Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული პოლიტიკური ინსულტი და მოპარული “ბირთვული ჩემოდანჩიკი”

ქართული პოლიტიკური ინსულტი და მოპარული “ბირთვული ჩემოდანჩიკი”

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

449

ოცდამეთორმეტე გამოშვება

მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას”.

ლუკა (14,1)

პირად ცხოვრებაზე გაკეთებული ფარული ჩანაწერების ოცდაოთხი ათასი ფაილი დღისით, მზისით, ჩვენ თვალწინ განადგურდა 2013 წელს, მაგრამ… არ განადგურებულა კომპრომეტაციის გზით საზოგადოებაზე გავლენის მოპოვების დანაშაულებრივი ფსიქოლოგია, არ დასჯილან ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ უკანონო მიყურადებით, თვალთვალით, გადაღებით; რაც მთავარია, არ განადგურებულა სისტემა, რომელიც წარმოშობს, ჰგუობს და იყენებს ამორალურსა და მიუღებელ მეთოდებს. ამ მიმართულებით არც არავის უფიქრია საქართველოში.

ერთ-ერთმა ქართულმა ანალიტიკურმა პორტალმა (“თვალსაზრისი”) გამოაქვეყნა საინტერესო მასალა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძეს თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ერთ-ერთი პირველი ბრძანებით მართლმადიდებელ ეკლესიებსა და სასულიერო პირებზე თვალთვალი, მიყურადება და ფარული ჩაწერა-მოსმენები აუკრძალავს. არავითარი საფუძველი არ მაქვს, ხსენებულ საიტს არ ვენდობოდე, მაგრამ ეს ინფორმაცია ისე უცნაური და დაუჯერებელი მეჩვენა, რომ გადამოწმების სურვილი აღმეძრა, რის გამოც დავუკავშირდი ბატონ იგორ გიორგაძეს, რომელმაც დამიდასტურა ეს ფაქტი. მან მისი ეს არაორდინარული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ეკლესიაზე მოსალოდნელი ფორსირებული შეტევის შესახებ უკვე იცოდა მსოფლიოში ცნობილი მოღვაწეების იმ გულახდილი განცხადებებიდან, რომელთა მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართლმადიდებლობა დასავლეთის მთავარ სამიზნედ ცხადდებოდა. “მინდოდა, რომ ქართული, სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ამ თვალსაზრისით მაინც ყოფილიყო დაცული”, _ მითხრა მან. საოცარია ის ფაქტიც, რომ ბატონ იგორ გიორგაძეს ეს თამამი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიუღია და იგი არც იმდროინდელ სახელმწიფო მეთაურთან (ედუარდ შევარდნაძე) და არც პარლამენტთან წინასწარ არ შეუთანხმებია. მას შემდეგ თითქმის ოცდაათი წელიწადი გავიდა. უშიშროების ის მინისტრი, რომელიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ფარული თვალთვალისა და მიყურადებისგან იცავდა, დღემდე დევნილია, ქართული მედიასივრცე და ეთერი კი გადავსებულია სასულიერო პირებისა და საქართველოს ეკლესიის იერარქებისადმი მიყურადების შედეგად მოპოვებული კადრებითა და ინფორმაციით

ის საკითხი, რომ ეკლესიისა და საეკლესიო პირების ფარული თვალთვალისგან გამათავისუფლებელი მინისტრი ოცდაექვსი წლის განმავლობაში სამშობლოდან დევნილია და სასამართლოს მისთვის განაჩენი დღემდე არ (ვერ) გამოაქვს, ხოლო ეკლესიის შევიწროვება-დისრედიტაცია პიკს აღწევს, სერიოზული მსჯელობის თემაა, მაგრამ ეს საკითხი დროებით განზე გადავდოთ…

რა არის ფარული მიყურადება და როდისაა იგი კანონიერი?

