Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: საქართველო ჯერ უნდა გათავისუფლდეს ამ ვირტუალური შანტაჟისგან და შემდეგ შეიძლება...

სოსო ცინცაძე: საქართველო ჯერ უნდა გათავისუფლდეს ამ ვირტუალური შანტაჟისგან და შემდეგ შეიძლება რეალური ნაბიჯების გადადგმა საღი, კვალიფიციური დიპლომატიის ჩამოყალიბებისკენ

1022
სოსო ცინცაძე

სომხეთაზერბაიჯანს შორის მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება რომ შეიძლება ორი ქვეყნის ფარგლებს გასცდეს და არც ისე შორეულ მომავალში რეგიონის გეოპოლიტიკა შეცვალოს, ცხადზე ცხადია. ამაზე ექსპერტებიც საჯაროდ საუბრობენ და პოლიტიკოსებიც (როგორც ქართველი, ისე უცხოელი). მეტიც, ბოლო პერიოდში პროცესების დინამიკა (მაგალითად, მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს) აჩვენებს, რომ, მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯების მიუხედავად, დაპირისპირება მწვავდება და კონფლიქტი სრულ (სამხრეთკავკასიურ) ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიდის. თუმცა მთავარი შეკითხვა, რომელიც აღნიშნული პროცესების ფონზე საქართველოს, როგორც რეგიონის გეოპოლიტიკური გასაღების, კონტექსტში ჩნდება, არის ერთადერთი _ რა სახით შეიძლება, შეეხოს ჩვენს ქვეყანას ეს კონფლიქტი და რის გაკეთებაა აუცილებელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?

ბევრის აზრით (მათ შორის ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის შეფასებებითაც), ოფიციალურ თბილისს მიმდინარე პროცესებში ჯერჯერობით ადეკვატური პოზიცია უკავია და ის ორივე ქვეყნისადმი ფრთხილ, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებაზე გათვლილი მიდგომებით ხელმძღვანელობაში გამოიხატება, თუმცა ამგვარ შეფასებებთან ერთად ისმის განცხადებებიც, რომ ხელისუფლება სტრატეგიულ შეცდომას უშვებს; მაგალითად, იმ თვალსაზრისით, რომ თურმე იგი უფრო აქტიურად არ თუ ვერ ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ჩართვას მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებაში, ან იმ თვალსაზრისით, რომ ის თურმე, ფაქტობრივად, ვერ უზრუნველყოფს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფნად შესაძლო გამოყენებას.

რა გავლენას იქონიებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირიპირება კავკასიის რეგიონზე და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დააყენოს საქართველო ამ კონფლიქტმა გრძელვადიან პერსპექტივაში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაზე როგორც პოლიტიკოსები, ისე ანალიტიკოსები ბევრს ლაპარაკობენ, არის სხვადასხვა მოსაზრება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება, თუ ის სამშვიდობო მოლაპარაკებით არ დასრულდება (მოსკოვში მიღწეული შეთანხმება ნაწილობრივ დაირღვა), რეგიონში სერიოზულ რყევებს გამოიწვევს, ბევრიც კავკასიურ კრიზისზე აკეთებს მინიშნებას. ჩვენ რა ფორმით შეიძლება შეგვეხოს ეს ყველაფერი და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას?

_ ეს პროცესები: ჯერ დაძაბულობა ორ სახელმწიფოს შორის, შემდეგ საომარი რიტორიკა, შემდეგ მზადება ომისთვის და ბოლოს უკვე საომარი მოქმედებები, რომლებიც დღემდე გრძელდება, როგორც ჩანს, ასე მარტივად ვერ დამთავრდება და შეიძლება ერთგვარ საინტერესო პრეცედენტადაც იქცეს მსოფლიოში. ვგულისხმობ იმას, რომ პირველად რეგიონში ტერიტორიული მთლიანობა, თუნდაც ნაწილობრივ, შეიძლება აღდგეს არა მშვიდობიანი, არა მოლაპარაკების გზით. ამას იდეაში ვამბობ. ასეთი პრეცენდენტი ძნელად მახსენდება მსოფლიოს ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს, 130-მილიონიანი ნიგერიის შემთხვევას. ნიგერიას გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთით გამოეყო სეპარატისტული რაიონი, რომელიც ნავთობით მდიდარი იყო და, ბუნებრივია, ამ რეგიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნისთვის. 30 თვეს გაგრძელდა ომი და ბოლოს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ნიგერიამ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა. სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როდესაც აფრიკაში დაიღუპა თუ მოკლეს გაეროს გენერალური მდივანი დაგ ჰამარშელდი.

