Home რუბრიკები პოლიტიკა “წლის სანტა”, “წლის ფაროსანა”, “წლის გარნირი”, “წლის ქათამი” და 2019 წლის სხვა...

“წლის სანტა”, “წლის ფაროსანა”, “წლის გარნირი”, “წლის ქათამი” და 2019 წლის სხვა ნომინაციები

4684
“წლის სანტა”, “წლის ფაროსანა”, “წლის გარნირი”, “წლის ქათამი” და 2019 წლის სხვა ნომინაციები

ვირთხის წელი მოდისზოგი ცეცხლოვან ვირთხას ეძახის, ზოგიც _ ლითონის ვირთხას, მაგრამ ვირთხა ვირთხაა, გნებავთ _ სოროში და გნებავთ _ სოროს გარეთ. ისე, ლოგიკურია, რომ 2020 წელი სწორედ ვირთხისაა, ქართული რეალობისთვის არის ლოგიკური. მოგეხსენებათ, მომავალ წელს არჩევნები გველოდება და, თუოცნებისგემი ჩაძირვას დაიწყებს, იმდენი ვირთხა გადახტება, თვლას ვერ აუვალთ. ისე, გადახტომები არც წელს დააკლეს პოლიტიკოსებმა, წავიდნენ, წამოვიდნენ, მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ, იმდენ პარტიაზე თუ პარტიიდან არიან ეგენი გადამხტარი, არ დაიკარგებიან. ზემოთ ლოგიკა ვახსენეთ და არც 2019 წელი იყო ულოგიკო _ ღორის წელი, ბატონებო. როგორც შოშია იტყოდა, “ვგდებულიყავი ჩემს ადგილას. რა ჩემი საქმე იყო ასკილისა და მაყვლის წვენი?! მაგრამ არ გაძღა ოხერი დედათქვენის მუცელიიი…” ჰოდა, ძღომა რომ ვერ გაიგესძლიერებმა ამა ქვეყნისათმა”, იმიტომაც მოერგნენ ღორის წელს. ისე, უმადობას არც ვირთხა უჩივის, მაგრამ მაინც გვგონია, რომ 2020 წელი გემიდან გადამხტარი ვირთხების წელი იქნება.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, წლის ბოლოა და შესაბამისად, დაჯილდოების დრო დადგა. აგერ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, საუკეთესოებს სპორტის სხვა სფეროშიც გამოავლენენ, კინოშიც, ხელოვნებაშიც… ჩვენ კი ჩვენი ნომინაციები გვაქვს, ქართულჯიგრიანი, უპრეცედენტო და ჩვენც რიგითობით და ლოგიკით მივყვეთ. მაშ ასე:

 ნიკა გვარამია

* ნომინაციაში წლის ქათამი, ანუ ქათამი კაკანა, კაკანა, თურმე კვერცხი ნადობა გაიმარჯვა ნიკა გვარამიამ, რომელმაც მაინც მოახერხა და თავისი ტელევიზია დააარსა. ჰოდა, თუ აქამდე სხვისი ტელევიზიიდან იგინებოდა, ახლა საკუთარი აქვს და იქიდან იგინება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ტელევიზიაში ვინმე თითქმის შიშველიც გამოჩნდება, იქნებ კაცს საკუთარ სახლში “ტრუსიკით” უნდა გავლა.

* ტელევიზიების თემა განვაგრძოთ და ნომინაციაში წლის გარნირი გაიმარჯვა რუსთავი 2”-მა, რომელიც ჩადეს ხალვაში და ისე მიართვეს მაყურებელს. რომ გითხრათ, მაინცდამაინც გემრიელი ხალვაა-მეთქი, მოგატყუებთ, რაღაც მძაღე გემო დაჰკრავს, თითქოს ვადაგასულის და სიტკბოც აკლია, მაგრამ ყველაფერი იდეალური რომ იყოს, მაშინ, “რუსთავი 2” კი არა, “ბი-ბი-სი” ერქმეოდა.

* ტიტულის გარეშე არ დარჩენილა ტვიმედი”. ამ ტელევიზიამ გაიმარჯვა ცნობილი კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას, სიმღერის ფონზე _ ლოკა, ლოკა, ლოკა…” რა, რამდენჯერ და როგორ “ლოკა” “იმედმა”, ახლა ჩამოთვლას ვერ დავიწყებთ, გვერდები არ გვეყოფა.

