„ჯვარს ეცვი, თუ გინდა!”

    „ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის!” – კვნესოდა გალაკტიონი. და ეს არ იყო მის გუნება-განწყობაზე რომელიმე კონკრეტული ყოფითი ვითარების ანარეკლი. საერთოდ და საზოგადოდ რომ არ არის ადამიანის საშველი, ამის გამო წუხდა სულის ყველაზე დაფარულ შრეებს მუდმივად მიყურადებული გენიოსი.

    –  ჩვენი საშველი არ იქნება! – დღესაც ხშირად გაიგონებთ ამ შინაარსის მქონე ამოკვნესას, ოღონდ არა გენიალურობის სიმაღლეზე აყვანილს, არამედ, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავის მიერ ყოფით დონეზე გაკეთებულ უმარტივეს დასკვნას.

    – რატომ არის ასე ან რის გამო აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში? – ხანდახან ასეც შეუბრუნებენ საკითხს იმ უიმედო პესიმისტს, რომელმაც ხელი საბოლოოდ ჩაიქნია და დაასკვნა, რომ „ჩვენი საშველი არ იქნება!”.

    – კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან იწყება ჩვენი უბედურება!  მათი ჭკუით, მარტივად ძლევენ ამ რთულ შეკითხვას მოპაექრენი. ვინ შეედავება, სახელმწიფო გადატრიალება რომ უბედურებაა, ეს ხომ აქსიომაა, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება?! აი, ასე (დაახლოებით ასე) გვაქვს ამოწურული ამ საკითხზე მსჯელობა ქართველებს. ამის იქით ვერ მიდის ჩვენი ისტორიულ-სოციოლოგიური კვლევის უნარი, თუმცა ქვეცნობიერად მაინც ყველა გრძნობს, რომ იმ მსჯელობის სქემაში (შინაარსში), ზემოთ რომ წარმოვადგინეთ, ეპოქის სრული სურათი არ არის მოცემული ანუ საკითხი მთლიანობაში არ არის დანახული და მხოლოდ ფრაგმენტის ანალიზია მოცემული; უფრო სწორად ფრაგმენტის ანალიზი მთელის ანალიზად არის გასაღებული.

    საბედისწერო პროცესი, რომელმაც არსებული მსოფლიო წესრიგი არია, საქართველოში „კანონიერი ხელისუფლების” დამხობით კი არ დაწყებულა, იმ „კანონიერი ხელისუფლების” მოყვანით დაიწყო. პროცესი, რომელმაც, როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მოკავშირე რესპუბლიკებშიც ანალოგიური „კანონიერი ხელისუფლებების” მოყვანა განაპირობა, თავად იყო ბოროტმოქმედთა მიერ ინსპირირებული, ვერაგი ზრახვით გაჯერებული, გარედან თავსმოხვეული და, რაც მთავარია, იმ შედეგზე გათვლილი, სამი სიტყვით რომ გამოიხატება – ჩვენი საშველი არ იქნება!

