Home რუბრიკები საზოგადოება სხვა პლანეტაზე ხომ არ ცხოვრობთ მანდ, ზემოთ?

სხვა პლანეტაზე ხომ არ ცხოვრობთ მანდ, ზემოთ?

ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონ ერთ თვეს მაინც თუ იცხოვრებენ საარსებო მინიმუმის თანხის თუნდაც ხუთმაგი ოდენობით?

779
სხვა პლანეტაზე ხომ არ ცხოვრობთ მანდ, ზემოთ?

ჯერ პირველი შეზღუდვებისას, მერე ახლა ათიათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა. აქ იგულისხმებიან თვითდასაქმებულებიც და ოფიციალური სამსახურის მქონენიც. მხოლოდ მაღაზიებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალი რომ ავიღოთ, სამსახურდაკარგულთა რაოდენობა 20 ათასს სცდება. ხელისუფლება, ერთი შეხედვით, მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს და, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში კომპენსაციები დაარიგა. რა თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე ხელისუფლებას შეუძლია დაეს ცოტა არ არის.

სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ვერ მივხვდით, როგორ შეიძლება, ერთჯერადი დახმარება, რომელიც 300 ლარია და ისიც ყველასთვის არა, ცოტა არ იყოს, მაგრამ შემდეგ საქსტატის ახალ მონაცემებს გავეცანით და, ჰოი, საოცრებავ, ცოტა კი არა, თურმე რამდენს გვაძლევენ! თუ ხელისუფლება საქსტატის მონაცემებით ხელმძღვანელობს და ისე არიგებს დახმარებას, მაშინ გასაგებია ყველაფერი, თუ არა… მართლა სხვა ქვეყანაში კი არა, სხვა პლანეტაზე ხომ არ ცხოვრობთ მანდ, ზემოთ?!

საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი თვეში 166,30 ლარია, ხოლო ოთხსულიანმა ოჯახმა 332,50 ლარით უნდა იარსებოს. მიმდინარე წლის ბოლო თვეა და, შესაბამისად, მომდევნო წელს უვკე გვეცოდინება, რამდენი უნდა მოეხმარა თითოეულ მოქალაქეს, რომ არ გასჭირვებოდა. თუ შარშანდელ, ანუ 2019 წლის მონაცემს ავიღებთ, შარშან მომხმარებელი თვეში, საშუალოდ, 223,40 ლარს ხარჯავდა. საინტერესოა, როგორ არის ამ თანხაში გადანაწილებული გასავალი. მოკლედ, ამ 223,40 ლარიდან სურსათზე 84,50 ლარია გათვალიწინებული და სურსათში შედის… თამბაქო და სასმელიც. ე.ი., თვეში ზრდასრული ადამიანი 84.50 ლარის თამბაქოს, სასმელსა და საკვებს მოიხმარს. ამავე მონაცემით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად თითოეული მოქალაქე შარშან თვეში საშუალოდ 9,30 ლარს ხარჯავდა. წლიურად შემოსვა 111,60 ლარი ჯდებოდა და ბარემ ისიც გვითხარით, ამ ფასად მხოლოდ ფეხსაცმელს (ტანსაცმელზე არ გვაქვს საუბარი), თანაც ორ წყვილს _ საზაფხულოსა და საზამთროს _ სად ყიდულობთ? ელექტროენერგია და გათბობა თვეში 28,80 ლარი ჯდება თურმე, განათლება კი _ 6,20 ლარი. აი, განათლებაში მილიარდი რომ არის ჩადებული, ის განათლება ჯდება თვეში თურმე 6,20 ლარი.

