„ნაციონალური მოძრაობის“ ბატონობის (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ) პერიოდში, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთი საინტერესო ტრადიციაც დამკვიდრდა – ყველა ტელევიზია (ორ ოთახში „გაშენებულ“ ტელევიზიებს არ ვგულისხმობთ) საინფორმაციო გამოშვებას ზუსტად ერთნაირი ტექსტით იწყებდა, ანუ მთავარი პირობა იყო, რომ ედიდებინათ სააკაშვილი – როგორ გაიღვიძა, სად წავიდა, რა გააკეთა… ეს ყველაფერი 20-დან 40 წუთამდე გრძელდებოდა. მერე რიგითი მოკვდავებისთვისაც იცლიდნენ და ზღაპრებს გვიყვებოდნენ.
არსებობდა რამდენიმე ვარაუდი იმის შესახებ, ვინ წერდა ამ ტექსტებს ყველა ტელევიზიისთვის. ზოგი ამბობდა, გიგი უგულავაო; ზოგი გიგა ბოკერიას ასახელებდა; რამდენიმეჯერ გივი თარგამაძის სახელიც ითქვა, მაგრამ გივის ჰაბიტუსზე თუ შეხედავდი, მიხვდებოდი, რომ ამ ხმებს თვითონ ყრიდა, ინტელექტუალი რომ გამოჩენილიყო. ისე, გივი ეძახეთ და სისხლიანი საქმეების ხარისხიანად შემსრულებელთაგან ერთ-ერთი სწორედ ის გახლდათ. იმჟამინდელი ჟურნალისტები დისკომფორტს არ განიცდიდნენ ამის გამო და ამაყად კითხულობდნენ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა მიერ გადმოგზავნილ პროპაგანდისტულ ინფორმაციებს. სამაგიეროდ ჰქონდათ უსერიოზულესი პრივილეგიები და ყველაფრის უფლება, ჰო, ყველაფრის და ამ უფლებას ყველა შეძლებისდაგვარად იყენებდა, ანუ იყენებდნენ იქამდე, სადამდეც შემორჩენილი სინდისის ნატამალი გაუშვებდათ.
რაღაც არ გვახსენდება, ის ჟურნალისტები, რომლებიც ახლა სასათბურე პირობებში აღარ არიან, მაშინაც ასე იხოკავდნენ ლოყებს, დედა, ეს რა ხდებაო. იცით, რატომ? შიში გაქრა – დაჭერის, წამლის ჩადების, გაუპატიურების შიში. ეს შიში იყო იმხანად და, რაც მთავარია, ყველამ იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამაზე წამსვლელები იყვნენ, რომ სისტემას შეეძლო ნებისმიერის დასჯა, შეეძლო მშობლების წინ არასრულწლოვანი შვილი გაეუპატიურებინა, ეწამებინა… გვერწმუნეთ, რომ არა ეს შიში, ჟურნალისტები იმხანადაც აყვირდებოდნენ, მაგრამ… ახლა უკადრებელს კადრულობენ. როგორ შეიძლება, აპროტესტებდე იმას, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით დაისჯება ჟურნალისტის მხრიდან ცილისწამება, მოვლენების დაუსაბუთებლად გაშუქება… ახლა მოითხოვენ: ჩვენ უნდა ვიცრუოთ, მოვატყუოთ მოსახლეობა, ცილი დავწამოთ ნებისმიერს და როგორ ბედავთ ამის ამკრძალავი კანონის მიღებასო!
სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა არ უნდა ნიშნავდეს „არაფრის კეთებაში ათასების მიღებას“. ეს არის ტელევიზია, რომელიც ჩვენი, თქვენი ფულით ფინანსდება და არანაირი სურვილი არ მაქვს (გვაქვს), ამ ტელევიზიაში ვიღაცებს არაფრის კეთებაში 15 და 20 ათასი ჰქონდეთ ხელფასი; პარალელურად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ და მათგან წლიურად 6-ნიშნა თანხას იღებდნენ. ხომ მარტივი მისახვედრია, რომ უცხოური არასამთავრობო საზმაუს ჟურნალისტს ისე არაფერს მისცემს, თუ ის ამ კონკრეტული არასამთავრობოს ინტერესს არ გაატარებს (შეფარვით მაინც) დღეში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ? ხომ გამორიცხულია, ჟურნალისტმა არაფერში აიღოს თანხა და გადამხდელმა საკუთარი ინტერესი არ გაატაროს? ვისაც არასამთავრობოებთან ურთიერთობისა და მათგან დაფინანსების მიღების სურვილი აქვს, კეთილი ინებოს და საზოგადოებას არ მოახვიოს თავს ამ კონკრეტული არასამთავრობოს მიზანი თუ სამომავლო გეგმები, დაანებოს თავი ჟურნალისტობას და აგერ, გურამ დონაძესავით გამონახოს თბილი ადგილი – „დაშბაშის კანიონის“ და მასთან დაკავშირებული ობიექტების პიარ-მენეჯერი ყოფილა და ისე მშვიდად მუშაობს, თითქოს ქუჩაში მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის საქმის გაყალბება მე ვცადე და არარსებული იარაღი შემთხვევის ადგილზე მე მივიტანე ჩემი მანქანით. ვერ გეტყვით, რატომ ფიქრობენ „დაშბაშის კანიონის“ მფლობელები, რომ ადგილობრივს ან ტურისტს, გურამ დონაძეს თუ დაინახავს, უფრო მოუნდება იქ მისვლა…

ამ ადამიანებს ნამდვილად ვერ დავუკარგავთ ერთ რამეს – რაც უნდა მოხდეს, როგორი ცუდიც უნდა იყოს მისი კოლეგა თუ „თანამებრძოლი“, ბოლომდე ცდილობენ, „გარეცხონ“ და „გააპრავონ“. არა მხოლოდ კოლეგა, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არასამთავრობოებთან აქვს შეხება, ანუ ისინი, ვინც ერთი ძუძუთი იკვებებიან. სხვაგვარად, 31 მარტის აქციის მიმდინარეობისას „ფრიი მიშას“ (ამას მიჩვეული ვართ) გვერდით „ფრიი უჩას“ ( უჩა აბაშიძეს, სამართალდამცველთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სათვალთვალო კამერები ჰქონდა დამონტაჟებული ბინაში, სადაც მისი ცოლი კლიენტებს იღებდა სექსუალური მომსახურებისთვის, შემდეგ კი ამ კლიენტებს აშანტაჟებდნენ) ბანერს ჭკუათმყოფელი ადამიანი არ მიიტანდა. ასეა ახლაც, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაუშვეს, აურზაური ატყდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ ორ ადამიანზე იდგა ქართული ჟურნალისტიკა. ისე, ივანოვ-ჩიქოვანი დიქტორი უფრო იყო, ვიდრე ჟურნალისტი და ამ ორ პროფესიაში განსხვავებას ბევრი ვერ ამჩნევს. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, როგორც თვითონ ამბობს, ტელევიზიაში გაიზარდა და ამიტომ მისი გაშვება არ იყო სწორი. ალბათ, მარტო ქართველებს გვჭირს ეს, სადღაც რომ მუშაობ წლების განმავლობაში, მერე, რაც უნდა ჩაიდინო (ან არ ჩაიდინო), იქიდან შენი გაშვების უფლება არავის აქვს. რატომ? რა დამსახურება გაქვს ერისა თუ ბერის წინაშე, რომ ასეთი ამბიციები გაწუხებს? გასაგებია, 20-ათას ლარიანი ხელფასი (ხალხის ხარჯზე) ცუდი არ არის, მაგრამ… კიდევ გავიმეორებთ: ასეთი ჯამაგირი საზოგადოებრივ მაუწყებელში არავის უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ივანოვ-ჩიქოვანს, პირდაპირ ეთერში „იკაჩაო“, ხალხი შეურაცხყო და მერე გაოცებული სახით იძახო, ვერ ვხვდები, რატომ გამიშვესო, ეს ინტელექტის ნაკლებობაზე მეტყველებს.
