Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს მუნიციპალიტეტები მოსახლეობისგან დაახლოებით 40 წელიწადში დაიცლება

საქართველოს მუნიციპალიტეტები მოსახლეობისგან დაახლოებით 40 წელიწადში დაიცლება

თუ გულხელდაკრეფილი დავსხდებით, არც ისე შორს იქნება დრო, როდესაც ბოლო ქართველი წინას დამარხავს

3802
დემოგრაფია

ბოლო 25 წელიწადია, საქართველოში დემოგრაფიული ვითარება განუხრელად უარესდება: მცირდება შობადობა, იზრდება მოკვდავობა, ბევრ რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი კლება საშიშ ზღვარს მიუახლოვდა; შემცირდა ქორწინებები, ქვეყანაში უკვე ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება, ემიგრაციულმა პროცესებმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია – 1989-2014 წლებში თითქმის 1700 ათასმა კაცმა დატოვა საქართველო და ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწა. სამაგიეროდ, უცხო, უპირატესად ღარიბი ქვეყნის წარმომადგენლებმა იყიდეს საკმაო რაოდენობით მიწა და ბინადრობის უფლება, თუმცა არც მდიდარ უცხოელებს უთქვამთ უარი.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ხშირია ეკოლოგიური კატაკლიზმები, რომელსაც უახლოეს მომავალშიც შეიძლება გლობალური მასშტაბით მოჰყვეს საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლის დეფიციტი. საქართველოში, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, მრავალი პატარა თუ დიდი სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება და ძნელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. ჩვენ კი პერსპექტივაში, სავარაუდოდ მაინც, გათვლილი არ გვაქვს, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პოლიტიკური პროცესები სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში და რა ბერკეტები გაგვაჩნია ამ პროცესების სამართავად.

სანამ უშუალოდ დემოგრაფიულ პრობლემებზე გადავალ, მოგახსენებთ ქართული მედიის როლზე ერისთვის ამ მეტად მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში თუ მოუგვარებლობაში.

ჩვენ, სამწუხაროდ, დაჭაობებული მედიასაშუალებების მდარე გადაცემების ტყვეობაში აღმოვჩნდით. საქართველოში, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა კასტა ჟურნალისტებისა, რომლებმაც ჩაკლეს სიტყვის თავისუფლება და მიკერძოებული გადაცემებით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას. ეს ჟურნალისტები განსხვავებულ აზრს ვეღარ იტანენ და სასურველი პასუხის მისაღებად დებატებს უმართავენ მათ მიერვე შერჩეულ სტუმრებს. სპეციალისტები, მეცნიერები გაქრნენ სატელევიზიო არხების ეთერიდან. მათი აზრი არ აინტერესებთ, რადგან დებატებში ვერაფერს დაუპირისპირებენ. გეგმაზომიერად ხდება პოლიციის ინსტიტუტის დაშანტაჟება. ტელეჟურნალისტები ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვაში ეჭვმიტანილის ადვოკატებსა და ახლო ნათესავებს ეკითხებიან, ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს თუ არაო, ვითომ, დადებითის გარდა, სხვა პასუხს მიიღებენ. ტელევიზიები გამიზნულად და თანდათანობით გვაკარგვინებს ეროვნულ თავმოყვარეობას; სატელევიზიო გადაცემებში დასცინიან პატიოსნებასა და ქალწულობას; სატელევიზიო ეთერი წალეკა უწმაწურმა, უშვერმა სიტყვებმა და გამოთქმებმა; დილიდან გვიან ღამემდე თითქმის ყველა ტელეარხი, წლებია, უჩვენებს მდარე გემოვნების თურქულ ტელესერიალებს და ამით ცდილობს ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლას (ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი _ რატომ ყიდულობენ მაინცდამაინც თურქულ სერიალებს?); რეგულარულად უჩვენებენ, აგრეთვე, მკვლელობის, საშინელი წამების, გაუპატიურების, ძალადობის ამსახველ და ადამიანური ურთიერთობებისგან დაცლილ უაზრო ფილმებს; სპეციალურ გადაცემებს უძღვნიან ქალებზე ძალადობას, რათა დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გრანტები იშოვნონ. ახლახან ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნეს, რომ საქართველოში 2017 წელს 17 ქალი მოუკლავს ქმრებს და ასეთი რამ თითქოს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. მოკლედ, მაყურებელი სულ დაზაფრული ჰყავთ. რა თქმა უნდა, ასეთი გადაცემები საჭიროა, მაგრამ ასევე საჭიროა ზომიერების დაცვა, ისიც უნდა თქვან, რომ ქალზე ძალადობის შემთხვევები საქართველოში გაცილებით ცოტაა, ვიდრე აშშსა და ევროპის ქვეყნებში. მინდა, ტელეჟურნალისტებს მივმართო: ამჟამად ინტერნეტის მეშვეობით ძნელი არ არის, დავადგინოთ, დასავლეთის ქვეყნებში წლის განმავლობაში რამდენი ქალი ხდება ქმრის მსხვერპლი, შემდეგ ეს მონაცემი გავყოთ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე და გავამრავლოთ 100 ათასზე. ამით უტყუარად გამოითვლით, რომ საქართველოში ყოველ 100 ათას კაცზე 10-ჯერ ნაკლები ქალი იღუპება ქმრის ძალადობის შედეგად, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. დასავლეთის ტელევიზიებმა ქმრების მიერ მოკლულ ქალებს რომ მიუძღვნან გადაცემები, მთელი საეთერო დრო ასეთ გადაცემებს უნდა დაუთმონ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრი ოჯახის, პენსიონერების, ქალებისა და ახალგაზრდების საკითხებში _ ანტიე ჰუბერი თავის დროზე წერდა: გერმანიაში წელიწადში 4 მილიონ ქალს სცემენ ქმრები შვილების თვალწინთითქმის 74 ათასი ბავშვი და ახალგაზრდა ცხოვრობს ბავშვთა სახლებსა და თავშესაფრებში”. შვილებისგან დაფარულად, ალბათ, კიდევ 4 მილიონზე მეტ დედას სცემდნენ.

