შსს-ს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულებს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
,,მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა, ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც.
შსს-მ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონის დადგენილ ფარგლებს. თუმცა, აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდეგ აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 322-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – განაცხადა დარახველიძემ.