„Фашистская Германия совершила разбойничье нападение на Советский Союз. Наши доблестные армия и флот и смелые соколы советской авиации нанесут сокрушительный удар агрессору. Правительство призывает граждан и гражданок Советского Союза еще теснее сплотить свои ряды вокруг нашей славной большевистской партии, вокруг советского правительства, вокруг нашего великого вождя—товарища Сталина. Наше дело правое. Враг будет разбит. Победа будет за нами!”
ამ ტექსტით იხსნებოდა გაზეთ „პრავდის” 1941 წლის 23 ივნისის ნომერი, რომელიც 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის მიერ ომის გამოუცხადებლად თავდასხმის შესახებ იუწყებოდა. იმ ხანად მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იყო, მაგრამ სანამ საბჭოთა კავშირი არ ჩაერთვებოდა, მსოფლიო ომი პრაქტიკულად ჯერ კიდევ არ იყო მსოფლიო ომი.
მას შემდეგ ოთხმოცდაოთხი წელიწადი გავიდა. ვერც ერთი წინასწარმეტყველი ვერ გამოიცნობდა, რომ მესამე მსოფლიო ომი ზუსტად 22 ივნისს დაიწყებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ, ასე იქნება თუ ისე, 22 ივნისი თარსი (არ მინდა, სიტყვა „წყეული” გამოვიყენო) დღე გამოდის…
2025 წლის 22 ივნისს აშშ ომის გმოუცხადებლად დაესხა თავს ირანს (ოპერაცია სახელწოდებით „შუაღამის ურო”). არ ვიცი, რას წერს გაზეთი „პრავდა”, მაგრამ დღეს გაცილებით პოპულარული „ბი-ბი-სი” აქვეყნებს მასალას სათაურით „აშშ-მა შეცვალა კონფლიქტის მსვლელობა. რა რეაგირება ექნება ირანს?”. ბუნებრივია, რომ ირანის რეაგირება საინტერესოა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, ის არის, რა რეაქცია ექნება მსოფლიოს, უფრო ზუსტად კი – რა შედეგებს გამოიწვევს ეს ფაქტი მსოფლიოში?
რუსეთის განცხადება:
„რუსეთი კატეგორიულად გმობს 22 ივნისს გამთენიისას ირანის რიგ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს, რომლებიც მოჰყვა ისრაელის თავდასხმას ისლამურ რესპუბლიკაზე. უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე მიიტანო სარაკეტო იერიში, რა არგუმენტებითაც უნდა ამართლებდე მას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ერთმნიშვნელოვან კვალიფიკაციას აძლევს მსგავს აქციებს, როგორც მიუღებელს, იწვევს განსაკუთრებული განგაშის გრძნობას იმის გამო, რომ ეს ქმედება განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამ აქციის შედეგები მომავალში შესაფასებელი იქნება, მაგრამ ამთავითვე ნათელია, რომ დაიწყო სახიფათო ესკალაცია, რომელიც ძირგამომთხრელია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისედაც მოცულია უამრავი კრიზისით, კონფლიქტის გაღრმავების რისკი გაიზარდა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ზიანი, რომელიც ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმამ გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს მიაყენა. ირანზე დარტყმამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა შემოწმებისა და მონიტორინგის სისტემას (მაგატე), რომელიც გაუვრცელებლობის რეჟიმზეა დაფუძნებული. სააგენტოს მხრიდან ველოდებით სწრაფ, პროფესიულ და პატიოსან რეაქციას. აუცილებელია მაგატეს გენერალური დირექტორის ობიექტური მოხსენება სააგენტოს სპეციალურ სესიაზე, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს. რა თქმა უნდა, აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს რეაქცია. კოლექტიურად უნდა დაიგმოს აშშ-ისა და ისრაელის კონფრონტაციული ქმედებები. მოგიწოდებთ აგრესიის შეწყვეტისა და სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად ძალისხმევის გაძლიერებისკენ”.