ახლახან, 7 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედმა” ისევ სექსუალურ პრობლემაზე მოამზადა გადაცემა, ისევ ძველი სახეები “ჟღურტულებდნენ” მათთვის საყვარელ თემაზე. თითქმის ყველა ისე იყო გამოწყობილი, თითქოს ზღვის კურორტზე ისვენებდა. შეხვედრას არც ქუდიანი მამაკაცები აკლდა და არც ტატუირებული სტუმრები თუ მასპინძლები. მოკლედ, როგორც წარმოუდგენიათ სქესობრივი ცხოვრება, ისეთი მორთულ-მოკაზმულები მივიდნენ გადაცემაში, რომელშიც ისევ აბუჩად აიგდეს ქალწულობა, ოჯახის სიმტკიცისთვის კი საჭიროდ მიიჩნიეს ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირები, მაგრამ ის არ უთქვამთ, რომ, თუ ქალი და მამაკაცი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, გარყვნილებამდე და ცხოველურ ურთიერთობამდე ნაბიჯიც აღარ რჩება. გადაცემის წამყვანებმა თავიანთი მოსაზრების გასამყარებლად ამერიკიდან ახალგაზრდა ქართველი ქალბატონიც ჩართეს, მაგრამ არ იციან ან განზრახ დამალეს, რომ იმავე ამერიკაში და, საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებში ჩატარებული სოლიდური გამოკვლევების შედეგად, დადასტურებულია: მათ, ვინც ქორწინებამდე ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, გაცილებით ხშირად ენგრევათ ოჯახები, ვიდრე მათ, ვინც ასეთ ცხოვრებას არ ეწევა.

ქართველი ტელეჟურნალისტების დიდი ნაწილი ახალგაზრდებს გულმოდგინედ უნერგავს აზრს, რომ ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირები ურთიერთშეთავსების გამოცდის, შემოწმების პერიოდია, რომელიც გამორიცხავს უიღბლო ქორწინების შესაძლებლობა, მაგრამ, სპეციალისტთა აზრით, ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობები სრულიად არ ამცირებს განქორწინების რისკს. აშშში ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიხედვით, წყვილებში, რომლებსაც ქორწინებამდე Fჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა, უფრო ხშირია განქორწინება იმ წყვილებთან შედარებით, რომლებსაც ქორწინებამდე არ ჰქონიათ სქესობრივი კავშირი. გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 13 000 ადამიანი მონაწილეობდა, წყვილებს, რომლებსაც აქვთ სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე, 10 წლის განმავლობაში განქორწინების ერთი მესამედით მეტი შანსი აქვთ. საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრესტიჟული ამერიკული ინსტიტუტის, გელაპის, მონაცემებით, ადამიანთა 21 პროცენტი, რომლებიც ქორწინებამდე ერთად არ ცხოვრობდნენ, და 40 პროცენტი, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ, შეიძლება განქორწინდნენ. კანადაში 5 300 ქალის გამოკითხვამ აჩვენა, რომ განქორწინების ალბათობა უახლოესი 15 თვის განმავლობაში 54 პროცენტით მაღალი იყო ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის მქონეთა შორის. შვედეთში 4 300 ქალის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის მქონე წყვილების 80 პროცენტზე მეტი განქორწინდება.

