Home რუბრიკები საზოგადოება ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე

ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე

2187
ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე

სწავლება მიდის იქით, რომ ბავშვს ჩააგონონ: მთავარია, შენ იყო კარგად და გარშემო მყოფთ კისერიც უტეხიათ

მორიგი ტრაგედია საქართველოში: 19 წლის გიორგი შაქარაშვილი თანატოლებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს (ან საფრთხისგან გაქცევისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა; ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება). არ აქვს მნიშვნელობა, ვინ 20 წლის იყო, ვინ ერთით მეტის ან ნაკლების, ერთი თაობის ყმაწვილები არიან. ჰო, ყმაწვილები და არა კაცები. უფროსებმა ხომ ვიცით, რომ ამ ასაკში ყველაფერი სხვანაირად გვეჩვენება, მერე და მერე ვხვდებით, რომ ბავშვურ ილუზიებში ვიყავით.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამდე იყო დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სასტიკი მკვლელობები და მაშინაც მხარეების კამათში სამეგობრო ჩაერია _ მივიდნენ, გაშველება-შერიგების (როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე, “ბნელი საბჭოეთის” დროს) ნაცვლად ხელახლა გააღვივეს კონფლიქტი და, თუ სარალიძე და დადუნაშვილი დანებით დაჩეხეს, შაქარაშვილი, დიდი ალბათობით, რკინის ხელკეტებით გაიმეტეს სასიკვდილოდ. მართალია, ჯერჯერობით გამოძიებას კონკრეტული დეტალები არ უთქვამს, მაგრამ ყველაფერი აქეთ მიდის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ შინ მიმავალ ბიჭებს თავს დაესხნენ. ვიღაცამ გაქცევით უშველა თავს, ვიღაცამ გაქცევა ვერ შეძლო და კიდევ ერთი სიცოცხლე შეწყდა ნაადრევად.

საზოგადად, სკოლაში არსებული პრობლემები ისე თვალსაჩინოა, ჩაკირკიტებაც არ უნდა. მხოლოდ ის რად ღირს, განათლების ყველა ახალმა მინისტრმა საგანმანათლებლო სისტემის საკუთარ თარგზე მოჭრა რომ გადაწყვიტა: ზოგმა ამერიკული მოდელის დამკვიდრება სცადა, ზოგმა _ ფრანგულის. არადა, გვქონდა სწავლების მოდელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა. იმ მოდელით სკოლადამთავრებულები განათლებასაც იღებდნენ და ერთმანეთის ხოცვაჟლეტის მაგივრად მეგობრობას, თანადგომას, ურთიერთგატანას, სუსტის მფარველობას, სულგრძელობასა და კეთილშობილებას სწავლობდნენ და ისისხლხორცებდნენ. იმ განათლების სისტემით ადამიანი ადამიანისთვის ამხანაგად, მეგობრად და ძმად ყალიბდებოდა. ის განათლების სისტემა მოვშალეთ თუ მოგვაშლევინეს, დაგვინერგესპროგრესული” _ ხან ამერიკული, ხან ევროპული და ხან კიდევ, ვინ იცის, სადაური განათლება და შედეგსაც ვიმკით: ახალგაზრდები, ფაქტიურად, ჯერ კიდევ ბავშვები მცირე საბაბის გაჩენისთანავე სასიკვდილოდ იმეტებენ ერთმანეთს.

თუმცა, ის, რაც ხდება, მხოლოდ სკოლის პრობლემა არ არის. ტელევიზიები ავიღოთ. საკმარისია, ტელეკომპანიებმა რომელიმე ფილმს მიაწერონ +18 და ყველანაირ ვალდებულებას იხსნიან. მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, ფილმი სასტიკ მკვლელობაზეა, არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე თუ ძარცვა-ყაჩაღობაზე. ტელევიზია პასუხისმგებლობას იხსნის და მშობელს აკისრებს. ჰო, მშობელს, რომელმაც უნდა შეხედოს ეკრანს, დაინახოს, რომ აწერია +18 და არასრულწლოვან შვილს აუკრძალოს ფილმის ყურება. ეს რომც გააკეთოს ნებისმიერმა ჩვენგანმა, გამოსავალი მაინც არ არის. ბავშვი იმავე ფილმს ზუსტად ორ წუთში იპოვის ინტერნეტში, ტელეფონში, პლანშეტში… ფაქტია, “ცივილიზებულ” სამყაროში ყველა და ყველაფერი ცუდი იოლი ხელმისაწვდომია. ათ წლამდე ბავშვი კომპიუტერში მულტფილმების ყურებისას მოულოდნელად შეიძლება პორნოსაიტზე აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ე.წ. მეკობრული ვებგვერდები თავიანთ რეკლამას ტენიან ყველგან და ყველაფერში. იმავე ბავშვს უსასტიკესი მკვლელობების ნახვაც შეუძლია, რადგან ვიღაცამ სადღაც რაღაც გადაიღო, ატვირთა და… ხელები დაიბანა. ეს, შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ამ ყველაფრის ერთერთი მოტივატორი ლიბერალიზმია. თავს მოხვეული ლიბერალიზმი, რომელმაც უკვე არეულობისა და ქაოსის ჭაობში ჩაითრია ამერიკის შეერთებული შტატები _ ზესახელმწიფო და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რა დაგვემართება?!

