ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, ბ-მა ალი მოჯანიმ, შეხვედრა გამართა ქართველი ჟურნალისტების ერთ ჯგუფთან.
მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ირანის მიზანი არ ყოფილა რეგიონული ომი. ისლამურმა რესპუბლიკამ ჯერ კიდევ თვეების წინ გააფრთხილა ყველა მეზობელი სახელმწიფო, მათ შორის, აზერბაიჯანი და სომხეთი, რომ მათ არ დაეშვათ აშშ სამხედრო ბაზების ამოქმედება ირანის წინააღმდეგ ან სხვა საშუალებების გამოყენება აგრესიის ხელშესაწყობად. როგორც კი დაიწყო აგრესია, ირანმა ერთ საათში უპასუხა და გადავიდა აქტიურ თავდაცვით ღონისძიებებზე.
„ჩვენ თავს ვიცავთ, მეტი არაფერი“ – დასძინა სეიედ ალი მოჯანიმ.
ელჩის თქმით, ირანი არ არის შეზღუდული დროით, განსხავავებით ტრამპისა და ისრაელის რეჟიმებისგან და ბოლომდე იბრძოლებს. ელჩი დარწმუნებულია, რომ ირანი არ არის ის სახელმწიფო, ვისაც ვინმე ომის საშუალებით დააჩოქებს.
ქუვეითის ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილი ტრამპს არ ადარდებს და არც ის მსხვერპლი, რომელიც ამერიკელებს მომავალში ელით – განაცხადა ელჩმა. ალი მოჯანიმ ასევე ახსენა ისრაელის რეჟიმის ლიდერის, ნეთანიახუს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს დგება „ახალი შიიზმის და ახალი სუნიზმის“ დრო. ისლამური რესპუბლიკის ელჩის აზრით, ეს არის ის, რაც მიმდინარე ომს რელიგიურ ელფერს სძენს. ელჩი ასევე სვამს კითხვას: რატომ საუბრობს ნეთანიახუ სუნიტებზეც, გარდა შიიტებისა, ირანის გარდა ხომ არ სურს მას თურქეთის ან ეგვიპტის გარდაქმნა?
ელჩმა მოჯანიმ დანანებით მოიხსენია საერთაშორისო ორგანიზაციების უმოქმედობა. არ მომხდარა აქტიური დაგმობა 158 ირანელი მოსწავლის დახოცვისა გოგონების სკოლაში, ასევე არ ამოუღია ხმა იუნესკოს, როდესაც დაიბომბა მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმები. „თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს საზოგადოებრივი აზრისა, სხვადასხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრი ჩვენს მხარეს არის“ – აღნიშნა ირანის ელჩმა.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია ირანული მსხვილი საწარმოები, ნავთბმომპოვებელი და ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, ასევე მეტალურგიის ქარხნები, ელჩმა დაადასტურა, რომ აშშ და ისრაელი ბომბავს ირანის ნავთობის სექტორს და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და დარტყმები რეგიონში არსებულ ანალოგიურ ობიექტებზე მხოლოდ პასუხია აგრესიაზე. მთლიანობაში კი ირანს პრობლემები არ შექმნია ელექტროენერგიით მომაგარებასა და კავშირგაბმულობაში. თუმცა მთავარი, რაც ირანს აწუხებს, ამერიკული ბაზებია და ძირითადი დარტყმები ირანისა ამ ბაზებზე მოდის.
ჩვენს მეორე შეკითხვას, ახლა მაინც თუ დაინახეს ირანის არაბმა მეზობლებმა, რომ ამერიკული ბაზები მათ ინტერესში არ შედის და საჭიროა ამ ბაზების დახურვა, ელჩმა მრავალმნიშვნელოვანი პასუხი გასცა: „თქვენ თუ ნახეთ ბაჰრეინში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჩვენს სარაკეტო დარტყმას რა სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა, მიხვდებით, რომ ხალხის სიმპათია ჩვენს მხარესაა. ეს ეხება არა მხოლოდ ბაჰრეინს“.
ელჩმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხები გასცა. მან არ დაადასტურა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დაზიანება, ასევე ისურვა, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა სწორი გეოგრაფიული ტერმინოლოგია გამოიყენონ ირანთან მიმართებაში, აღიარონ მისი ტერიტორიული მთლიანობა. მაგალითად, როდესაც სპარსეთის ყურეს არ უწოდებენ ამ სახელს, ეს აღიქმება, როგორც ირანის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა. ირანი, თავის მხრივ, მტკიცედ აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს სცემს ქართველების ხსოვნას ირანის ისტორიაში, რაც შესაბამის ტოპონიმიკაზეც აისახება.
გულბაათ რცხილაძე
(სპეციალურად “ნიუსფრონტისთვის” და “საქართველო და მსოფლიოსთვის”)