იცით, ეს ყველაფერი რატომ გამოიყურება სასაცილოდ? იმავე საქსტატის მონაცემებით, ასე დაშლილად რომ დავთვალოთ, ოთხსულიან ოჯახს 900 ლარამდე სჭირდება. ჰო, 900 ლარამდე და ახლა ერთმანეთის საკვებს ვერ შეჭამენ, ვერც ერთმანეთის ტანსაცმელს ჩაიცვამენ, ერთ ღერს ვერ მოწევენ. ჰოდა, მივედით იქამდე, რომ ცალცალკე ადამიანებს ბევრი სჭირდებათ, აი, ოჯახს კი _ ნაკლები. გათბობა გასაგებია, ელექტროენერგია _ ცოტა გაუგებარი, იმიტომ, რომ აუცილებლად ერთ ოთახში ხომ არ უნდა იყოს ოთხსულიანი ოჯახი, მაგრამ დანარჩენი? ან ერთი ფეხსაცმლით რიგრიგობით უნდა იარონ გარეთ?! შესაძლოა, საქსტატში იმას ფიქრობენ, ლოქდაუნის პირობებში გარეთ მაინც იშვიათად დადიან ადამიანები და ერთი ფეხსაცმელი ეყოფათო.

რეალურად, ეს ყველაფერი სასაცილო ნამდვილად არ არის. ვერავინ აგვიხსნის, ოფიციალურ მონაცემებში, თანაც ერთი და იმავე სტრუქტურის მონაცემებში, ასეთი შეუსაბამობა როგორ შეიძლება იყოს. ან იქ ადამიანები არ მუშაობენ და არ იციან, რომ თვეში მხოლოდ თამბაქოსთვის არ არის საკმარისი 84,50 ლარი და ამ თანხას საკვები და სასმელიც ემატება. კარგი, ვთქვათ, არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს და მხოლოდ მწეველი ვარ, დღეში საშუალოდ ერთ კოლოფს ვეწევი (და მართლა ვეწევი), გამოდის, თვეში მხოლოდ თამბაქოში, სულ ცოტა, 180 ლარი მჭირდება. მხოლოდ თამბაქო რომ იანგარიშონ და სხვა არაფერი, საარსებო მინიმუმიც ვერ გამოდის თანხობრივად. აი, თუ მწეველი არ ვარ, არც ვსვამ და მხოლოდ საკვებზე ვარ დამოკიდებული, დღეში სამი ლარი უნდა მეყოს საკვებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი თვის განმავლობაში უნდა ვჭამო შემწვარი, მოხარშული, დაჭყლეტილი, გახუხული, მარილიანი, უმარილო, ტკბილიკარტოფილი. მხოლოდ კარტოფილი, რადგან სხვა რამისთვის თანხა, გამორიცხულია, იმყოფინო. მინდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს მივმართო, თვითონ თუ იცხოვრებდნენ ამ თანხის თუნდაც ხუთმაგი ოდენობით ერთ თვეს? რა თქმა უნდა, ვერა, იმიტომ, რომ სხვანაირ კვებას არიან მიჩვეულნი და სხვანაირ მგზავრობას, ტანსაცმელიც სხვანაირი სჭირდებათ. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ რიგითი ადამიანებისთვის არის მოგონილი, მაშინ პირდაპირ კლასებად დავყოთ, ოფიციალურად, უფლებებიც სხვადასხვაგვარი გვქონდეს და გვეცოდინება, რომ რაღაც არ შეიძლება ჩვენთვის, მაგრამ შეიძლება მათთვის. მაღაზიებიც ცალცალკე იყოს; ერთგან იაფი და უვარგისი პროდუქტი გაიყიდება, მეორეგან _ ხარისხიანი. ასე არც გადავიკვეთებით და ნერვებსაც არ მოგიშლით ჩვენი არსებობით.