ბევრი სპეციალისტი ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის მქონე წყვილების წარუმატებელ ქორწინებას იმით ხსნის, რომ ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრება მოსწონთ არასერიოზულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთობების სწრაფად გაწყვეტა, თუ რამე არ მოეწონებათ. ეს მაგალითები იმისთვის მოვიყვანე, რომ ჩვენმა ტელეჟურნალისტებმა და მათ მიერ შერჩეულმა სტუმრებმა იქნებ შემთხვევით მაინც წაიკითხონ ეს მასალა და წამდაუწუმ არ გაიმეორონ ჩვენი მოსახლეობისა და ახალგაზრდობისთვის მიუღებელი მოსაზრებები. აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ იმას, რომ ქართველი ქართველად დარჩეს, არამედ, საერთოდ, ადამიანი დარჩეს ადამიანად და მტლაშა-მტლუშმა კი არა, სიყვარულმა აამაღლოს.

ჩვენს სინამდვილეში ეს პრობლემა უშუალოდ უკავშირდება დემოგრაფიას, რადგან ეთერში ანალოგიური გადაცემების ხშირად გასვლის გამო მოგვიმრავლდნენ ისეთი მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდები, რომლებთანაც ძალიან გაძნელდა საუბარი ოჯახის სიწმინდეზე, ბავშვების გაჩენაზე, ტრადიციებზე, ქართული ცხოვრების წესზე. ისე კი, ვისაც ასე ძალიან მოსწონს სექსი, ვინ უშლის, ოღონდ ჩვენს ახალგაზრდებს თავი დაანებონ.

ერთიც უნდა ითქვას: ჩვენი ტელეჟურნალისტიკა, ძირითადად, წარმოდგენილია ქალებით, რომლებიც ძალადობენ საზოგადოებრივ აზრზე, თავიანთი პატრონების ნება-სურვილს მაყურებელს ახვევენ თავს. როგორც ჩანს, ბევრისთვის ყველაფერს მაინც მსუყე ჯამაგირი წყვეტს და არა მრწამსი. მათ ტელეეკრანზე არავინ გააჭაჭანებდა, სამოქალაქო საზოგადოება თავის ადგილზე რომ იდგეს. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ, რაც უფრო ხშირად ვუჩვენებთ ტელეეკრანზე მკვლელობის, წამების, თვითმკვლელობის, გაუპატიურების სცენებს, რაც უფრო ხშირად მოვაწყობთ ქალებზე მამაკაცების ძალადობის შესახებ გადაცემებს, მით მეტად გაიზრდება მკვლელობის, წამების, თვითმკვლელობის, გაუპატიურების, ქალებზე ძალადობის შემთხვევები. ბრძენი ქართველის ნათქვამია: შეძახილმა ხე გაახმოო!..

ურწმუნო თომათა გასაგონად მოვიხმობ ფრაზებს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის _ დევიდ მაიერსის ნაშრომიდან “სოციალური ფსიქოლოგია”: აშშის გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, სერიული მკვლელების უმრავლესობა პორნოგრაფიის აქტიური მომხმარებელია”; “ძალადობის შემცველი პორნოგრაფიული გადაცემების ყურება აძლიერებს სისასტიკეს ქალების მიმართ”; “კანადასა და შეერთებულ შტატებში 1957 და 1974 წლებს შორის, ტელევიზიის გავრცელებასთან ერთად, ორჯერ მეტი მკვლელობა მოხდა. დაპატიმრებულთა გამოკითხვის შედეგად 10-დან 4-მა პატიმარმა აღნიშნა, რომ ცდილობდნენ, ჩაედინათ ისეთი დანაშაული, რომელიც ოდესღაც ნახეს ტელეეკრანზე. ამ დროს მოზარდს ნანახი აქვს ძალადობის 100 000-ზე მეტი და 20 000 მკვლელობის 20 000 სცენა”. “პოლიციელები იარაღიდან ისვრიან ტელეგადაცემების თითქმის ყოველ ეპიზოდში, ნამდვილი პოლიციელი კი ჩიკაგოში საშუალოდ 27 წელიწადში ერთხელ ისვრის” (დევიდ მაიერსი, “სოციალური ფსიქოლოგია”, 2001 წ.).

