ტრამპის მიერ ზანგეზურში დათესილ მოსავალს პუტინის ტანკები მომკიან!

    ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა 8 აგვისტოს ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. „ოცდათხუთმეტი წელიწადი ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში. ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას, დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიაზე.მან ასევე თქვა:„ევროკავშირმა, რუსეთმა და მძინარე ჯო ბაიდენმა არაერთხელ სცადეს რეგიონში მშვიდობის მიღწევა, მაგრამ უშედეგოდ”.

    მხარეებმა ერთმანეთს დითირამბები უძღვნეს: ტრამპმა ალიევსა და ფაშინიანს „განსაკუთრებული ადამიანები“ უწოდა. მან ისიც განაცხადა, რომ შეთანხმების დასახელება – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა. ალიევმა ფაშინიანს მიმართა: „პრეზიდენტი ტრამპი ერთად წარვადგინოთ ნობელის პრემიაზე”. შეხვედრისას წარმოთქმული სიტყვებიდან ამონარიდები ლიქნისა და ფარისევლობის შესანიშნავი მაგალითებია.

    ტრამპი:

    „თქვენ ისტორიაში შეხვალთ!“

    ალიევი:

    „პირველ რიგში, მსურს, ვთქვა, რომ დღეს მოვახდინეთ ინიცირება სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც საკმაოდ დიდხანს იყო მოლაპარაკების პროცესში. მისი ინიცირება მოხდა აქ, მსოფლიოს დედაქალაქში, მსოფლიოს უპირველეს კაბინეტში, შეერთებული შტატების დიდებული პრეზიდენტის წინაშე. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომელიმე მხარემ უკან დაიხიოს“;

    „რომელიმე ჩვენგანს, პრემიერმინისტრ ფაშინიანს ან მე, უკანდახევაზე რომ გვეფიქრა, აქ არ მოვიდოდით. ასე რომ, შეგიძლიათ, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, იმას, რაც აქ მოხდა, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა მოჰყვება“;

    აზერბაიჯანი და აშშ ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, ეს ისტორიული დღეა”;

    პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექციის გაუქმებას. ეს ჩანაწერი კრძალავდა შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას”.

    „დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანი და სომხეთი იპოვიან ძალას, რომ შერიგდნენ“.

    ფაშინიანი:

    „ეს არის ძალიან დიდი რამ, რასაც მივაღწიეთ“.

    „უკანდახევა რომ გვეფიქრა, აქ არ მოვიდოდით“;

    „სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ალიევს და არაფერი მაქვს დასამატებელი“.

    აი, ასეთი ამბავი ტრიალებდა ოვალურ კაბინეტში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ე.წ. ტრამპის მარშრუტს, რომელიც სიგრძით, სულ რაღაც, ორმოცი კილომეტრია, მაგრამ სიგანით, უკაცრავად, შინაარსით მთელი კავკასიის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად არის შექმნილი. საქმე ის არის, რომ ზანგეზურის დერეფანი (სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით) ერთმანეთთან ხმელეთით აკავშირებს აზერბაიჯანსა და ნახიჭევანის ექსკლავს, შემდეგ კი – შესაბამისად, აზერბაიჯანსა და თურქეთს. აქედან გამომდინარე, ზანგეზურის დერეფნის მეშვეობით თურქეთი სახმელეთო კავშირს ამყარებს კასპიის ზღვასთან. საბოლოო ჯამში, ზანგეზურის დერეფანი პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ერთმანეთს გადააბამს აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომლებიც აშშ-ის კოლონიებად ჩამოყალიბებას დათანხმდნენ.