არსებობს დანაშაული, რომელიც დაუგეგმავად ხდება, მაგრამ დანაშაულის განსაკუთრებით მძიმე ფორმა წინასწარგანზრახული დანაშაულია; არა შემთხვევითი, არა მყისიერი, არა აფექტის ნიადაგზე აღმოცენებული, არამედ აწონილ-დაწონილი და შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული დანაშაული. ეს დანაშაულის ერთმანეთისგან განსხვავებული კატეგორიებია. დანაშაულის ის კატეგორია, რომელიც წინასწარგანზრახული, ანუ დაგეგმილი დანაშაულია, პრევენციას ექვემდებარება. რაკი დანაშაულის დაგეგმვის მომენტიდან მის უშუალო განხორციელებამდე აუცილებლად რჩება დროის გარკვეული მონაკვეთი, ესე იგი, მისი თავიდან აცილების თეორიული შანსიც ჩნდება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ერთი პირობა: ის ორგანოები, რომლებიც არამხოლოდ დანაშაულის გახსნაზე, არამედ მის პრევენციაზე არიან პასუხისმგებელნი, უნდა ფლობდნენ ინფორმაციას დანაშაულის მზადებისა და დაგეგმვის შესახებ. ამგვარი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია აგენტურული ქსელისა და მიყურადების მექანიზმების (ფარული თვალთვალი, მოსმენა, გადაღება, ჩაწერა და ..) გამოყენებით. ამდენად, ეს მეთოდები, რომლებსაც უშიშროების სამსახურები პრაქტიკაში ფართოდ იყენებენ, ერთობ კეთილ მიზნებს ისახავს. პრობლემა იქ ჩნდება, სადაც ამ კეთილი მიზნებისთვის სამოქმედო არეალის თვითნებური გაფართოება იწყება. რაკი არსებობს უფლებამოსილი ლეგალური სამსახური თავისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური აღჭურვილობით, მისი სამოქმედო არეალის შემოსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან დანაშაული ყველგან შეიძლება მზადდებოდეს _ საბავშვო ბაღით დაწყებული და ჯანმრთელობის დაცვის სისტემით, მეცნიერებათა აკადემიით, სააფთიაქო ქსელით ან სულაც ეკლესიით დამთავრებული… უშიშროების სამსახურს რაკი კანონით აქვს დავალებული დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა და ამ მიზნით გარკვეული მოქმედებების განხორციელების უფლებაც აქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი ისე გაკონტროლება, რომ ამ საქმეში საკუთარი ან სხვისი (თუნდაც სახელმწიფოს მმართველი უმაღლესი პირების) კანონგარეშე ინტერესების გასატარებლად მისი უზარმაზარი უფლებამოსილების გარკვეული ნაწილი მაინც ვერ გამოიყენოს, ამიტომ არის, რომ სამსახური, რომელიც სახელმწიფოს უშიშროების საქმეს ემსახურება, საშიშროებად არის ქცეული სახელმწიფოს ცალკეული სტრუქტურებისთვის და ყოველი კონკრეტული ადამიანისთვის

12 სექტემბერს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ფარული ჩანაწერები, რომლებმაც, მათივე თქმით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გაჟონა. საუბარია უზარმაზარი მოცულობის მასალაზე, რომელიც წმინდა სინოდის წევრებისა და სხვა სასულიერო პირების, აგრეთვე, პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრებისა თუ საქმიანობის სხვადასხვა ეპიზოდებს ეხება. გავრცელდა წერილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლისა, რომელმაც, როგორც ირკვევა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წერილის შინაარსი ასეთია:

“არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე. მას საშინელი სახელი არ ჰქვია, პირიქით, კეთილშობილი სახელი აქვს _ სახელმწიფოს უსათრთხოების სამსახური. სინამდვილეში კი, არაფერი ისეთ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს სახელმწიფოს და არაფერი ისე არ ხრწნის, როგორც _ ჩვენ!

ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ!

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენ შესახებ, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენს სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხთ სახელს, ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით!

ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, სიბილწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია!

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ სისაძაგლისა, რომელშიც, ღმერთმა მაპატიოს, წლები გავატარე. ღმერთმა ქნას, გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ _ ვერ მიპოვით მაინც!

ყოველივე ამის შემოქმედთ და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!”

