საქართველოს ხელისუფალი უნდა წავიდეს ყველგან, სადაც  მშვიდობაზე იქნება საუბარი და არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან დასავლეთი თუ აღმოსავლეთი!

    დასავლეთი გაიძახის, უკრაინის კონფლიქტი რუსეთის კეთილი ნების გარეშე არ მოგვარდებაო. როგორ გგონიათ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა ოდესმე ადგილიდან დაიძვრება, თუ ამის კეთილი ნება რუსეთს არ ექნება?

    იცით, ალბათ, როგორ უხარია ხოლმე ოპოზიციას, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპასა თუ ამერიკაში გამართულ რომელიმე ფორუმსა თუ სამიტზე არ იწვევენ. მაშინვე იწყება საუბარი, რომ დასავლეთს აღარ ვაინტერესებთ;  ამით დასავლეთმა მიგვანიშნა, რომ გვსჯის, რომ მეტის ღირსია ჩვენი ხელისუფლება და ა.შ.  დასავლეთიც, თავის მხრივ, მიწვევის სანაცვლოდ  ჩვენგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს და, როცა ვეურჩებით, პატარა ბავშვივით გვსჯის ხოლმე,  კუთხეში გვაყენებს, აქაოდა, ხედავთ,  რა შემიძლიაო. რეალურად კი, დასავლეთში  იციან, რომ ასეთი სასჯელით საქართველოს ხელისუფლებას ვეღარ შეაშინებენ, მაგრამ გაკოტრებულ ოპოზიციას ხომ უნდა ჰქონდეს რამე სათქმელი და ეს სათქმელი სწორედ დასავლეთმა უნდა უკარნახოს.

    12-13 დეკემბერს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართა „მშვიდობისა და ნდობის“  საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერიც იყო მიწვეული. ირაკლი კობახიძე  ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, შემდეგ კი ღონისძიების  სხვა მონაწილეებთან ერთად  სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ფორუმზე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და,  რა თქმა უნდა, ფოტოს გადაღებისას ისიც სხვა ლიდერებთან ერთად იდგა. აი, აქ დაიწყო, რაც დაიწყო – ოპოზიციის ლიდერებმა სოციალურ ქსელებში ეს ფოტო გამოფინეს და წერდნენ,  კობახიძე პუტინის გვერდით დგას (არადა, გვერდით ნამდვილად არ იდგა) და ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთისკენ მივყავართო.  ქართულ ოპოზიციას აჰყვნენ დასავლელებიც და სულ მუშტები იქნიეს, ხედავთ, საქართველოს პირველი პირი სად არის და რა დღეშიაო? არადა, იმავე სამიტზე  მართლა პუტინის გვერდით იდგა ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის,  პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი, მაგრამ მასზე კრინტი არავის დაუძრავს. რატომ? თურქეთი დიდი ქვეყანაა, ერდოღანი ამ ქვეყნის ლიდერია და ვერ უბედავენ?