ახლა რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში. მთავარი, რომელზეც ბევრი რატომღაც არ ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ აზერბაიჯანი ითხოვს სუბსტანციურ მოლაპარაკებას. ეს ნიშნავს საფუძვლიან დიალოგს, რომელიც გარკვეული წინაპირობებით იდეაშივე რეალურ შედეგზე იქნება ორიენტირებული და არა, ვთქვათ, იმაზე, რომ კონფლიქტი შეწყდეს იქ, სადაც რომელიმე მხარეს ხელს არ აძლევს. სხვათა შორის, აზერბაიჯანი, ბოლო 10 წელია, სულ მოითხოვდა ამ მოლაპარაკებას, მაგრამ სომხეთი არ თანხმდებოდა. სომხეთს სურს მოლაპარაკება, რომელიც დაამყარებს მშვიდობას და არსებულ სტატუს-კვოს შეუნარჩუნებს, თუმცა ილჰამ ილიევის პოზიცია ურყევია…

_ გამოდის, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არსებით შედეგს ვერ მოიტანს?

_ ძნელია, ასე გადაჭრით დასკვნის გამოტანა, მაგრამ ფაქტია: მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ პირველად გამოქვეყნებულ ოთხ თუ ხუთპუნქტიან შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტი ეხებოდა სწორედ სუბსტანციური დიალოგის აუცილებლობას, რომელიც, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ინტერესშია, თუმცა შემდეგ უკვე ამ დოკუმენტიდან სიტყვა სუბსტანციური გაქრა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი სომხეთის მხარის ინიციატივით მოხდა. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, პრაქტიკულად, გამორიცხული მგონია, რომ დღევანდელ ვითარებაში ალიევის მიზანი იყოს ცეცხლის შეწყვეტა და ომამდელი მდგომარეობის აღდგენა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მან კარგად იცის, მსგავსი შესაძლებლობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აწი აღარ ექნება; და მეორე _ აზერბაიჯანის პოზიცია, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არის უზადო. ის იბრძვის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად იმ ტერიტორიაზე, რომელსაც გაეროდან დაწყებული, რუსეთით დამთავრებული, ყველა ოფიციალურად თვლის აზერბაიჯანის ნაწილად, ამიტომ მგონია, რომ ბაქო ყველანაირად შეეცდება, სულ ცოტა, იმ დაბრუნებულ პროვინციებში თავისი სამხედროები განალაგოს; ცეცლის შეწყვეტა კი, როგორც შეთანხმება, ალბათ, გაგრძელდება იქამდე, რა დროც დასჭირდება არა მოლაპარაკებებს, არამედ ტყვეების გაცვლას, მიცვალებულთა გადასვენება-გადმოსვენებას და ა.შ.

_ მოდი, საქართველოზე ვისაუბროთ. არსებობს დღეს საფრთხე, რომ ჩვენი ქვეყანაც ჩაითრიონ ამ დაპირისპირებაში? უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ჩვენ, ფაქტობრივად, მოკავშირე არ გვყავს, თუ არ ჩავთვლით დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც, რაც არ უნდა მოხდეს, შეშფოთების იქით რეალურად ვერ მიდიან