უსაშინლესი წერილია, თავზარდამცემი აღსარებაა, მაგრამ… მაგრამ ახლა ვერავის და ვერაფერს ვერ ენდობი, კაცმა არ იცის, სად არის სიმართლე და სად _ მონაჩმახი, ვინ რა დაწერა და ვის რა მიაწერეს; ვინ მოკლეს და ვინ თვითმკვლელად გამოაცხადეს; ვინ პატიოსნად ცხოვრობს, მაგრამ ავაზაკად ცხადდება; ვინ მკვლელი და სატანასთან წილნაყარია, მაგრამ უცოდველი კრავივით გამოიყურება… “აირია მონასტერი”; “ძაღლი პატრონს ვერა ცნობს”; “დედა შვილს არ აიყვანს”… _ ეს საზოგადოებრივი ქაოსის გამომხატველი ქართული გამონათქვამებია. ქვეყანაში აპოკალიფსური რეალობა დადგა, სადაც უსაშინლესი ეპიზოდებია აღწერილი: “აჰა, საშინლად იძრა მიწა და გაშავდა მზე, როგორც ძაძა. და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილიდან იძრა”.

ამის წაკითხვისას, ერთადერთი, რაც შეგიძლია მოიმოქმედო, არის ის, რომ აღაპყრო თვალები ცისკენ და სასოებით წარმოსთქვა: ღმერთო! მერე, როდესაც ელდა გაივლის, შიშის კანკალი, ასე თუ ისე, დაცხრება და, რომ იტყვიან, გულიც საგულეს ჩადგება, ალბათ, უნდა იკითხო: რა არის ეს? ნუთუ შეიძლება, რომ ასე დასრულდეს ყოველი? შეკითხვებზე პასუხი თავისთავად მოვა: რატომაც არა?! არათუ ღმერთის, უკვე ადამიანების ხელშია საკმარისი ტექნიკური არსენალი იმისა, რომ ერთ დაწყევლილ დღეს, როგორიც იყო 1945 წლის 6 და 9 აგვისტო ჰიროსიმასა და ნაგასაკისთვის, საშინლად იძრას მიწა და გაშავდეს მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდეს მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრას ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავთავიანთი ადგილებიდან იძრას. ღვთის რისხვა და ზეციური სამართალი აღარაა საჭირო, თვით ადამიანთა ხელშია უკვე ეს შესაძლებლობები. და ესეც ღვთის ნება იქნება, ოღონდ _ ჩვენივე ხელით განხორციელებული. აქეთ მიემართება ახლა პლანეტა და კაცობრიობა.

რამდენიმე დღეა, რაც აშშ-ში გამოვიდა ჟურნალისტების _ ბობი ვუდვორდისა და რობერტ კოსტის წიგნი “საფრთხე”, რომელშიც მოთხრობილია დაუჯერებელი ისტორია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ყოფნის ბოლო დღეებში განზრახული ჰქონდა ჩინეთზე ბირთვული შეტევის განხორციელება. წიგნში მოთხრობილი ამბავი, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, კიდევ უფრო დაუჯერებელია: პრეზიდენტ ტრამპის მთავარი სამხედრო მრჩეველი, სამხედრო მეთაურთა შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი, წიგნის ავტორთა მტკიცებით, თურმე, დაცული არხით ორჯერ დაკავშირებია ჩინეთის მაღალი თანამდებობრივი ცენზის მქონე გენერალს და გაუფრთხილებია იგი პრეზიდენტ ტრამპისგან მომდინარე ბირთვულ საფრთხეზე. გენერალი მილი უფრო შორსაც წასულა. 2021 წლის 8 იანვარს პენტაგონში მას სასწრაფო თათბირი მოუწვევია, რათა კიდევ ერთხელ ერთად გადაეხედათ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ ბრძანებათა გაცემის პროცედურისთვის და მკაცრად გაუფრთხილებია ისინი, რომ არ დამორჩილებოდნენ არავის ბრძანებას, სანამ თვითონ არ დაადასტურებდა ბრძანების შესაბამისობას მოქმედ ინსტრუქციასთან. ეს საოცარი ისტორია ამით არ ამოწურულა. წიგნში მოყვანილია სტენოგრამა გენერალ მილის სატელეფონო საუბრისა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან. ქალბატონი პელოსი პრეზიდენტ ტრამპს შეშლილს უწოდებს: თქვენ ტრამპი კაპიტოლიუმზე შეტევისას რადგანაც ვერ შეაჩერეთ, ღმერთმა იცის, კიდევ რას მოიმოქმედებს იგი. თეთრ სახლში ვინმე მაინც თუ დარჩა, პასუხისმგებლობის მქონე პირი, რომელიც, მისი მსუქანი უკანალის კოცნის გარდა, კიდევ სხვა რამით არის დაკავებული?! თქვენ ხომ იცით, რომ ის შეშლილია, იგი დიდი ხნის წინათ შეიშალა”.