ჟურნალისტებმა ამჟამად ახალი საკბილო იშოვეს და დებატებს მართავენ: შეიძლება თუ არა ქალს კომპლიმენტი უთხრა, დაჟინებით უმზირო… თუ თხუთმეტი-ოცი წლის წინათ ქალისთვის გადაკრული სიტყვა გითქვამს, ამისთვის პასუხი ახლა უნდა აგო და სხვ., ეს ყველაფერი სექსუალურ შევიწროებად მიაჩნიათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობენ ჰოლივუდელი მსახიობი ქალები, რომლებიც ცნობილ რეჟისორებს, თავის დროზე, უკანალს უთამაშებდნენ და ახლა გაახსენდათ, ზედმეტი რომ აკადრეს. თუ ამ საზომით მივუდგებით, კაცს ქალისთვის ვეღარ შეუხედავს, ქალისთვის ვახშამზე დაპატიჟების სურვილი ვეღარ გაუმხელია, თუმცა, ამერიკული ფილმების მიხედვით, ვახშმობაზე დათანხმება უმეტეს შემთხვევაში ქალის ლოგინში ჩაგორებასაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, თუ ვახშმამდე მიაღწიეს, თუ არა, ქუჩაში, სადარბაზოში, კედელთან იკმაყოფილებენ ჟინს.

მოკლედ, ქართველმა ტელეჟურნალისტმა ქალებმა ეს თემა აიტაცეს და ატეხეს კაკანი და ჟივილხივილი გადაცემებში. არადა, უპრიანი იქნებოდა, “ჭიპოსნებისთვის”, გაშიშვლებული ქალებისთვის მიეხედათ, მდიდარ საყვარლებს რომ ეძებენ და ოჯახებს უნგრევენ მამაკაცებს. ისე კი, თუ ცვედანი არ ხარ, ლამაზ ქალს თვალს გააყოლებ, აბა, რა?! განა დიდი ვაჟაფშაველაც არ ამბობდა: “საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა”.

ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა და ამ საკითხზე ერთი გადაცემაც არ მოუმზადებია თითქმის არც ერთ ტელევიზიას. სექსუალურ თემასა და ქალების ძალადობაზე გადაცემების გაკეთება, თურქული ტელესერიალების გაშვება, როგორც ჩანს, უფრო ადვილია და მომგებიანიც.

ეს დიდი შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ აღნიშნული პრობლემები ერის სულიერ ცხოვრებას და, მაშასადამე, დემოგრაფიას ეხეჰბა, რათა ქართველი ქართველად დარჩეს და არ გადაჯიშდეს. ამ საფრთხის წინაშე გლობალიზაციის პროცესებმა და ჩვენმა უთავბოლობამაც დაგვაყენა. ეს განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როდესაც ტელევიზია მუშაობს პატრონების დაკვეთით, მიკერძოებულია, განზრახ ““ურევს მონასტერს”, ახალგაზრდა და უფროს თაობებს შორის ქმნის უფსკრულს, შეგნებულად უწყობს ხელს ფასეულობების კონფლიქტს. როდესაც მთავარი ფასეულობები აღარ არის ზრუნვა ოჯახზე, ბავშვების გაჩენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ერი საშიში რეალობის წინაშე დგება. ამიტომ არ მიმაჩნია უმნიშვნელო პრობლემად ვითარება, როდესაც საკონკურსო გადაცემებში _ “ნიჭიერი”, “იქს ფაქტორიდა .., რომლებსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, პირველ რიგში, ახალგაზრდობა უყურებს, მხოლოდ ერთორ ქართულ სიმღერას რომ წაიკნავლებენ და ისიც ზრდილობის გამო.

