, ამ მოწოდებას რომ გაჰყვები, ბრბო ხარ და სხვა არაფერი; რეჟიმი, რომელმაც მთელი 9 წელი დასავლეთის ხუშტურებზე იარა და ატარა მთელი ქვეყანა; რეჟიმი, რომელმაც რამდენიმე ასეული ახალგაზრდა ჩააწვინა მიწაში მშვიდობიანობის პერიოდში და რამდენიმე ასეული სამდღიანი ომის დროს გაიმეტა, დაკარგა 150-ზე მეტი სოფელი და უზარმაზარი ტერიტორია; რეჟიმი, რომელიც მოწინააღმდეგეებს დებატებში კი არ იწვევდა და ეკამათებოდა, არამედ, უბრალოდ, კლავდა; რეჟიმი, რომელიც ბიზნესს ატერორებდა და, თუ ვინმე გაბედავდა ურჩობას, აპატიმრებდა, აუპატიურებდა, კლავდა და… ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლები აანონსებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ და სურთ არა არჩევნებით (რადგან ასე შანსი არ აქვთ), არამედ ისევ სახელმწიფო გადატრიალებით. ჰო, ისევ, რადგან 2003 წელს არ ყოფილა არანაირი მშვიდობიანი თუ ხავერდოვანი რევოლუცია. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება თავისი ყველა კომპონენტით, უბრალოდ, იმჟამინდელ პრეზიდენტს ასაკი აღარ ჰქონდა ისეთი, ბოლომდე ეჭიდავა და, რაც მთავარია, არც სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ისეთ მაღალ დონეზე, წინააღმდეგობა გაეწია დასავლეთში მომზადებული არასამთავრობოებისთვის. გახსოვთ, არასათავრობო ორგანიზაცია „კმარა“ როგორი უცხო ხილი იყო ჩვენთვის და როგორ მარტივად ვჭამეთ მაშინ დასავლეთის მოწოდებული საკენკი? ჰოდა, ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ სასწაული უნდა მოხდეს, იმავე ნაღმზე ავფეთქდეთ, მაგრამ სწორედ ამ სასწაულის იმედი აქვს ოპოზიციას და სწორედ ამ სასწაულისთვის არ იშურებს არაფერს დასავლეთი. რაც მთავარია, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად; ავრცელებენ ჭორებს, რომელიღაც დანაყოფი აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეთა მხარეს გადავა და შტურმში თუ „მშვიდობიან დამხობაში“ იარაღით მიიღებს მონაწილეობასო.
გასაგებია, რომ ხელისუფლებამ ლევან ხაბეიშვილი თავისი განცხადებების გამო დააპატიმრა, მაგრამ რატომ არ აკავებენ სხვებს, ვინც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს? თუ მხოლოდ ხაბეიშვილის კომიკურ ფიგურაზე იდგა ოპოზიცია და დანარჩენები არაფერს წარმოადგენენ? „ხაბეს“ სერიოზულად პარტიაშიც კი არავინ აღიქვამს. ის მუდმივი დაცინვის ობიექტია ნაცმოს ისეთი „ზვიგენებისთვის“, როგორებიც არიან, მაგალითად, გია ბარამიძე, გივი თარგამაძე, აკაკი მინაშვილი და სხვები. და მთავარი კითხვა ხელისუფლებას – რატომ არ გადაჰყავთ „ვივამედის“ კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში? როგორ დავიჯეროთ, რომ კლინიკა უფრო დაცულია, ვიდრე ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულება? არადა, ნაციონალების ლიდერთა განცხადებით, შტურმის მცდელობა იქნება არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ „ვივამედზეც“, ბელადის გასათავისუბლებლად. ჰოდა, საავადმყოფოს დაცვას რატომ უნდა შეაკლას თავი სპეცდანიშნულების რაზმმა, როცა მარტივად შეიძლება ნებისმიერ ციხეში მისი გადაყვანა და დიდი ბოქლომის დადება? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს საიმისო, საავადმყოფოს ლუქსპალატაში იკოტრიალოს და მის სანუგეშებლად ხან თინა ბოკუჩავა შედიოდეს, ხან – ეკა ხერხეულიძე და ხანაც – ანა წითლიძე…
4 ოქტომბერი არის დღე, როცა დასავლეთი და ადგილობრივი მეხუთე კოლონა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და ქვეყნის იმავე წრეზე წაყვანას, რომელზეც ამ ხნის განმავლობაში დავდიოდით და ვერანაირად ვერ წავიწიეთ წინ. ახლა გაჩნდა იმის ნიშნები, რომ სახელმწიფო გვერქვას, რომ ტოლ-სწორად ვესაუბროთ მტერ-მოყვარეს და სწორედ ახლა სურთ, თავში ჩაგვარტყან, რათა კიდევ ორი ათეული წელი ვერ ამოვისუნთქოთ. ვაი, რომ ამ მოწოდებას რამდენიმე ათასი ადამიანი სიხარულით ეხმაურება და ერთი სული აქვს, 4 ოქტომბერი გათენდეს, რათა დაწვას, გაანადგუროს, დალეწოს… მოკლას… ჰო, მოკლას, რადგან გამოცხადებულ სიკვდილზე უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც საუბრობენ და წარბსაც არ იხრიან. დასავლეთს რომ არ აინტერესებს, აქ რა მოხდება და მოკვდება ვინმე თუ არა, დიდი ხანია, მივეჩვიეთ, მაგრამ იმას ვერ მივეჩვიეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც იმავეს ფიქრობს. გვეგონა, რომ წარსული ჭკუას ასწავლიდათ, მაგრამ არა, ისევ ძალადობით სურთ იმის დაბრუნება, რაც ქართველმა ხალხმა ძლივს გამოჰგლიჯა ხელიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში როგორ შურისძიებას დაიწყებენ, როგორ დაქოქავენ სიკვდილის იმ მანქანას, რომელსაც გლდანის ციხე ერქვა, როგორ დაბრუნდებიან ქვეყნიდან გაქცეული ჯალათები და როგორ დაიკავებენ „კუთვნილ ადგილებს გილიოტინასთან“?!
ძალიან გვინდა, გვჯეროდეს, რომ ხელისუფლება ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, რადგან არავინ იცის, კონკრეტული ადამიანების ავადმყოფ ტვინებში რა და როგორ მოიხარშება. ძალოვანთა „გაშავების“ თემა არჩევნებამდე ისევ აქტიურად გაგრძელდება, ათასი ტყუილ-მართალი აირევა ერთმანეთში და ოპოზიცია შეეცდება, 4 ოქტომბრამდე ახალგაზრდების დიდ ნაწილს ტვინი ბოლომდე გამოურეცხოს და მათგან „კამიკაძეები“ შექმნას. აკი, რამდენიმეჯერ მოახერხა კიდეც ეს და მერე რა, რომ ლაზარე გრიგორიადისი გადამალეს, რაც მთავარია, მან გასაკეთებელი გააკეთა. ასე გააკეთებინებენ სხვებსაც და მერე მოისვრიან, მაგრამ ვაი, რომ ისინი ამას ვერ ხვდებიან.
ბესო ბარბაქაძე