Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო რეგიონში სიცოცხლისუნარიანი რომ გახდეს, რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროს

საქართველო რეგიონში სიცოცხლისუნარიანი რომ გახდეს, რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროს

376

საქართველო ისევ ვერ ბედავს რუსეთთან დიალოგის დაწყებას; ვერ ბედავს, რადგან ეშინია, რომ ოპოზიცია რუსეთუმეობას დასწამებს, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილი ამას გააპროტესტებს. არადა, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი (და არა ერთერთი) გამოსავალი სწორედ რუსეთთან დიალოგია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაფერი ვცადეთ, რაც კი შეიძლებოდა; ვცადეთ, ბოლომდე შევტენვოდით დასავლეთს და არ შეგვიტენა; ვცადეთ, გავმხდარიყავით ნატოს წევრი და ვერ გავხდით _ ამის პერსპექტივა, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნის განმავლობაში  არ გვექნება.

ბოლო ხანს გახშირდა საუბარი ე.წ. 3+3 ფორმატის შესახებ. ეს ფორმატი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაა და თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას გულისხმობს. აღნიშნულ ფორმატზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ამ ფორმატში მონაწილეობა “ძალიან ძნელი” იქნება, რამაც კრიტიკა გამოიწვია. დასავლელი დიპლომატები ზალკანიანს შემოსწყრნენ, აქაოდა, “ძალიან ძნელიკი არა, შეუძლებელი უნდა გეთქვაო. სხვებზე მეტად საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი აქტიურობდა, _ პირდაპირ კატეგორიული უარი რატომ არ განაცხადეო. სანამ უშუალოდ კელიზე ვიტყოდეთ, ამ ფორმატის შესაძლებლობებსა და სიცოცხლისუნარიანობაზე ვთქვათ.

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი აღნიშნულ ფორმატში მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ რეგიონის ქვეყნები არიან, თორემ ამთავითვე ცხადია, რომ მთავარი მოთამაშეები თურქეთი, რუსეთი და ირანი იქნებიან. ეს ფორმატის დასახელებაშიც ჩანს  _ “3+3” ნიშნავს, რომ მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებნი სწორედ სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურები იქნებიან. აზერბაიჯანი მოიქცევა ისე, როგორც ამას თურქეთი ეტყვის; სომხეთი გააკეთებს იმას, რასაც მოისურვებს რუსეთი; ირანი დიდი მოთამაშეა და შეეცდება, სათავისოდ იზრუნოს; რჩება საქართველო, რომელსაც ამ ფორმატში პატრონი არ ჰყავს. გამოდის, თურქეთი არავის დააჩაგვრინებს აზერბაიჯანს, რუსეთი _ სომხეთს, ირანი თვითონ არ დაიჩაგრავს თავს და რჩება საქართველო. ჩვენი ქვეყანა ერთადერთია ამ სახელმწიფოებს შორის, რომელიც დასავლეთის მთავარ საყრდენად ითვლება რეგიონში. როგორი დამოკიდებულება აქვს ირანს, თურქეთსა და რუსეთს დასავლეთთან, არ გესწავლებათ და როგორ შეხედავენ ისინი დასავლეთისმთავარ საყრდენს”, ადვილი წარმოსადგენია.

არსებობს ერთადერთი ვარიანტი, რომ საქართველო არათუ ამ ფორმატში, არამედ რეგიონში სიცოცხლისუნარიანი გახდეს და ეს არის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ამ ფორმატის დაანონსებით, მისულები ვართ ზუსტად იმ მდგომარეობამდე, როცა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა. დღემდე ტრაქტატზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს, ოღონდ ცოტა პარადოქსული _ ყველა აღიარებს, რომ მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიაში ერთერთი გამორჩეული პატრიოტი იყო და ის არ ჩაიდენდა ქვეყნისთვის საზიანო საქმეს, ამასთანავე, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ პატარა კახის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება მოღალატეობრივი ქმედება იყო. ამ ადამიანებს არ ახსენდებათ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი რომ არა, საქართველო დღეს, უბრალოდ, არ იარსებებდა და მთელი ტერიტორია იქნებოდა ან ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ფერეიდანია, ან ისეთში, როგორშიც დღეს საინგილოა _ აკრძალული ენით, სარწმუნოებით, ტრადიციებით