    მოდი ერთად გავიხსენოთ, როდის და სად მიიწვია ევროპამ ან ამერიკამ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი და რომელმა თქვა უარი წასვლაზე.  ძნელი გასახსენებელია, ხომ? ჩვენ, რიგითი  ადამიანები, იქ მივდივართ, სადაც სტუმრად გვეძახიან, ხოლო იქ არ მივდივართ, სადაც ჩვენი ნახვა არ სურთ. ჰოდა, სწორედ ასეა პოლიტიკაშიც – სადაც არ გეძახიან, იქ არ მიდიხარ და, რასაც ახლა ევროპა აკეთებს, არათუ არადიპლომატიური, არასწორი და მავნებლურია. ესეც არ იყოს, ხომ გაჰკივიან ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შესაწყეტადო? ჰოდა, ეს მშვიდობის ფორუმი იყო, ანუ ქვეყნების ლიდერებმა იმსჯელეს იმაზე, როგორ უნდა შეინარჩუნონ მშვიდობა და  არ  იომონ.  ახლა კი კობახიძეს ანამუსებენ, როგორ გაბედე და მშვიდობაზე ისაუბრეო!  სხვათა შორის, ამავე ღონისძიებაზე იყო  ევროკავშირის წევრი ქვეყნის, უნგრეთის,  პრემიერი ვიქტორ ორბანი, მაგრამ მისთვის  არავის უთქვამს, რატომ ჩახვედი აშხაბადში  და მშვიდობაზე რატომ ილაპარაკეო. თანაც ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა,  ჩვენს პრემიერს მეზობელი ქვეყნის ლიდერებთან დამატებით ესაუბრა სამომავლო თანამშრომლობაზე და ასეც მოიქცა. გულახდილად გითხრათ, სადღაც გულიც კი დაგვწყდა, კონკრეტულად პუტინთან რომ  ვერ მოხერხდა გასაუბრება, თუნდაც ორი-სამი სიტყვის გაცვლა, რადგან ეს იქნებოდა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი  ურთიერთობის აღსადგენად. თავად განსაჯეთ, მთელი დასავლეთი გაიძახის, უკრაინის კონფლიქტი რუსეთის კეთილი ნების გარეშე არ მოგვარდებაო და როგორ გგონიათ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა ადგილიდან დაიძვრება ოდესმე, თუ ამის კეთილი ნება რუსეთს არ ექნება? რა თქმა უნდა, არა და ამის აღიარება არავის უნდა. უფრო ზუსტად, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ხმამაღლა არავინ ამბობს. დასავლეთი არ არის, ხშირად  რომ იმეორებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებო და ერთი ნაბიჯი მაინც თუ გადადგა პრობლემის გაყინული წერტილიდან დასაძვრელად?

    არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ დასავლელი „მეგობრებიც“ ცოტა შორსაც წავიდნენ და განაცხადეს, საქართველოს ლიდერები თუ ასეთ შეხვედრებზე ივლიან, ნატოში გაწევრებაზე ფიქრი უნდა დაასრულონო. ეს დაცინვაც აღარ არის, ეს შეურაცხყოფაა, ბატონებო, რადგან რამდენიმე თვის წინათ გასაგებად ითქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის ადგილი ნატოში 2050 წლამდე  არ იქნება, ხოლო ორიოდე კვირის წინათ ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთს სამშვიდობო გეგმა რომ გააცნო, იქაც ჩაუწერა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები ნატოში არასდროს გაწევრდებიან და  ალიანსი გაფართოებაზე უახლოეს მომავალში  არ იფიქრებსო. ხელშეკრულებაში წერენ, რომ საქართველო ნატოში ვერასდროს გაწევრდება და ესენი კი  გვეუბნებიან, ასეთ შეხვედრებზე თუ ივლით, იცოდეთ, არ მიგიღებთო.   გვაშინებენ იმით, რაც  არასდროს მოხდება და იცით, რას ვერ ვხვდებით? მათ მართლა წერა-კითხვის უცოდინარი იდიოტები  ვგონივართ? ხომ არ  ფიქრობენ, რომ არ ვადევნებთ თვალს არაფერს თუ სიტყვის მასალად ამბობენ მათთვის, ვინც შეიძლება ეს პირობა არ იცოდეს? არის კიდევ ერთი ვარიანტი: ისე  არასერიოზულად აღგვიქვამენ, სინამდვილეში  არ აინტერესებთ, აქ რა ხდება ან ხდება თუ არა რამე საერთოდ, უბრალოდ, ამბობენ იმას, რაც ენაზე მოადგებათ, თანაც  ზუსტად იციან, რომ ამის გამო ბოდიშს არავინ მოახდევინებს…