_ მესმის თქვენი შეკითხვის პათოსი და არსი. სიმართლე გითხრათ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე საქართველოს რუსეთისგან თავდასხმის საფრთხე ემუქრება. მით უფრო შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქ შეიძლება რაღაც სამხედრო დერეფანი გაჭრან და სომხეთს დაეხმარონ. ახლა რატომ არ მჯერა ამის, გავაანალიზოთ: ვთქვათ, რუსეთმა საქართველოს გავლით ჯარი მართლაც შეიყვანა სომხეთში, ვის წინააღმდეგ უნდა შეიყვანოს, აზერბაიჯანის? მაშინ გამოდის, რომ აზერბაიჯანის სახით მეორე საქართველოს მიიღებენ. მერწმუნეთ, კრემლში, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნის პოლიტელიტისგან განსხვავებით, დეგენერატები არ სხედან. ეს ერთი და მეორე _ რუსეთი ამ კონფლიქტში, სამხედრო თვალსაზრისით, თითს არ გაანძრევს მანამ, სანამ აზერბაიჯანი საომარ მოქმედებებს არ გადაიტანს სომხეთის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ ყარაბახი არ არის, გასხვავებით სომხეთისგან, დსთის ფარგლებში მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება მოსკოვს არასოდეს აუღია. სხვათა შორის, ფაშინიანი ამიტომ ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებისა და, პირველ რიგში, კრემლის დარწმუნებას, რომ თურმე აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიების დაბომბვა დაიწყო. ამით, ფაქტობრივად, რუსეთს უგზავნიან სიგნალს, რომ დაიცვას ხელშეკრულება და მოახდინოს რეაგირება ოფიციალური ბაქოს მოქმედებებზე. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფაშინიანი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დიდი სიმპათიით არ სარგებლობს მოსკოვში. მას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს რუსულ პოლიტელიტაში, მათ შორის სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს სომხების სახითაც. აი, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კრემლი წინააღმდეგი არ იქნება, გარკვეული თვალსაზრისით ჭკუა ასწავლოს ფაშინიანს. რაც შეეხება საქართველოს, თუ აზერბაიჯანი შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს, როგორც პრეცენდენტი, ჩვენთვის და მთლიანად რეგიონისთვის თავისთავად განაპირობებს გარკვეულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. ყოველ შემთხვევაში სიტუაცია იცვლება და ამ ცვლილებამ სწორი დიპლომატიის შემთხვევაში შეიძლება ახალი შესაძლებლობები გააჩინოს. მაგალითად, შეიძლება დადგეს დრო, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა მოსკოვში იფიქრებენ: საქართველოს დაკარგვას გვირჩევნია, აფხაზები და ოსები ცოტა გავანაწყენოთო, მაგრამ ეს თავისთავად არ მოხდება, ამას სჭირდება სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა, პირველ რიგში, რუსეთში.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რეალურია ამის მიღწევა?

_ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენდა სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ გააჩნია დიპლომატია. მეტიც, აქ არ არსებობს დიპლომატიური სკოლა, რომელიც ქვეყანას კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფდა. აი, ამის შედეგია ის, რომ თითოეული პოლიტიკური სუბიექტის მიერ კრემლთან პირდაპირი და შედეგიანი დიალოგის აქამდე განხორციელებული ყველა მცდელობა მხოლოდ მოლაპარაკებების იმიტაციაა. შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს რაც შეეხება, ვფიქრობ, დღეს საქართველოს აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ კრემლში თავისი ლობი ჰყავდეს, თუმცა ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: სანამ ხელისუფლება, დღევანდელი იქნება თუ მომავალი, ვირტუალური პოლიტიკური ტერორის ქვეშაა და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე თუნდაც ერთი სიტყვის მთქმელ ნებისმიერ ხელისუფალს კრემლის აგენტად აცხადებენ, ამაზე ფიქრიც ზედმეტია. საქართველო ჯერ უნდა გათავისუფლდეს ამ შანტაჟისგან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რეალური ნაბიჯების გადადგმა საღი, კვალიფიციური დიპლომატიის ჩამოყალიბებისკენ; დიპლომატიის, რომელიც გაცილებით მეტ ბერკეტებსა და ინსტრუმენტებს შეიძლება გულისხმობდეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის… სხვა შემთხვევაში, ქვეყანა, მე ვიტყოდი, არის ბედის ანაბარა და ნებისმიერი ცვლილება, გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ვგულისხმობ, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხდება, საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here