* ნომინაციაში წლის გაქცევა, გაიმარჯვა ეროვნულმა ვალუტამ. ლარს, უმრავლესობის დეპუტატების სახით, სერიოზული კონკურენტები ჰყავდა, მაგრამ მაინც მოახერხა პირველ ადგილზე გასვლა. ეროვნულმა ვალუტამ გაიმარჯვა კიდევ ერთ ნომინაციაში _ წლის დაქცევა და შესაბამისად, ლარი შინ გაქცეულისა და დაქცეულის ჯილდოთი მიემგზავრება. იმედია, გაისად ამ ტიტულებს “წაქცეულისა” და “ჩვენგან უდროოდ წასულის” პრიზებსაც არ მიამატებს.

* წლის პლაგიატის პრიზი მოიგო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მოირგო მირზა გელოვანის ლექსი _ მე დავბრუნდები, მე დავბრუნდები”, გაიძახოდა სააკაშვილი და შემდეგ… “მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები…” საავტორო უფლებების დაცვა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის მაღალ დონეზე, მაგრამ ეს არაფერია იმ ნომინაციებთან შედარებით, რომლებიც ექსპრეზიდენტს ოდესაში გავუგზავნეთ.

* ბატონ მიხეილს, აგრეთვე, ერგო პრიზი მე ის თამრო აღარა ვარ”. სხვათა შორის, ეს პრიზი შარშან თამარ ჩერგოლეიშვილმა მოიპოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამრო და მისი ქმარი მიშას კრიტიკაზე გადავიდნენ, სააკაშვილმა ასე იძია შური და ჩერგოლეიშვილი პრიზის გარეშე დატოვა.

 ნიკა გვარამია

* სამაგიეროდ, გიგა ბოკერია დაეუფლა პრიზს სახელწოდებით კაი გაძლება მოგცეს ღმერთმა!” . ბოკერიასთან კონტექსტში ღმერთის ხსენება ნუ გიკვირთ, საქმეს დასჭირდა და გიგამ ისეთები ქნა, ლამის ჭყონდიდის ეპარქიიდან გაშვებული პეტრე ჩაანაცვლა…

* ჰო, სააკაშვილი ვთქვით და ბარემ ის ჯილდოებიც დავასახელოთ, რომლებიც მან დამატებით მიიღო: პრიზი ერთხელაც მენდეთ, საერთოდ რომ მოგსპოთ და პრიზი რას ეწევა ამისთანას”. სააკაშვილი წარდგენილი იყო კიდევ ერთ ნომინაციაზე, მაგრამ ამ ნომინაციის სკულპტურის დამზადებაზე ყველამ უარი გვითხრა: ჩვენ ხელოვანი ხალხი ვართ და მაგას ვერ გავაკეთებთო. ამიტომ, პრიზი არ გვაქვს, მაგრამ სააკაშვილმა გაიმარჯვა და ეგებ თვითნ გამოჩორკნოს ამ ტიტულის აღმნიშვნელი სკულპტურა. როგორ? _ მარტივად: დადგეს სარკის წინ და მიჰყვეს ზემოდან ქვემოთ, მერე პირიქით და კი გავა ბოლოში.

* სიმართლე გითხრათ, გვეგონა, რომ ნომინაციაში “წლის ამყროლებლები” გაიმარჯვებდა 32 პარტიის ლიდერი, რომლებიც აპოკალიფსით იმუქრებიან, რეალურად კი ვერაფერს აკეთებენ, მაგრამ აღნიშნული პრიზი მათ ცხვირწინ ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ ააცალეს. რას იზამთ, ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა და, თუ ოპოზიცია ფხიზლად არ იქნება, შეიძლება სხვა პრიზებიც დაკარგოს.

