Home რუბრიკები პოლიტიკა რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ ხორბალი კიდევ გაძვირდება?

რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ ხორბალი კიდევ გაძვირდება?

პური მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა და, თუ გაძვირების გამო ყიდვა გაჭირდება, მოსახლეობა განწირულია შიმშილისთვის

297

გასულ კვირას სოჭში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების: ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, კონკრეტული შედეგით დასრულდა. მისი დასრულების შემდეგ კი პუტინმა ალიევსა და ფაშინიანს ზეთისხილის ტოტები აჩუქა.

“ზეთისხილის ტოტი მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის ლიდერთან კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და შედეგიც მიიღო. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, სატრანსპორტო დერეფნის განბლოკვაა. ეს ეხება როგორც რკინიგზას, ისე საავტომობილო მაგისტრალს. საუბარი შეეხო ყარაბაღთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებსაც.

“არის ძალიან მნიშვნელოვანი მგრძნობიარე მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ჰუმანიტარულ საკითხებთან და აქაც ჩვენ საგრძნობლად წავიწიეთ წინ”, _ აღნიშნა პუტინმა. გაგიკვირდებათ და, ამ შეხვედრის შემდეგ ფაშინიანიცა და ალიევიც ცოცხლები და საღსალამათები დარჩნენ, მათთვის არც ყური მოუჭამია პუტინს და არც დასავლელ ლიდერებს გაუკრავთ ჯვარზე, აქაოდა, როგორ გაბედეთ, შუამავლად რუსეთის ფედერაციის პირველი პირი აირჩიეთო. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა მესამის შუამავლობით გამართა შეხვედრა და მიიღო კონკრეტული შედეგი. იცით, ამ ყველაფერს რატომ გიყვებით?

“უკვე დაიხურა რამდენიმე წისქვილკომბინატი, მათ შორის, ბათუმში “ოქროყანა”, გორში გაჩერდა “ქართული ხორბალი”, წნორში გაჩერდა ერთი, ასევე კახეთში რამდენიმე. ჯამში, დაახლოებთ, 10-მდე ობიექტზეა საუბარი. დანარჩენებმა შეამცირეს სიმძლავრეები, იმიტომ, რომ რუსული ფქვილი შემოვიდა და კონკურენციას ვერ უძლებენ. თუმცა, აქ კონკურენცია კი არა, არათანაბარი პირობებია ხორბლისა და ფქვილის მიმართ. მთავრობისადმი ჩვენი მიმართვაც იმას ეხება, რომ კონკურენციის პირობები ჩამოყალიბდეს და ფორა არ ჰქონდეს იმავე ფქვილის იმპორტს ხორბლის ადგილობრივ გადამუშავებასთან. ხორბლის გადამუშავება ჩვენთან ღირებულებათა მთელ ჯაჭვს ქმნის _ დასაქმება, ქატოს გადამუშავება (თუ წისქვილკომბინატი გაჩერდა, ქატოს იმპორტიც უნდა დაიწყოს); ამასთანავე, ადგილობრივ ხორბალს, რომელიც პროგრამებით ფინანსდება, წისქვილკომბინატი თუ გაჩერდა, თავისთავად ვერ იყიდის. პლუს ამას სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ჩნდება იმიტომ, რომ ხორბლის შემთხვევაში ჩვენ 2-თვიანი მარაგით ვმუშაობთ, ფქვილზე _ არა. თუ კონიუქტურა კიდევ უფრო დაიძაბა, შესაძლოა, ხორბლისა და ფქვილის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას”, _ ეს განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ გააკეთა.

მოხდა ის, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჯიუტად ვიმეორებდით: რუსეთში ხორბალზე როგორც ფასი, ისე საბაჟო გადასახადი გაიზარდა და უკვე მზა პურის ფქვილზე საბაჟო გადასახადი განულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან ხორბლის შემოტანაზე მეტად მომგებიანი ფქვილის შემოტანაა, თუმცა, როგორც იმავე სილაგავამ თქვა, ეს ნაბიჯი ორი მიმართულებით გვირტყამს _ სამუშაო ადგილები და ქატო. ქატოზე მიბმულია როგორც მესაქონლეობა, ისე მეღორეობა და მეფრინველეობა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გაძვირდება რძის პროდუქტები, ყველანაირი ხორცპროდუქტი და კვერცხი. ახლა ხელს ბევრი იშვერს რუსეთისკენ და ამბობს, რომ ასე რუსები გვექცევიან და ამტკიცებენ, ხომ ვამბობდით, ჩრდილოელი მეზობელი მტერიაო, მაგრამ…