ეს წიგნი, როგორც ხედავთ, დაუჯერებელ ამბებს მოგვითხრობს, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. სატელეფონო საუბრის სტენოგრამაში ნენსი პელოსის ამ სიტყვებზე გენერალ მარკ მილის პასუხიცაა მოყვანილი: მე ვეთანხმები თქვენ მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ბირთვული იარაღი უსაფრთხოდ არის დაცული”. ეს სიტყვები არცთუ ირიბი დადასტურებაა იმისა, რაც იქამდეც იყო ნათქვამი. გენერალმა მარკ მილიმ პრეზიდენტ ტრამპსბირთვული ჩემოდანჩიკიმოჰპარაო. ღმერთო, შენ გვიხსენი! აშშის პრეზიდენტს სამხედრო საკითხებში მისმა მრჩეველმაბირთვული ჩემოდანჩიკითუ მოჰპარა, საშიშია ამ პლანეტაზე ცხოვრება, ძალიან საშიში. ეს ხომ ისჩემოდანჩიკია”, რომელსაცაპოკალიფსშიაღწერილი ამბების რეალობად გადაქცევა თვალის დახამხამებაში შეუძლია:

“აჰა, საშინლად იძრა მიწა და გაშავდა მზე, როგორც ძაძა. და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილიდან იძრა”. აი, ყოველივე ამის შემძლე “ჩემოდანჩიკი” მოუპარავს მის მრჩეველს აშშ-ის პრეზიდენტისთვის და სადღაც “საიმედოდ” გადაუმალავს, რის შესახებაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვისაც მოუხსენებია და პეკინში მისი კოლეგა გენერლისთვისაც ჩაუბარებია ანგარიში. ყოველივე ამის პასუხად ტრამპმა ღია ეთერში განაცხადა: ყველაზე დიდი სისულელე, რაც ოდესმე მომისმენია, ისაა, რომ მე ჩინეთზე თავდასხმას ვაპირებდი”. ტრამპმა ამ საკითხს მეორე მხრიდანაც შეხედა.თუ დადასტურდება, რომ გენერალი მარკ მილი ჩინეთს დაუკავშირდა და აშშის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა, ეს უკვე სამშობლოს ღალატია!” _ სრული კატეგორიულობით თქვა მან.

ამ დაუჯერებელ ამბავს სიმართლის ელფერი თუნდაც იმის გამო დაჰკრავს, რომ ინაუგურაციის დღეს ტრამპმა დაარღვიაბირთვული ჩემოდანჩიკისგადაცემის ის პროტოკოლური ცერემონია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის თანაშემწემ, რომელიც სწორედ იმჩემოდანჩიკითხელში პრეზიდენტის გვერდით იმყოფება და ფიცის დადების მომენტში იგი ახალი პრეზიდენტის თანაშემწეს უნდა გადასცეს. ტრამპი საერთოდ არ დაესწრო ცერემონიას და სწორედ ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონიდან მერილენდის შტატში გაფრინდა, რის გამოც, ბუნებრივია, “ჩემოდანჩიკის” გადაცემის პროტოკოლიც დაირღვა და ტრადიციაც. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, იმ დღეს პრეზიდენტ ბაიდენისთვის ახალი (მეორე) “ბირთვული ჩემოდანჩიკი” გაუაქტიურებიათ, ხოლო ძველის დეზაქტივაცია ჩაუტარებიათ. დღემდე საიდუმლოებითაა მოცულიჩემოდანჩიკისრეალური ისტორია, რომელსაც, შესაძლებელია, ჟურნალისტების ამ ახალმა წიგნმა აჰხადოს ფარდა.