ორი წლის წინათ მეგობარმა თავისი 6 წლის შვილი სუპერმარკეტში შეიყვანა, იქიდან გამოსულმა კი მამობრივად, ძმაკაცურად, რაც გნებავთ, ის დაარქვით, მსუბუქი ჭიტლაყი უთავაზა. პირადად ვნახე ეს ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული, ბავშვიც ხალისობს, მამა ფეხს კი არ ურტყამს, უბრალოდ, ახლოს მიაქვს, მაგრამ… მანქანა გაჩერდა, იქიდან ვიღაც გოგო გადმოხტა, არასამთავრობო ვარო, პატრული გამოიძახა, ბავშვის უფლებები დაირღვაო და სასამართლოში იჩივლა. მოკლედ, ამ ჩემს მეგობარს 2-წლიანი პირობითი სასჯელი მისცეს იმისთვის, რომ თურმე ამ ქმედებით ბავშვის თავმოყვარეობა შეურაცხყო. და ახლა რა ხდება? შესაძლოა ხუმრობით, შესაძლოა ქვეცნობიერის ზეგავლენით, მაგრამ ბავშვი კვირაში ერთხელ მაინც უმეორებს მამამისს: ამას თუ არ მიყიდი, პატრულში დავრეკავ და ვიტყვი, რომ მჩაგრავო. ანუ, ჭირვეული გახდა, მიხვდა 8 წლის მოზარდი, რომ შეიძლება მშობელს არ დაემორჩილოს და, მამა თუ გაჯიუტდა და წესიერებისკენ მაინც მოუწოდა, პატრულში დარეკოს და მშობელს პრობლემები შეუქმნას. მივა ის ბავშვი 14-15 წლამდე, როცა სამყარო შენი წინააღმდეგი გგონია, და არავინ იცის, როგორ მოიქცევა იგი. ასეთი შემთხვევა ათასობითაა და არა მხოლოდ შინ და ქუჩაში, არამედ სკოლაში, თანაც ყველაზე მძაფრად. მასწავლებელს მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემის ეშინია, მანდატური ლამის ჟანდარმის ფუნქციას ასრულებს და მასწავლებლებს სამსახურის დაკარგვის შიშით ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა უწევთ. მათ აღარ აქვთ მეორე მშობლის ფუნქცია _ ლიბერალურმა მიდგომამ წაართვა, ჩვენ წავართვით, იმ მშობლებმა წაართვეს, ბავშვის დატუქსვის გამო მასწავლებლის სკოლიდან გაშვება რომ მოითხოვეს და საწადელსაც მიაღწიეს. სწორედ ამის შემდეგ ირწმუნეს ბავშვებმა თავიანთი უძლეველობა და ამის შემდეგ დაიწყეს ლიბერალიზმით მიღებული ვითომ პრივილეგიების სრულად გამოყენება.

იქამდე მივედით, რომ დღეს საქართველოში შვილის დატუქსვატეხავს”, იმიტომ, რომ მეზობელმა არ თქვას, _ მოძალადე მშობელიაო. სკოლებში სპეციალური პროგრამებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ტვინს ურეცხავენ მომავალ თაობას, უფროსების პატივისცემას კი არა, დაუმორჩილებლობას ასწავლიან, უპირველესად კი _ მშობლის უპატივცემულობას. რეალურად, სწავლება მიდის იქით, რომ ბავშვს ჩააგონონ, მთავარია, შენ იყო კარგად და გარშემო მყოფთ კისერიც უტეხიათ

ფილმებით იწამლებიან ბავშვები, უყურებენ, როგორ ხოცავენ პატარები ერთმანეთს, როგორ ძალადობენ, აუპატიურებენ, მერე ციხეში როგორ რომანტიკულ გარემოში ცხოვრობენ, პრაქტიკულად “ექსტრიმია” ლამაზად გადმოცემული და ამიტომ არ ეშინიათ, არ ფიქრობენ. მაგალითიც ბევრი აქვთ, აგერ, გირგვლიანის მკვლელებს შერჩათ, ცოტა ხანს ისხდნენ ციხეში, გამოვიდნენ დაგულაობენ”; მანამდე რობაქიძის მკვლელობის დამფარველგამპრავებლებიც მარტივად გამოძვრნენ და ასე, გამოძრომის იმედად არიან კვლავაც და იოლად სჩადიან დანაშაულს. სოციალურ ქსელს თუ გადაავლებთ თვალს, არა ერთ და ორ კომენტარს ნახავთ, რომ 17 დაკავებულიდან დამნაშავე მხოლოდ ერთი ან ორი იქნება, დანარჩენები რა შუაში არიანო და აგორდება ამბავი, იქნება სალაპარაკო და მერე ყველას მიავიწყდება. ზუსტად ისე, როგორც დადუნაშვილი და სარალიძე ახსოვთ მხოლოდ მათ ოჯახებს და რამდენიმე ათეულ კაცს, თორემ საზოგადოებას, კარგა ხანია, არ გახსენებია და არც გაახსენდება.

