Home რუბრიკები საზოგადოება როცა აკვანსა და «იავნანას» გიგინებენ…

როცა აკვანსა და «იავნანას» გიგინებენ…

786


ადამიანი «იავნანასთან» ერთად აკვნიდან ითვისებს მშობლიურ ენას, იგი ხდება მისი ღვიძლი, განუყოფელი, ყველა დიდ განძზე უძვირფასესი. ამიტომაა დედის რძესავით ტკბილი და მარად უნეტარესი, მუდამ შენთანაა, შენი სულის ნაწილია… და როცა მავანნი მას უხეშად ეხებიან, ცოფდები, რასაკვირველია. ძვირფასო მკითხველო, მიმიხვდი, ალბათ, საქმე ეხება სვანური და მეგრული ენებისადმი მორიგ უხეშ, შეურაცხმყოფელ თავდასხმას, რომლის წინააღმდეგ ჭეშმარიტ მეცნიერთა დიდმა ნაწილმა აღშფოთება გამოთქვა, მაგრამ მიკვირს, დღემდე რატომ დუმს ხელისუფლება, როცა მას აქვს გარკვეული ბერკეტები, აღკვეთოს, ანუ წერტილი დაუსვას ამ სამარცხვინო და გაუთავებელ ანარქიას.

როცა ხელისუფლება გვპირდება სვანეთში ზამთრის კურორტების გახსნას, მესტიის დამშვენებას, სამეგრელოში ახალი ქალაქის აშენებას, რატომ აქვს თვალი დაბრმავებული და სმენა დახშული, როცა «იავნანას» გვიგინებენ?

ევროსაბჭოს კონვენციიდან გამომდინარე, წერილობით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, თუ რა ღონისძიებების გატარება შეიძლებოდა მეგრული და სვანური ენების პატივმიგებისთვის, მაგრამ პასუხიც არ გაიმეტეს. ამაზე ქვემოთ უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ.

საღად მოაზროვნე ნებისმიერი ქართველი მიესალმება საქართველოში მოქმედ ყველა სკოლაში (სომხური, აზერბაიჯანული და სხვ.) ეროვნული (ქართული) ენის სწავლების შემოღებას. ავადმოსაგონარ საბჭოეთის დროს ერისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს გამიზნულად აფერხებდნენ, რათა ენობრივი ბარიერით გაეთიშათ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ იგრძნობა ხელისუფლების ზრუნვა არასამწერლობო ენებისადმი (მეგრული და სვანური). სავალალოდ, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ზემოთ ხსენებული არასამწერლობო ენებისადმი ცივილური მიდგომა, ზიანს თუ არა, ჩრდილს მიაყენებს დედაქართულს.ეს აბსურდია, რადგან საუკუნეებმა გამოსცადა ურყევი ერთგულება დედაენისადმი _ ქართულისადმი. ასე იყო და ასე იქნება მარადის. ქართული დასაცავია უცხოური, ხშირად მიუღებელი გამოთქმა-ტერმინებისგან და არა სვანურისა და მეგრულისგან. თუმცა მავანნი არ ისვენებენ (ფუტკარაძეები და ძმანი მისნი) და არამეცნიერულ, პროვოკაციულ მოსაზრებებს «აფრქვევენ», თითქოს მეგრული და სვანური, ენები კი არა, დიალექტებია. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გამართულ შეხვედრებზე გაეცა საკადრისი პასუხი სამეულის ახალ, დემაგოგიურ თეორიას. მას სახელოვანმა მეცნიერებმა «ყოველგვარ ლინგვისტურ საფუძველს მოკლებული, პროვოკაციული და იდეურად საშიში თეორია» უწოდეს. ამ თემაზე ვრცელი ანალიზი გამოქვეყნდა პრესაში, მათ შორის, გაზეთ «ილორში» (#146-149, 2011 წ.).