    სააკაშვილის  ხელისუფლებამ შექმნა ისეთი განწყობა, რომ აქ ყველა დასავლეთის მონა უნდა ყოფილიყო, ხმა არავის უნდა ამოეღო და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნიდან ფეხი არ გაედგა, თუ დასავლეთი თანახმა არ იქნებოდა. ჰოდა, ახლა ვითარება რადიკალურად რომ შეიცვალა, ამას ვერ ეგუებიან და ჰგონიათ, რომ ეს, უბრალოდ, „მონების აჯანყებაა“, რომელსაც ადრე თუ გვიან  ჩაახშობენ და ამიტომ  არ ფიქრობენ, რას იტყვიან „მონებზე“. გნებავთ,  ჩაატარეთ ექსპერიმენტი და იმ ევროპარლამენტარებს,  კონგრესმენებსა თუ სენატორებს, რომლებიც საქართველოზე ლამის ყოველდღიურად საუბრობენ, მსოფლიოს რუკა დაუდეთ წინ და სთხოვეთ,  გვაჩვენონ საქართველო სად არის.  ამას 80%-ზე მეტი  ვერ გააკეთებს და დიდია შანსი, ხელი აფრიკის კონტინენტსაც კი დაადონ. რაც მთავარია, ეს ყველაზე კარგად იციან ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებსაც, ამერიკასა  თუ ევროპაში ჩასულებს, დერეფნებში სირბილი და საათობით ლოდინი უწევთ რომელიმე ევროპარლამენტართან დასალაპარაკებლად, მასთან ერთად ფოტოს გადასაღებლად, მერე ეს ფოტოები ამაყად რომ გამოფინონ სოციალურ ქსელში. ახლახან არ იყო, რომელიღაც  დერეფანში მდგომ თინა ბოკუჩავას პირდაპირ ეთერში რომ წამოსცდა, ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, აქ ხმამაღლა საუბარი არ შეიძლებაო?..  ის ვერ ბედავდა, ხმამაღლა ელაპარაკა იქ, სადაც შეიძლებოდა ნებისმიერს ეთქვა, მაწუხებ, გაჩუმდიო.

    ეს არის რეალობა, რომელში ცხოვრებაც დღეს გვიწევს.  გვგონია, რომ საქართველოს ხელისუფალი უნდა წავიდეს ყველგან, სადაც საუბარი რეალურ მშვიდობაზე იქნება და არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. მთავარი საქართველოს ინტერესები უნდა იყოს და  აშხაბადში გამართულ ფორუმზე, სადაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერები იყვნენ მიწვეულნი,  ჩვენ გარეშე მოლაპარაკებები სასიამოვნო არ იქნებოდა. აი, აქ გამოკლება და მიუპატიჟებლობა ჩაითვლებოდა უფრო სერიოზულ პრობლემად,  ვიდრე ევროპაში რაღაც მოჩვენებით მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასვლა. გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთისა  თუ ბრიტანეთის ლიდერებთან შეხვედრამ რა შეიძლება მოგვცეს რეგიონული მშვიდობის საქმეში? ვიღაც იტყვის, გარანტიებიო და რომელმა გარანტიებმა უშველა უკრაინას, რომ შეალეწეს და შეაწყვიტეს რუსეთს? ან ახლა შველიან თუ იმ უბედურ დღეზე გაჩენილ ზელენსკის სადილს რომ შეაჭმევენ ხოლმე და მხარზე ხელს დაუტყაპუნებენ, აბა, შენ იცი, არ შეგეშინდესო, ეს არის ყველაფერი? ზელენსკისთან შეხვედრები და დაპირებები, იცით, რას ჰგავს? აი, ჩვენში რომ ამბობენ ხოლმე, თავმოჭრილ მოზვერს თივას უყრიდნენო, ისეა მაგის საქმეც. ზელენსკის მოზვრობის რა გითხრათ, უფრო სირაქლემაა; ისე აქვს თავი ჩაქინდრული, თითქოს ვერ ხვდება, დასავლეთმა რაც გაუკეთა. ახლა შეხვედრებზე რომ დარბის, სამშვიდობო შეთანხების გარდა, პირადი უსაფრთხოების გარანტიებსაც ითხოვს და, ალბათ, მიიღებს კიდეც, რადგან არც მანამდე სჭირდებოდა კონკრეტულად ზელენსკი ვინმეს და მომავალში ხომ საერთოდ არ დასჭირდება, ამიტომ სჯობს, ისე მოვიქცეთ, როგორც საქართველოს წაადგება, თორემ აგერ წელიწადი გავიდა, რაც ტრამპი გაპრეზიდენტდა და ერთხელ მაინც ახსენა საქართველო?!

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here