80 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ბებია-ბაბუები, ბერლინამდე ფეხით ჩავიდნენ, ფაშისტებზე გამარჯვების აღსანიშნავად რაიხსტაგზე დროშა აღმართეს და შინ თავაწეულები დაბრუნდნენ, მაგრამ ბევრი ვერ დაბრუნდა… ძალიან ბევრი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან სამამულო ომში 700 ათასი ადამიანი წავიდა, სამშობლოში კი 300 ათასი ვერ დაბრუნდა. მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, პროცენტულად, ეს იყო ყველაზე დიდი მაჩვენებელია 15 საბჭოთა რესპუბლიკას შორის.
დიდ სამამულო ომში საქართველომ უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო. 136 ქართველს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა – უმაღლესი ჯილდო, რომელიც შეიძლებოდა იმხანად მიენიჭებინათ. ქართველთა ძალიან დიდი ნაწილი ქერჩისთვის გამართულ ბრძოლებში დაიღუპა, ბევრის საფლავი დღემდე უცნობია და ბევრმა დედამ ისე ჩაიცვა შავები, შვილის თუ ქმრის საფლაავის ნახვა არ ღირსებია. ჰოდა, იმ დღიდან 80 წელი გავიდა და, სამწუხაროდ, ყოველწლიურად სულ უფრო ცოტა ვეტერანი ხვდება ამ დიდებულ დღეს. სტატისტიკაც მოვიშველიოთ – ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ომის ცოცხალ ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით 2 ათასი ლარი ჩაერიცხათ და ეს თანხა მხოლოდ 57-მა ადამიანმა მიიღო. მოხუცები, რომლებიც აკანკალებული ხელით ეფერებიან ორდენებს; ადამიანები, რომლებსაც თვალწინ არაერთი მეგობარი და, ვინ იცის, ოჯახის წევრიც კი დაეღუპა, დღეს თვალცრემლიანი იხსენებენ ძალიან ძვირად მოსულ გამარჯვებას და, წესით, მათ წინაშე ქედს, მხოლოდ 9 მაისს კი არა, ყოველდღიურად უნდა ვიხრიდეთ, თუმცა…
9 მაისს სოციალური ქსელებისთვის რომ გადაგეხედათ, გაოცდებოდით. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, უმრავლესობა ისეთი, 21-ე საუკუნეში რომ დაიბადა, ვერ თუ არ ხვდებოდა, რა დამსახურება მიუძღოდათ ომის ვეტერანებს კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის წინაშე და ბევრი მათგანი ქილიკობდა. მთავარი, რაზეც ისინი აკეთებდნენ აქცენტს, იყო ის, რომ თურმე ვეტერანები, არა საქართველოსთვის, არამედ საბჭოთა კავშირისთვის იბრძოდნენ და, რადგან საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია იყო, გამოდის, ვეტერანებიც ბოროტების იმპერიას ემსახურებოდნენ. ანუ, ერთ ხმაში ამტკიცებდნენ, რომ ფაშიზმი ჯობდა კომუნიზმს და კარგი იქნებოდა, გერმანიას საბჭოთა კავშირი დაემარცხებინა, რადგან მერე თურმე ყველას გვეშველებოდა და ახლა საქართველოც გერმანიასავით განვითარებული იქნებოდა. მათ ასე ასწავლეს, ასე აუხსნეს და მარტივად დაიჯერეს. ამ ბავშვებისთვის არავის უთქვამს, რომ მეორე მსოფლიო ომს 70 მილიონ ადამიანზე მეტი შეეწირა და მათგან 20 მილიონზე მეტი მშვიდობიანი იყო. მათ არც ის აუხსნა არავინ, რომ დაპყრობილ ტერიტორიებზე ფაშისტები ადგილობრივ მოსახლეობას ექცეოდნენ, როგორც მონებს, ურჩებს, უბრალოდ, ხვრეტდნენ ან წვავდნენ, ან გაზის კამერებში ათავსებდნენ. განსაკუთრებით ერჩოდნენ ებრაელებს და, რომ დასცლოდათ, ებრაელებს, როგორც ერს, მთლიანად გაანადგურებდნენ…
9 მაისის პარალელურად ევროპის დღეც აღინიშნა და, თუ ვეტერანები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ევროპის დღეების აღსანიშნავად გამართული მსვლელობის მონაწილენი იმას არკვევდნენ, უნდა ყოფილიყო თუ არა მსვლელობის დროს „ფრიი მიშას“ შეძახილები და მისი სურათები. ამის გამო, „მიშამადიდებლებსა“ და „ევროპამადიდებლებს“ შეხლა-შემოხლაც კი მოუწიათ და, სამწუხაროდ, ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააშველეს. ჰო, ქართულ სინამდვილეში ისეც ხდება, რომ ხანდახან გინდა, პატრული უფრო პასიური იყოს და რაღაცებში არ ჩაერიოს. ისე, საქართველოში სამამულო ომის 57 ვეტერანია ცოცხალი, ევროპის დღის აღსანიშნავ მსვლელობაში კი უფრო ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა. აშკარაა, რაც ნაკლებია დაფინანსება და რაც უფრო ნაკლებად იხდიან აქაური არასამთავრობოები, მით ნელდება აქციებზე დგომის სურვილი და ევროპის სიყვარული.