ჩინეთის განცხადება:
„ისტორია მუდმივად ახდენდა დემონსტრირებას, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ჩარევები ყოველთვის იწვევდა დაუგეგმავ შედეგებს, ისედაც გაჭიანურებულ კონფლიქტებს კიდევ უფრო აჭიანურებდა და რეგიონულ დესტაბილიზაციას ედებოდა საფუძვლად. ამერიკის დარტყმები ირანზე შეიცავს ძველი შეცდომების გამეორების საფრთხეს. მსოფლიო საშიშ წერტილზე იმყოფება. ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის იმედი დაკავშირებულია დიალოგთან და არა სამხედრო კონფრონტაციასთან”.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში:
„დღეს ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ ძალის გამოყენებამ სერიოზულად შემაშფოთა. ეს არის ისედაც ზღვარზე მყოფ რეგიონში სახიფათო ესკალაცია და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე. არსებობს მზარდი რისკი, რომ ეს კონფლიქტი სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რეგიონსა და მსოფლიოში. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს დეესკალაციისკენ და გაეროს წესდებითა და საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ. ამ სახიფათო დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქაოსის სპირალის თავიდან აცილება. სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ერთადერთი გზა წინსვლისთვის დიპლომატიაა. ერთადერთი იმედი მშვიდობაა”.
თუ დააკვირდებით, ნახავთ ერთ კონკრეტულ ტენდენციას: მსოფლიოში რაც უფრო ხშირად აპელირებენ მშვიდობის ცნებით, მით უფრო ვშორდებით მას. ხელისუფლებაში მოსვლამდე ტრამპი ასეთ განცხადებას აკეთებდა: „ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ და, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ. ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა ის იქნება, რომ მე ვიქნები მშვიდობის შემქმნელი და გამაერთიანებელი”.
ამ სიტყვების წარმოთქმიდან მხოლოდ ხუთი თვე გავიდა. და, აი, იგი შედის იმ მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც, შესაძლებელია, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი აცხადებს: „ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია. ბირთვული იარაღი უკვე ვერავის ვერ აჩერებს. იმდენი წითელი ხაზია გადაკვეთილი, რომ გაუგებარია, დარჩა კიდევ რამე გადასაკვეთი?!”
ალბათ, მართლაც აღარაფერი აღარ არის გადასაკვეთი. საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია და სიტუაცია მიყვანილია იმ წერტილამდე, რომლის იქით სამხედრო ძალის გამოყენება იწყება. სამხედრო თვალსაზრისით ამერიკისა და ნატოს საპირწონე ძალა მხოლოდ რუსეთია. მათ რუსეთთან ე.წ. პროქსი ომი (სხვისი ხელით ომი) გაბედეს, მაგრამ პირდაპირ ომს ვერ ბედავენ, ვინაიდან იციან, რომ ეს კატასტროფაა. ამოცანა რუსეთის დასუსტებაა. დასუსტება მრავალი კომპონენტისგან შემდგარი ცნებაა. ერთ-ერთი კომპონენტი მოკავშირეების ჩამოშორებაა. რუსეთს დღეს მოკავშირეები არ აკლია. ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, რუსეთის მოკავშირეა ბრიჩსისა და თშო-ს (თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია) სახელმწიფოები, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნები, „ოდეკაბე” და სხვები, მაგრამ დასავლეთში ყველაზე მტკივნეულად იმ სახელმწიფოთა კავშირს აღიქვამენ, ბოროტების ღერძი რომ უწოდეს, და რომელიც რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე გადის. ჩრდილოეთ კორეასთან ღია დაპირისპირება უჭირთ, რადგან ეს ბირთვული სახელმწიფოა, ირანთან დაპირისპირება კი შედარებით ადვილი ეჩვენებათ. ჯერ ერთი, საბაბი (ვითომ ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობა) ნაპოვნია, მეორეც, ნაპოვნია ზელენსკივით გაუწონასწორებელი ნეთანიაჰუ, რომელიც მზად არის, აშშ-ის ინტერესებისთვის ე.წ. პროქსი ომი აწარმოოს და, როგორც გერმანიის კანცლერმა თქვა, „ჭუჭყიანი სამუშაო შეასრულოს”. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: აშშ, სადაც უნდა მოქმედებდეს, ყველგან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ამიტომაც დგას რეგიონული ომის მსოფლიო ომში გადაზრდის რეალური საფრთხე. დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის – ეს უკვე არის მსოფლიო მნიშვნელობის დაპირისპირება. თავის დროზე რუსეთის დასასუსტებელად შექმნეს უკრაინის პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მაგრამ რუსეთი გაცილებით ძლიერი და ორგანიზებული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. დასავლეთის მიერ ხელოვნურად შექმნილმა კრიზისმა უკრაინაში ის შედეგი ვერ მოიტანა, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუმცა ეს მდგომარეობა რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო პოტენციალს გარკვეულწილად მაინც დააწვა. ახლა რუსეთი ირანის ამბებში პირდაპირ არ ჩაერთვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესების მიმართ გულგრილი დარჩება და შორიდან მაყურებლის როლით შემოიფარგლება. ასევე მოიქცევა ჩინეთი და მრავალი სხვა სახელმწიფო. უცნაური სურათი გამოვა: ერთი მხრივ – უკრაინასთან რუსეთის ომში ირიბად ჩართული აშშ, მეორე მხრივ კი – ირანთან აშშ-ის ომში ირიბად ჩართული რუსეთი. ასე, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ გაგრძელდება და სადღაც, რომელიღაც მომენტში აპოგეას მიაღწევს ანუ ღია, გაცხადებულ ფაზაში გადაიზრდება. რაც შეეხება სამხედრო ოპერაციის („შუაღამის ურო”) შედეგებს, იგი ჯერ კიდევ არ არის ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული.

