სანამ რთველი გადამწყვეტ ფაზაში შევა, ფერმერებმა ვაშლი დააბინავეს. როგორც წესი, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ვაშლი ცოტა რაოდენობით იყიდება, ამიტომ ყველა ცდილობს, როგორმე საზღვრებს გარეთ გაიტანოს. ჰოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვამცნო, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, მეტი ვაშლი გავყიდეთ და, რაც მთავარია, ექსპორტის ქვეყნების რაოდენობაც გავზარდეთ, ანუ დიდი რაოდენობით ვაშლი გავიტანეთ ყაზახეთში, ბელარუსში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში. რუსეთი რომ ახსენეს, იქვე მიაყოლეს: ამ ქვეყანაში ქართული ცქრიალა ღვინოების, ანუ შამპანურის გაყიდვამ მკვეთრად იკლო და საერთოდაც, ამ მხრივ რუსეთში მეშვიდე ადგილზე ვართო.
ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ ქართული შამპანური რუსეთში მცირე რაოდენობით იყიდება, თანაც მეშვიდე ადგილი ძალიან უცნაურია, ამიტომ დეტალებს ჩავუღრმავდით და გავარკვიეთ, რომ ცქრიალა ღვინოების გაყდვით პირველ ადგილზე იტალიაა, მერე მოდიან საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია… ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ღვინის წარმოებით არიან განთქმულნი, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რუსული ბაზრის 75% ადგილობრივი წარმოების ცქრიალა ღვინოებს უკავია, ანუ რუსებს ყველაზე მეტად საკუთარი ნაწარმი მოსწონთ. ჰოდა, ისიც გავარკვიეთ, რომ წელს საქართველომ საზღვარგარეთ 18,2 ათასი ტონა ვაშლი გაყიდა და როგორ გგონიათ, სად რა რაოდენობის პროდუქცია გავიდა? ყაზახეთში 60 ტონა ვაშლი გაგვიტანია, ბელარუსში – 59 ტონა, სომხეთში – 34 და თურქეთში – 21, ანუ ამ ოთხ ქვეყანაში გავიტანეთ 174 ტონა ვაშლი, დანარჩენი, 18 ათასი ტონაზე მეტი, კი რუსეთმა შთანთქა. ჰოდა, გამოვიდა ქართული ოფიციოზი და თქვა, რომ ხუთ ქვეყანაში გავყიდეთ ვაშლი და რა კარგიაო, მაგრამ არ უხსენებიათ, რომ 18 ათას ტონაზე მეტი ერთ ქვეყანაში გაიყიდა, 174 ტონა კი – დანარჩენ ოთხ ქვეყანაში. რატომ? რატომ გვერიდება იმის თქმა და აღიარება, რომ მთავარი მიმღები სწორედ რუსეთი იყო და, რომ არა რუსეთი, ვაშლის სეზონი ჩავარდებოდა და არც 11 მილიონ დოლარს მიიღებდა ქართული მხარე,
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მართლა ძალიან გვაინტერესებს, როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავი და დავმალოთ, რომ რუსული ბაზრის გარდა ექსპორტის სხვა შესაძლებლობა არსად გვაქვს? როდემდე უნდა დავმალოთ, რომ ქართული პროდუქტები, რუსული ბაზრის გარდა, არავის სჭირდება და, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ახლოსაც კი არავინ გაგვიკარა? სად არის ამ ჩამონათვალში ევროპის რომელიმე ქვეყანა? როგორ დავიჯერო, თუნდაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ქართულ ვაშლზე უკეთესი პროდუქტი შედის და, ჩვენი ვაშლი რომ შევიტანოთ, დახლზე დალპება და არ გაიყიდება? რა თქმა უნდა, არ იქნება ასე, რა თქმა უნდა, გაიყიდება და მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩება, მაგრამ, უბრალოდ, არ გვაკარებენ იქაურ ბაზარს, რადგან კარგად იციან, ნებისმიერი ახალი პროდუქტის გამოჩენა მათ ბიზნესს დაარტყამს, ეს კი ხელს არ აძლევთ. სულ მუქთად რომ მივცეთ ქართული პროდუქტი, დახლზე მაინც არ გააჩერებენ, ვაითუ, ისე მოეწონოს მომხმარებელს, რომ შემდეგ მართლა ძებნა დაუწყოს და სხვაზე უარი თქვასო. რაც მთავარია, ეს იცის ყველამ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თავსაც ვიტყუებთ, დასავლეთსაც და ამ ტყუილით ყველა კმაყოფილია. ჩვენ ვქმნით ილუზიას, რომ ევროპაში ბაზარს ვეძებთ, ევროპელები ამაში ხელს გვიწყობენ და გვეუბნებიან, რომ გვეხმარებიან, სინამდვილეში კი… მოვა რომელიმე პროდუქტის სეზონი და რუსეთში მივარბენინებთ. ჰო, ისიც საინტერესოა, რომ წარსულს ჩაბარდა გამონათქვამი: რუსული ბაზარი იაფია, რადგან, იაფი კი არა, ევროპაზე ძვირად ვყიდით თითქმის ყველაფერს.