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ საქმეში ეკლესიის ჩარევა იკადრეს და სამშობლოს დაცვის სახელით წმინდა მეცნიერულ საკითხში სამღვდელოება ჩარიეს… «თითქოს გარეშე ძალები ცდილობენ ქართველთა დაქუცმაცებას, დანაწევრებას, ჩვენი ერთიანი ეროვნული სხეულის დაშლას». ამ აბსურდზე პროფესორი მიხეილ ქურდიანი აცხადებს: «თუ ჩემზე მიდგება საქმე, მე მიმაჩნია დიდ ქართველ მეცნიერებთან: ალ. ცაგარელთან, ნ. მართან, ივ. ჯავახიშვილთან, იოს. ყიფშიძესთან, აკ. შანიძესთან, გ. ავალიანთან, არნ. ჩიქობავასთან, ვ. თოფურიასთან, გ. როგავასთან, ქ. ლომთათიძესთან, ტ. გუდავასთან, თ. გამყრელიძესთან, ბ. ჯორბენაძესთან. ავთ. არაბულთან, გ. მაჭავარიანთან და ა. შ. ერთად საქართველოს მტრის იარლიყი მქონდეს მიკერებული, მაგრამ მართალი ვიყო უფლისა და ერის წინაშე, ვიდრე მავანივით პატრიოტის სახელი დავიჩემო და საქმით ვუმტრო საქართველოს».

საკუთარი მოსაზრების გამართლებისთვის საჭიროდ ვცანი, მოვუხმო იმ მეცნიერთა მოსაზრებებს, რომლებიც კომპეტენტურები არიან ამ საკითხში.

მეცნიერულად დასაბუთებული აზრი გამოთქვა პროფესორმა გუჩა კვარაცხელიამ: «მეცნიერთა ერთი ჯგუფი ვარაუდობს, რომ, თუ მეგრულსა და სვანურს დიალექტებად გამოვაცხადებთ, კონსოლიდაცია უფრო ურყევი იქნება. ვფიქრობ, ეს არასწორია. უფრო მეტიც, საზიანო ნაბიჯია: ერთი, რომ მახინჯდება მეცნიერული ფაქტი, და მეორეც, ენის სტატუსი დიალექტამდე «დაქვეითდება». შესაბამის კუთხეთა წარმომადგენლები ამ ფაქტს შეურაცხმყოფელად და დისკრიმინაციულად აღიქვამენ, გაჩნდება უნდობლობა».

დიდი ტკივილით საუბრობდა ამ საკითხებზე მეცნიერი და პოლიტიკოსი, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია 2005 წლის 29 ნოემბერს ქ. ზუგდიდში ჩატარებულ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» IV ყრილობაზე.

«…ჩემი აზრით, ნებისმიერი ქართველი უნდა ამაყობდეს იმით, რომ არსებობს უდიდესი ფენომენი _ ქართველური ენობრივი კულტურა, რომელიც მოიცავს თვით ქართულ, მეგრულ და სვანურ ენობრივ კულტურებს. საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა უმდიდრესი მეგრული და სვანური ფოლკლორი, იწერებოდა და დღესაც იწერება მშვენიერი ლექსები, პატრიოტი და მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები მეგრულს მეცნიერულად იკვლევენ, როგორც უმდიდრესი ლექსიკური მარაგის მქონე ენას.

რატომ უნდა დაიკარგოს ეს ზოგადქართული, ზოგადეროვნული სიმდიდრე? ვის ინტერესებშია ამ საუნჯის იგნორირება და აბუჩად აგდება?! დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერის, ჩვენი ეროვნული კულტურის, ქართველთა მომავალი თაობის ინტერესებში ეს არ შეიძლება შედიოდეს. ამიხსენით, ბატონებო: როგორ აპირებთ, ვთქვათ, ბატონებს _ გიორგი სიჭინავას, ვახტანგ ხარჩილავას, რინოს კვარაცხელიას და სხვებს აუკრძალოთ მეგრული ლექსების წერა _ პარტიულ ორგანოში დაიბარებთ, გადაასახლებთ თუ სულაც ჩეკას სამეულივით სასამართლოს გარეშე დახვრეტთ? როგორ გინდათ, დაარწმუნოთ მეგრელები და სვანები, რომ ენა, რომელზეც ისინი საუბრობენ, არ არსებობს? ნუთუ გგონიათ, რომ რომელიმე ლაზში სიმპათიას გამოიწვევთ, თუკი მათ ენას კუთხურ კილოკავს უწოდებთ? ხომ არ აჯობებს, ვუთხრათ მათ, რომ ლაზური ენა ქართული ენობრივი ოჯახის განუყოფელი ნაწილია?! და ბოლოს, შევახსენებ ჩემს ოპონენტებს, რომ პოლიტიკოსთა და ვაიმეცნიერთა დაუღალავმა მტკიცებამ, თითქოს არც აფხაზური ენა არსებობს, არც აფხაზური ლიტერატურა და კულტურა, აფხაზეთის სახით ერთი მშობლიური კუთხე უკვე დამაკარგვინა!!!»…