ბოლო წლებში განსაკუთრებით ნათლად ჩანს, რომ დასავლეთს ფაშიზმის დამარცხებაში საბჭოთა კავშირის როლის დაკნინება სურს. ისე ხატავენ, თითქოს ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირისა და უშუალოდ სტალინის დამსახურება კი არა, აშშ-ისა და ბრიტანეთის ლიდერების გონივრული ქმედებების შედეგი იყო; იმ ამერიკის, რომელიც ომს შორიდან აკვირდებოდა და მხოლოდ მაშინ ჩაება, როცა მიხვდა, გამარჯვების სასწორი საითაც გადაიხრებოდა. სხვათა შორის, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაშიც ასე აქტიურად სწორედ მას შემდეგ ჩაერთო, როცა ნათლად დაინახა, ვის დარჩებოდა გამარჯვება. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა და ახლა ისე რომ აღნიშნონ 9 მაისი, როგორც დიად გამარჯვებას ეკადრება, გამოვა, რომ რუსეთი კარგი რამის მემკვიდრეა, მაგრამ რუსეთზე კარგის თქმა ხომ არ შეიძლება?! მით უმეტეს, როგორ შეიძლება კარგად წარმოაჩინო რუსეთი, როცა აგერ ლამის მესამე მსოფლიო ომს იგებს, მთელ ევროპას და ამერიკას ებრძვის, უფრო სწორად, მათ ეკონომიკებს, და ვარაუდი, რომ სანქციების შემდეგ ეს ქვეყანა ჩამოიშლებოდა, არ მართლდება. მეტიც, რუსეთიდან გასული უცხოური კომპანიები ნელ-ნელა, ჩუმად ბრუნდებიან ბაზარზე, რადგან მიხვდნენ, რომ ამ სანქციებმა ისინი უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე რუსეთი. აღმოჩნდა, რომ ნავთობის გარდა რუსეთს პროდუქტების სერიოზული მარაგიც ჰქონია, რომ რუსული ხორბლის წარმოება პირველია მსოფლიოში, რომ ჰოლანდიური თუ შვეიცარიული ჯიშის საქონელი რუსეთში გაცილებით იაფია, ვიდრე მათ სამშობლოში…

სხვათა შორის, ახალგაზრდა თაობა სოციალურ ქსელში იმაზეც ქილიკობდა, რომ ვლადიმერ პუტინს გვერდით ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი ედგა და იცინოდნენ, მეტის ღირსი არ არისო. არადა, ამ ახალგაზრდებს არავინ ეუბნება, რომ ჩინეთის ეკონომიკა პირველია მსოფლიოში და იმავე სი ძინ პინთან გვერდით დგომისთვის ევროპელი ლიდერები მზად არიან, „ცალ ფეხზე“ იხტუნონ და ისე ააწყონ სავაჭრო ურთიერთობები.
