ჯაჭვი თუ ბეწვი?

    ჰიროსიმა 1945 წლის 6 აგვისტოს დაბომბვის შემდეგ

    რაზე  ჰკიდია მსოფლიოს ბედი – ჯაჭვზე თუ ბეწვზე?ეს ის შეკითხვაა, დღევანდელ მსოფლიოში მცხოვრებ რვა მილიარდ ადამიანს რომ აწუხებს. დედამიწას და მასზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს მრავალი თეორიული საფრთხე ემუქრებათ, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, რადგან პლანეტა ურთულესი ასტრონომიული, ფიზიკური, გეოლოგიური, კლიმატური, ბიოლოგიური და სხვა პროცესების თანამონაწილეა. მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე არის ის, რომ ადამიანმა თავისი თავის განადგურების ისეთი საშუალებები შექმნა, რომლებსაც  დედამიწაზე  სიცოცხლის განადგურებასთან ერთად  თვით დედამიწის განადგურებაც შეუძლია. ეს არის ბირთვული შეიარაღების არსენალი, რომელიც დედამიწის, არათუ ერთხელ, არამედ რამდენიმეჯერ მოსასპობად  იკმარებდა.

    პირველი ატომური ბომბი ამერიკელებმა 1945 წელს შექმნეს და იმავე წლის აგვისტოში გამოიყენეს კიდეც იაპონიის ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის – მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 1949 წელს საბჭოთა კავშირმაც შექმნა ატომური ბომბი და იმ დღიდან გაჩნდა „შემაკავებელი ფაქტორისა” და „ბირთვული ბალანსის” ცნებებიც. თითქმის ოთხმოცი წელიწადია, რაც ეს „შემაკავებელი ფაქტორი” მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღი გავრცელდა. დღეს დაზუსტებით იმასაც ვერ ამბობენ,  რამდენი ბირთვული სახელმწიფოა მსოფლიოში. ოფიციალურად ხუთი ბირთვული სახელმწიფო არსებობს: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი,  ჩინეთი. ისინი ქმნიან ბირთვულ სახელმწიფოთა კლუბს. გარდა ამ სახელმწიფოებისა, ბირთვული იარაღი აქვს კიდევ სამ სახელმწიფოს: ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეას. არის კიდევ ერთი (მეცხრე) სახელმწიფო (ისრაელი), რომელიც არც ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს, რომ აქვს ბირთვული იარაღი. არიან სახელმწიფოები, რომლებიც, გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების არსებობის მიუხედავად, ცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას. ახლახან ამერიკელებმა ირანში ყველა ის ობიექტი დაბომბეს, რომლებშიც, მათი აზრით, ბირთვული ლაბორატორიები მუშაობდა.

    ნაგასაკი . 1945 წლის  9 აგვისტო

    ბირთვული  იარაღი,  მისი არსებობითაც კი, დამთრგუნველად მოქმედებს კაცობრიობაზე, მაგრამ მასვე აღმოაჩნდა ის დადებითი მომენტი, რომლის შესახებაც უკვე ვთქვი – იგი გლობალური დაპირისპირების შემაკავებელ ფაქტორად  იქცა. ისტორიული პიროვნებები (სტალინი და ბერია), რომლებმაც ბირთვული პარიტეტის შექმნაზე იზრუნეს და ეს საქმე გამარჯვებით დააგვირგვინეს, რათა კიდევ მრავალი „ჰიროსიმა და ნაგასაკი” არ მომხდარიყო, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ კაცობრიობის ბედი, სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც მტკიცე ჯაჭვზე ჩამოკიდეს, რომელიც ამ მძიმე ტვირთს დიდხანს გაუძლებდა. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, ბირთვული იარაღი მაინც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია კაცობრიობის თავზე, რადგან არავინ იცის, როდის გადაკვეთს ესა თუ ის სახელმწიფო წითელ ხაზს. ბოლოს და ბოლოს, ხომ გვახსოვს, რომ „წარმოდგენის დასაწყისში სცენაზე თოფი თუ ჰკიდია, წარმოდგენის დასრულებამდე იმ თოფიდან აუცილებლად უნდა გაისროლონ” (ანტონ ჩეხოვი). კარგია შეკავების ფაქტორი, მაგრამ ბომბი (თანაც  ატომური) მაინც ბომბია. დღევანდელი კაცობრიობა დენთის კასრზე (ატომურ ბომბზე) შემომჯდარი კაცობრიობაა.

    ბევრი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ საქმე ბირთვულ კატასტროფამდე არ მივა, ვინაიდან მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტაში სხვისი გამწირავი  ბევრია, მაგრამ საკუთარ თავს ყველა უფრთხილდება. ამ მსჯელობაში უდავოდ არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ  არის ერთი ანგარიშგასაწევი ნიუანსი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. კერძოდ: ამერიკელები სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით მოქმედებენ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ წავა. ბირთვული იარღის გარეშე კი ნატოს (ოცდათორმეტი სახელმწიფო) რუსეთთან გარკვეული სამხედრო უპირატესობა აქვს. ამ უპირატესობის რეალიზების სურვილი ისე დიდია, რომ ისინი ყოვლად გაუმართლებელ, სრულიად უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად უზნეო რისკზე მიდიან.