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს: „ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია!” ვიცეპრეზიდენტი ვენსი აცხადებს: „ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი კვლავ ხელუხლებელია და ირანის კონტროლის ქვეშაა, რაც პოტენციურად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ირანისთვის ბირთვული ბომბის შექმნის სამომავლო გზის დაბლოკვის თვალსაზრისით”.
ამასობაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში ჩავიდა. ირანის პარლამენტმა კი ჰორმუზის სრუტის (ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის) დახურვას მხარი დაუჭირა. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, რადგან საბოლოო სიტყვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ეკუთვნის, რომელიც უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს. არ შემიძლია ვთქვა, საბოლოოდ მიიღებს თუ არა ირანი ასეთ გადაწყვეტილებას ან მიღების შემთხვევაში შეძლებს თუ არა მის რეალიზებას, მაგრამ ეს თუ განხორციელდება, მსოფლიო საგიჟეთს დაემსგავსება უფრო მეტად, ვიდრე დღეს ჰგავს.
რას უქადის ეს საქართველოს და როგორ უნდა მოვიქცეთ დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გზას აცდენილი ქართველები? აქ უკვე ისმის სიხარულის ყიჟინა, რომელიც დასავლეთის აგენტურისგან მოდის: აშშ-მა ირანს რაკი დაარტყა, სადაც მისთვის მიუღებელი ხელისუფლებაა, ხვალ საქართველოს დაარტყამს, ვინაიდან მათთვის აქაც მიუღებელი ხელისუფლებაა. არ ვიცი, მართლა ასე განვითარდება თუ არა მოვლენები (გამორიცხული რომ არაფერია, თავადაც ხედავთ), მაგრამ სწორი დასკვნის გასაკეთებლად სულაც არ არის აუცილებელი, რომ ვიღაცამ თავში ურო გვირტყას. გზასაცდენილობაა ჩვენი უპირველესი პრობლემა. რამდენიმე მიმართულებით ავცდით გზას: პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ისტორიული, პრაგმატული და, რაც მთავარია, ზნეობრივი მიმართულებებით. რაკი ყველაფერს ზურგი ვაქციეთ, პრაგმატული თვალსაზრისით მაინც უნდა მიგვეღო შედეგი, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რაღაა უნდა გვეხეირა, მაგრამ ესეც არ ჩანს. არც გამოჩნდება, რადგან პრეცედენტი არ ყოფილა იმისა, რომ უსწორო გზით მავალი სწორად მისულიყო დანიშნულების ადგილზე. კურსი უნდა გასწორდეს, საგარეო ორიენტაცია უნდა შეიცვალოს. ამას გვკარნახობდა ყველაფერი, რაც ამ ორმოცი წლის მანძილზე ჩვენს თავს ტრიალებდა, და ამას გვკარნახობს ყველაფერი, რაც ახლა მსოფლიოში ტრიალებს.
შეიძლება ძველი ნათქვამით ვინუგეშოთ თავი: ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. კი, შეიძლება, ისე მართლა არ იწვიმოს, როგორც ქუხს, მაგრამ ქუხილი…
ო, ქუხილი, როგორც ჩანს, ბლომად იქნება.
ვალერი კვარაცხელია