Home რუბრიკები სამართალი უჩა ნანუაშვილი: ციხეები სასაკლაოდ გადაიქცა

უჩა ნანუაშვილი: ციხეები სასაკლაოდ გადაიქცა

736


(იუსტიციის სამინისტროში არის სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ამა თუ იმ ოჯახის შემოსავალს და შემდეგ ამის მიხედვით აჯარიმებენ მოქალაქეებს…) «ვარდების რევოლუციის» მერვე წლისთავზე, ადამიანის უფლებების დაცულობის თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას «საქართველო და მსოფლიოსთვის» აფასებს ადვოკატი და უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი.

_ ბატონო უჩა, აგერ უკვე მერვე წელია, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყოველდღე გვესმის, რომ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, როგორ აისახა ეს რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვაზე?

_ ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცულობის თვალსაზრისით, დღესდღეობით იმდენი პრობლემაა ქვეყანაში თავმოყრილი, დეტალურად ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ უმჯობესია, იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რომლებიც ყველაზე მწვავედ დგას და დღითიდღე სულ უფრო პრობლემური ხდება.დღეის მდგომარეობით, სადაც ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები და, რაც უკვე თითქმის ყოველდღიური მოვლენაა, არის პენიტენციალური სისტემა, კერძოდ საპყრობილეები. თუკი 2004-05 წლებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ძირითადად, წინასწარი დაკავების იზოლატორში ან პოლიციის განყოფილებებში ხდებოდა, შემდგომ წლებში ამან უკვე ციხეებში გადაინაცვლა და ციხე იქცა იმ ადგილად, სადაც წამება თუ სხვა სახის ზემოქმედება მსჯავრდებულზე აღარავის უკვირს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ რეფორმების შედეგად სასჯელაღსრულების სისტემაში დადებითი ცვლილებები განხორციელდა, ეს ფაქტია და ამას ადასტურებს ყველა ის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლებმაც რაიმე კვლევა ჩაატარა და იმუშავა ამ მიმართულებით. არაფერს ვამბობ ომბუდსმენის დასკვნაზე, რომელიც ასევე იყო ძალიან მძიმე და მიანიშნებდა სწორედ იმაზე, რომ პენიტენციალურ სისტემაში არის ძალიან სერიოზული პრობლემები. რაც შეეხება ქრონოლოგიას, რომელიც თქვენ ახსენეთ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სტატისტიკა არის უკიდურესად მძიმე და, რაც დრო გადის, ეს სტატისტიკა უფრო და უფრო შემაშფოთებელია.

2004 წელს პატიმართა რაოდენობა თუ შვიდი ათასამდე იყო, ამჟამად ეს მაჩვენებელი ოცდაოთხი ათასს აჭარბებს, ანუ თითქმის ოთხჯერ მეტია; შესაბამისად, საკნები საოცრად გადატვირთულია და, ბუნებრივია, როცა ასეთი მდგომარეობაა, იქ პირობებიც ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. ამასთან, შემაშფოთებელია ის სტატისტიკაც, რომელიც მსჯავრდებულთა სიკვდილიანობას ასახავს. მარტო შარშან ას ორმოცდაორი პატიმარი გარდაიცვალა, მიმდინარე წელს კი, ექვსი თვის განმავლობაში, _ სამოცდაჩვიდმეტი, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთლიანად _ ხუთას ოცდაათი. ეს არის ძალიან მაღალი, შეიძლება ითქვას, კატასტროფული მაჩვენებელი, მითუმეტეს ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის და, სამწუხაროდ, დინამიკა არის ისეთი, რომ მომავალში უარესი შედეგები, ფაქტობრივად, გარდაუვალია, თუ, რა თქმა უნდა, არ შეიცვალა ის პოლიტიკა, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს და რომელიც დღესდღეობით უკვე შეზღუდულია აბსოლუტურად ყველა სფეროში…

_ ანუ მთელი ამ რვა წლის განმავლობაში, რაც ეს რეფორმები ტარდებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებების კუთხით რაიმე პოზიტიური ძვრები არ ყოფილა?