    ამერიკელები ზანგეზურის გეოპოლიტიკურ პროექტში საბოლოოდ, ალბათ, საქართველოს ჩართვასაც ითვალისწინებენ, ვინაიდან საქართველოს მონაწილეობის გარეშე ეს პროექტი მუდმივი საფრთხის ქვეში ქნება და სრულყოფილად ვერც ეკონომიკურ და ვერც გეოპოლიტიკურ ფუნქციას ვერ შეასრულებს. რაც მთავარია, პროექტის უმთავრესი ფუნქცია სწორედ ის არის, რომ ამიერკავკასია რუსეთს მთლიანად მოსწყვიტონ და მისი გავლენიდან საბოლოოდ გამოიყვანონ, რითაც მის დასუსტებას ცდილობენ, ამიტომ ფიქრი იმის შესახებ, რომ ამერიკელებმა ზანგეზურის დერეფნის პროექტით თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ჯერ ერთმანეთს გადააბეს, შემდეგ კი სამივე ერთად თვითონ მიიბეს, რითაც რეგიონში რუსეთის გავლენა შეამცირეს, კასპიის ზღვაში ცხვირიც შემოჰყვეს და ამას დასჯერდებიან, საფუძველშივე მცდარია.საქართველოს ჩართვა ე.წ. ტრამპის მარშრუტში მათთვის უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ახლა უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, აღმოჩნდება „კავკასიური ცარცის წრის” პერსონაჟი ჩვილის (მიხეილის) როლში, რომელსაც დედა და დედინაცვალი თავიანთკენ ექაჩებიან და გახლეჩვის საშიშროების წინაშე აყენებენ. ბერტოლტ ბრეხტის პიესაში ჩვილი დედის ინსტინქტმა იხსნა, მაგრამ, საქართველოს რომელი შეიცოდებს დედასავით, ძნელი სათქმელია. ზანგეზურის პროექტი საქართველოსთვის სხვა მნიშვნელობასაც იძენს. მისი რეალიზაცია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას ფასს დაუგდებს და ყბადაღებული შუა დერეფნის როლიც, რაც არამხოლოდ საამაყოდ, არამედ ნათელი მომავლის მტკიცე გარანტადაც მიგვაჩნდა, თვალს და ხელს შუა გამოგვეცლება. საქართველომ რაღაცა უნდა იღონოს, მაგრამ კერძოდ რა? მან უნდა შეაფასოს ბოლო ოცდათხუთმეტწლიანი მონაკვეთი თავისი ისტორიისა და კარგად გააცნობიეროს, რამდენად სწორი იყო საგარეო (დასავლური) ორიენტაცია არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, როგორ მოგვექცა და დღესაც გვექცევა დასავლეთი, არამედ, ამასთანავე, უკრაინის იმ საშინელი პროცესების გათვალისწინებითაც, როგორ იქცა ეს უზარმაზარი ევროპული სახელმწიფო დასავლეთის ხელში საზარბაზნე ხორცად, როგორ დაინგრა და დაიშალა, როგორ აღიგავა პირისაგან მიწისა და როგორ დაღუპა საკუთარი მომავალი.

    საქართველომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის გახსნაზე და, საბოლოო ჯამში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ორივე მხარისთვის.

    ასეთ შემთხვევაში აშშ-ის ჩანაფიქრი ამიერკავკასიიდან რუსეთის გაძევების შესახებ ისეთივე მკვდრადშობილი აღმოჩნდება, როგორიც რუსეთის ნატოს ალყაში მოქცევის ან უკრაინის წაღების იდეა აღმოჩნდა. რუსეთი ზესახელმწიფოა მისი ეკონომიკური, კულტურული, გეოპოლიტიკური და სამხედრო პოტენციალით. შეუძლებელია, ზესახელმწიფოს გავლენები არ ჰქონდეს. ეს მისი ბუნებაა, მისი თვისებაა და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ეს კარგია თუ ცუდი. ეს ფაქტია და მოცემულობაა, რომელიც იქამდე იარსებებს, სანამ ზესახელმწიფოები იარსებებენ. ეს რთული საკითხია. გლობალურ დაპირისპირებებსა და ომებს სწორედ გავლენის სფეროთა არსებობა და მათი გადანაწილების პერსპექტივა წარმოშობს. ერთის მიერ მეორის წილიდან გარკვეული ოდენობის მითვისების ან, რომელიმე მათგანის აზრით, ოდესღაც უსამართლოდ დაკარგულის დაბრუნების სურვილი ბადებს ხელახალი გადანაწილების ცდუნებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული ხელახალი გადანაწილების მტკივნეული პროცესი დღემდე არ დასრულებულა, პირიქით, შესაძლებელია, ახლა ყველაზე რთულ ფაზაში შედის. დასავლეთი ცდილობს, რუსეთს ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები წაჰგლიჯოს, პარალელურად, მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგულიც (მაგ. კალინინგრადი – ყოფილი კენიგსბერგი) დაიბრუნოს, ისევე, როგორც მოღალატე გორბაჩოვისა და შევარდნაძის ხელით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა დაიბრუნა. აქედან გამომდინარე, „ტრამპის მარშრუტის” მსგავსი ყოველი პროექტი, რომლებიც ეკონომიკით ინიღბება, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური კონტექსტის შემცველია, მრავალ წინააღმდეგობას წააწყდება-ხოლმე, თანაც არაერთი მხრიდან.

