პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას აანონსებს. მისი განცხადებით, მხოლოდ ლიდერების ცვლილება საკმარისი არ არის და ძირეული გარდაქმნებისთვის საჭიროა მთლიანად პოლიტიკური სისტემის შეცვლა: „ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს. იგი სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისთვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და ჩრდილოვანი მთავრობებით და არა რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კონკრეტულად რა სახის ცვლილებებზე საუბრობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რა პოზიციას დაიკავებს ახალი სუბიექტი პოლიტიკურ ასპარეზზე და რომელ ძალებთან შეიძლება იგი სამომავლოდ გაერთიანდეს, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს დაუკავშირდა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი: დავით უსუფაშვილმა კი არა, ღმერთმა რომ მოინდომოს რეალურად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა, არაფერი გამოუვა, თუ მთლიანად პოლიტიკური ვცექტორი არ შეიცვალა და კონკრეტულად რას ვგულისხმობ, დღესდღეობით აბსოლუტურად ყველა პარტია, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, და მათ შორის ისიც, რომელიც ჯერჯერობით ჩანასახშია, მიმართულია ერთი კურსისკენ, ეს არის ევრო-ატლანტიკური კურსი. შესაბამისად აქ ალტერნატივა არ არსებობს.
რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ დაანონსებული ახალი სუბიექტის შექმნას, თუ კი უსუფაშვილი პარტიის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფულის, დაფინანსების და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხი უკვე მოგვარებული აქვს თავის დასავლელ მამა-მარჩენლებთან. ან რა უნდა შექმნას უსუფაშვილმა ისეთი ახალი, რაც მართლა ახალი იქნება ჩვენს სინამდვილეში…
ახლა ვინ იქნებიან ან შეიძლება იყვნენ მისი მოკავშირეები, ცხადია, ისევ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც გასაყოფი არაფერი აქვთ რესპუბლიკელებთან არც იდეოლოგიურად, არც პოლიტიკურად და არც რამე სხვა თვალსაზრისით. ეს იქნება იგივე რესპუბლიკური პარტია, შეიძლება სხვა სახეებით და ლოზუნგებით, თუმცა ეჭვი მეპარება, უსუფაშვილი შეელიოს ბერძენიშვილების სიფათებს; ისინი ალბათ მაინც იქნებიან და სახელი რა ერქმევა პარტიას, რა მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, უნდა თუ არა, იდეოლოგიური თვალსაზრისით უსუფაშვილი ყოველთვის იქნება გადანასკვული გარკვეულ ამერიკულ ძალებთან, იმიტომ რომ სხვაგან ის ფულს ვერსად ვერ იშოვის.
– პოლიტიკური ვექტორის ცვლილება ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს ქართველი საზოგადოება მზად ამისთვის?
– ქართველი საზოგადოება ელის ახალ სიტყვას და ეს ახალი სიტყვა იქნება სწორედ პოლიტიკური ვექტორის შეცვლა. აქ მზადყოფნაზე კი არა, აუცილებლობაზეა საუბარი, იმიტომ რომ ამ წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობამ ვერაფერი კარგი ვერ ნახა პროდასავლურ კურსში. პირიქით, რაც უბედურება მოიტანა ამ კურსმა, იმას ტირის დღეს ქართველი ხალხი. ჩვენ გვჭირდება ნორმალური ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, უწინარესად რუსეთთან. ამის შესრულების პირობას დებდა თავის დროზე „ოცნება“, მაგრამ მან ეს არ ან ვერ შეასრულა. არც არის დღეს ვინმე ამის შემსრულებელი, ამიტომ, ამ მოცემულობის და პოლიტიკური ვექტორის პირობებში სიახლეს არ უნდა ველოდეთ. უსუფაშვილი იქნება, ბერძენიშვილი თუ ვინმე სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა თამაშობს ერთ თამაშს. ეს იმდენად აშკარაა, რომ არც მალავენ. ამიტომ აქვს ხალხს ყელში ამოსული ეს ყველაფერი.
ჯაბა ჟვანია