Home რუბრიკები საზოგადოება “ქართული ოცნება” იგივე “ნაცმოძრაობაა” სხვა სახელებითა და გვარებით”

“ქართული ოცნება” იგივე “ნაცმოძრაობაა” სხვა სახელებითა და გვარებით”

2664
თამარ კიკნაძე

საერთაშორისო მოძრაობაკომიტეტი _ 2017”-ის დამფუძნებელი, ომის ვეტერანი, თელაველი ივანე ბუჩუკური და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრებიან.

ივანე ბუჩუკური
ივანე ბუჩუკური

ქვეყნის 80% თურქების, არაბების, ირანელების მიერ რომ არის ოკუპირებული და ქართველი სტუმარივით რომ ცხოვრობს სამშობლოში, ეს ნორმალურია?”

ივანე ბუჩუკური, საერთაშორისო მოძრაობაკომიტეტი _ 2017”-ის დამფუძნებელი, ომის ვეტერანი:

_ “ქართული ოცნების” იმედი არასოდეს მქონია. როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიხარულით ხვდებოდა მათ მოსვლას ხელისუფლებაში, მეორე ნაწილმა ვიცოდით, რომ ისინიც ანტიქართული ძალების მიერ მოყვანილი ადამიანები იყვნენ. “ქართული ოცნება” იგივე “ნაცმოძრაობაა” სხვა სახელებითა და გვარებით.

არაფერი შეცვლილა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში; შეიცვალა მხოლოდ ის, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში აშინებდნენ ხალხს, ახლა კი აშიმშილებენ.

მეტიც, ამ ხელისუფლებამ გაბედა ის, რაც მიშას ხელისუფლებას არ გაუბედია _ საუბრობენ ნატოში შესვლაზე აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. მათ არ აინტერესებთ ქართველი საზოგადოების აზრი; არ ფიქრობენ, ხალხს დაელაპარაკონ და ჰკითხონ, რა სურს; ჰკითხონ ხალხს _ უნდა ნატო და მისი ქოლგა? არ არის ქართველი ისეთი გაუნათლებელი, არ იცოდეს, რომ ნატო ქოლგა და უსაფრთხოების გარანტი არავისთვისაა. არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც ნატო შევიდა და იქ სიმშვიდემ დაისადგურა. ნატო ანადგურებს ერებს, სახელმწიფოებს და ეს იცის ქართველთა უმრავლესობამ.

ქართველი ერის ისტორიული არჩევანი ნატო არ არის. ქართველი ერი ფიქრობს, რომ ჩვენი გზა არის ილიასა და ერეკლე მეფის გზა. ქართველი თავშესაფარს ყოველთვის ერთმორწმუნე რუსეთთან ეძებდა და ასე იქნება ყოველთვის. მართალია, დღეს თითქოს გვჯაბნიან ანტიქართული ძალებისგან დაფინანსებული პოლიტიკოსები, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და იმ დღესაც მოვეწრებით, როცა სიმშვიდე დაისადგურებს.

რუსეთი არის ჩვენი ქოლგაც, გზაც და საშველიც. 30 წელიწადი გახდება მალე, რაც ნატოს მივტირით; ნატოს, რომელიც ყველგან უბედურებით შედის და, თუ დიდ ქვეყნებს თავში ჭკუა აქვთ, ნატო უნდა გაუქმდეს. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკის პოლიციად გადაიქცა, თუმცა თავიდანვე ასეც იყო ჩაფიქრებული, ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ვერც ვერასოდეს ასრულებდა, ყოველ შემთხვევაში, სასიკეთო საქმე არც ერთი ქვეყნისთვის არ გაუკეთებია.

ვარშავის ხელშეკრულება შეიქმნა ნატოს აგრესიის შესაკავებლად. ვარშავის ხელშეკრულება აღარ არსებობს, ამიტომ ნატოც გასაუქმებელია, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებაც ასეთი იყო.