    დასავლეთის იმ უბოროტესმა ძალამ, რომელსაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიფ სთეითს უწოდებს და გაშმაგებით ებრძვის, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში ე.წ. ეროვნული მოძრაობები საკუთარი გლობალური პროექტის (საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის დაშლის) სამსახურში ჩააყენა და მის შემადგენელ ნაწილებად აქცია. განვითარებული ისტორიული პროცესისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,  ეროვნული მოძრაობის ლიდერები ამაში შეგნებულად მონაწილეობდნენ თუ მართული მარიონეტები იყვნენ და დასავლეთის სპეცსამსახურების ხელში ბრმა იარაღს წარმოადგენდნენ (ამას მხოლოდ მათი ფსიქოტიპის დასადგენად აქვს მნიშვნელობა), რადგან, ასეა თუ ისე, ის არასახარბიელო პროცესი უკვე განვითარებულია და შედეგიც დამდგარია. იმ დროს დასავლეთმა არნახულ (ისტორიაში უპრეცედენტო) გამარჯვებას მიაღწია: ხელში ჩაიგდო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლებაც, ქვეყნის უშიშროების სამსახურიც და ყველაფერი ეს მოხერხებულად დააკავშირა თავის დროზე მათ მიერვე შექმნილ ე.წ. დისიდენტურ მოძრაობასთან. იმ პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები არსებობდნენ, მაგრამ ისინიც ერთმანეთს ასწრებდნენ დასავლური პროპაგანდის ტირაჟირებას, რადგან სახელმწიფო წინასწარ ჩაბარდა მტერს. დასავლეთს სახელმწიფოსთან პრობლემა აღარ ჰქონდა, მაგრამ ხალხთან უნდა ემუშავა, რადგან სოციალურად სრულიად დაცული და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი საზოგადოების გაბრიყვება ადვილი არ იყო. დისიდენტები, რომლებიც საბჭოთა კავშირში დასავლეთის „მეხუთე კოლონას” წარმოადგენდნენ,  და საიდანღაც ერთდროულად წამოშლილი ე.წ. არაფორმალები (დღევანდელი „ენჯეოები”), რომლებსაც ის ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ტრამპმა ახლა რომ გააუქმა („იუსაიდი”, „ნედი” და სხვ.), ხალხს გონებას უმღვრევდნენ და საკუთარ ცხოვრებას საკუთარი ხელით ანგრევინებდნენ. (დასავლეთი იმ ქვეყნებში, რომლებშიც გავლენის მოპოვებას ახერხებს, დღესაც ხუთი ბერკეტის – ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო საშუალებები, სპეცსამსახურები – პრინციპით მუშაობს: ეს ბერკეტები ერთი წერტილიდან იმართებიან და ერთ მიზანს ემსახურებიან).

    გავლენიანი ჯგუფების წევრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ უხილავი რეჟისორის მიერ ჩაფიქრებული მიმართულებების პროპაგანდაში. ასე შეიკრა წრე ზემოთ და ქვემოთ, ასე გაჩნდნენ დასავლური (ანტისაბჭოთა და ანტისოციალისტური) პროექტის წამყვანი ფიგურები (ცენტრში – გორბაჩოვი, შევარდნაძე, იაკოვლევი; საქართველოში – გუმბარიძე გამსახურდია, კოსტავა და სხვები), რომლებიც ერთმანეთის მიმართ სიყვარულით გამსჭვალულნი არ იყვნენ, მაგრამ, როგორც დიდი დასავლური ანტისაბჭოთა პროექტის წამყვანი პერსონები, ერთ საქმეს ემსახურებოდნენ და ერთად მოქმედებდნენ. საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ამგვარი მძლავრი შტურმის განხორციელების შემდეგ ხალხი განიარაღებული დარჩა.

    ვითომ ლენინისა და სტალინის, სინამდვილეში კი რეიგანისა და გორბაჩოვის პარტიის წევრებმა (საქართველოს კომუნისტური პარტიის ფუნქციონერებმა) 1989 წელს ტრაგიკულად დაღუპული მერაბ კოსტავა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს, შემდეგ კი თბილისის ცენტრალურ ქუჩას ლენინის სახელი გადაარქვეს და კოსტავას სახელი მიანიჭეს. სხვა რა დასტური სჭირდება ამ ძალების ერთიანობას? კომუნისტებმა კომუნისტების უკიდურესი სიძულვილით გაჟღენთილ და მათთთან მებრძოლ კოსტავას ისეთი პატივი მიაგეს, გამოჩენილ კომუნისტ მოღვაწეებს რომ არ ღირსებიათ. საქართველოს კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა საქართველოს იმდროინდელმა ხელმძღვანელმა გივი გუმბარიძემ კი, რომელიც საბჭოთა ლიდერების მიერ მზაკვრულად (ქართველი და რუსი ხალხების დასაპირისპირებლად) მოწყობილი 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს უმაღლეს თანამდებობაზე გორბაჩოვისა და შევარდნაძის ერთობლივი გადაწყვეტილებით დაინიშნა, უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მიზანმიმართულად გადააბარა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაზეთი „კომუნისტი” იუწყებოდა: „საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შემდეგ პროპორციული სისტემით მანდატები ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის გადანაწილდა: ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ 81 მანდატი მოიპოვა, ხოლო საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ – 44. 1990 წლის 18 ნოემბერს მუშაობას შეუდგა საბჭოთა საქართველოს ახალი პარლამენტი”.

