Home რუბრიკები საზოგადოება წინ, ევროპისკენ თუ უკან, რომისკენ?

წინ, ევროპისკენ თუ უკან, რომისკენ?

651


ხელისუფლება ახალ-ახალ ინიციატივებს იგონებს, რათა ხალხს ჯიბიდან ფული ამოაცალოს და საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს. ძნელია, სრულად ჩამოთვლა იმ აბსურდული გადასახადებისა, რომლებიც ამ ბოლო დროს შემოიღეს «ნაციონალებმა». მარტო ელექტროენერგიაზე მიბმული ნაგვის ტარიფი რად ღირს! კაცმა რომ თქვას, რატომ არ არის ეს გადაწყვეტილება გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი, როგორც ყველაზე უაზრო და აბსურდული? თანაც, ამ წიგნში გიგი უგულავაც მოხვდებოდა და, რაც მეტი ქართველი გვეყოლება რეკორდების ამ საყოველთაოდ ცნობილ წიგნში, მით უკეთესი ჩვენთვის.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, გიგი უგულავას გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა მაინც არ ასცდება. ისე, წიგნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხალხის რისხვას მართლა ვერ გადაურჩება, რადგან, ვფიქრობ, საქმე უფრო სერიოზულადაა _ გიგი უგულავა ისეთი სისულელის გაკეთებას აპირებს, რომ ხალხი შეიძლება სიცილით დაიხოცოს. ეს კი ის სიცილია, რომელიც ხალხის ნებისმიერ პროტესტსა და აღშფოთებაზე უარესია.

თბილისის მერია, არც მეტი, არც ნაკლები, ახალი წლიდან თბილისში 500 ბიოტუალეტის დადგმას აპირებს. გიგი უგულავას როგორც სჩვევია, სოციალურ და სამომსახურეო პროექტებზე საბიუჯეტო ფულს «ყაირათიანად» ხარჯავს, ამიტომაც მერიის აპარატს არანაირი ფინანსური კრიზისი დღემდე არ შეხებია და უგულავას აპარატის ხარჯები კი ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკების პირდაპირპროპორციულად იზრდება.

მერია მალე ტენდერს გამოაცხადებს 500 ბიოტუალეტის დადგმაზე. გაიყიდება 500 ადგილი-წერტილი თბილისის მასშტაბით, თითოეული ტუალეტი 4 კვ.მეტრ ფართობზე განთავსდება. თბილისში ეს 500 წერტილი 3 კატეგორიად დაიყოფა: 100 წერტილი I კატეგორიისა იქნება, 200-200 წერტილი კი _ II და III კატეგორიისა.თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში გათვალისწინებულია I კატეგორიის წერტილები და ფასიც შესაბამისი ექნება: I კატეგორია _ 50 თეთრი; II კატეგორია _ 30 თეთრი; III კატეგორია _ 20 თეთრი.

ცხადია, გიგი უგულავა ამ «პროექტის» განსახორციელებლად ბიუჯეტიდან ერთ თეთრს არ გადაიხდის. პირიქით, იქით აპირებს თანხის მიზიდვას. აკი მოგახსენეთ, რომ ტენდერს ჩაატარებს ბიოტუალეტების დასადგმელ ადგილებზე. განზრახულია, რომ თითო კატეგორია დაიყოს 5 ლოტად და ერთ კომპანიას არ მიეცეს საშუალება, ერთდროულად, ფლობდეს, ვთქვათ, პირველი კატეგორიის 20 ტუალეტზე მეტს და მეორე კატეგორიის 40 ტუალეტზე მეტს. კანონპროექტი უკვე არსებობს მერიაში, თუმცა მერიის აპარატისა და მერიის შესაბამისი სამსახურები კანონის დახვეწაზე მუშაობენ. კანონპროექტის თანახმად, რატომღაც, იმ კომპანიებს, რომლებიც I კატეგორიის ტუალეტების ტენდერში მიიღებენ მონაწილეობას, აეკრძალებათ II და III კატეგორიების წერტილების ათვისებაში მონაწილეობა და პირიქით. ამას, მერიის კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, იმით ხსნიან, ვითომ უგულავა ვინმეს მონოპოლისტობას უშლის ხელს _ არ უნდა, ყველა წერტილი ან უმრავლესობა ერთმა ან რამდენიმე კომპანიამ ჩაიგდოს ხელთო.

ჯერჯერობით ჩვენთვის ხელმიუწვდომელია ინფორმაცია, თუ რა საწყისი ფასი დაედება სამივე კატეგორიის წერტილებს ინტერნეტაუქციონზე, რამდენად შეფასდება 4 კვ.მ მიწის ფართობი, ვთქვათ, «თავისუფლების მოედანთან» და ვაგზლის ბაზრობასთან, ან თემქის IV მიკრორაიონში. სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ, ესეც ცნობილი გახდება _ აუქციონი იანვარში ჩატარდება.