ჩვენი ხელისუფლება სწორი გზით არ მიდის და ეს ფაქტია. არ განვითარდა ქვეყანა, არ აშენდა არც ერთი ქარხანა, ფაბრიკა, ისედაც დაქცეული სოფლის მეურნეობა განადგურდა. ჩვენ ვერ ვუტოლდებით საერთაშორისო სტანდარტებს, რომლისკენაც ვითომ მიილტვიან ჩვენი ხელისუფლებები.

_ თქვენ არ მოგწონთ ნატო, მაგრამ ხელისუფლება დაჟინებით ითხოვს ამ ალიანსში შესვლას და ცდილობს, ხალხიც დაარწმუნოს, რომ მხოლოდ ეს არის ხსნის გზა

_ ეს ტყუილია, მთავრობა ხალხს ატყუებს. სამწუხაროდ, შეძლეს ახალგაზრდების მოწამვლა, მაგრამ შუახნის ადამიანებმა სიმართლე იციან. რუსეთისგან მტრის ხატი შექმნეს, მაგრამ, თუ ყველაფერს გავაანალიზებთ და ვისაუბრებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებზე, მაშინ დავინახავთ, რომ პრობლემა ჩვენში უფროა.

ხშირად ამბობენ, ქართული მიწების 20% რუსებს აქვთ ოკუპირებულიო, მაგრამ ქვეყნის 80% თურქების, არაბების, ირანელების მიერ რომ არის ოკუპირებული და ქართველი სტუმარივით რომ ცხოვრობს სამშობლოში, ეს ნორმალურია?

_ უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი საკითხზე: გვინდა თუ არა ნატო?

_ აუცილებლად უნდა ჩატარდეს, უნდა მოვთხოვოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაატაროს რეფერენდუმი, ოღონდ ისე კი არა, როგორც სააკაშვილმა ჩაატარა, გაყალბების უფლება არ უნდა მივცეთ და დავინახავთ სინამდვილეში, რა სურს ხალხს. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ნატოში გაწევრებას მხარს არ დაუჭერს. ქართველმა იცის, რომ იდენტობას დაკარგავს ნატოში შესვლით და ამიტომ არასოდეს დაუჭერს მხარს ალიანსის წევრობას, რა თქმა უნდა, თუ ჰკითხეს. როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო შენი ქვეყნის შესვლას იმ ორგანიზაციაში, რომელმაც ნახევარი მსოფლიო გაანადგურა? ეს ორგანიზაცია ხომ ნგრევისთვის არის შექმნილი და არა შენებისთვის. დადგება დრო და ნატოს მესვეურებს მოუწევთ პასუხისგება იმ ყველაფერზე, რაც ჩაიდინეს.

_ გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში მთავრობის წინააღმდეგ?

_ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, უკიდურესი გაჭირვებაა ჩვენს რაიონში. ვფიქრობ, თუ შესაფერისი, სანდო და საიმედო ლიდერი გამოჩნდება, ხალხი ქუჩაში აუცილებლად გამოვა.

აგინებენ რუსებს და არ იციან, რომ მათი მოვალეობა, გინება კი არა, ურთიერთობის მოგვარებაა

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი:

_ ერთპოლუსიანი სამყარო ინგრევა, ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება და პროცესი მტკივნეულია. ასე გაგრძელდება, სანამ დიდი მოთამაშეები ურთიერთობებს არ მოაგვარებენ. ჩვენ კუნთების თამაშის მომსწრეები ვართ, მაგრამ ომში ეს არ გადაიზრდება, უფრო იქით წავლენ, რომ მოილაპარაკებენ.

მსოფლიო არეულია და ეს, მხოლოდ დიდი ქვეყნების დაპირისპირება კი არა, ელიტების დაპირისპირებაცაა. ამერიკაში ტრამპი და კლინტონი არიან დაპირისპირებულები და ასე ხდება ყველგან. დღეს საგარეო პოლიტიკას საშინაო პოლიტიკის დასარეგულირებლად იყენებენ.

საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც გაცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის ვექტორი, მაგრამ სასურველია, რომ უფრო ფრთხილი პოლიტიკა აწარმოონ. რუსეთი მეზობელი ქვეყანაა, არავინ იცის, ამერიკასთან მისი კონფრონტაცია როგორ დასრულდება. როგორც აცხადებენ, მიმდინარეობს ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ხდება ახალი იარაღების გამოცდა, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, თავს უნდა არიდებდეს მიმდინარე პროცესებს.