ასეთია მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ. საქართველოში ამ ბინძური, გაუთავებელი, ტოტალური თვალთვალისა და მიყურადება-მოსმენების ისტორია იმიტომ დავაკავშირე აშშ-ის “ბირთვული ჩემოდანჩიკის” მოპარვის ისტორიასთან, რომ ეს ამბები ზოგადი ლოგიკითაა ერთმანეთთან გადაბმული. საქართველოში ვაიპოლიტიკოსები ამ ბოლოდროინდელ სკანდალზე, რომელიც უკანონო ფარულ მოსმენაჩაწერებს ეხება, გაჰკივიან, რომ ეს საბჭოთა პრაქტიკაა, კომუნისტური გადმონაშთია და .. საკვირველი და გამაოგნებელი განცხადებებია. მათ რომ ჰკითხო, ოცდაათი წელიწადია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და დღეს უკვე აშშის სტრატეგიული პარტნიორი, ნატოს ასპირანტი და ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში გაუთავებლად გვესმის ფარული მიყურადება-თვალთვალის შესახებ, რომელიც მთელი ძალით არჩევნების წინა პერიოდში იფეთქებს ხოლმე. რა შუაშია აქ საბჭოთა კავშირი ან რა საჭიროა მისი ხსენება? ოდესღაც, “კა-გე-ბე” გვისმენდაო. კი, ბატონო, გისმენდათ და გითვალთვალებდათ, მაგრამ ეს იყო ოდესღაც, ძველ დროს, წარსულში. ახლა ვინც გისმენთ, ისინი ვინ არიან _ საბჭოთა კავშირი და “კა-გე-ბე”, რომლებიც აღარ არსებობენ, თუ აშშ და ცენტრალური საგამოძიებო სამმართველო, რომლებიც არსებობენ და თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ საქართველოს? რასუსი” (საქართველოს უსაფრთხოების სამსახური) და რისკუდი” (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი)? ვინ მისცა საქართველოს საკუთარი უშიშროების სამსახური? საქართველოში ამერიკული უშიშროების სამსახური განაგებს ყველაფერს, რომელიც აქ საკუთარ ინტერესებსა და საკუთარ უსაფრთხოებას იცავს. მუდამ ბოლშევიკებსა დაკაგებე”- შესახებ მოლაპარაკე ქართველ ვაიპოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ამერიკელების მიერ გერმანიის კანცლერის სატელეფონო საუბრების უკანონო, ფარული მოსმენის გამო აგორებული სკანდალის შესახებ არაფერი სმენიათ? ჯულიან ასანჟისა და ედვარდ სნოუდენის სახელები არ გაუგონიათ? ვინ იტყვის, რომ საბჭოთა კავშირში არ იყო ფარული მოსმენებისა და მიყურადების პრაქტიკა, მაგრამ ამ მიმართულებით გაცილებით უფრო აგრესიული და მასშტაბური პრაქტიკა ამერიკელებს ჰქონდათ. დღეს ისინი იქამდე მივიდნენ, რომ პლანეტაზე ტოტალური კონტროლი დააწესეს და თითოეულ მოქალაქეზე სრულყოფილ დოსიეს ფლობენ. ინტერნეტისა და სმარტფონების ეპოქაში, როდესაც პლანეტის თითქმის მთელი მოსახლეობა აშშ-ის სპეცსამსახურებს ნებაყოფლობით აბარებს საკუთარი პიროვნების საიდენტიფიკაციო სრულ ინფორმაციას, ლაპარაკი “კა-გე-ბე”-ს მეთოდებზე სასაცილოც აღარ არის, ეს სრული უვიცობა და პოლიტიკური სიბეცეა. საქართველოში მოქმედი ტელეარხები ქართულენოვანი, მაგრამ თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციითა და დაფინანსების წყაროებით ამერიკული ტელეარხებია. ერთი იმაზეც დავფიქრდეთ, თუ ვინ შეიძლება, რომ ამერიკულ ტელეარხებს ამერიკული უშიშროების საიდუმლო მასალებს აწვდიდეს და კარსმომდგარი არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წინაპირობას ქმნიდეს?! გაჟონაგამოჟონა რა თქმაა და რა ქართულია?! კი არ გაჟონა, ამერიკელებმა გააჟონინეს იმ ინფორმაციას, რომლის გაჟონვაგავრცელებაც მათ სჭირდებოდათ. ქვეყნის პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მართლმადიდებელი ეკლესიის ფართომასშტაბიანი, დაუნდობელი დისკრედიტაცია _ აი, მიზანი! მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია და პოლიტიკური ქაოსის ინსპირირება დასავლეთს შემდეგი მიზნებისთვის სჭირდება:

1. ზნეობის საბოლოო დეგრადაცია;

2. მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც საზოგადოების შემკვრელი და გამაერთიანებელი ძალის, განადგურება;

3. ქართული ეროვნული ღირებულებებისთვის საფუძვლის გამოცლა, რის შემდეგ მათ ადგილს ადვილად დაიკავებს ფართოდ რეკლამირებული .. დასავლური ღირებულებები;

4. ქვეყანაში მასშტაბური პოლიტიკური დესტაბილიზაციის დაწყება, რომელიც ხელისუფლებაში აშშისთვის უფრო მისაღები პოლიტიკური ძალის, “ნაციონალური მოძრაობის”, მობრუნების პირობებს შექმნის.

ეს არის ინფორმაციის გაჟონვის, ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართული პოლიტიკური ინსულტის მთელი ფილოსოფია;

ეს არის საქართველოში მოქმედი პოლიტიკური სისტემის რეალური სახე;

ეს არის რეჟიმი, რომელიც არსებობას ამ მეთოდებით ინარჩუნებს და იხანგრძლივებს;

ეს არის ის, რაც შორიდან თავისუფლებად და დემოკრატიად გვესახებოდა, მაგრამ ახლოდან სრულიად სხვა რამ აღმოჩნდა.

ახლა გვიანია. დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება და მას უკან ვერ მოაბრუნებ. წარსულში ვეღარაფერს შეცვლი. სამწუხაროდ, ვერც აწმყოში ვცვლით ვერაფერს, რადგან ახლა ის ეპოქაა, როდესაც მხოლოდ იმას კი არ გვიკონტროლებენ, რას ვლაპარაკობთ ან რას ვგეგმავთ, არამედ იმასაც კითხულობენ, რას ვფიქრობთ და რა იდეებით ვსუნთქავთ. დღესაც ბევრია გულუბრყვილო, რომლებსაც სჯერათ, რომ ხელმძღვანელი პირების ზნეობრივ მახასიათებლებზეა ყველაფერი დამოკიდებული. ისინი ფიქრობენ, რომ, თუ მოვახერხებთ და სახელმწიფოს სათავეში ავირჩევთ პიროვნებას, რომელიც მაღალი მორალური ღირებულებების მქონე იქნება, ქვეყანაზე სიკეთე და სიყვარული დაივანებს, რადგან ის პიროვნება არ დაუშვებს, რომ სახელმწიფოს ინსტიტუტები, რომლებიც ხალხის სამსახურში უნდა იდგნენ, ხალხის წინააღმდეგ მუშაობდნენ. სისტემა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის ძახილში დავნერგეთ, ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც სახელმწიფო მანქანის მიერ დანერგილი სიბინძურისა და სისასტიკის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას დააპირებს, ისევე გადათელავს, როგორც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე გადათელა, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა იმით სცადა თურმე, რომ ამერიკული სპეცსამსახურების გამუდმებულ თვალთვალს მოარიდა, მაგრამ ამით თვითონ გახდა თვალთვალის, ცილისწამებისა და დევნის ობიექტი. ან სისტემა უნდა დაინგრეს, ან ამ პირობებში ცხოვრებას უნდა შევეგუოთ, რადგან სისტემა წყვეტს და არა პიროვნება, რა როგორ იქნება.

სახარება გვეუბნება, მაცხოვარიც კი ვერ განერიდაო თვალთვალს, როდესაც იგი ფარისეველთა მთავრის სახლში მივიდა.

ჩვენ როგორღა განვერიდოთ?!

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here