* ნომინაციაში გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაგაიმარჯვა შალვა ნათელაშვილმა მას შემდეგ, რაც ამერიკაში წავიდა და დაიმუქრა: ისეთ ამბებს ჩამოვიტან, მტერს და ავსო. იქიდან ჩამოსულმა კი განაცხადა: კონგრესმენებს ივანიშვილის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ვთხოვე და ნახეთ, ამას რომ გააკეთებენ, რა მოხდებაო. ამერიკელ კონკრესმენებს აქამდე არაფერი გაუკეთებიათ, ეჭვი გვაქვს, არც ამას გააკეთებენ და კი დარჩა ნათელაშვილს პრიზი, პრაქტიკულად, უბრძოლველად. ბატონი შალვას ოფისში ოპოზიცია იკრიბებოდა და გვსურდა, ნომინაციაც მოგვეფიქრებინა, მაგრამ უარი გვითხრეს, _ აქაოდა, წასასვლელი არსად აქვთ და “მაზოლზე” ფეხს ნუ დააჭერთო.

* ნომინაციაში ადამიანის საუკეთესო მეგობარი გაიმარჯვა ნიკა მელიამ. ეს ჯილდო მას შემდეგ დაისაკუთრა, რაც ფეხზე საყელური შეაბეს. მართალია, ფეხზე არ უკეთებენ საყელურს, მაგრამ მელიაა, შეიძლება წაიძროსო. ჰოდა, მელიას გადაადგილებას ზუსტად ისე აკვირდებოდნენ, როგორც ექსპერიმენტისთვის განკუთვნილ მელიებს _ მეცნიერები. როგორი ყოფილა ექსპერიმენტების ჩატარება, ბატონო ნიკა? ხალხსაც ხომ ზუსტად ასე უტარებდნენ ექსპერიმენტებს თქვენი თანაგუნდელები? მერე რა, რომ საექსპერიმენტობოცვრებიარცთუ იშვიათად გიკვდებოდათ, დიდი მიზნები მსხვერპლს მოთხოვს და სამსხვერპლოზე კი მიგყავდათ წელიწადში 400-მდე ადამიანი.

* ნომინაციაში წლის მთვლელი პირველ ადგილზე უდიდესი უპირატესობით გავიდა პუბლიცისტი (ნეტავ, ვინ დააბრალა?!) თაკო ჩარკვიანი შეძახილით აუუ, რამდენი ვართ!”. ქალბატონმა თაკომ მოიგო ნომინაცია სამოთხის ვაშლიც და ეს ჯილდო მას შემდეგ დაისაკუთრა, რაც ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი გააპროტესტა და გაერთიანებული ოპოზიციის რიგები დატოვა. ისე, თაკოს წასვლა კი გაუხარდათ ოპოზიციაში, ლეიბორისტების ოთახში ერთით მეტი ადგილი გამოჩნდაო და… აკი გითხარით, სივიწროვეა მაინც.

* წლის პრიზი თქვე ჩემისებო უპირობოდ და უკონკურენციოდ მოიგო გრიგოლ ვაშაძემ, როცა ოპერატორებს მუშაობა დაუწუნა და ამ შეძახილით “გაამხნევა”. ისე, შესაძლოა, ბატონმა გრიგოლმა არ იცის, მაგრამ ხალხის უდიდესი ნაწილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოქმედების შეფასებისას ყველაზე ხშირად ამ ფრაზას იყენებს, მაგრამ, რადგან პრიზს მასაზე ვერ გადავანაწილებდით, ამიტომ ულვაშა ვაშაძეს ერგო.

* წლის დაუსტვინეს ნომინაციაში ერთმანეთს თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ეცილებოდნენ. საბოლოო ჯამში, კონფლიქტი რომ არ დაწყებულიყო და ერთმანეთი თმებით არ ეთრიათ, აღნიშნული ნომინაცია და ორი ცალი “შვიშტოკი” გადავეცით და ახლა შეუძლიათ კვლავ დაუღალავად ჩაბერონ სამშობლოს სამსახურში!

* ნომინაციაში ძოწლალ ბაგეო, დამდაგეო გაიმარჯვა ვანო ზარდიაშვილმა, რომელსაც ტუჩები ეკა ბესელამ “დაუდაგა”. მართალია, ლოგიკურად პრიზი ქალბატონი ეკასთვის უნდა მიგვეცა, მაგრამ ვანომ გვთხოვა: პარლამენტარიც აღარ ვარ და პრიზი მაინც მარგუნეთო. თავდაპირველად უარზე ვიყავით, მაგრამ მერე შემოგვიტია: თქვენ კი არა, “ოცნებამ” მაპატია ზონდერობა და ნაციონალობაო და რაღა გვექნა?!