ხარჯი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ამაყად განაცხადა, _ ხორბლის 2 თვის მარაგი გვაქვს და ზამთრის არ გვეშინიაო. ოფიციალურად გამოგვიცხადა, პური გექნებათ (სანახაობაც ახალ პარლამენტში, ალბათ, იქნება, თავიდან მაინც, სანამ ერთმანეთში მუშტებსა და სხვა ადგილებს დაატოლებენ), შიმშილის ნუ გეშინიათო და მხოლოდ პურზე გადაატარებენ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა, ბევრს ძალიან არ მოეწონოს, მაგრამ… სარესტორნო ბიზნესში მყოფ ადამიანებს ბანკის სესხის 80%-ის დაფარვაში სახელმწიფო დაეხმარებათო, სიხარულით გვამცნეს. კარგია, რომ სფეროს, რომელსაც დიდი დარტყმა მიადგა, ცოტას ამოასუნთქებენ, მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ასევე სესხი ჰქონდათ აღებული და უმუშევრები დარჩნენ? მათ ვინ დაეხმარება? თუ ისინი სახლ-კარს დაკარგავენ და მეტს არაფერს, აქეთ კი ბიზნესი იღუპება? აქაც არ ჩანს თანასწორობა და, თუ ეხმარებით, ყველას დაეხმარეთ _ მთელ ქვეყანას და ნურავის ნუ გამოარჩევთ. იმ დღეს ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ამბობდა, რესტორნებმა გასულ წელს ბიუჯეტში გადასახადების სახით 12 მილიონი შეიტანესო და როგორ გგონიათ, ბატონებო, რიგითმა ადამიანებმა, სულ ცოტა, ათჯერ მეტი არ შეიტანეს? ან ის რა იყო, მამუკა ხაზარაძემ რომ დაზაფრა ადამიანები: თუ ასე გაგრძელდება, დეპოზიტებზე მოგების პროცენტის დარიცხვა გაჭირდებაო? ვალად აღებულ ფულს ხომ კარგად არიცხავთ, ბატონო ბანკირებო, პროცენტს და თურმე ეს დეპოზიტზე გაჭირდება? და ვის აქვს დღეს დეპოზიტი? გინახავთ, გაჭირვებული ადამიანი ბანკში, სესხის აღების გარდა, სხვა რამისთვის მიდიოდეს?!

გავა ერთი თვეც და საქსტატი აუცილებლად გამოაქვეყნებს ახალ ციფრებს, ისევ შეუსაბამოს რეალობასთან, მაგრამ ამისთვის პასუხს არავინ მოჰკითხავს. ისიც ვთქვათ, რომ საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს ყოველთვიურად 5 ათას ლარზე მეტი აქვს ხელფასი და ასეთ პირობებში ხელს რომ მოაწერ, ოთხსულიან ოჯახს 332,50 ლარი უნდა ეყოსო, თავადაც ხომ ხვდები, რომ სისულელეზე აწერ ხელს. მაგრამ, რომ არ მოაწეროს, რომ იყვიროს, 5-ათასლარიან სამსახურს დაკარგავს და როგორი დასაკარგია?!

პირველი იანვრიდან პენსიები მოიმატებს, მაგრამ რეალურად, გაუფასურებული ლარის ფონზე, ამ მომატებას პენსონერები ვერ იგრძნობენ. თანაც, ამ ლოგიკით, რასაც ახლა გვიმტკიცებენ, ყველა პენსიონერი არათუ გადასარევად უნდა ცხოვრობდეს, არამედ დანაზოგსაც კი უნდა აკეთებდეს, რადგან პენსია თითქმის 60 ლარით მეტია საარსებო მინიმუმზე და 60 ლარი ხუმრობა ხომ არ არის?!

არჩევნების წინ ვწერდით, რომ რეალუად არაფერი არ შეიცვლებოდა და არ შეიცვლებოდა იმიტომ, რომ ამის ნება არ არსებობს. უფრო ზუსტად კი, შესაძლოა, ნება არსებობს, მაგრამ არ გვანებებენ. ჰო, არ გვანებებენ, რადგან ე.წ. განვითარებადი ქვეყნის სტატუსი რომ მოგვაწებეს 30 წლის წინათ, ვერ მოვიშორეთ და კიდევ კარგა ხანს არ მოგვაშორებენ, რადგან ამ სტატუსის გარეშე, შანსი გვაქვს, ჩვენი პროდუქცია იმ ოდენობით ვაწარმოოთ, სერიოზული მოთამაშე გავხდეთ ევროპაში. ეს კი დასავლეთს ყველაზე ნაკლებად აძლევს ხელს, ურჩევნია, წლიდან წლამდე გრანტები გადმოგვიგდოს და, ასე ჩვენი შენახვა იაფი რომ ჯდება, არაერთხელ დამტკიცდა. ამიტომ იმყოფინეთ ის, რასაც გვიწესებენ, და ისე არ მოხდეს, ეგეც სანატრელად გვექცეს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here