Home რუბრიკები პოლიტიკა სად არის ჩიხიდან ჩვენი ქვეყნის გამოყვანის გასაღები და რა უნდა გააკეთონ საქართველოს...

სად არის ჩიხიდან ჩვენი ქვეყნის გამოყვანის გასაღები და რა უნდა გააკეთონ საქართველოს მმართველებმა, ქვეყანა სტაგნაციიდან რომ გამოიყვანონ?

275

მას შემდეგ, რაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი და .. პრეზიდენტი საქართველოში შემოიპარა, ჩვენი ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს მდგომარეობა, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, 30 წელიწადია, გრძელდებარატომ არის დღეს საქართველო მძიმე მდგომარეობაში; სად არის ჩიხიდან ჩვენი ქვეყნის გამოყვანის გასაღები; რა უნდა გააკეთონ საქართველოს მმართველებმა, ქვეყანა სტაგნაციიდან რომ გამოიყვანონ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგები: გულბაათ რცხილაძე, თამარ კიკნაძე და რევაზ კილასონია გვესაუბრებიან.

საქართველოში არ მეგულება ძალა, რომელიც ახალ ქვეყანას ააშენებს, ყველა გაყიდულია ან, თუკი არ არის გაყიდული, არაფრის გამკეთებელია

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ არ მინდა, მიშა სააკაშვილზე ლაპარაკით დავიწყო საუბარი. მირჩევნია, ვილაპარაკო ყოფით პრობლემებზე. მაგალითად, ჰიგიენის პრობლემაზე, რომელიც დედაქალაქს აწუხებს. ჩვენი ქალაქის მერი ბევრს საუბრობს, ასე ვთქვათ, გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ დედაქალაქს სჭირდება სისუფთავე, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. როდესაც დაიწყო პანდემია, ქალაქის ქუჩები ირეცხებოდა, ჩვენ ტაშს ვუკრავდით, დღეს ეს აღარ ხდება და არცაა საჭირო ქუჩების მორეცხვა, ნაგვის ურნები მაინც გარეცხონ, მიწისქვეშა გადასასვლელები მორეცხონ, ლიფტებს ჩაუტარონ დეზინფექცია, გააკონტროლონ, რომ ქუჩაში არ მოშარდონ ჩამოსულებმა. დადგან ბიოტუალეტები… რამდენიმე დღის წინათ “დინამოსთან” გავიარე, იქ ბიოტუალეტია, განათებული ლას-ვეგასივით… გოგონას ტუალეტში შესვლა მოუნდა, მისმა თანმხლებმა ბიჭმა ლარიანი ჩააგდო, მაგრამ ამაოდ, ტუალეტის კარი არ გაიღო, ახლო-მახლო ტერიტორია კი ყარს. ცენტრალურ ქუჩებზე, გზებზე ტალახია…

ეს არ არის პატარა პრობლემა და კარგია, თუ პრესაც და ტელევიზიებიც ამ საკითხზე აქტიურად ისაუბრებენ. ყველა ტელევიზიამ დილა ასეთი თემებით დაიწყოს და არა სააკაშვილზე საუბრით. აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა “მწვანე პასპორტზე”, რომელზეც აქტიურად საუბრობს ხელისუფლება. მწვანე პასპორტისნაცვლად, სჯობს, გააკონტროლონ, როგორ მუშაობს გამწოვები ბარრესტორნებში, დარბაზებში, რადგან ვირუსს სუფთა ჰაერი კლავს

_ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველო, უკვე დიდი ხანია, სტაგნაციაშია. ბოლო ერთი წელია, მხოლოდ არჩევნების შედეგებზე, სააკაშვილზე, მის მომხრეებსა და აქციებზე გასული ხალხის რაოდენობაზე ვსაუბრობთ. არადა, ჩვენ გარშემო რეგიონში სერიოზული ცვლილებებია, სერიოზული შეხვედრები. რა რეალობის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?

_ ქართველები უცნაური ხალხი ვართ. სულ ვამბობთ: შევარდნაძე არ იქნება, უკეთესი მოვა, სააკაშვილი არ იქნება, უკეთესობა იქნება. მართალია, ნაკლებად მჯეროდა ამის, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, არის უკეთესობა, რადგან ცოცხებს მაინც არ უკეთებენ ხალხს, ქუჩაში არ გვესვრიან და ა.შ.