გიგი უგულავას სურვილი _ მონოპოლისტებს არ ჩაუვარდეს ხელში ეს «ბიზნესი», რეალურად ისეთივე ბლეფია, როგორც მერიის მიერ გამოცხადებული ყველა აუქციონი და ტენდერი _ საბოლოოდ, ყველას სახელისუფლო კლანის კომპანიები იგებენ.

ამჯერადაც ასე იქნება. ამ აუქციონში მონაწილეობას დავით კეზერაშვილის ერთ-ერთი კომპანია მიიღებს. ცხადია, ის არ გამოჩნდება, მაგრამ დაარეგისტრირებს, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ შვილობილ იურიდიულ თუ კერძო პირს და კონკურსში ისინი მიიღებენ მონაწილეობას. საბოლოო ჯამში, ხუთასივე ბიოტუალეტს კეზერაშვილი დაეუფლება და, თუმცა ისედაც არ აკლია, ახლა ხალხის ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხარჯზეც გამდიდრდება. კონკურსის პირობების თანახმად, აუქციონში გამარჯვებული ფირმა, ცხადია, წერტილის შესაბამის თანხასაც იხდის, რასაც შემდეგ ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადიც დაემატება კატეგორიის მიხედვით. კეზერაშვილი კვლავ «მაშველი რგოლის» ფუნქციას ასრულებს: თავადაც იხეირებს და მერიის ბიუჯეტსაც ჯერ ერთჯერადად, მერე მუდმივად შეუტანს სოლიდურ თანხას. კონკურსში გამარჯვებული იურიდიული პირი 10 წლით დაეუფლება ბიოტუალეტების განკარგვის უფლებას და, ცხადია, კონკურსის პირობები და საწყისი ფასიც შესაბამისი იქნება.

თბილისის მუდამ ბედნიერი საკრებულო მერიის ამ იდიოტურ ინიციატივას, ცხადია, ხბოს აღტყინებით მიემხრობა და ისეთებიც გამოჩნდებიან, ამ იდეას «ნოვატორულსა» და «ხალხისთვის სასიკეთოს» რომ უწოდებენ (კოკი იონათამიშვილი, მაგალითად, ან საკრებულოს «მთლად უფროსი» _ ზაალ სამადაშვილი).

რომის იმპერატორმა ვესპასიანემ ხალხი გადასახადებისგან დაახრჩო და მისი ერთ-ერთი სულელური იდეა სწორედ ის იყო, რომ რომში ტუალეტით მომსახურების გადასახადი შემოიღო. უკმაყოფილო ხალხი აბობოქრდა და მათ ვესპასიანეს შვილიც მიემხრო _ მამას ურჩია, გაეუქმებინა ეს გადასახადი და ხალხისთვის უფასოდ მოშარდვის ნება მიეცა. ვესპასიანე შვილის სიკერპემ გააბრაზა, ქისიდან გალანტი ამოიღო, შვილს ცხვირთან მიუტანა და უთხრა: აი, ნახე! კარგად უსუნე ამ გალანტს, სუნი აქვს?! არა აქვს ხომ? დიახ, ფულს სუნი არ აქვს და ეს დაიმახსოვრე!

მეეჭვება, უგულავას ან კეზერაშვილს ხალხისადმი სოლიდარობის ისეთივე გრძნობა გაუჩნდეთ, როგორც ვესპასიანეს ვაჟს, მაგრამ, თუ რომელიმე მაინც გაკერპდა, უეჭველია, «კეისარი» მათ ფულს აუფრიალებს ცხვირწინ და მკაცრად ეტყვის: ფულს სუნი არ აქვს, შვილო, და ეს დაიმახსოვრე!

კაი, ჯანდაბას, ვესპასიანე იმპერატორი იყო, რომის სენატი კი იმ დროს დაშლილი და ამიტომ ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს. ჩვენში კი ამბობენ, თბილისს პირდაპირი წესით, დემოკრატიულად არჩეული მერი ჰყავსო, მერს ასევე დემოკრატიულად არჩეული საკრებულო აკონტროლებსო და, რა ვიცი, ათას რაღაცას ამბობენ… სინამდვილეში კი, ავტოკრატიულ მმართველობაში ვცხოვრობთ და მავანთა აბსურდულ ახირებებს ეწირება ხალხის ნერვები და ისედაც მწირი ფინანსებიო.

წინ, ევროპისკენ კი არა _ უკან, რომისკენ! _ აი, «ნაციონალური მოძრაობის» რეალური საქმე და დევიზი.

ხალხს კი ვურჩევ: ზოგმა ხურდა ფული მოიმარაგეთ, ან პამპერსი ამოიცვით, ან კათეტერი ჩაიდგით ერთ ადგილას, სინთეტიკური პარკებით იარეთ და, შინ რომ მიხვალთ, გადაღვარეთ. დილით ახალი წამოიყოლეთ. აბა, მეტი რა გირჩიოთ ამ ხელისუფლების ხელში?!

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here