_ არამარტო ძვრები არ ყოფილა, აქ საუბარია იმ რეგრესზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში განიცადა ქვეყანამ და დღემდე განიცდის. გარდა ამისა, არის მთელი რიგი სფეროები, სადაც წინა ხელისუფლების პერიოდში არ იყო, ან თუ იყო, ნაკლებად და სწორედ ამ ხელისუფლების დროს დაფიქსირდა უფლებადარღვევის მასშტაბური ფაქტები, მაგალითად: საკუთრების უფლების ხელყოფა, რაც ძალიან ხშირია; შეკრებისა და მანიფესტაციების შეზღუდვა, რაც ასევე ძალზედ პრობლემურია დღესდღეობით; მედიის თავისუფლება; მონიტორინგის შესაძლებლობის არარსებობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ა.შ., ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ჯამში მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ, ადამიანის უფლებების დაცულობის თვალსაზრისით, არა თუ რაიმე მიღწევები არ არის ქვეყანაში, არამედ _ პირიქით. ეს არის ყველაზე პრობლემური სფერო, აქედან გამომდინარე პოზიტიურ ძვრებზე, უბრალოდ, საუბარიც ზედმეტია და მიმაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში, როცა ადამიანი თითქმის ყოველ ნაბიჯზე აწყდება უსამართლობას, საკითხი არც უნდა დაისვას ასეთნაირად _ რამდენად დადებითად აისახა რეფორმები ადამიანის უფლებებზე…

_ რაც შეეხება გარდაცვლილ მსჯავრდებულებს, თუ არის ცნობილი, კონკრეტულად რა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი?

_ არც ერთ შემთხვევაში საქმე გამოძიებული არ არის და, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რეალურად რამ გამოიწვია ამა თუ იმ მსჯავრდებულის გარდაცვალება. კი, არის რაღაც მოკვლევა, რომელშიც ზოგიერთი რამ განმარტებულია, მაგრამ, ჯერ ერთი, არავინ იცის, ის მოკვლევა რამდენად ობიექტურად ჩატარდა და მერე კიდევ, ის ფაქტი, რომ უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ აქვთ საშუალება, მონიტორინგი აწარმოონ ციხეებში, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. გარდა ამისა, არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც გარდაცვლილი მსჯავრდებულების საშუალო ასაკი იყო 25-35 წლამდე, ანუ ის, რაც რამდენიმე თვის წინათ კალმახელიძემ განაცხადა, ადამიანები გარეთაც კვდებიან და _ შიგნითაცო, რაშიც მან ასაკობრივი სიკვდილი იგულისხმა, არის აბსურდი და რეალურად ქვეყანაში გვაქვს ასეთი სურათი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები სასაკლაოდ გადაიქცა. ამას ადასტურებს არა მხოლოდ საქართველოში მოქმედი, არამედ არაერთი საერთაშორისო გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციაც, რომლის დასკვნაშიც საკმაოდ მწვავედაა ეს ყველაფერი შეფასებული და ზოგ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკაც კია ნაწილობრივ გაკრიტიკებული…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მოდით, ახლა დადებითი კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს. ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში აღმოიფხვრა კორუფცია, ამაზე რა აზრის არიან იგივე ის უფლებადამცველი ორგანიზაციები?

_ ჯერ ერთი, საკითხავია, მართლა მოისპო თუ არა კორუფცია, იმიტომ, რომ კორუფციის დონე არ განისაზღვრება მარტო იმით, იღებს თუ არა პოლიციელი ქრთამს ქუჩაში და ა. შ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, სასამართლო სისტემა, სადაც, ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, ყველაზე მეტადაა, თურმე კორუფცია აღმოფხვრილი, დღესდღეობით მთლიანად არის კონტროლირებადი და დაქვემდებარებული კონკრეტული ადამიანების ინტერესებს; ასე რომ, ის, რაც ჩვენ გვესმის ტელევიზიით, რომ თურმე ქვეყანაში არავინ იღებს ქრთამს და რეფორმების შედეგად მთელი რიგი სტრუქტურებისა გახდნენ უფრო ლიბერალური, რა თქმა უნდა, არანაირად არ შეესაბამება იმ საგანგაშო სურათს, რომელიც რეალურად არის ქვეყანაში და რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე ხედავს მთელი მსოფლიო…

_ სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბარი თითქოსდა უკვე ერთგვარად სავალდებულო თემად იქცა საქართველოში. თქვენ რის საფუძველზე ამბობთ, რომ სასამართლოს სისტემა არის კონტროლირებადი?

_ ისევ სტატისტიკას მოვიშველიებ, მარტო შარშან თბილისის საქალაქო სასამართლოში ოცდაექვსი ათასზე მეტი საქმე იყო განხილული და აქედან მხოლოდ სამზე იქნა გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ განხილული საქმეების 99,9%-ზე გამოდის ის დადგენილება, რაც ხელისუფლებისა და პროკურატურის ინტერესებშია. ასე რომ, ამ სტატისტიკის გაცნობის შემდეგ, მე მგონი, არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა, თუ რატომ არის უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, არის იმიტომ, რომ ეს სისტემა მთლიანად კონტროლდება ხელისუფლების მიერ და იგი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ ინსტრუმენტს. ეს ნათლად ჩანს აბსოლუტურად ყველა საქმეში, რომლებიც ბოლო წლებში იქნა განხილული და ამ საქმეების დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვისაც კარგადაა ცნობილი.