აღარც კი გვახსოვს, როდიდან დავიწყეთ იმის წერა და მტკიცება, რომ არ არის აუცილებელი, ყოველდღიურად რუსეთის ბაზარზე ვისაუბროთ, მაგრამ, როცა ციფრები გვაქვს, ვალდებულებიც კი ვართ, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი რუსეთი რომ არის. ცოტა სასაცილოა, მაგრამ ყველაზე მეტ საქონელს რუსეთში ვყიდით და მათგან ყველაზე მეტი არ შემოგვაქვს. იმპორტის მიხედვით, თურქეთი და ჩინეთი ლიდერობენ, მაგრამ ერთი ეგაა, ფქვილს ვერაფერი მოვუხერხეთ. ათწლეულებია, ამ პროდუქტის მთავარი მომწოდებელი რუსეთია და ამას ჩურჩულით ვაღიარებთ. ხომ საინტერესოა, რატომ არ შეიძლება სხვა რამეც რუსეთიდან შემოგვქონდეს? მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ რუსული პროდუქტი ხარისხი აშკარად უკეთესია და ფასიც მისაღები? თურმე დახლებზე მთლიანად რუსული პროდუქტის დადება მომხმარებელში აგრესიას იწვევს. ვერ გეტყვით, ეს იდიოტური მიდგომა ვინ დაამკვიდრა, მაგრამ, ბატონებო, გვერწმუნეთ, რომ აგრესიას, ძირითადად, პროდუქტის ფასი იწვევს და არა მწარმოებელი ქვეყანა. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ვინმე გაბრაზდება, თუ დახლზე გაცილებით ხარისხიან და გაცილებით იაფ პროდუქტს ნახავს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ კონკრეტული მაღაზიების ქსელში ექსპერიმენტიც ჩაატაროთ. არ თქვათ ახლა, ბაზარი თავისუაფლია და არ ვერევითო. არა, რამდენიმეწლიანი ვალდებულებებია აღებული ჩინეთსა და თურქეთთან და რაღაცების გამო კოჭს ვუგორებთ. დიდი ხანია, რუსეთის ოფიციოზს არც ერთი ქართველი მაღალჩინოსანი არ შეხვედრია, არ უსაუბრიათ ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო გაღრმავებაზე, რაც მარტივად გასაკეთებელია და რაც ორივე მხარეს წაადგება. ამის მცდელობაც კი არ ყოფილა და სწორედ ეკონომიკური მიმართულება რომ დაიძრას, ეგებ შემდეგ სხვა რამეზეც უფრო გახსნილად ვისაუბროთ. როგორ გგონიათ, მოსახლეობამ არ იცის, ბოლო პერიოდში საქართველოში გაჩენილი ერთ-ერთი ქსელი, რომელიც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, რუსული რომ არის? არავინ იცის, რატომ ღირს ამ ქსელში ყველაზე იაფი საწვავი და რატომ არ ჩამოუვარდება ხარისხით „ბრენდული“ კომპანიების პროდუქტს? და ვინმემ გამოთქვა პროტესტი ან თქვა უარი ბენზინის ჩასხმაზე იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელები რუსები არიან?
ალბათ, ისიც დაგვავიწყდა, არცთუ დიდი ხნის წინათ როგორ გადაირია დასავლეთი ქართულ თაფლზე, როცა რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მერე ქართული თაფლის ევროპაში გატანა რომ დავაპირეთ და თითქოს მოთხოვნაც არსებობდა, კანონი შეცვალეს, რაღაც მოთხოვნები ჩაამატეს, გაამკაცრეს და ეს გამკაცრება… მხოლოდ ქართულ თაფლს შეეხო. ჰო, ევროპამ გვითხრა, სრულიად საქართველო ისე მოაწყვეთ, კერძო საპირფარეშო არსად იყოს, თორემ თქვენი ფუტკარი მარილს სწორედ „ჩეჩმებიდან“ იღებსო. ეს რომ მოვახერხოთ, საქართველოს ორი წლის ბიუჯეტიც არ ეყოფა და ეს კარგად იცის ევროპამ. როგორ გგონიათ, იქაურ მწარმოებლებს არ უდგათ იგივე პრობლემა? უდგათ, მაგრამ კანონში, რომელიც საქართველოსთვის მოიფიქრეს და შექმნეს, წერია, რომ ასეთი თაფლის შეტანა არ შეიძლება, თორემ ადგილზე, ანუ ევროპაში თუ იწარმოება, პრობლემა არ არის. ეს, იცით, დაახლოებით როგორ ჩანს? საქართველოდან მარიხუანა რომ შეიტანო, კრიმინალია, მაგრამ ადგილზე თუ მოიყვანა ვინმემ – დასაშვები. არასდროს იქნება ისე, რომ ფუტკარი სადმე რამეს არ გადაეყაროს, ეს იცის ყველამ და ამ ერთი შესწორებით ქართულ თაფლს ევროპისკენ გზა მოუჭრეს. პრინციპში, რაღა ევროპისკენ, აბა, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და აზერბაიჯანში რომ ჩაფრინდებით (სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანს კორონავირუსის გამო ისევ დაკეტილი აქვს!), ერთ ლიტრზე მეტი თაფლი შეიტანეთ. საუკეთესო შემთხვევაში, საბაჟოზე ჩამოგართმევენ, ცუდ შემთხვევაში კი შეიძლება ის თაფლის ქილა თავზე დაგაფშვნან. რატომ? იმიტომ, რომ მონოპოლია აქვთ კონკრეტულ ადამიანებს და იქ სხვისი ადგილი არ არის.
ასეა თუ ისე, ხელისუფლება ვალდებულია, არა მხოლოდ აღიაროს ის, რომ იმპორტის მიმართულებით ჩვენი მთავარი პარტნიორი რუსეთია, არამედ წელსვე დაიწყოს ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარება უკვე ოფიციალურ დონეზე. ამ ნაბიჯს ოპოზიცია და დასავლეთი ქვეყნის ღალატად მონათლავს, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება შვება როგორც ქართული ეკონომიკისთვის, ისე რიგითი ადამიანებისთვის. ამ ყველაფერს როცა იგრძნობს ხალხი, არც დასავლეთს მოუსმენს და… საბედნიეროდ, ოპოზიციას უმრავლესობა ისედაც არ უსმენს.
რუბიკონი გადასალახავია და, რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი.
ლევან გაბაშვილი