დღეს საქართველოში მძიმე ვითარებაა, ხალხს იმედი აღარ აქვს, რომ ამ ქვეყანაში პროგრესი დაიწყება, ეკონომიკა გამოსწორდება, სოციალური პრობლემები მოგვარდება. აღარ ვსაუბრობ ქვეყნის გაერთიანებაზე. საქართველოში არ ჩანს იმედის სხივი…

_ გამოსავალს ხედავთ?

_ ტექტონიკური ცვლილებები უნდა მოხდეს რეგიონში, მთლიანად მსოფლიოში, იქიდან წამოსულ ტალღაში უნდა მოვყვეთმართალია, ეს იქნება დამანგრეველი ჩვენთვის, მაგრამ ეს სისტემაც დასანგრევია, რადგან მას საერთო არაფერი აქვს ქართველობასთან, მართლმადიდებლობასთან, ჩვენს სულისკვეთებასთან. არ ვამბობ, რომ ხალხი დაიხოცოს, მაგრამ სისტემა უნდა დაინგრეს! ქვეყანა შენობასავითაა, თუ არ დაანგრიე, ძველზე ვერ ააშენებ, რადგან მაინც ჩამოგენგრევა. სააკაშვილმა კი დაანგრია ყველაფერი, მაგრამ უარესი სიმახინჯე ააშენა, ასეთი აღარ გვინდა.

ქართველ ხალხს აღარ შეგვწევს ძალა ახლის აშენების, ამიტომ რაღაცნაირად უნდა მოვყვეთ გლობალურ ცვლილებებში. საქართველოში არ მეგულება ძალა, რომელიც ახალ ქვეყანას ააშენებს, ყველა გაყიდულია ან, თუკი არ არის გაყიდული, არაფრის გამკეთებელია. სოციალურმა ქსელებმა სულ გამოაშტერა ხალხი. იქ თუ რამე დაწერეს, ჰგონიათ, რომ საქმე გააკეთეს. გაზეთებს ახალგაზრდები აღარ კითხულობენ, შესაბამისად, ძალას კარგავს პრესაც, გავლენას კარგავს…

_ გამოდის, ჩვენ ირგვლივ აგორებულმა ტალღამ უნდა გვიშველოს?

_ მხოლოდ ამაში ვხედავ გამოსავალს, გლობალური ცვლილებები მოახდენს გავლენას ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ როგორი იქნება ეს გავლენა, კარგი თუ ცუდი, ვერ გეტყვით, რადგან, შესაძლოა, საქართველომ ვერც მაშინ გააკეთოს სწორი არჩევანი და წავიდეთ არასწორი გზით, მაგრამ მაინც მგონია, რომ ხალხზეა დამოკიდებული, რომელი გზით წავალთ, რომელ გზას ავირჩევთ

მართალია, ჯერ ეს ტალღაც არ ჩანს, ჩვენამდე არაფერი მოდის. გლობალისტები საბაბად იყენებენ ვირუსს, მაგრამ ეს ყველაფერი რაზეა გათვლილი და საით მიდის, ვერ გეტყვით…

_ რომელი იქნება კარგი გზა?

_ საგაზეთო თემა ეს არ არის, რადგან ვფიქრობ, კარგი გზა ომია…

რამდენიმე ხნის წინათ წავიკითხე “ალტ-ინფოს” პარტიაზე. ამბობდნენ, რუსეთთან ერთად აღადგენენო ტერიტორიულ მთლიანობას, ეს სისულელეა. რუსეთთან ისეთი ბითურები, უსუსურები ვართ, რომ, თუკი მასთან პირდაპირ ტერიტორიის აღდგენაზე დავიწყებთ საუბარს, ისიც გვეტყვის, რომ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე შედით ალიანსშიო, როგორც ამას ნატო გვეუბნება…

დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ, 250 პარტია იქნება თუ 251, არ აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ პროგრამით ვერაფერს გააწყობ. თუკი პარტიას შექმნი, უნდა გქონდეს ურთიერთობები ხალხთან, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელთან, მხოლოდ ლაყაფით არაფერი გამოვა. პრორუსულობა ინდულგენცია არ არის, ამით ქულებს ვერ დაიწერ. პარტიის შექმნით, რუსეთთან დალაპარაკების, რუსეთის ბაზების ჩვენს ქვეყანაში განლაგების დაპირებით ხმებს ვერ მოიპოვებ. ასე რომ, ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით “გაბრწყინება” არ ელოდება და კიდევ გავიმეორებ: თუკი რამ გადაგვარჩენს, ეს გლობალური, ტექტონიკური ცვლილებების ხარჯზე მოხდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ვივაჟკაცებთ…

მიმდინარეობს მსოფლიო გადანაწილების პროცესი, ახალი წესრიგი იქმნება და საქართველო ამ ყველაფერს მომზადებული უნდა შეხვდეს, ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია მაინც უნდა გვქონდეს

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ სააკაშვილი, საზოგადოდ, დესტრუქციული ადამიანია და ამ დესტრუქციას დღესაც განაგრძობს, პატიმრობაში მყოფი. ციხეშიც კი ახერხებს ე.წ. ეპისტოლარული ჟანრის დირექტივების გაცემას. სააკაშვილის პერსონა ქვეყანაზე დადებითად არ მოქმედებს _ ის მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროა. საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას საპარლამენტო არჩევნების დროსაც ცდილობდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ვერ მოახერხა. ადგილობრივ არჩევნებზეც იგივე სურდა, ვფიქრობ, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა დახვდებოდა, მაგრამ ეგონა, რომ ჩამოვიდოდა და კვლავ “ვარდების რევოლუციას” მოაწყობდა. საქართველოში ისეთი ვითარება აღარ არის, როგორიც შევარდნაძოს პერიოდში იყო, და გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაციონალებსა და მიშას მხარდამჭერებიც აღარ ჰყავთ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ წარმოდგენა არ მაქვს, საიდან აქვთ მათ ხმების ის პროცენტები, რომლებიც არჩევნებში მიიღეს…

_ ამბობთ, რომ მათ არ ჰყავთ მხარდამჭერები, არ შესწევთ ძალა რევოლუციის, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ქვეყნის პარალიზებას, ბოლო რამდენიმე კვირაა, მაინც ახერხებენ

_ კი, მათ შეძლეს, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში არეულობის მოწყობა, პარლამენტშიც, ციხის წინ, ქუჩაში… დიახ, ნამდვილად ახერხებენ ქვეყნის დესტაბილიზაციას, რომელიც დამღუპველია საქართველოსთვის, რადგან ჩვენს რეგიონშიც და მის გარეთაც პოლიტიკური პროცესები ძალიან სწრაფად და ინტენსიურად ვითარდება.

თქვენს გაზეთთან საუბარში ყოველთვის ვამბობ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გადანაწილების პროცესი, ახალი წესრიგი იქმნება და საქართველო ამ ყველაფერს მომზადებული უნდა შეხვდეს, ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია მაინც უნდა გვქონდეს.

_ ინფორმაციას, როგორც ჩანს, ნამდვილად ფლობენ, რადგან პრემიერმა ღარიბაშვილმა მოკრძალებით, მაგრამ მაინც აღიარა, შავ ზღვაში რუსეთს კონკურენციას ვერავინ გაუწევსო, ოღონდ საკითხავია, ინფორმირებულობას რისთვის გამოიყენებენ

_ მზადდება და ძალიან მალე მოხდება ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა, რომელსაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ამ შეხვედრაზე მოხდება უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოლაპარაკება, რომელიც ჩვენს რეგიონზეც მოახდენს გავლენას.

ვითარება შავი ზღვაში დაძაბულია _ ნატო აცხადებს, ეს ზღვა და ტერიტორია ჩემი ინტერესების სფეროაო, რუსეთი ამბობს, რომ შავი ზღვა რუსეთის ინტერესებში შედის, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ნატოსა და ამერიკის რიტორიკა შერბილებულია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრას სერიოზული შედეგი მოჰყვება. ნატოსა და ამერიკის რიტორიკის შერბილება უკრაინის მიმართაც იგრძნობა.