* ხელმოცარული, რაღა თქმა უნდა, ეკა ბესელიაც არ დაგვიტოვებია და შინ გავატანეთ პრიზი სახელად ერთ შვილ ხომ მაინც გავზარდე ვეფხვებთან მეომარია”. გააპროტესტებს, რომელი ვეფხვი ვანო მყავსო, მაგრამ რად გინდა?! “ოცნებამ” კი “გააპრავა” და ჩვენ რა უფლება გვაქვს უარვყოთ…

* ნომინაციაში არ გაწიო, გაწყდებაო, ორთავ გული დაგვწყდებაო გაიმარჯვა გიგა მაქარაშვილმა, რომელიც პარლამენტის წინ კარვის გასაშლელად თოკებს წელავდა ხოლმე და თანამოაზრეებს ზემომოყვანილი ფრაზით აფრთხილებდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და მაქარაშვილი თანამოაზრეებთან ერთად სხვა რამეს უფრო ხშირად წელავდა და იმიტომაც იქცეოდნენ ბევრისთვის მიუღებლად.

* “ბატონო, ბატონო, გუშინ რომ იყვნენ, ისინი მოდიან ისევე _ შესძახა არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილს მას შემდეგ, რაც ფანჯრიდან პარლამენტის საპიკეტოდ მოსული ოპოზიცია დაინახა. მართალია, ამ შეძახილისთვის პრიზი არ გვაქვს დაწესებული, მაგრამ ასე მშვიდად გადავედით ოპოზიციიდან ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მოგებულ პრიზებზე.

* ნომინაციაში რა სამსახური გავჩითე?!” გაიმარჯვა დავით ნარმანიამ, რომელიც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გახდა და ხუთნიშნა ხელფასიც ააგდო. მე თუ მკითხავთ, ნარმანიას ხელფასად მილიონს უნდა დაჰპირებოდნენ, მერე კი იმდენი უნდა დაენიშნათ, რამდენი ხეც დარგო და გამოვიდოდა სამნიშნა ჯამაგირი, მაგრამ არაო, _ დათომ ისეთი ამბები ჩაატარა მერობისას, ალალია მასზე ეს ხელფასი და თანამდებობაო.

* ნომინაციაში მოდი, ბიჭო, გავაგოროთ ყომარი გაიმარჯვა ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ, რომელმაც, როგორც იქნა, მოიცალა და ერთ-ერთი ონლაინკაზინოს გათამაშებაში “პორშე” მოიგო. მერე იყო, ბატონმა დავითმა თავი რომ იმართლა: საქართველოში ყველაზე ღარიბი მერი ვარ, რას მერჩითო. მართალია ეს კაცი _ რას ერჩით, კაი “პალასაზეა”, არჩევნები მოიგო, ტენდერები მოიგო… ჰოდა “პორშეც” მოიგო რა. მიდი, ბატონო დავით, მიდი, ამათ ყურს ნუ უგდებ და დროზე გაადავე, თორემ წაიღო ხელი მეტოქემ.

* გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ხომ გგონიათ, რომ წლის გადაგდებაში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, რომელმაც დაპირება არ შეასრულა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე არ გადავიდა? ნურას უკაცრავად! ნომინაციაში “წლის გადაგდება” გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც მოსწყინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის შენახვა და კვება და რამდენიმე დეპუტატი გადააგდო. ჰო, საკუთარი ნავიდან გადააგდო, ახლა თქვენით იშოვეთ სარჩოო და მხოლოდ თვითონ იცის, რამდენი ჰყავს კიდევ “ლაფათქაზე”.

* ნომინაციაში წლის სოფლის მშენებლები გაიმარჯვეს იმ დეპუტატებმა, რომლებიც თავიანთი კოლეგის, ენზელ მკოიანის, ძმისშვილის ქორწილში წავიდნენ ერევანში. მამუკა მდინარაძემ იმღერა, ირაკლი კობახიძემ იცეკვა, სოფელს კიდევ ირაკლი სესიაშვილი აშენებდა, თუმცა ბოლოს სესიაშვილს საკუთარი სახლი გამოუვიდა. სახლი რა, ვილა და თანაც იმხელა, ერთი სოფელი თავისუფლად რომ დაეტევა და, შესაბამისად, ნომინაციაში გამარჯვებაც ალალად დაიმსახურეს.