    ეს (რაზეც ისინი მიდიან)  „რუსული რულეტკის” ამერიკული ვერსიაა. განსხვავება მათ შორის არის ის, რომ „რუსული რულეტკის” მოთმაშეს რევოლვერის ლულა საკუთარ საფეთქელზე აქვს მიდებული, ამერიკელებმა კი რევოლვერის (ატომური ბომბის) საბედისწერო ლულა კაცობრიობას მიაბჯინეს შუბლზე.

    პროცესები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაიწყო, შემაშფოთებელია. აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს: „რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის,  უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე  გავეცი ბრძანება ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განლაგების შესახებ. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, იმედი მაქვს,  ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება!”

    ორი დღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც, ძნელია, ტრამპის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებასთან არ დააკავშირო: „რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და  ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები ვლადივოსტოკიდან იაპონიის ზღვაში გავიდნენ ერთობლივი წვრთნების „საზღვაო ურთიერთობა – 2025”-ის ფარგლებში.“

     ახლა ვნახოთ, რა თქვა მედვედევმა ისეთი, რომ ტრამპმა ორი წყალქვეშა ბირთვული გემი ადგილიდან დაძრა: ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმებით თამაშს განაგრძობს, ორმოცდაათი დღე თუ – ათი… მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1. რუსეთი არ არის ისრაელი ან თუნდაც ირანი;  2. ყოველი ახალი ულტიმატუმი ახალი საფრთხე და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია  არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ  საკუთარ ქვეყანასთან. ნუ წახვალთ მძინარე ჯოს გზით!“  მედვედევის ამ სიტყვებს მოჰყვა ტრამპის ის რეაქცია და განცხადება, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ. ტრამპის იმ რეაქციას, რომელიც მისივე სიტყვებით ორი წყალქვეშა ატომური ხომალდის გადაადგილებაში გამოიხატა, დიმიტრი მედვედევმა ახალი პასუხი შეაგება: რუსეთის ყოფილი და წარუმატებელი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა ასეთ ნერვიულ რეაქციას თუ იწვევს აშშის ძლიერ პრეზიდენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყველაფერში მართალია და საკუთარი გზით განაგრძობს სვლას.”

    მედვედევმა ასევე უპასუხა ტრამპის სიტყვებს ინდოეთისა და რუსეთის „მკვდარი ეკონომიკის“ შესახებ და თეთრი სახლის ხელმძღვანელს ურჩია, გაეხსენებინა მისი საყვარელი ფილმები მოარულ მკვდრებზე.

    პროცესს, რომელიც ახლა ვითარდება, მოძველებული სამხედრო-პოლიტიკური ტერმინით (იარაღის ჟღარუნი) ვერც მოიხსენიებ. ეს წყალქვეშა ატომური ხომალდებითა და ბირთვული ტრიადით ჟღარუნი უფროა, მაგრამ საიდან მოდის და რას ემსახურება ეს ამბავი? ისევ იმ ნათქვამს დავუბრუნდეთ, „რუსული რულეტკის” ამერიკული ვერსია რომ ვუწოდე,  და ვთქვი, „განსხვავება მათ შორის ისაა, რომ „რუსული რულეტკის” მოთმაშეს რევოლვერის ლულა საკუთარ საფეთქელზე აქვს მიდებული, ამერიკელებმა კი რევოლვერის (ატომური ბომბის) საბედისწერო ლულა კაცობრიობას მიაბჯინეს შუბლზე.” ისიც განვმარტე,  რა აზრს ვდებდი ამ ნათქვამში: ამერიკელები სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით მოქმედებენ, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს  არ გამოიყენებს. ამის გარეშე კი ნატოს (ოცდათორმეტი სახელმწიფო) რუსეთთან გარკვეული სამხედრო უპირატესობა აქვს. ამ უპირატესობის რეალიზების სურვილი ისე დიდია, რომ ისინი ყოვლად გაუმართლებელ, სრულიად უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად უზნეო რისკზე მიდიან.

     ატომური ბომბი აშინებს კაცობრიობას. მის შესახებ ფილმში („მზის იმპერია”) ნათქვამი მახსენდება: „მკვეთრი ნათება, თითქოს ღმერთმა ფოტო გადაიღო». ძლიერი ნათქვამია, ძლიერი და რაღაცით შემზარავი, მაგრამ არსებობს უფრო შემზარავი ნათქვამიც. იმ ნათქვამში მახვილი აფეთქების ძალაზე თუ მოდის, ალბერტ აინშტაინის აზრით, უფრო მნიშვნელოვანი (უფრო საშიშიც) სხვა რამ ყოფილა: „ჩვენ რაც გვაშინებს, ის ატომური ბომბის აფეთქების ძალა კი არა, ადამიანის გაბოროტების ძალაა. ეს ფიზიკის პრობლემა არ არის, ეთიკის (ზნეობის) პრობლემაა!”

     ეს თუ ასეა, ცუდად ყოფილა საქმე, რადგან ამ ცოდვილ დედამიწაზე ყველაფერი მოიძებნება (ურანიც კი), მაგრამ ზნეობის ნასახს ვერსად ნახავთ. ჰოდა, თავად განსაჯეთ, რაზე ჰკიდია დღეს კაცობრიობის ბედი – მტკიცე ჯაჭვზე, სტალინმა და ბერიამ რომ ჩამოკიდეს, თუ სუსტ ბეწვზე, რომელიც სადაცაა გაწყდება. 

    ვალერი კვარაცხელია                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here