სავსებით ლოგიკურია ბატონ ალექსანდრეს მოსაზრება. დიდმა ილიამ დაგვმოძღვრა, რომ «ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი თავისი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოსო». როცა ამ ღვთიურ განძს მართლაც ბინძურად ეხებიან, არაკეთილმოსურნენი განაქიქებენ, ეს უგუნურობაზე მეტია. ამიტომაც გამოითქვა არაერთი საფუძვლიანი და მართებული მოსაზრება მეგრულისა და სვანურის «დასაცავად», თუმცა დასაცავი რა სჭირს? მთავარია, ერში არ მოხდეს საერთო ღირებულებების, ეროვნულ-კულტურული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების დარღვევა. ჩვენი ერთობა ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და ურღვევად შენარჩუნდა. ასე იქნება მარადის.

ჩვენ ქართველები ვართ. ეს აქსიომაა. აქ ეჭვის შეტანა არაღვთიურია, სატანისეულია. არც არის საჭირო იმ ათასობითი მაგალითის მოტანა, რომლებიც ამას ამტკიცებს.

დღეს შეურაცხმყოფელიც კია იმ ენების ეჭვქვეშ დაყენება, რომელთაც სვანები და მეგრელები დედის რძესთან ერთად ითვისებენ და ელოლიავებიან, ენაა თუ დიალექტი. …რასა იქმს ამ შემთხვევაში ხელისუფლება, რომელიც მშვენივრად ხედავს, რომ უგუნურნი შუღლს თესავენ. ყოველგვარი ბინძური ხერხის გამოყენებით ცდილობენ, თავს მოახვიონ საზოგადოებას საკუთარი ბოროტი მოსაზრებები. გააბაიბურონ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტი მეცნიერული ღირებულებები. სწორედ ასე შეითითხნა თავის დროზე «მეგრელთა საქმე», რომელთა მიმდევრები ახლაც არ ისვენებენ. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებელია, იფიქროს დღევანდელ მოვლენებზე და იზრუნოს მომავალზე. დანაშაულია იმის დაუნახაობა და განუსჯელობა, რას «კადრულობენ» მავანნი. თუ იტყვიან, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა და ადამიანებს, რასაც სურთ, იმას ეტყვიან და დაუწერენო, მაშინ გეტყვით, ევროსაბჭოს კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ენების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ მოთხოვნა ვინ უნდა დაიცვას?

ხომ ცხადია, არასამწერლობო ენებისადმი მეტი ზრუნვის აუცილებლობა თავად რეალობამ მოითხოვა. უამრავ შემთხვევაში კახელს, გურულსა თუ იმერელს ყურში «უცხოდ» ესმის სვანური და მეგრული დიალოგი, ლექსი თუ ანდაზა. აქედან გამომდინარე, დგება აუცილებლობა, დასახელებული ენებისადმი გარდაუვალი ზრუნვა-ყურადღებისა და მათი პატივმიგებისა.

ვთქვათ, რაა იმაში ცუდი, თუ სკოლაში მოსწავლეს აუხსნიან, რომ მეგრული ენა ყველა კომპონენტით ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, რომ მეგრელები კოლხების უშუალო მემკვიდრეები არიან და მათ ჰქონდათ დამწერლობა, რომელსაც «კირბები» ერქვა, რომ საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე ნაპოვნია «ფესტოსის» დისკო, რომელზეც ოქროდამწერლობით მეგრული საგალობელია ამოტვიფრული. ამით დამტკიცდა, რომ დისკოს ენა ქართულ-კოლხურია. ერთმანეთთან დაკავშირებულია კრეტელი, ლენმოსელი, სამოთრაკიელი კორიბანტები, და რომელ ენაზეც ისინი ლაპარაკობდნენ, ამ ენაზე მეტყველებდნენ, აგრეთვე, მინოსის კოლხი მეუღლე პასიფაე, მისი ძმა _ კოლხეთის მეფე აიეტი, აიეტის ქალიშვილი მედეა, ოდისევსის მომჯადოებელი საყვარელი ჯადოქარი კირჯე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ; გავაცნობთ ცნობილი მკვლევარების ს. ყაუხჩიშვილის, ივ. ჯავახიშვილის, ნ. მარისა და სხვათა ნააზრევს ამ თემაზე.