დიდი ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო ამბობდა: “ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით”. მართლაც, არიან მცირერიცხოვანი ერები, რომლებმაც კაცობრიობის განვითარებაში გაცილებით მეტი წვლილი შეიტანეს, ვიდრე მრავალრიცხოვანმა ერებმა. ქართველი ხალხი ოდითგანვე ზრუნავდა ზნეობრივი პრინციპების დასამკვიდრებლად და ეროვნული ფასეულობების დასაცავად. ამ თვალსაზრისით დემოგრაფიული პრობლემები და ერის სულიერი ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელია.

ქართველი დემოგრაფები ბოლო წლებში ბევრს წერდნენ ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, მსჯელობდნენ ცალკეული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე, რათა როგორმე დაგვეღწია თავი დემოგრაფიული კრიზისისთვის, მაგრამ ამჟამად, როგორც ბოლო აღწერები და მათი მონაცემები გვიჩვენებს, სამსჯელოც არაფერი დარჩა _ 2012-2014 წლებში, 13 წლის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული პირობებისა და ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში 13 წლის შემდეგ ეს მუნიციპალიტეტი მოსახლეობისგან დაიცლება. დანარჩენი მუნიციპალიტეტების გაუკაცრიელებას კი 20, დიდიდიდი, 40 წელი დასჭირდება. ვითარება ისე მძიმეა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ფინანსების არსებობის შემთხვევაშიც კი, ღონისძიებების შემუშავებაც ჭირს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ბევრ მუნიციპალიტეტში მოჰსახლეობის ბუნებრივი კლება აღინიშნება _ გარდაცვლილთა მაჩვენებელი აღემატება დაბადებულთა მაჩვენებელს _ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და, ძირითადად, მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის შესამჩნევი ბუნებრივი მატებაა. მაგალითად, ქუთაისში, 2002-2014 წლებში, მოსახლეობის ბუნებრივი მატება 7484 კაცს უდრიდა, მაგრამ მისი მოსახლეობა ამავე პერიოდში 38330 კაცით შემცირდა. მოსახლეობის შემცირების განმსაზღვრელი ფაქტორია ინტენსიური მიგრაციული პროცესები, რომლებმაც სრულიად საქართველო მოიცვა. ამავე მიზეზით შემცირდა ქუთაისის მოსახლეობაც. იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც, მრავალი წელია, მოსახლეობის ბუნებრივი კლება და დაბერება აღინიშნება, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების თითქმის ნახევარი ბუნებრივ კლებაზე მოდის. მაგალითად, ამბროლაურში 2002-2014 წლებში მოსახლეობის რაოდენობა 16 079-დან 11 186 კაცამდე შემცირდა (4893 კაცით). აქედან თითქმის ნახევარზე ოდნავ მეტი ბუნებრივ კლებაზე მოდიოდა _ 55,5 პროცენტი, ხოლო მეორე ნახევარი _ 44,5 პროცენტი მიგრაციის უარყოფით სალდოზე. მიგრაციის სალდო ნიშნავს შემოსულთა და გასულთა შორის სხვაობას და უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამბროლაურში მოხდა შიდა და გარე მიგრაცია, როდესაც ერთ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ხორციელდება მოსახლეობის მიგრაცია, ხოლო მეორე შემთხვევაში – ქვეყნიდან გარეთ. ამბროლაურსა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც იშვიათად თუ ვინმე შედის ან ბრუნდება საცხოვრებლად. ანალოგიური ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტშიც. ზოგან მოსახლეობის შემცირება განპირობებულია მხოლოდ მიგრაციის ფაქტორით. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2002-2014 წლებში მოსახლეობა 8991-დან 4386 კაცამდე შემცირდა, ანუ განახევრდა. ამავე პერიოდში მოსახლეობის უმნიშვნელო მატებაც იყო (213 კაცით). მოსახლეობის კლება მხოლოდ გასულების ხარჯზე მოხდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ უნდა შეისწავლოს მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, კერძოდ, ხომ არ არის ეს პროცესები გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფით ან ამის საფრთხით და დასახოს შესაბამისი ღონისძიებები ამ პროცესების დასარეგულირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგან ლენტეხის მოსახლეობა 13 წელიწადში განახევრდა, მის მთლიანად დაცარიელებას შემდეგი 13 წელიც არ დასჭირდება.