    როგორი უცნაურიც უნდა გეჩვენოთ ჩემი ნათქვამი, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის განწყობა უკვე კომუნისტების საწინააღმდეგოდ და ეროვნული მოძრაობის სასარგებლოდ იყო შეცვლილი, ეს, ხაზს ვუსვამ, მაინც სახელმწიფო გადატრიალება იყო, რადგან საზოგადოებრივი აზრის წინასწარი ფორმირებაც შემადგენელი ნაწილი იყო სახელმწიფო გადატრიალებისა, რომელსაც 9 აპრილის სისხლიანი ღამის მოწყობითა და სხვა მავნებლური ქმედებებით მიაღწიეს. არჩევნების გაყალბება უფრო ძველი და ცნობილი ფორმაა საარჩევნო მანიპულაციისა, შედარებით ახალი ფორმა კი ვითომ არჩევნების გზით, სინამდვილეში პოლიტიკური მანიპულაციის მეშვეობით, ხელისუფლების გადაცემაა (მნიშვნელობა და მასშტაბი სხვა ჰქონდა, მაგრამ შინაარსით ანალოგიური ვითარება იყო 2003 წელსაც, როდესაც ამერიკელებმა შევარდნაძეს დაავალეს, რომ ხელისუფლება სააკაშვილისთვის გადაეცა). ერთი სიტყვით, რეალური ვითარების გაგებისგან შორს დგას იგი, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს უბედურება გამსახურდიას დამხობით დაიწყო. საქართველოს ნგრევა და უბედურება ხელისუფლებაში გამსახურდიას მოყვანით დაიწყო, არა იმიტომ, რომ მას თვითონ ჰქონდა ასეთი მიზანი. არა,  შესაძლებელია,  გამსახურდიას საქართველოს აყვავება სურდა, მაგრამ საქართველოს საწინააღმდეგო იყო თვითონ ის გლობალური პროექტი, რომელშიც იგი მონაწილეობდა. აქ შეიძლება  მართებული იყოს ასეთი ანალოგია: სტალინიც გლობალურ პროექტში მონაწილეობდა, მაგრამ იმ პროექტმა საქართველოს აყვავება მოიტანა. გამსახურდიას სძულდა სტალინიც და ის პროექტიც, რომლის შედეგადაც საქართველომ არნახულ შედეგებს მიაღწია ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დანარჩენ უბანზე. იმ პროექტმა კი, რომელშიც გამსახურდიამ მიიღო მონაწილეობა, დღემდე სამ ნაწილად დაშლილი და ყოველმხრივ გაპარტახებული საქართველო მოგვიტანა. არსებობს რაღაც  ბნელი სექტა, რომელიც ამტკიცებს, – გამსახურდიასთვის რომ ეცლიათ, საქართველოს ააყვავებდაო. ისტორიას არ უყვარს ეს ფორმა – „რომ ეცლიათ”. პოლიტიკოსებსა და სახელმწიფოს მეთაურებს არავინ არაფერს  აცლის. ისინი თვითონ უნდა იყვნენ გარანტი იმისა, რომ აცალონ. სამწუხაროდ, გამსახურდია ვერ აღმოჩნდა ის ლიდერი, რომელიც რაიმეს გარანტი იქნებოდა. სტალინსაც არ აცალეს შინაურმა