ენა კი არ ვასწავლოთ, ვასწავლოთ ერთი-ორი ლექსი, სიმღერა, ანდაზა, ენობრივი თავისებურებები. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო დააახლოებს, კიდევ უფრო შეადუღაბებს საქართველოს კუთხეებს თუ რეგიონებს, შექმნის საოცარ ჰარმონიას, ზოგჯერ რომ აკლია ჩვენს სინამდვილეს.

როცა შენს ენას არ აფასებენ, უყურადღებობას იჩენენ მისადმი, რასაკვირველია, გიჩნდება სურვილი, დაიცვა იგი. ეს კი მუდმივად ქმნის უკმარისობის შეგრძნებას და ასაზრდოებს სამართლიანი პროტესტის გრძნობას.

ამ თემაზე რესპუბლიკურ პრესაში უკვე გამოვთქვი მოსაზრება, ჩემი მხარის მცხოვრებლები დამეთანხმნენ, რომ გარკვეული ყურადღება ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად საჭიროა. ამიტომ გავბედე და წერილობითი თხოვნით მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, გაეთვალისწინებინათ შექმნილი რეალობა და სასკოლო პროგრამაში შეეტანათ გარკვეული ცვლილებები… სამწუხაროდ, რაიმე პასუხი არ მიმიღია. ჩემი მიმართვა ნასაზრდოები იყო იმით, რომ, როცა პარლამენტი მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას, წერტილი დაესმებოდა გაუთავებელ და უაზრო დავა-კამათს.

ეტყობა, საკანონმდებლო ორგანოსა და ხელისუფლებას ამგვარ საკითხებზე, სამწუხაროდ, ჯერ პასუხი არა აქვს. ყოველივე სტიქიურობის დონემდეა დასული, ამიტომ წინ გველის მუდმივი დაპირისპირება და უკმაყოფილება.

დიდი ხანია, ყველასთვის ცხადია, რომ სვანურსა და მეგრულში არის ის ნათელი, ის ძლევამოსილება და სიდიადე, რომელიც ასხივოსნებს დედაქართულს.

როდის არის არასამწერლობო ენების მარგალიტების ათვისება ადვილი და შესაძლებელი? რასაკვირველია, ადრეულ ასაკში, ამიტომ სკოლის პროგრამაში ძალიან ფაქიზად, მეცნიერულად მოფიქრებულად უნდა განთავსდეს სათანადო მასალა.

პროფესორმა მამანტი ძაძამიამ ბრძანა: «მართალია, მეგრული ენა დღეს სამეგრელოსა და აფხაზეთის ერთ ნაწილშია შემორჩენილი, მაგრამ მას იბერიის, კოლხეთისა და ეგრისის სამეფოების ეპოქაში სახელმწიფო ენის სტატუსი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მეგრულ ენას უნდა ეწოდოს პროტო-ქართული ენა, რომელიც დაედო საფუძვლად თანამედროვე უაღრესად კლასიკურ ქართულ ენას». ასე ფიქრობენ ჭეშმარიტი ქართველები.

საინტერესოა პროფ. მ. ჩუხუას მოსაზრება: «საქართველოს სალიტერატურო, ანუ სამწერლობო ენა ერთი იყო ყოველთვის მეგრელებისთვის და სვანებისთვის. კულტურის, განათლების, ღვთისმსახურების, სახელმწიფო ენა იყო და არის ქართული… განა სვანები და მეგრელები იმიტომ არიან ქართველები, რომ სვანური და მეგრული ენები დიალექტებია? ჩვენი ქვეყნის ძლიერება სხვა ფასეულობასა და ღირებულებაზეა დაფუძნებული და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყველაზე ერთგული საძირკველი სწორედ სამეგრელოშია… უფრო უარესი არ არის ის, რომ ჩვენსავე ძმებს, მეგრელებსა და სვანებს, ვუთხრათ: ის, რაზეც შენ მეტყველებ, არ არის შენთვის მშობლიურიო».

არასამწერლობო ენებზე «თავდასხმა» მანამ განხორციელდება, ვიდრე ევროსაბჭოს მიერ შემოთავაზებული «რეგიონულ ენათა ქარტია» არ შევა ძალაში და არ იქნება რატიფიცირებული, მუდამ ექნება მავანს «შხამის» გადმონთხევის საბაბი.

საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის სურვილი, რომ მხარეთა შედუღაბების მძლავრი საშუალება ენობრივი დაახლოებაა.

ბორის დავითაია,

ღირსების ორდენოსანი,

აკ. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი

ქ. სენაკი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here