    „ტრამპის მარშრუტს” ამის გარეშეც რომ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება, ეჭვგარეშეა:

    1.სომეხი ხალხის პრორუსულად და პროირანულად განწყობილი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მათ აზრს გამოხატავენ, აგრეთვე, ის ნაწილი საზოგადოებისა, რომლისთვისაც მიუღებელია თურქეთთან მოკავშირეობა, დიდი ძალაა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, სომხეთში ფაშინიანის რეიტინგი კატასტროფულად (12 პროცენტი) დაბალია, არ გაგვიჭირდება წარმოდგენა, რა მასშტაბის შეიძლება იყოს წინააღმდეგობა, რომელიც „ტრამპის მარშრუტს” შეიძლება შეხვდეს სომხეთში.

    2.ირანის პოზიცია. ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აკბარ ველაიათიმ, განაცხადა, რომ ირანი არ დაუშვებს სატრანსპორტო დერეფნის შექმნას თავის საზღვართან, როგორც ეს გათვალისწინებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით. ველაიათის თქმით, პროექტის განხორციელება შეუძლებელია. თუ მაინც განხორციელდება, ეს ტერიტორია ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა. ირანის უზენაესი ლიდერის მრჩევლის განცხადებით, აღნიშნული დერეფანი ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი არ არის. იგი პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩეველი ასევე ამბობს, რომ დერეფანი რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს. ,,ნატოს სურს, გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს,” – განაცხადა აიათოლას მთავარმა მრჩეველმა.

    3.რუსეთის ფაქტორი. რუსეთის ოფიციოზი ტრამპთან შესახვედრად ემზადება და ზანგეზურის პროექტზე ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს. ალბათ, სწორადაც იქცევა, რადგან პუტინის შეხვედრა ტრამპთან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. იქამდე წამოსროლილი სიტყვები კი უფრო ემოციის გამოვლენა და საკუთარი პოზიციის გამჟღავნება იქნება, ვიდრე მოვლენის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება. პრესაში, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება-ხოლმე, აზრთა სიჭრელეა, მაგრამ სერიოზული ანალიზი ნაკლებია. რუსეთში მცხოვრები სომხური წარმოშობის ანალიტიკოსი არმან აბოვიანი წერს: „უწინარეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია უმთავრესი ფაქტორი – აშშ-ის, ევროპის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული მიზნები სამხრეთ კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა აზიასა და რუსეთის თურქულენოვან რეგიონებში. უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ, რაზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ გლობალური პროექტების შესახებ, რომელთა დასახელებაა „პანბრიტანული პროექტი” და „ოსტინდური პროექტი-2”. ამ პროექტებს აქვს სამი ძირითადი მიმართულება: 1. რუსეთის გამოძევება სამხრეთ კავკასიიდან და ირანის ბლოკირება ჩრდილოეთი საზღვრებიდან; 2. ევროპიდან ჩინეთამდე ისეთი მარშრუტის ჩამოყალიბება, რომელსაც ვერ გააკონტროლებენ რუსეთი, ჩინეთი და ირანი; 3. რუსეთის ირგვლივ გეოპოლიტიკური მარყუჟების ფორმირება”.