ეს ხალხი და მისი ქომაგები „ნაცმოძრაობის“ პერიოდშიც მუშაობდნენ ტელევიზიებში, მაგრამ იმხანად არავინ არავის იცავდა. პრინციპში, იმხანად სამსახურიდან არც უშვებდნენ, ყველა „საკუთარი ნებით“ მიდიოდა და კოლეგებსაც გამამართლებელი საბუთი ჰქონდათ: თვითონ წავიდა და მე რატომ ვიყვიროო?! ის ოდიოზური ფიგურები, თავის დროზე თავს ჟურნალისტებს რომ უწოდებდნენ, რეალურად კი სისტემის ნაწილი იყვნენ, დონაძის არ იყოს, გადასარევად არიან მოწყობილი სხვადასხვა კომპანიის პიარსამსახურებში და 4-5 ათასიც აქვთ ჯამაგირი (სულ ცოტა). მათ არც არავინ სთხოვს პასუხს, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ისინი კვლავ მოვლენ სათავეში და ტელევიზიები ისევ ერთ ხმაში დაიწყებენ საუბარს. ჰო, ამის არც არავის შერცხვება და, რაც მთავარია, დასავლეთი ტაშს დაუკრავს, თვალს დახუჭავს და ტელევიზიების მაღალ სტანდარტებზე დაიწყებს ლაპარაკს. ასე არ იყო ნაცების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ შტურმით აღების შემდეგაც? ცოტა შეშფოთდნენ, ცოტა აღშფოთდნენ და შემდეგ ნაციონალების პროპაგანდისტულ მანქანად და ნაცმაღალჩინოსნების ცოლებისა თუ მეგობარი გოგონების თავშესაფრად ქცეულ „იმედს“ რამდენიმეჯერ რეგიონის საუკეთესო ტელევიზიის სტატუსიც კი მიანიჭეს. ვინმემ ვინმეს მოსთხოვა პასუხი ამის გამო? რა თქმა უნდა, არა და ასე იქნება მომავალშიც, თუ ისინი კვლავ შეეცდებიან ყველა ტელევიზიის კონტროლს.
ისე, ზაუტაშვილისა და ივანოვ-ჩიქოვანის დათხოვნის შემდეგ არხიდან კიდევ ორი ჟურნალისტი წავიდა, აქაოდა, თავისუფლება გვაქვს შეზღუდულიო. იცით, რა არის საინტერესო? ამ ჟურნალისტებიდან ერთ-ერთის მეუღლე, ბოლოსწინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო მმართველი პარტიიდან და მაშინ თავისუფლად სუნთქავდა? რატომ არ ამოიღო ხმა? თუ ახლა მეუღლე დეპუტატი აღარ არის, თვითონ გადაცემა მიუხურეს და უმუშევრად დარჩენილმა სამსახურიდან წასვლა იმ ორის დათხოვნას ოსტატურად დაამთხვია?!
ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. არ შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იდგნენ გაურკვეველი წარმომავლობის ტიპები (ჰო, ტიპები) და გაჰკიოდნენ, რომ თურმე ამ ტელევიზიას იცავენ. სინამდვილეში კი ნორმალურ მაუწყებლობას არ აცდიან და ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ზუსტად ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. ასევე, გაურკვეველი წარმომავლობის ტიპები დგანან რუსთაველზე და მოსახლეობას გადაადგილებაში ხომ უშლაინ ხელს, იქაურობა საპირფარეშოდ არის ქცეული და არც ნარკოტიკებია უცხო ხილი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ალბათ, ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, რადგან ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რამდენიმე ათეული თუ ასეული მოქალაქე გამოვა და იქაურებს ცხვირ-პირს დაულეწავს. მივდივართ აქეთ და, თუ ხელისუფლება ამას ვერ ხვდება, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.
ბესო ბარბაქაძე