თვით ფრაზა _ “დასავლეთის მთავარი საყრდენი რეგიონში”, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ისმის. იმავე თურქეთს რომ დასჭირდეს, დასავლეთს ერთ დღეში გამოაცლის საქართველოს და თავად დაეყრდნობა. თურქეთმა მსოფლიოს თავისი  ძალა არც ისე დიდი ხნის წინათ დაანახვა, ყარაბაღის ომის დროს, როცა დაამარცხა სომხეთი და მთიანი რეგიონი აზერბაიჯანს ფეშქაშად მიართვა. ამით თურქეთმა ისედაც დავალებული აზერბაიჯანი საშვილიშვილოდ დაივალა და სასწაული უნდა მოხდეს, ჩვენმა მეზობლებმა ერთმანეთს უგანონ. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე, რუსეთის ფედერაციაა. არადა, სწორედ რუსეთის ფედერაცია უნდა იყოს მიზეზი და სტიმული იმისა, რომ ქართული მხარე ამ ფორმატში მონაწილეობას დათანხმდეს. პირველ რიგში, ეს არის შანსი, რუსეთს პირისპირ ესაუბროს და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად მიაღწიოს კეთილმეზობლობას და მეორეც _ ხუთი ქვეყანა საქართველოს გარეშე რომ შეთანხმდეს ურთიერთთანამშრომლობაზე, მაშინ რა მოხდება? რომ შეთანხმდნენ საერთო ბაზარზე, საერთო ფასებზე, შეღავათებზე ტრანზიტსა და მათ ქვეყნებში ნაწარმოებ პროდუქციაზე, მაგ დროს რა ხდება? საქართველო ისევ რჩება დასავლეთის იმედად და ეს მაშინ, როცა როგორც ენერგო, ისე ყველა სახის საკვები პროდუქტის ლამის ასი პროცენტი საქართველოში სწორედ რუსეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის. რაღაც ნაწილი მოდის სომხეთიდანაც, მაგრამ მისი წილი ისე მცირეა, სათვალავში ჩაგდება არ ღირს.

ისიც ფაქტია, რომ ირანს, თურქეთსა და რუსეთს დასავლეთისადმი ნეგატიური განწყობა აერთიანებთ. თურქეთი კი ცდილობს, დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნოს, არც მწვადი დაწვას და არც შამფური, მაგრამ გასულ კვირას ერდოღანმა გაბზარულის გატეხვა გადაწყვიტა. თურქეთის ლიდერმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 სახელმწიფოს ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება დაავალა. მიზეზად ამ ელჩების განცხადება სახელდება, რომლითაც მათ 4 წლის წინათ დაკავებული ბიზნესმენის, ოსმან კავალას, გათავისუფლება მოითხოვეს. ერდოღანი განსაკუთრებით გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების ელჩებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გარკვეული მითითებები მისცეს.

“ისინი იძახიან: “კავალა, კავალა”. სოროსის თურქული ფილიალი, რომელსაც თქვენ “კავალას” ეძახით. მისთვის 10 ელჩი მოდის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს რა უხეშობაა? როგორ ფიქრობთ, ეს რა ადგილია? ეს არის თურქეთი, ეს არ არის ტომობრივი სახელმწიფო. ეს თურქეთია, დიდებული თურქეთი. არ შეიძლება აქ ადგე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხვიდე და მითითებები გასცე. ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, რა გაეკეთებინათ: ეს 10 ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად, იმ დღეს, როდესაც ვერაფერს ვერ გაიგებენ, ამ ადგილის დატოვება მოუწევთ”, _ კი არ განაცხადა, იყვირა ერდოღანმა.