_ ხედავთ გამოსავალს? აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს

_ ძალიან საინტერესოა მოქმედი პრემიერის განცხადებები სოციალურ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიწყო ზომების გატარება ნარკომანიისა და სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. დაგვიანებულიც კია ეს განცხადებები, მაგრამ მთავარია, რომ ითქვა და იმედია, დაიწყება კიდეც შესაბამისი ღინისძიებების გატარება, რადგან ჩვენნაირი პატარა ერისთვის ნარკომანია და თამაში კატასტროფაა. საშინელი მონაცემები აქვს ჩვენს ქვეყანას ამ კონკრეტული კუთხით და, თუკი რაიმე იდეოლოგიური მდგენელი არ იქნა შემუშავებული, დავიღუპებით. ნარკომანიისა და სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა ჩაერთოს განათლების სისტემა, სოციალური აგენტები, მასმედია და ა.შ.

ლიბერალური დღის წესრიგის პირობებში საქართველოს ხელისუფლება ამ თემებზე საუბარს ვერ ბედავდა, ახლა დაიწყეს და ეს მომწონს. გვიან, მაგრამ მაინც დაიწყო ახალგაზრდებზე ზრუნვა. იდეოლოგიური მდგენელია მნიშვნელოვანი, ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული უმთავრესია, უმთავრესია სამშობლოსთვის შრომა, ქვეყანაში დოვლათის შექმნა და არა ის, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ. ამ ყველაფერს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ვფიქრობ, საუბარი დაიწყო და საქმეც მალე დაიწყება.

_ იმ პოლიტიკით, იმ საგარეო კურსით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერილ მთავრობას, კონსტიტუციაში კონკრეტულად ჩაწერილი საგარეო კურსის მქონე ქვეყანას, ფიქრობთ, რომ მართლაც შეუძლია იმ პრობლემების აღმოფხვრა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, რომელზეც ვამბობთ, რომ დამღუპველია?

_ მესმის თქვენი შეკითხვის შინაარსი. გეტყვით, რომ ამჟამად ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია და მეტსაც ვიტყვი: წინააღმდეგიც კი ვარ ახლა საქართველოს მხრიდან მკვეთრი მოქმედებებისა, მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისა, რადგან პრობლემები, რომლებიც ევროპაშია, გავლენას ახდენს ყველაფერზე და ყველაზე, ამიტომ ჩვენ არ უნდა ავჩქარდეთ, არ ჩავიდინოთ ის, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევისას გავაკეთეთ, ყველა აგურს თავში ნუ მოვიხვედრებთ. მივადევნოთ თვალი მსოფლიოში მიმდინარე პრობლემებს და ჭკვიანურად ვიმოქმედოთ.

ერთი, რაც აუცილებელია, რუსეთთან უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა. სხვათა შორის, ამაზე დასავლელი პარტნიორებიც ხშირად გვესაუბრებიან. მეტიც, უკვე აქტიურად და ხმამაღლა ამბობენ, რომ უნდა მოაგვაროთ ურთიერთობები რუსეთთან და ამის შემდეგ იფიქროთ ევროინტეგრაციაზეო.

ძალიან ფრთხილი, მაგრამ ჩვენი მთავრობის მხრიდან მაინც გაკეთდა განცხადებები 3+3 ფორმატის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიუღებელია რუსეთთან ურთიერთობა, სანამ დეოკუპაცია არ მოხდება, მაგრამ ამ პროცესში რაღაც ფორმით უნდა ჩავერთოთო.

როდესაც ეროვნულ ინტერესებზეა საუბარი, პრაგმატიზმმა უნდა იმუშაოს. საქართველო ბუფერული ქვეყანაა, ხშირად მისი მოქმედებები მასზე არ არის დამოკიდებული, რადგან ინტეგრირებულები ვართ დასავლურ თანამეგობრობაში, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს და ვალდებულნი ვართ, ანგარიში გავუწიოთ მათ მითითებებსა და დირექტივებს.

_ გამოსავალი სად არის?