(იხ. ცხრილი)

დემოგრაფიასაქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც თითქმის ანალოგიური სიტუაციაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უმეტესად მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის შემცირება მთლიანად, მოსახლეობის ბუნებრივ მატებასთან ერთად, მხოლოდ მიგრაციის უარყოფითი სალდოს შედეგად მოხდა. მომავალ წლებში შობადობის დონე რომ არ შემცირდეს და ცოტა მოიმატოს კიდეც, მიგრაციის შედეგად მოსახლეობის დეპოპულაცია გაგრძელდება რეგიონების სრულ გაუკაცრიელებამდე, მაგრამ მანამდე ქვეყანა დემოგრაფიულად ისე დასუსტდება, რომ სხვა ხალხი დაიჭერს დომინანტის ადგილს. არსებული დემოგრაფიული ტენდენციების გაგრძელების პირობებში, თუ საგანგებო ღონისძიებები არ განვახორციელეთ, 30 წლის განმავლობაში 16 მუნიციპალიტეტი, ანუ მუნიციპალიტეტების 27,1 პროცენტი გაუკაცრიელდება; 31-40 წელიწადში – 15 მუნიციპალიტეტი (25,4 პროცენტი); 41-50 წელიწადში – 10 მუნიციპალიტეტი (17,0 პროცენტი), ხოლო 50-ზე მეტი წლის განმავლობაში _ 18 მუნიციპალიტეტი (30,5 პროცენტი). ქვეყნის მუნიციპალიტეტები მოსახლეობისგან დაახლოებით 40 წელიწადში დაიცლება. ამის გაანგარიშება სულაც არ არის ძნელი. მკითხველისთვის ეს მოვლენა უფრო ადვილად აღსაქმელი რომ გახდეს, მოვიყვან გაანგარიშების მაგალითს: ცხრილის მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა 2002-2014 წლებში, 13 წლის განმავლობაში, 50 969-დან 32 089 კაცამდე შემცირდა, ანუ 18 880 კაცით, ე.ი. 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობდა 32 089 კაცი. თუ 18 880 კაცით შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა 13 წლის განმავლობაში, მაშინ 32 089 კაცი შემცირდება X წელიწადში. მაშასადამე, X = 32 089 გამრავლებული 13-ზე და გაყოფილი 18880-ზე, რაც უდრის 22 წელიწადს. გამოდის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოსახლეობისგან 22 წელიწადში დაიცლება. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მოსახლეობის აღწერების შედეგად მიღებული ოფიციალური მონაცემები, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობისა და შემადგენლობის შესახებ ყველაზე სანდოა.

მუნიციპალიტეტების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი, სამწუხაროდ, რეალურად უფრო ადრე დასრულდება და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გაუკაცრიელებას არა 20 ან 30 წელი დასჭირდება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არამედ გაცილებით ნაკლები. საქმე ის არის, რომ ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაბერებულია და გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობა მოსახლეობის თანდათანობით შემცირების პარალელურად შემცირდება, ხოლო მოკვდაობის დონე გაიზრდება. 2002 წელს მოსახლეობის ყოველ 1000 კაცზე გაანგარიშებით ონის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 20,8 კაცი, ხოლო 2014 წელს გაცილებით მეტი – 29,0 კაცი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, 20,0 და 23,9 კაცი, თიანეთის მუნიციპალიტეტში 14,9 და 19,3 კაცი და ა.შ. ამასთანავე, მცირდება ქალების რაოდენობა ყველაზე ნაყოფიერ ასაკში (20-35 წწ.). კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მიგრაციული პროცესები. თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ 35 პროცენტით მოიმატა და 10 455 კაცს მიაღწია.

არსებული დემოგრაფიული ვითარებიდან თავის დაღწევა მეტად ძნელია. დრო კი არ ითმენს. კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა, მთავრობამ რაც შეიძლება მალე, მთელი ერის მონაწილეობით გაატაროს საგანგებო ღონისძიებები და აწარმოოს აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა. თუ გულხელდაკრეფილი დავსხდებით, არც ისე შორს იქნება ის დრო, როდესაც ბოლო ქართველი წინას დამარხავს!

ანზორ თოთაძე,

დემოგრაფი, პროფესორი

P.S. ეს წერილი დემოგრაფებს, პროფესორ ანზორ სახვაძესა და პროფესორ გია მელაძეს გავაცანი და ვიცი მათი თვალსაზრისი. მკითხველს კი ვთხოვ, რედაქციაში გამოგზავნოს თავისი მოსაზრება: როგორ, რა გზებით უნდა მოგვარდეს ერისთვის ეს უმწვავესი პრობლემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here