საინტერესო, იცით, კიდევ რა არის? ღამის 12 საათზე 19-20 წლის ყმაწვილები თბილისიდან მცხეთაში “მერსედესებით” რომ დაქრიან, მშობლები კი არ კითხულობენ, სად არიან. შვილი ღამის 12 საათზე შინიდან გარეთ რომ გადის, მშობელმა რატომ არ ჰკითხა _ სად და რისთვის მიდიხარო? იმიტომ, რომ ლიბერალიზმია, თავისუფლება. მშობლებს კი არაფერი უთხრეს პრობლემის შესახებ იმიტომ, რომ ესეც “ტეხავს”, არ უნდა იცოდნენ მშობლებმა პრობლემა რომ არსებობს, დიდი ბიჭები არიან, თვითონ მოაგვარებენ და აჰა, მოაგვარეს _ თანატოლის სიცოცხლე შეიწირეს.

ისევ შტატებს დავუბრუნდეთ. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ლიბერალიზმი იდიოტიზმში გადავიდა და მას ისეთი სახელმწიფოს წაქცევაც კი შეუძლია, როგორიც ამერიკაა. კბილებით იბრძვის ახლა ამერიკელი ხალხი იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს, მაგრამ არ გამოვა ეს ასე მარტივად (თუ გამოვიდა, საერთოდ). ლიბერალებმა კარგად იციან, რომ ახლა გადამწყვეტი მომენტია, თუ ამერიკას წააქცევენ, საქართველოსნაირ სახელმწიფოებს ხურდაში ისე მიაყოლებენ, თითის განძრევაც არ დასჭირდებათ. და ახლა, ამ დროს, ასეთ პირობებში ჩვენ კვლავ ლიბერალიზმს ამოფარებულები ვცდილობთ, შვილები არაფერში შევზღუდოთ, არაფერი დავუშალოთ, მეზობელმა რამე რომ არ თქვას, თანამშრომელმა ცუდად რომ არ შემოგვხედოს. ვწირავთ მასწავლებელს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ერთად მოვითხოვოთ განათლების სისტემის ისე შეცვლა, რომელიც სწორედ ჩვენს შვილებზე იქნება მორგებული და არა რომელიმე მიმდინარეობაზე.

მანამდე კი წელიწადში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მთელი ერი ტირის საჯიშე ბიჭებს, გლოვობს, მარხავს. შემდეგ კი ეს ყველაფერი გვავიწყდება და ასე ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. გავა რამდენიმე თვე და ეს ანგელოზივით ბიჭიც მხოლოდ მის მშობლებსა და ათამდე ადამიანს ემახსოვრებათ.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ტრაგედია რომ მოხდა, ფაქტია. მაგრამ იმის გამოძიებას თუ რატომ მოხდა, თავიდან დაწყება სჭირდება და არა ბოლოდან დაწყება. ბ-ნი ბესო კი მას ბოლოდან იწყებს: „საინტერესო, იცით, კიდევ რა არის? ღამის 12 საათზე 19-20 წლის ყმაწვილები თბილისიდან მცხეთაში “მერსედესებით” რომ დაქრიან, მშობლები კი არ კითხულობენ, სად არიან. შვილი ღამის 12 საათზე შინიდან გარეთ რომ გადის, მშობელმა რატომ არ ჰკითხა _ სად და რისთვის მიდიხარო?“ მე მგონი, ჯერ უნდა ვიკითხოთ: 1. „იუბილარმა“ გოგომ რატომ გამოიყენა თავისი „დაბდღე“ ბიზნესის გასაკეთებლად: ქალაქგარეთ, ნაქირავებ ბინაში, ბილეთები გაყიდა და, კორონაკარანტინის პირობებში, ერთმანეთის უცნობი 50 ახალგაზრდა სამთვრალაო სუფრაზე დასვა. მშობელმა რატომ არ ჰკითხა _ სად და რისთვის მიდიხარო?“; 2. ე.წ. „საბურთალოელებს“ რა ბზიკმა უკბინათ, რომ პირველებმა (დანაშაულის პირველწამომწყებს სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს) ჩხუბი აუტეხეს და დაუნდობლად სცემეს ე.წ „ნაძალადეველი“ თანამესუფრენი? მშობლებმა რატომ არ ჰკითხეს მათ_ სად და რისთვის მიდიხართო? პროკურატურამ, წესით, ეს საქმე ცალკე უნდა გამოყოს და დამნაშავე „ყოჩებს“ პასუხი მოსთხოვოს; 3. უკვე ვიცით; 4. არ ვიცით, რა ვითარებაში მოხდა ტრაგედია; 5. ტოლერანტობით რომ ვტრაბახობთ, ბავშვებს, ოჯახშიც და სკოლაშიც, ერთმანეთის მიმართ ურთიერთშემწყნარებლობა უნდა ვასწავლოთ, ფსიქოლოგია და ანთროპოლოგია უნდა ვასწავლოთ, რომ ყველანი ადამიანები და თანასწორები ვართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here