* შეიძლება უცბად მიხვდეთ, ვინ გაიმარჯვა ნომინაციაში წლის აბდაუბდა და წლის ფაროსანა”. მეც გეტყვით, რომ პრიზები ანტიკვარებით გაწყობილ რეზიდენციაში წაიღო პრეზიდენტმა ფრაზებით სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხაროდარუსეთი მტერია”. ჩვენი საქმე კი ისეა, თაგვმა თხარა, თხარაო… მაგრამ, ეს რომ არ გამოგვეთხარა, მაშინ ულვაშა გრიგოლი უნდა გამოგვეთხარა და ამიტომ… მოკლედ, გავთხარეთ რა, უფრო სწორად, ზურაბიშვილმა “გათხარა”, ყოვლად უადგილოდ და უაზროდ რუსეთს მტერი რომ უძახა. ამით საქართველოს ისე ავნო, ფაროსანას არ უქნია მაგდენი. ასე რომ, ქალბატონმა პრეზიდენტმა მეორე ნომინაციაც დაისაკუთრა _ “წლის ფაროსანა”.

* ნომინაციაში ასე შევრჩი უდიპლომო სასიძო უზენაეს სასამართლოს სიძედ გაიმარჯვა აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. ახლა ის დროა, ყველამ ერთად ვიყვიროთ: “ვარდენი გაგიჟდა!”, მაგრამ “მთავარ როლშია” ვარდენი, რეჟისორიც ეგ არის და სიგიჟესაც არ დაგვიჯერებენ. სამაგიეროდ, სამართალი ახლა სხვანაირად აიწონება და მერე რა, თუ არ მოგეწონებათ, სხვა რაღაცებზე ხომ გიჟდებით რა. ამიტომ, ამასაც აიტანთ ზუსტად ისე, როგორც აქამდე იტანდით და ხმასაც არ ამოიღებთ.

* ნომინაციაში წლის დეპუტატი გაიმარჯვა მახირ დარზიევმა. შეიძლება არ იცით, ეს კაცი ვინ არის, მაგრამ გეტყვით: დეპუტატია, წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო, ახლაც არის და ხომ ეკუთვნის გამარჯვება? მერე რა, რომ ამ რვა წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია (ისიც კი არ უთქვამს, რა სარგებლობა მოაქვს მამალს), მაგრამ დეპუტატია-მეთქი, დეპუტატი, მერვე წელია, ხელფასს ვუხდით, თვეში 4 ათას ლარამდე.

* ნომინაციაში შენ ყოფილხარ პიროვნება გაიმარჯვა გედევან ფოფხაძემ ფრაზით ..ზე მკიდია კონსტიტუცია”. აბა, კანონმდებელი ამას რომ იტყვის, კი უნდა დაუფასო და ტაში დაუკრა. რატომ? იმიტომ, რომ რეალურად ყველა კანონმდებელს კიდია კონსტიტუცია, უბრალოდ, ფოფხაძე გამოდგა ერთადერთი, რომელმაც გაბედა და ეს ხმამაღლა თქვა, ამიტომ პრიზის გარეშე ვერ დავტოვებდით.

* ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს” და ბეჟანა ხომ გახსოვთ, თხების პატრონებმა “პეე” დაიძახეთო? ჰოდა, ნომინაციაშითხების პატრონებმა პეე დაიძახეთ წარდგენილი იყო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მან გაიმარჯვა. ნუ, მთლად თხები არა, მაგრამ ამდენი ცხვარი ერთად და ასე გაწვრთნილი, იშვიათია.

დასასრულ _ ნომინაციაში სანტა კლაუსი გაიმარჯვა ისევ ბიძინა ივანიშვილმა. ეგ როგორ არის, იცით? პატარებს ისევ სჯერათ, დიდებს _ აღარ და ვართ ასე…

მრავალ შობაახალ წელს დაესწარით, ქართველებო!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here