Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

გადავწყვიტოთ მიწის საკითხი მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ქართული წესით

1114
გიორგი კვირიკაშვილი

ბატონო პრემიერმინისტრო!

ქართული სახელმწიფოს წინაშე დღეს არსებულ მრავალ გამოწვევას შორის უმთავარესი მიწის საკითხის გადაწყვეტაა. მიწის საკითხი ყველაზე არსებითად არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, რადგან ტერიტორიული იდენტობა ეროვნული თვითცნობიერების ნიადაგია, ხოლო მისი შენარჩუნება წარმოუდგენელია მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მოწესრიგებულობის გარეშე.

ქართული ტრადიციული სამართალი უწინარესად მიწის საკითხს აგვარებდა. მიწაზე კერძო და საზოგადოებრივი, .. სათემო საკუთრება მიწათმფლობელობის ქართული წესის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენდა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ისტორიულად არსებული მიწათმფლობელობის ქართული წესი ტიპოლოგიურად სწორედაც რომ ევროპულია.

სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართული სამართლის უგულებელყოფა და მიწათმფლობელობის ქართული წესის მოსპობა განაპირობა. რუსეთის იმპერიის პირობებში საფრთხე ქართულთა ეროვნულ იდენტობას დაემუქრა. მიწის, როგორც არა მხოლოდ ნივთის, არა ოდენ საკუთრების ობიექტის, არამედ როგორც ქართველთა ტერიტორიული იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი ღირებულების _ საერთო მამულის _ დაცვა, ენისა და სარწმუნოების დაცვასთან ერთად, დიდი ილიას მიერ დარაზმული ეროვნული მოძრაობის მთავარი გეზი და ძირითადი სამოქმედო პროგრამა იყო. საბჭოთა პერიოდში კერძო საკუთრებასთან ერთად საერთოდ მოისპო სათემო საკუთრებაც, ხოლო ქართული მიწა საბჭოეთის საერთო-სახალხო საკუთრებად გამოცხადდა. საბჭოთა პირობებში “საერთო-სახალხო საკუთრების” მიწას კონკრეტული პატრონი იურიდიულად აღარ ჰყავდა და აბსტრაქტული “საბჭოთა ხალხი” იყო ფორმალურად მიწის მესაკუთრე.

სამწუხაროდ, ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველომ დღემდე ვერ მოაგვარა, სწორედ მიწის საკითხია. მართალია, 1990-იანი წლების დასაწყისში აგრარული რეფორმის გასატარებლად პირველი ნაბიჯები გადაიდგა, როცა სასოფლო მიწა მის ნამდვილ პატრონებს, ქართველ გლეხებს, დაუბრუნდათ, მაგრამ ამ რეფორმას განვითარება არ მოჰყოლია: მიწის ფონდის უდიდეს ნაწილს, რომელიც საბჭოთა პერიოდში აბსტრაქტულ საერთოსახალხო საკუთრებას წარმოადგენდა, ჯეროვანი პატრონი დღემდე არ ჰყავს, გამოუყენებელი და უსარგებლოა, უარესიც: აღურიცხავი, დაურეგისტრირებელი და, მაშასადამე, იურიდიულადაც უპატრონო.

მიწის ბალანსის მიხედვით, რომელიც 2004 წლის შემდგომ საერთოდ აღარც იწარმოება(?!), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეადგენდა 3025,8 ათას ჰექტარს, მათ შორის სახნავი _ 802,1 ათას ჰექტარს, მრავაწლიანი ნარგავები _ 263,5 ათას ჰექტარს, სათიბი _ 143,5 ათას ჰექტარს და საძოვარი _ 1796,6 ათას ჰექტარს, ხოლო საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია მხოლოდ 1070, 5 ათასი ჰა სასოფლო მიწა, ამ დარეგისტრირებული მიწიდან სახელმწიფო საკუთრებაშია 380, 4 ათასი ჰა. როგორც ვხედავთ, ყველაზე ძვირფასი საუნჯის, რომელიც განუახლებად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს და თანასწორად ეკუთვნის ქართველთა ძველ, ახლანდელ და მომავალ თაობებს, უდიდესი ნაწილი, არსებული მონაცემებით, 1955,3 ათასი ჰა მიწა, ანუ სასოფლო-სამეურნეო მიწის მთლიანი ფონდის 65% (ორი მესამედი) აღურიცხავი, დაურეგისტრირებელი და იურიდიულად უპატრონოა.

მოუწესრიგებელი და აღურიცხავია მიწათსარგებლობა. გულსაკლავია, რომ გეორგიანული კულტურის უძველეს ქვეყანაში დღეს მიწის მიმართ ისეთი უდიერი დამოკიდებულებაა, რომელსაც, ალბათ, ანალოგი არ მოეპოვება თანამედროვე მსოფლიოში. დღეს არავინ იცის, რეალურად რა მდგომარეობაშია საქართველოს მიწის ფონდი; სად, ვის ხელშია და რამდენი გვაქვს მიწა; რისი პატრონები ვართ _ რამდენი გვაქვს სახნავსათესი, საძოვარი და სათიბი, ბაღი, ვენახი, ბოსტანი, ტყე, წყლის ფონდის მიწა, სამრეწველო დანიშნულების, განაშენიანების, რეკრეაციისა და სხვ. მიწები. აღარაფერს ვამბობთ მიწათმოწყობაზე, რომელიც სსრკის დაშლის შემდეგ, ფაქტობრივად, მოიშალა; ანდა ქალაქგეგმარებასა და, საზოგადოდ, ტერიტორიების სივრცით დაგეგმარებაზე, რომლებიც სავალალო და კატასტროფულ მდგომარეობაშია.

განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ყველაფერთან ერთად ასევე კატასტროფულ მდგომარეობაშია მიწის სამართალიც. დღეს მოქმედ უაღრესად ფრაგმენტულ და წინააღმდეგობრივ კანონმდებლობაში საერთოდ არ არსებობს მწყობრი და ერთიანი სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც მიწასთან, როგორც ქვეყნის უმთავრეს რესურსთან, დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფართო სპექტრს მოაწესრიგებდა.

მიწათსარგებლობის სამართლებრივ მოუწესრიგებლობაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონი. ეს კანონი სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრე სუბიექტს, მხოლოდ კერძო საკუთრების ჩამორთმევისა და მაღალმთიანი რეგიონების მიმართ გაკვრით მოიხსენიებს; არადა, რეალურად, მიწის ყველაზე მსხვილი მესაკუთრე დღეს სახელმწიფოა.

მართალია, კანონი “სახელმწიფო ქონების შესახებ” სახელმწიფოს მიიჩნევს სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრედ, მაგრამ ეს კანონი არა სახელმწიფო ქონებით სარგებლობას, მისი გამოყენების, მართვისა და დაცვის ჯეროვან რეჟიმებს ითვალისწინებს, არამედ სახელმწიფო ქონების განკარგვას, მის პრივატიზებას, თუნდაც სარგებლობის უფლებით გადაცემას, აწესრიგებს. ასეთი “გამყიდველური” დამოკიდებულების გამო, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა (გავიხსენოთ იმ ხელისუფლების “საავტორო გამოგონება”: “ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა!”), რაც კანონში აშკარადაა გამოხატული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს მიწის პატრონობა ოდენ მის გასაყიდად თუ გაახსენდება. სწორედ ამიტომ დღემდე სრულიად უსისტემო და ქაოსური ხასიათი აქვს სახელმწიფოს მიერ მიწის გასხვისების პროცესს. შედეგად ტარდება “პრივატიზება პრივატიზებისთვის” და არა ეკონომიკური ეფექტიანობის, სოციალური მიზანშეწონილობის ანდა სხვა საზოგადოებრივი სიკეთის მისაღებად. კურიოზია, რომ არც “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში არც დღეს მოქმედი ტყისა და წყლის კოდექსებით მუნიციპალიტეტი საერთოდ არ მოიხსენიება, როგორც მესაკუთრე სუბიექტი(?!).

სავალალოა, რომ მსგავსი კურიოზებით “მდიდარია” ჩვენი კანონმდებლობა. მხოლოდ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ის ნორმა რად ღირს (იხ. ამ კოდექსის 107-ე მუხლის მე-4 ნაწ.), რომლის თანახმადაც მიწაზე საკუთრების უფლება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს შორის “შეჯიბრებაზე” ხდება დამოკიდებული: თურმე უპატრონო მიწა იმისი იქნება, ვინც მის რეგისტრაციას დაასწრებს(?!), ზუსტად ისე, როგორც ეს “ველურ დასავლეთში” ამერიკის კოლონიზაციისას ხდებოდა.

მიწათსარგებლობის მოუწესრიგებლობის ერთერთი ყველაზე მტკივნეული გამოვლინებაა ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქართულ თემს უმთავრესი უფლებები არ დაბრუნებია _ იგი მესაკუთრე სამართალსუბიექტს დღემდე არ წარმოადგენს. ხოლო სათემო ქონებას მოკლებული სოფელი, უკვე ქართული სოფელი კი არა, ბედისწერას მინებებული დასახლებაა, რომელშიც საბჭოთა დროიდან დღემდე საზოგადო მიწაწართმეული, .. ხიზნებად ქცეული მოსახლეობა სახლობს და არა მკვიდრი თემი. სანამ თემი არ გახდება სათემო ქონების მესაკუთრე სამართალსუბიექტი, ძნელად სავარაუდოა, რომ მიწაზე საზოგადო საკუთრებამ კონკრეტული იურიდიული შინაარსი და, მაშასადამე, მიწამაც ჯეროვანი პატრონი დაიბრუნოს.

მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ამჟამინდელ მოუწესრიგებლობას არ შეიძლება შეეგუოს და ვერც შეეგუება ქართული სახელმწიფო.

სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და დროის დაუკარგავად განხორციელდეს ფუნდამენტური აგრარული რეფორმა. ამ რეფორმამ ერთხელ და სამუდამოდ, პრინციპულად უნდა გადაწყვეტოს მიწის საკითხი, ამისათვის კი აუცილებლად მიგვაჩნია:

2.მიწის რეფორმის ძირითადი მიზნების განსაზღრა; ეს მიზნებია:

ა) მიწაზე უფლებების რეგისტრაციის პროცესის მოწესრიგება და გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებითა და ხარჯით მიწაზე უფლებების პირველადი რეგისტრაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება;

ბ) ნორმატიული და ინსტიტუციური ბაზის შექმნა, ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა, რათა ქვეყანაში სწრაფად აღდგეს მიწათსარგებლობის კადასტრის სისტემური წარმოება;

გ) ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემაზე მუშაობის დასრულება და პირობების შექმნა, რათა სწრაფად მომზადდეს და მიღებული იქნას ქვეყნის რეგიონების, მუნიციპალიტეტებისა და მსხვილი დასახლებების სივრცითი მოწყობის კანონით განსაზღვრული დოკუმენტები, უწინარესად _ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები;

დ) მიწაზე საკუთრების დეცენტრალიზაცია _ ნორმატიული და ინსტიტუციური საფუძვლების მომზადება, რათა ის მიწა, რომელსაც არ იყენებს სახელმწიფო უსისტემოდ და ქაოსურად კი აღარ გაიყიდოს, არამედ შესაბამის მუნიციპალიტეტებს გადაეცეთ და მათ საკუთრებად უსასყიდლოდ დარეგისტრირდეს;

ე) მიწაზე სათემო მფლობელობის აღდგენა _ ნორმატიული, ინსტიტუციური და ტექნიკური საფუძვლების მომზადება, რათა დასახლებებში (ხოლო მსხვილი დასახლებების შემთხვევაში _ დასახლებათა უბნებშიც) ადგილობრივი თემი ჩამოყალიბდეს, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი _ მესაკუთრეთა ამხანაგობა (კონდომინიუმი), რომელსაც მუდმივ მფლობელობაში და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული არაპრივატიზებული მიწა;

ვ) მიწის პრივატიზების მოწესრიგება _ ნორმატიული საფუძვლების მომზადება, რომლითაც რეალურ შინაარსს შეიძენს 1921 წლის ქართული კონსტიტუციის 116-ე მუხლის ის პრინციპი, რომ “მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე”; ამ პრინციპიდან გამომდინარე, კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვრება წესები და პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მიწის შემძენი; კერძოდ, დადგინდება სათემო მფლობელობაში მოქცეული მიწის პრივატიზების ის წესიც, რომლის მიხედვით პრივატიზება დაიშვება მხოლოდ თემის თანხმობით და იმ პირობით, რომ კონკრეტული საზოგადოებრივი სარგებელი პრივატიზებიდან სწორედ თემმა უნდა მიიღოს; გარდა ამისა, მიწის პრივატიზებისას შემძენისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მიწათმოწყობისა და ტერიტორიის განვითარების გეგმების, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ ნორმატიულ დოკუმენტებს, წარდგენა;

2.ზემოთ მოცემული მიზნების შესაბამისად ფუნდამენტური აგრარული რეფორმისთვის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნა; აუცილებელია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიწის კოდექსის მომზადება და მიღება;

3.მიწის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღებისა და იმპლემენტაციის, ფუნდამენტური აგრარული რეფორმის გასატარებლად მიწის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნა; კომისია უნდა შეიქმნას პრემიერმინისტრთან, კომისიამ უნდა შეიმუშაოს რეფორმის ძირითადი პოლიტიკური და მმართველობითი გადაწყვეტილებების პროექტები, პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო პაკეტის პროექტი, უზრუნველყოს რეფორმის საკითხებზე საერთო-ეროვნული კონსენსუსის მიღწეევა, რეფორმის სწორად დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;

4.არა მხოლოდ მიწათმფლობელობის (“საჯარო რეესტრი”), არამედ მიწათსარგებლობის (მიწათსარგებლობის კადასტრი, რომელიც დღეს აღარ არსებობს) აღრიცხვის სასწრაფოდ მოწესრიგება. მიწათსარგებლობის კადასტრის სისტემული წარმოებისათვის, მიწათმოწყობისა და ტერიტორიული განვითარების პროცესების მართვისთვის აუცილებელია ნორმატიული და ინსტიტუციური საფუძვლების მომზადება, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი “მიწის რესურსების მართვის, მიწათსარგებლობის მონიტორინგისა და ტერიტორიული განვითარების ეროვნული სააგენტო”.

ბატონო გიორგი!

დრო არ ითმენს. მიწის საკითხის გადაწყვეტა, მამულის ჯეროვანი პატრონობა, მაშასადამე, მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ქართული წესით მოწესრიგება, ჩვენი თაობის უწინარესი ვალდებულებაა ერთმანეთის, ჩვენი წინაპრებისა და შთამომავლობის წინაშე.

პატივისცემით,

პაატა კოღუაშვილი, დავით ზარდიაშვილი, ანზორ მესხიშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე, პაატა ჭიპაშვილი, მიხეილ ჯიბუტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here