ისევ ჩვენს ვეტერანებს დავუბრუნდეთ…
„მამა, მისი სამი ძმა ომში რომ გაიწვიეს, გვეგონა ყველაფერი დასრულდა. დედა ორ თვეში გარდაიცვალა და დავრჩი ჩემს სამ მცირეწლოვან ძმასთან ერთად. 11 წლის ვიყავი. ცომი რომ მომეზილა, სკამზე ვდგებოდი, ჩემი ძმები კი ჩემზე პატარები გახლდნენ. მამა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასევე შინ არ დაბრუნებულა მამას სამი ძმა, მაგრამ 9 მაისს ყველა ერთად ვზეიმობდით და გვჯეროდა, რომ მამა და ბიძები ტყუილად არ დაიღუპნენ, მათ ჩვენ მომავალი გვაჩუქეს“, – ამას ბებიაჩემი გვიყვებოდა ხოლმე, ის ბებია, 11 წლისამ 3 მცირეწლოვანი ძმა რომ გაზარდა, კაცებად აქცია და ისინიც მერე, მთელი ცხოვრება ხელისგულზე ატარებდნენ. ჰოდა, ახლა, როცა აღარც ბებიაა ცოცხალი და აღარც მისი ძმები, შთამომავლობას გვახსოვს მათი მონაყოლიდან, რა გამოიარეს, როგორ გამოიარეს, რომ არ გვაქვს დიდი ბაბუების საფლავი, რომ სადღაც უცხო მიწაში წვანან, მაგრამ წვანან ამაყი, ბედნიერი იმით, რომ მათ თავგანწირვას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ახალგაზრდები იმ „უკვდავ პოლკზეც“ ქილიკობენ, რომელიც რუსეთმა მოიფიქრა, რომელშიც ომის ვეტერანთა შვილები და შვილიშვილები არიან გაერთიანებული და გარდაცვლილი წინაპრების ნაცვლად ამაყად ჩაივლიან ხოლმე აღლუმზე და ამაყად აფრიალებენ დროშას. სწორედ ისინი დადგებიან საჭირო დროს სამშობლოს დასაცავად და არა ის უკრაინელი ზორბა ჯეელები საქართველოში რომ გამოიქცნენ და, როცა „ნაგლობის“ გამო ვიღაც ცხვირში მოარტყამს, მაშინვე ტირილს იწყებენ, – ჩვენ უკრაინელი დევნილები ვართო. დევნილი მე ქალები, ბავშვები და მოხუცები ვიცი, ბრძოლისუნარიანი კაცი კი სამშობლოს უნდა იცავდეს და საქართველოში დისტრიბუტორად არ უნდა მუშაობდეს.
საბჭოთა კავშირმა დაამარცხა ფაშიზმი, დასავლეთი კი ახლა ცდილობს, ეს დიდი წარმატება ახალი თაობის თვალში წარუმატებლობად და უკან გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩინოს. თუ ასე გაგრძელდება, წლების შემდეგ იმასაც დაგვაჯერებენ, რომ აგრესიულმა საბჭოთა არმიამ მშვიდობისმოყვარე გერმანელები დაჩაგრა, მათ ბერლინამდე სდია და დაამარცხა. სინამდვილეში კი, თურმე გერმანელები აპირებდნენ მსოფლიოში მშვიდობა და კეთილდღეობა ყოფილიყო და ამაში ხელი საბჭოთა კავშირმა შეუშალა. ჰო, სამწუხაროდ, ასე სჯერა ბევრ ახალგაზრდას და სჯერა ისიც, გერმანიას რომ მოეგო, ახლა თბილისში „მერსედესისა“ და „ვოლკსვაგენის“ ქარხნები იგუგუნებდა, ხოლო „სიმენსი“, გერმანული კი არა, ქართული ბრენდი იქნებოდა. მერე რა, რომ იმავე გერმანელების მიერ უკვე შემუშავებული იყო, ვის უნდა ეცოცხლა, ვის – არა და ვის უნდა ემუშავა დიადი რაიხისა და არიული რასის ასაღორძინებლად. იქ ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ, ეს ყველაფერი რომ გაიგო, წიგნების წაკითხვაა საჭირო და არა სოციალურ ქსელში „სქროლვა“.
ლევან გაბაშვილი