საქმე გერმანიის, აშშ-ის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, კანადის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩების ერთობლივ განცხადებას ეხება, რომელშიც ოსმან კავალას საქმის საეჭვო გარემოებებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ხსენებული საქმე ჩრდილს აყენებს თურქეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს.

ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ერდოღანმა ღია ომი გამოუცხადა დასავლეთს? რა თქმა უნდა, ნიშნავს და ამით პირდაპირ მიანიშნა, რომ ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევას არავის აპატიებს. აბა, ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან აშშის (დანარჩენებზე რომ არაფერი ვთქვათ) ელჩის გაძევება რომ მოითხოვოს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო? ის, რომ ამერიკის ელჩი კი არა, ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენს საქმეში ერევა, ცხადია, მაგრამ პროტესტს არავინ გამოთქვამს. ასეთ პირობებში იმის თქმა, რომ ერდოღანი დასავლეთის თხოვნას თუ მოთხოვნას  გაითვალისწინებს და საქართველოს ბუზსაც ვერ აუფრენს, პოლიტიკური გულუბრყვილობა და სიბეცეა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც თურქეთს, შესაძლოა, ლაგამი ამოსდოს, რუსეთია. სწორედ ის რუსეთი, რომლის გამოც “3+3” ფორმატში მონაწილეობისგან საქართველო თავს იკავებს.

სამწუხაროდ, დღეს საგარეო პოლიტიკისთვის არ გვცალია, რადგან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია კარზე მომდგარი და ნაწილი სკამების შესანარჩუნებლად იბრძვის, ნაწილი _ ამ სკამების მოსაპოვებლად. ამ დროს კი რეგიონში სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და, ძალთა გადანაწილებას თუ გადავხედავთ, დღეს საქართველო ამიერკავკასიაშიც კი, როგორც ფინანსურად, ისე საერთაშორისო არენაზე, ბოლო ადგილზე დგას. ეკონომიკის მხრივ, გვისწრებს რეგიონის ყველა ქვეყანა და უკეთესის პერსპექტივა ამ მიმართულებით არც უახლოეს მომავალში არ ჩანს. ჩვენ გვაქვს რეგიონის ყველა ქვეყნის ვალი და თან უზარმაზარი ვალი; ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადვილად დასაჩაგრს და ერდოღანიც კი, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს კბილებით იცავს, სხვა ქვეყანას ვერ გაუბედავდა და ტერიტორიებს ღიად არ შეედავებოდა. შეგახსენებთ პრეტენზიას ბათუმსა და მესხეთზე, თვით ერდოღანის მიერ წაკითხულ ლექსს, რომელშიც პირდაპირ ამბობს, რომ მესხეთი მალე დაუბრუნდება ისტორიულ სამშობლო თურქეთს. ქართულ მხარეს მაშინ ეს არ გაუპროტესტებია _ მეზობელი არ გააღიზიანა (უფრო სწორად, საამისო შნო არა აქვთ), “ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც” მაინცდამაინც მაშინ დაყრუვდნენ და დაბრმავდნენ და მათაც ხმა არ ამოუღიათ. 

ჩვენთან ერთად თუ უჩვენოდ რეგიონის ქვეყნები თანამშრომლობას აუცილებლად დაიწყებენ და ლოგიკურად მივლენ დასკვნამდე, რომ საქართველო მათ განვითარებასა და წინსვლას ხელს უშლის. სწორედ მერე შეიძლება ითქვას უკვე ხმამაღლა და ოფიციალურად, რომ ვიღაცას მესხეთზე მართლა აქვს პრეტენზია, აქეთ გარეჯია ისევ სადავო, იქით _ სამცხეჯავახეთი და ვინძლო, თავში ხელის ცემა გვიანი იყოს. საქართველომ კარგად უნდა აწონდაწონოს, რას მიიღებს ამ ფორმატისგან და თავიდანვე რაღაც გარანტიები მოითხოვოს. სხვაგვარად, ზუსტად იმ ადგილზე დავრჩებით რეგიონში, რომელზეც ახლა ვართ _ უკანასკნელზე!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here