_ კი მაგრამ, ერთი რამ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია: რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას იმ რიგითი მოქალაქეების მიმართ, რომელთა საქმეზეც, როგორც თქვენ ამბობთ, არაობიექტური დადგენილება გამოიტანა?

_ ეს არის სწორედ იმ ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან გაახმიანა და გვითხრა, რომ სწორედ ამით იხელმძღვანელებდა ის მომავალში თავის მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ პოლიტიკის შედეგია ის ცვლილებებიც, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა და რომელმაც შექმნა უამრავი დღემდე გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემა. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა, მაგალითად, ის, რომ გაუქმდა სასჯელების შთანთქმის პრინციპი, ანუ ადრე თუ ხდებოდა ისე, რომ რამდენიმე დანაშაულში ერთდროულად ეჭვმიტანილი ადამიანი სამართლდებოდა იმ მუხლით, რომელიც იყო ყველაზე მძიმე, დღეს უკვე პირიქით, სასჯელების შეკრებითობის პრინციპით ხდება განაჩენის გამოტანა, შესაბამისად, ბუნებრივია, დღითიდღე იზრდება ისეთი მსჯავრდებულების რაოდენობა, რომელთაც შეიძლება არასერიოზული დანაშაული არ ჰქონდეთ ჩადენილი და ამ დროს მისჯილი აქვთ ხუთი, ათი და შეიძლება უფრო მეტი წლითაც თავისუფლების აღკვეთა.

მოკლედ, ეს ყველაფერი საბოლოოდ მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ქვეყანაში არის სერიოზული ავტორიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ეს ე. წ. სიმკაცრე, გარდა იმისა, რომ არის მოსახლეობის დაშინების მექანიზმი, ასევე არის შემოსავლისა და ბიუჯეტის შევსების მუდმივი წყაროც. წარმოიდგინეთ, მარტო შარშან ას თორმეტი მილიონი ლარი შევიდა ხაზინაში საპროცესო შეთანხმებებიდან, რაც თავისთავად საკმაოდ სოლიდური თანხაა, მითუმეტეს ისეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა…

_ გინდათ თქვათ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ზრდის პატიმართა რაოდენობას?

_ მეტსაც გეტყვით: იყო შემთხვევები, როცა პროკურორს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია დაკავებულის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ და საპროცესო შეთანხმების დროს სწორედ ამის მიხედვით მოხდა დაკავებულის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, იუსტიციის სამინისტროში არის სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება ამა თუ იმ ოჯახის შემოსავლების დადგენა და შემდეგ უკვე ამის მიხედვით ჯარიმდებიან დაკავებული მოქალაქეები.

…პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ურტყამს თითოეული ადამიანის ჯიბეს და ამასთან, ასევე ეს არის დაშინებისა და დატერორების მექანიზმი, რითაც, ცხადია, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა მუდმივ წნეხსა და დაძაბულობაში ამყოფოს…

_ დასაწყისში თქვენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ახსენეთ და საინტერესოა, კონკრეტულად რა ფორმით აისახა დღემდე მათ კვლევებში ეს ყველაფერი.

_ აი, მაგალითად, ფონდი მშვიდობისათვის, არის ასეთი საკმაოდ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია, რომელმაც შარშან გამოაქვეყნა დასკვნა სახელწოდებით _ შეუმდგარ სახელმწიფოთა ინდექსი. ამ დასკვნაში საქართველო იყო დასახელებული ძალიან ახლოს ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიცაა, ვთქვათ, ავღანეთი, სომალი და ა. შ., ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით აქ არა თუ დემოკრატიაზე და რამე დემოკრატიული პროცესების არსებობაზე არ შეიძლება საუბარი, არამედ რეალურად ქვეყანაში არის საგანგაშო მდგომარეობა. ეს იგრძნობა ყველგან, ყველა სფეროში და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, უკვე ანტიდემოკრატიული პროცესები იმდენად სტიქიურად ვითარდება, რომ ორი ათასი წლის შემდეგ საქართველო მართლა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი სახელმწიფოების გვერდით, როგორიცაა სომალი, ავღანეთი და აღმოსავლეთის სხვა ტიპური ავტორიტარული ქვეყნები. ამის საფრთხე ძალიან დიდია და სწორედ ამაზე მიგვანიშნებს ის კვლევაც, რომელზეც მოგახსენეთ. არაფერს ვამბობ სხვა გავლენიანი ორგანიზაციების, მაგალითად, იგივე თომას ჰამერბერგის ამასწინანდელ დასკვნაზე, რომელშიც ასევე ძალიან მწვავედაა შეფასებული აქ არსებული მდგომარეობა და, ზოგადად, ის პროცესები, რომლებიც აფერხებს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში…

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here