და გარეულმა მტრებმა, მაგრამ შიგნითაც (კრემლზე) და გარეთაც (რაიხსტაგზე) წითელი დროშა ფრიალებდა – ეს ერთი. მეორე- გამსახურდიასთვის რომ ეცლიათ, საინტერესოა, რას იზამდა – ფაბრიკა-ქარხნებს ააგუგუნებდა, ექსპლოატაციისგან თავისუფალი შრომის პირობებს შექმნიდა, უფასო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს ჩამოაყალიბებდა თუ რით ააყვავებდა საქართველოს კაცი, რომელსაც ჭირის დღესავით სძულდა ეს ყველაფერი?! ოსებთან ომი სააკაშვილამდე გამსახურდიამ არ გააჩაღა? აფხაზებს, საიდანაც მოსულხართ იქ წაბრძანდით და ეროვნული თვითგამორკვევაც იქ სცადეთო, ვიდრე შევარდნაძე ომს დაიწყებდა, გამსახურდია არ ეუბნებოდა? სიმართლისთვის თვალის გასწორება თუ შეგვიძლია, უნდა ვაღიაროთ, რომ გამსახურდია სააკაშვილისა და ზელენსკის წინამორბედია. როგორც იმ პროექტებს არ მოუტანია სიკეთე საქართველოსა და უკრაინისთვის, რომელშიც სააკაშვილი და ზელენსკი მონაწილეობდნენ, არც იმ პროექტში ყოფილა რამე სახარბიელო ქართველი ხალხისთვის, რომელშიც გამსახურდია მონაწილეობდა. ზუსტად ისევე, როგორც ჩეჩენი ხალხისთვიას არაფერი (გარდა ნგრევისა, სისხლისა და ცრემლისა) არ მოუტანია გამსახურდიას თანამოაზრესა და ძმადნაფიც ჯოხარ დუდაევს. ეს ფაქტია, რომლის უარყოფა შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფერი მითია, ლირიკაა, პანეგირიკი და ოდაა, რომელსაც მათი მიმდევარი სექტის წევრები ხან ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უძღვნიან, ხან ნოე ჟორდანიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს, მაგრამ ეს იმ მწარე რეალობას ვერ ცვლის, რომლის ბოლომდე აღიარებასაც ჯერჯერობით ხალხი ვერ ბედავს. ჩემს მიზანს გამსახურდიასა და შევარდნაძის ერთობლივი ნამოქმედარის მხილებაზე მეტად ეპოქალური (აწ უკვე ისტორიული) პროცესის სწორი ანალიზი წარმოადგენს. ამ ანალიზში უმთავრესი ისაა, რომ დასავლეთის სპეცსამსახურებმა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევა მოხერხებულად ამოაფარეს თავისუფლების მომხიბლავ იდეას, რომელიც ვერ მივიღეთ, მაგრამ ყველა ის გარანტია (უსაფრთხოებით დაწყებული და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალური დაცულობით დამთავრებული), რომელსაც საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა უზრუნველყოფდა, წარგვტაცეს.