_ “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები აღსაკვეთია, მათ საქციელს უნდა დაერქვას თავისი სახელი პოლიტიკურადაც და იურიდიულადაც, და ამის საფუძველიც არსებობს. სააკაშვილის ბრალდებები უნდა იყოს აშკარა ყველასთვის. ასევე ყველას გასაგონად და კვალიფიციურად უნდა წაუყენონ ბრალდებები, რათა არავის დარჩეს ეჭვი იმაზე, რომ ის დამნაშავეა. მომხრე ყველას ჰყავს, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში სამართალმა უნდა იზეიმოს. ეს კაცი დესტრუქციული პიროვნებაა, უკრაინა მას საერთაშორის ავანტიურისტს უწოდებს. სააკაშვილისნაირი პოლიტიკოსები ძალიან ცუდად ასრულებენ პოლიტიკაში მოღვაწეობას, ახლა მისი ფსიქიკური მდგომარეობაც არ არის სახარბიელო. ასე რომ, სააკაშვილი ცუდად დაამთავრებს. მთავარია, ჩვენ, ქართველები, და ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად.

გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელზეც თვითონ ევროპელებიც კი გვეუბნებიან, რომ ამ პრობლემის მოგვარების გასაღები რუსეთშია, მაგრამ ამაზე ჩვენი ქვეყნის მმართველები ყურადღებას არ ამახვილებენ

რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი:

_ საქართველო, უკვე დიდი ხანია, უმძიმესი რეალობის წინაშე დგას და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელიც დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავზე. ასევე გვაქვს ეკონომიკური პრობლემები, რომელთა გაუმჯობესების წინაპირობებიც არ არსებობს; გვაქვს პოლიტიკური რყევები, ხელოვნური პრობლემები, რომლებსაც ზოგიერთი მედიასაშუალება ასაღებს, როგორც რომელიღაც პოლიტიკოსის მიზეზით გამოწვეულს.

საქართველოს აქვს პრობლემები, რომლებიც უსწრაფესად უნდა გადაიჭრას. უწინარესად, პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრესნაციონალური მოძრაობა”. გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელზეც თვითონ ევროპელებიც კი გვეუბნებიან, რომ ამ პრობლემის მოგვარების გასაღები რუსეთშია, მაგრამ ამაზე ჩვენი ქვეყნის მმართველები ყურადღებას არ ამახვილებენ. რამდენიმე დღის წინათ სოჭში ჩვენი რეგიონული მეზობლები რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ, სამწუხაროდ, ჩვენ იქ არ ვიყავით

არავინ თქვას, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს ან სომხეთის მოსახლეობას _ რუსეთან, მაგრამ მოახერხეს ამ ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად დაჯდომა და დალაპარაკება, რადგან სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს მმართველებზე.

საქართველო ვერ ისაუბრებს გამოსავალზე და ამ გამოსავალში ვგულისხმობ ეკონომიკას, სოციალურ პრობლემებს… თუკი არ მოვაგვარებთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, თუკი არ დაველაპარაკებით რუსეთს, არც ერთი უცხოელი პარტნიორი ჩვენთან ინვესტიციას არ ჩადებს, რადგან გამუდმებული ომის პირობებში ვიმყოფებით. საქართველოსთვის არსებობს ერთადერთი გამოსავალი _ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ გენდერული, ვითომ ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემები არ არის უპირატესი. უპირატესია ქვეყნის გაერთიანება და ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მოგვარება.

შეიქმნა “კონსერვატიული მოძრაობა”, რომელიც არც დაარეგისტრირეს, მიზეზად ტექნიკური პრობლემები დასახელდა და იმედია, აღმოიფხვრება ეს პრობლემაც, მაგრამ შევხედოთ, რა მოხდება. თუკი არ დაარეგისტრირებენ აღნიშნულ პარტიას, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა დაიღუპება, რადგან განსხვავებულ აზრს არ მიიღებენ, რადგან “კონსერვატიული მოძრაობის” შემქმნელები ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანას რუსეთის ბაზარი სჭირდება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსგვარებლად და ამის შემდეგ საუბრობენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე…

საქართველოს აქვს ერთადერთი გამოსავალი _ რუსეთს დაველაპარაკოთ; გაერთიანდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთის ბაზარი, რუსეთთან ერთიერთობის დარეგულირება გადაგვარჩენს…

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here