    ამ ანალიზის შემდეგ აბოვიანი განსახილველ საკითხზე მსჯელობას კიდევ უფრო საინტერესოდ განაგრძობს: „ახლა, როდესაც რუსეთი კონცენტრირებულია უკრაინაზე, სამხრეთ კავკასიაში მეგობრობისა და ძმობის ლამაზი სიტყვების საფარვლით უარღესად საშიში ალიანსის ფორმირება მიმდინარეობს. პირველ რიგში, საუბარია აზერბაიჯანზე. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და რუსეთთან დაპირისპირება რამდენადმე შერბილდა, ნატოს რუსეთისკენ მოძრაობის მთავარ დამრტყმელ ძალად ამიერკავკასიაში აზერბაიჯანი ჩამოყალიბდა. არცახის (მთიანი ყარაბაღი) მიტაცების შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, როცა აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური დასწრების შევიწროვება და გამოძევება აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელით. ახლა დარმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის საზღვართან განთავსდება თურქეთის მსხვილი სამხედრო ბაზა. თურქეთი კი, მოგეხსენებათ, ნატოს წევრია. ყოველივე იმის რეალიზაცია, რაც დასავლეთთან კონფლიქტის საფუძველი ხდება, სამხრეთში უფრო წყნარად მიმდინარეობს:

    • ჩამოყალიბება და მუდმივი გაღვივება თურქული თვითშეგნებისა. ცნობილია, როგორ აქტიურობენ რუსეთში თურქული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურები აზერბაიჯანული დიასპორის მეშვეობით. ამის შესახებ რუსეთის სპეცსამსახურებმა უკვე დაიწყეს პირველი მონაცემების გამოქვეყნება;
    • ლოჯისტიკა. სამხრეთ კავკასიაში ძირითადი სამხედრო და ეკონომიკური ობიექტების მიმართულებით ნატოს ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა.

    ამ სქემაში სომხეთი ბოლო ბარიერი იყო, რაც ახლა იცვლება.

    ,, აი, რატომ აქვს ასე დიდი მნიშვნელობა ზანგეზურის დერეფანს, რომელიც გზის ორმოცკილომეტრიანი მონაკვეთი კი არ არის, იდეაა – თურქეთისა და აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური დაკავშირების,” – ამბობს ანალიტიკოსი აბოვიანი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დავასკვნათ: ზანგეზურის დერეფნის („ტრამპის მარშრუტის”) ამოქმედება ნიშნავს სომხეთის ჩართვას იმ ანტირუსულ ალიანსში, რომელიც რუსეთის სამხრეთ საზღვართან ყალიბდება. ეს, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმა იქნება რუსეთისთვის, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს დარტყმა რუსეთისთვის ყოფნა-არყოფნის მნიშვნელობის მქონეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დარტყმა ვერ შედგება. საქმე ისაა, რომ რუსეთს მისი ფიზიკური მასშტაბის შესაბამისი თმენის უნარი აქვს. იგი იქამდე იგერიებს და ითმენს დარტმებს, სანამ ეს დარტყმები ყოფნა-არყოფნის ზღვარს არ მიაღწევს, მაგრამ, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე როდესაც დგება, რუსეთს თმენის რესურსი ეწურება. მისთვის სულერთია, საფრთხე რომელი მხრიდან მოემართება – დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან. მისი ტანკები გადახნავენ ყველაფერს, რაც საფრთხის შემცველი იქნება. ამიტომ ვთქვი სათაურშივე, რომ ზანგეზურში ტრამპის მიერ დათესილ მოსავალს პუტინის ტანკები მომკიან. ამ საქმეს ტანკები თუ არ ეყოფა, ავიაციაც იქვე იქნება და საზღვაო ფლოტიც, რა თქმა უნდა, რაკეტებიც და, თუ საჭირო შეიქნა, ისიც, რის შემდეგ დედამიწაზე ახალი ათვლის წერტილი დაიწყება. ზანგეზურის ორმოცკილომეტრიან დერეფანში ნატოს გველეშაპი ვერ გაწვება. არც უნდა გაწვეს! იქამდე კი ალასკაზე (ძირძველ რუსულ მიწაზე) ტრამპი პუტინს უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრაზე ტრამპი ისეთ რამეს შეიტყობს, რაც ზანგეზურის „გეოპოლიტიკური იდეის” რეალიზაციის სურვილს გაუქრობს.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here