    ჩვენ დღეს ურთულესი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პრობლემის წინაშე ვდგავართ. იმ ევროპამ, ზუსტად საუკუნის წინათ პანღური რომ გვითავაზა, ახლა წიხლიც მოგვაყოლა და დაუფარავად გვითხრა: ჩვენი მონა-მორჩილი თუ არ იქნებით, მომავალი თაობების „გაპიდარასტების“ საფუძვლების ჩაყრაში ხელის შეშლას თუ გაბედავთ, თქვენს ისტორიასა და ტრადიციებს თუ არ შეელევით და მართლმადიდებლობას ჩვენ მიერ შემოთავაზებული ლიბერალური ღირებულებებით არ ჩაანაცვლებთ, უვიზო მიმოსვლასაც გაგიუქმებთ და საქართველოში ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკით გაუბედურებულ თქვენს მოქალაქეებს მოხუცებული ევროპელების მოვლითა და მონური შრომით ლუკმაპურის მოპოვების საშუალებასაც მოვუსპობთო.

    ტრამპი კი, რომლის იმედიც გვქონდა, გაბუტულივით გვექცევა და დალაპარაკების ღირსადაც არ გვთვლის. ასეთი დამოკიდებულება ის ვერაგობაა, მსგავსის წარმოდგენა რომ ჭირს, მაგრამ ეს უკვე მსჯელობაში ზნეობრივი კატეგორიის შემოტანას ნიშნავს, რაც პოლიტიკაში უნაყოფო საქმეა. პოლიტიკაში, ზნეობრივი კატეგორიებით კი არა, პრაგმატული კატეგორიებით უნდა ვიმსჯელოთ. რა ვქნათ? რით ვუშველოთ თავს? როგორ გადავრჩეთ? – ეს ის შეკითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემა სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ამ შეკითხვებზე სწორი პასუხის გასაცემად კი წარსულის სწორი შეფასება და შეცდომათა გააზრება აუცილებელია. ისტორიული გზიდან გადახვევა იყო უდიდესი შეცდომა, რომლის  შეფასება, გაკეთებული კი არა, დაწყებულიც არ გვაქვს. დიდი ისტორიული გზის გამკვალავთ (ერეკლე, სტალინი) ანათემას გადავცემთ, ისტორიული გზიდან აცდენის ორგანიზატორებს (გამსახურდია, კოსტავა) სულმნათებსა და სულკურთხეულებს ვუწოდებთ. ზოგიერთს (შევარდნაძე), მართალია, სატანად და იუდად მოვიხსენიებთ, მაგრამ ეს ვითარების არსს არ ცვლის. უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ გამსახურდიას საქმეს განვადიდებთ, შევარდნაძეც განდიდებულია, რადგან საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევაში ამ უკანასკნელს გაცილებით მეტი წვლილი აქვს შეტანილი, ვიდრე გამსახურდიას. არ დადგა დრო, რომ ჩამოვყალიბდეთ, ვიღაცების პიროვნული ხიბლის საყმაწვილო სენისგან გავთავისუფლდეთ და ობიექტური რეალობის აღქმა-გააზრება ვცადოთ? ალბათ, კი! ობიექტური რეალობა კი ასეთია: საქართველოს უბედურება იწყება დასავლური სპეცსამსახურების მიერ საბჭოთა კავშირისთვის (მათ შორის საქართველოსთვის) შექმნილი პროექტით, რომელშიც სხვა ქართველებთან ერთად ჩართული აღმოჩნდნენ შევარდნაძე და გამსახურდია. მთლიანად ეს პროექტი, მასში მონაწილე ქართველების საქმიანობით, დასაგმობია. ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია დასავლური ორიენტაციისა (ნატო, ევროკავშირი) და რუსოფობიის გზაც, რომელიც დამანგრეველი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს – რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად პირდაპირი დიალოგის დაწყება ყოველგვარი წინაპირობის დაყენების გარეშე.

    მხოლოდ უვიცებს შეიძლება ჰქონდეთ იმედი, რომ დასავლეთი რუსეთს ან უკრაინაში პირდაპირ ბრძოლის ველზე დაამარცხებს ან ამიერკავკასიიდან ალიევისა და ფაშინიანის თურქეთთან მოკავშირეობით და  „დიდი თურანის” ავანტიურისტული პროექტის ამოქმედებით გააძევებს. ეს დაახლოებით გამსახურდიას იმ იმედს ჰგავს, რომ მისი ახსნა-განმარტების შემდეგ აფსუები (აფსარნი), როგორც იგი უწოდებდა, ძირძველ ქართულ ტერიტორიებს დატოვებდნენ და იქით წავიდოდნენ, „საიდანაც ჩამობრძანდნენ”.  შევარდნაძესაც ეიმედებოდა, რომ კიტოვანისა და იოსელიანის სარდლობით აფხაზეთს დაამარცხებდა; სააკაშვილიც დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთის კარნახით ცხინვალში თუ შეიჭრებოდა, ძლევამოსილ გამარჯვებას მოიპოვებდა და საქართველოს აღმაშენებელივით გააერთიანებდა, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალში დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში, მაგალითად, მე–18 საუკუნეში შვედებს, მე–19 საუკუნეში ფრანგებს, მე–20 საუკუნეში გერმანელებს ეგონათ, რომ რუსეთს დააჩოქებდნენ, მაგრამ თვითონ დაიჩოქეს. ერთია, ვის რა ჰგონია, მეორეა რეალობა. ობიექტური რეალობა კი, გავიმეორებ, ასეთია: დასავლური ორიენტაციისა (ნატო, ევროკავშირი) და რუსოფობიის გზა საქართველოსთვის დამანგრეველია. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს – რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად პირდაპირი დიალოგის დაწყება ყოველგვარი წინაპირობის დაყენების გარეშე. სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს. „ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის!”

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here