სასიკვდილო ნოკაუტი

    ანტონიო გუტერეში

    პროფესიული კრივის ისტორიაში ასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, როდესაც ძლიერი ნოკაუტის შედეგად მოკრივეები დაღუპულან. ნოკაუტის ცნება შესაძლებელია პოლიტიკაშიც გამოვიყენოთ (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით). ამგვარი პოლიტიკური ნოკაუტის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ორი მოსალოცი წერილი, რომელთაგან ერთი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მეორე კი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროდან მიიღეს.

    „მსურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგილოცოთ. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებული პარტნიორია და ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი. ერთად, ჩვენ შეგვიძლია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის პრინციპების განვითარება, იმავე დროს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობის განვითარების, ინკლუზიურობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მუშაობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ ამ მიზნების შესრულების განახლებულ ვალდებულებას მხარს ვუჭერ. თქვენი მოვალეობების შესრულებისას წარმატებებს გისურვებთ,“ – ვკითხულობთ პირველ წერილში.

    „მსურს, საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად. რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება პრიორიტეტად დარჩება, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევით.

    მხარს ვუჭერ ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. დამატებით მოგიწოდებთ, რომ თქვენს მთავრობასა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტი მიანიჭოთ. საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი საქართველოს გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად ერთად ვმუშაობთ“, –  წერია მეორე წერილში.

    ანტონიო გუტერეშის წერილი ირაკლი კობახიძეს

    ორივე წერილს ხელს აწერს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

    სად არის აქ ნოკაუტის ეფექტი?

    შეხედეთ, რაზე აგებდა საქართველოში მოქმედი დასავლეთის ”მეხუთე კოლონა” და აგენტურული ქსელი სახელმწიფო გადატრიალების გეგმას. რადიოსადგური ”თავისუფლება” გვიმტკიცებდა: ”26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც ისედაც არ გამოირჩევა თავისუფალი და სამართლიანი ტრადიციით, ყველაზე საკამათო აღმოჩნდა. პირველად უახლეს ისტორიაში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმაც არჩევნებს გაყალბებული და მოპარული უწოდა, გარდა იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიცია. 26 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიმართ მეტად კრიტიკული გახდა საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს დასავლელი პარტნიორების ნაწილს „ქართული ოცნებისთვის“ და მიხეილ ყაველაშვილისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავთ, ნაწილმა კი უარი თქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებაზე. „ევროპის სახალხო პარტია“ თავის წევრებს მოუწოდებს, რომ „თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად ცნობისგან. 8 იანვარს აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელმა და დემოკრატმა პოლიტიკოსებმა ერთად შეიტანეს „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომელიც აშშ-ს დაავალდებულებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აღიაროს”.

    ანტონიო გუტერეშის წერილი მიხეილ ყაველაშვილს

    ე.წ. ოპოზიციას, რომელსაც არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები და არგუმენტები არ აღმოაჩნდა და ამ ხარვეზის გადაფარვას დასავლეთის მიერ არჩევნების არაღიარებაზე ანუ ლეგტიმაციის ნაკლებობაზე აპელირებით ცდილობდა, რომ იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩააუვარდა. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პრეზიდენტსაც და პრემიერმინისტრსაც არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და სამომავლო გეგმებზე ელაპარაკება. ასეთ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი (შინ) და ვიღაც ”სახალხო პარტია” (გარეთ). ე.წ. ოპოზიციას ეს ბოლო საყრდენიც (ლეგიტიმაციის თემა) გამოეცალა; ხავსს ჩაჭიდებულს, ის ხავსი ხელში შერჩა; იმედი (ბოლოს რომ კვდება) გადაეწურა და სათქმელი ტუჩებზე შეაცივდა.

    ახლა ისიც ნახეთ, რა ფონზე ხდება ეს: აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა დონალდ ტრამპმა,  რომელმაც კანონიერ ძალაში შესვლის პირველსავე დღეს მოაწერა ხელი უცხო ქვეყნებში ”მეხუთე კოლონის” დაფინანსების შეჩერებას, რითაც ნიადაგი გამოაცალა ბოროტებას, რომელიც იქიდან შემოსული თანხებით საზრდოობდა. ქართველი ასოები (არასამთავრობო ორგანიზაციები), რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან და მათ დაქვემდებარებულ სატელევიზიო არხებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მომზადება ჰქონდათ დავალებული, ჰაერში გამოკიდებულნი დარჩნენ. მათ რეგვენ თავებზე ერთდროულად ორი დარტყმა განხორციელდა  გაეროს გენერალური მდივნისგან და აშშ-ის პრეზიდენტისგან. კრივის ტერმინოლოგიით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნოკაუტია, ოღონდ არა ისეთი, რომლიდანაც ათამდე დათვლაში გამოდიან, არამედ იმ მასშტაბის, უმძიმეს ტრამვას რომ რომ აყენებს, რომლის შედეგადაც იღუპებიან. ის უბოროტესი ძალა, რომლის ხელითაც დასავლეთი აქ სახელმწიფო გადატრიალებასა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნას გეგმავდა, სასიკვდილო ნოკაუტშია, საიდანაც ვერაფერი გამოიყვანს. საკითხავი ახლა მხოლოდ ისაა, რამდენ ხანს გასტანს კომა და აგონია, რომელიც გარდაუვალი ფატალური შედეგით უნდა დასრულდეს.

    ვალერი კვარაცხელია

    P.S. ბელარუსში 26 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უმრავლესობით (თითქმის 87 პროცენტით) გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. არჩევნებში გამოცხადებამ 85 პროცენტს გადააჭარბა. გულწრფელად ვულოცავ ბატონ ლუკაშენკოს ბელარუსი ხალხის მიერ გამოცხადებულ ამ უზარმაზარ ნდობას, რომელიც მან ჭეშმარიტად დაიმსახურა ხალხის სამსახურში დგომით, მისი შორს გამხედვარე პოლიტიკის შედეგად მიღწეული ხანგრძლივი მშვიდობითა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ზნეობრივი სიჯანსაღით, რომელიც თვალში საცემია, როგორც მოყვრებისთვის, ასევე მტრებისთვისაც. წარმატებები ბრძენ ბელარუს ხალხს!

    ვ.კ.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here