საქართველოსა და რუსეთს შორის ომი არ ყოფილა, ეს იყო ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და ჩვენ გავიჭყლიტეთ. სირია არ არის შორს, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, მოსახლეობას სიმშვიდე შეუნარჩუნოს, არ ჩაერიოს იმ პროცესებში, რომელიც მას არ ეხება. დიდი სახელმწიფოები ყოველთვის დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, პატარა ქვეყნები კი ზარალებიან.

_ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამა წლის ივლისში ნატოს სამიტზე ალიანსში ჩვენი გაწევრების საკითხი აქტიურად დადგება

_ არა მგონია, საკითხი ასე პრინციპულად დადგეს, რადგან დასავლელმა “პარტნიორებმა” იციან, რომ საქართველოს ნატოში შესვლას საფრთხე მოჰყვება და რთული პროცესიც არის. დასავლეთი საქართველოს ნატოში მიღებას არასოდეს დათანხმდება, რადგან, ეს რომ სურდეს, მაკედონიასავით ადვილად მიგვიღებდა. მაკედონიაში იყო კორუფციაში ჩაფლული მთავრობა, არ იყო დემოკრატია, რუსეთის ხელში იყო დიდი ქონებაც, მაგრამ მაინც მიიღეს ნატოში. რუსეთის ხელისუფლებას ამაზე არ ჰქონია რეაქცია, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლნენ, საქართველოს მიმართ კი ვითარება უფრო რთულია.

არ ვარ მომხრე, რომ დასავლეთთან ურთიერთობები გავწყვიტოთ, მაგრამ ის, რომ ქართველებს სურთ, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები იყვნენ, მიუღებელია. იყო დასავლეთთან და ამ დროს შენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, თითქმის მილიონი ქართველი, რუსეთში ცხოვრობდეს, იქიდან ივსებოდეს შენი ქვეყნის ბიუჯეტი და ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდე ასეთ ქვეყანასთან, წარმოუდგენელია.

ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ; მცდარია მოსაზრება, რომ რუსეთთან დალაპარაკებას აზრი არ აქვს. ცუდად იზრდებიან ახალგაზრდები, მათ სძულთ რუსები, სწავლობენ საერთაშორისო ურთიერთობებს და რუსეთზე საუბარიც კი არ სურთ. მთავრობაც იმავეს აკეთებს. აგინებენ რუსებს და არ იციან, რომ მათი მოვალეობა, გინება კი არა, ურთიერთობის მოგვარებაა.

ჩვენ დასავლეთის ბანაკში განგვიხილავენ, ამიტომ ჩაბმულნი ვართ კონფლიქტშიც. სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლები უფრო ჭკვიანურად იქცევიან.

_ უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახლა რეფერენდუმი _ გვინდა თუ არა ნატო?

_ რატომაც არა, ეს აუცილებელიც კია! დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია ასეთი რეფერენდუმები და პლებისციტები. ძალიან საინტერესო იქნება ხალხის აზრი, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობას ხალხის აზრი არ აინტერესებს. დასავლური ვექტორი მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა გადათელა, მოსახლეობას აღარ სჯერა, რომ დასავლეთი კარგია, რადგან ამდენი წლის განმავლობაში სიკეთე ვერ დაინახეს. ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკა, სოციალური ფონი საზარელია, განათლება _ ნულის ტოლი, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, თუკი რეფერენდუმი ჩატარდება საკითხზე _ გვინდა თუ არა ნატო და ხალხს არჩევანის უფლებას მისცემენ, ძალიან კარგი იქნება.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ყველა პარტია იგივეა, რადგან ყველა ქართველი იმაზე ოცნებობს რომ მუქთად იშოვოს ფული , თვითონ გაძღეს ,სხვა ქართველი კი დაამშიოს და შემდეგ ამ მშიერებს თავისი გატიკნილი ღიპი შეახარბოს და დატკბეს თავის უპირატესობით რომ თვითონ მაძღარია სხვები კი მშივრები 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here