დავიწყოთ იმით, რომ რუსეთმა ხორბალი მხოლოდ საქართველოსთვის არ გააძვირა. ფასმა მოიმატა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც არამეგობარი სახელმწიფოს სტატუსი აქვს. ფქვილის წარმოებითა და გაყიდვით რუსეთმა შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, ხოლო ქატოს გატანით დამატებით შემოსავალსაც მიიღებს. ის ქვეყნები, რომლებიც ყიდულობდნენ ხორბალს, ცალკე ქატოს ჰყიდდნენ და ცალკე ფქვილს, ახლა მშრალზე რჩებიან და ეს მოგება რუსულ ბიუჯეტში შევა. რა გამოდის,რუსეთს ვაკრიტიკებთ იმიტომ, რომ მისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღო? პუტინი მტერია იმიტომ, რომ თავის ქვეყანაზე ზრუნავს, ამ ნაბიჯით არაერთი ათეული მილიონი დამატებით შევა ბიუჯეტში და რამდენიმე ათას ადამიანს დამატებით დაასაქმებს? ეს სხვისთვის როგორ ჩანს, ვერ გეტყვით, მაგრამ რუსი ხალხისთვის ძალიან კარგი და მოსაწონია. ჰო, ცალკე საკითხია ის, რომ ქართველი და თუნდაც უკრაინელი პოლიტიკოსები დასავლეთის ზემოქმედებით თავიანთი ქვეყნებისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. რუსეთი არ არის დასავლეთზე დამოკიდებული, არც ამერიკის ელჩი უდგენს დღის წესრიგს და ამიტომ აკეთებს იმას, რაც მისი ქვეყნისთვის არის კარგი.

ამ მოცემულობაში საინტერესოა ის, რომ რუსეთს კარი ღიად აქვს დატოვებული და ნებისმიერს, ვიმეორებთ, ნებისმიერს, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია ჩავიდეს, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და კონკრეტულად ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე ესაუბროს. ასე მოიქცნენ ევროპის დიდი ქვეყნები და, სულ ცოტა, ათი წლით მოაგვარეს რუსეთთან ურთიერთობები, ჩვენ კი ეს აკრძალული გვაქვს, რადგან მერე ზუსტად ამ ქვეყნების ელჩები რუსეთუმეობას დაგვწამებენ და საჯაროდ იტყვიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვია და გეზი ჩრდილოეთისკენ იცვალაო.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ საქართველო არის მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი და ასი პროცენტით ამარაგებს რუსეთს. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდოდა და იტყოდა, რომ რუსეთს ხორბალი არ უნდა მივცეთ და შიმშლით უნდა მოვკლათ. ახლა არ თქვათ, ამას არ იკადრებდნენო… იკადრებდნენ კი არა, გამშვებ პუნქტზე დაწვებოდნენ და ხორბლით დატვირთულ მანქანებს არ გაუშვებდნენ. რუსეთი კირუსეთი კვლავაც მზად არის დიალოგისთვის და ესეც ხომ პოლიტიკა არ არის, საუბარი რომ არ შეიძლებოდეს?! თუმცა, პოლიტიკაზეც საუბარი რომ შეიძლება, გასულ კვირას ალიევმა და ფაშინიანმა დაამტკიცეს.

ახლა ის ვთქვათ, რას შეიძლება ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ ხორბალზე ფასის მატება გაგრძელდება. საქართველოში გაჩერდება ყველა წისქვილკომბინატი და ხორბლის საერთო მოხმარების ის 3%, რომელიც ქართველ ფერმერებს მოჰყავთ, აღარავის დასჭირდება, რადგან წისქვილკომბინატი ასეთ მცირე სიმძლავრესა და მარაგზე ვერ იმუშავებს. დაიშლება ეს საწარმოები, საუკეთესო შემთხვევაში, დანადგარებად გაიყიდება (ცუდ შემთხვევაში _ ჯართად) და ქვეყანა, რომელსაც ისედაც არაფერი აქვს, დარჩება ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოების გარეშე. შემდეგ, წლების შემდეგ (და ამის მტკიცედ გვჯერა), როცა რუსეთთან ურთიერთობა დალაგდება, ასეთი წარმოების ახლიდან აწყობა კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული და ბიზნესმენებს მისი დამოუკიდებლად აწყობა გაუჭირდებათ. სამაგიეროდ არ გაუჭირდებათ ჩინელებს, რომლებიც ახლაც ცდილობენ წისქვილკომბინატების ხელში ჩაგდებას და ჩინური ხორბლის შემოტანას. ხარისხით ჩინური ხორბალი რუსულთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ, როცა საქართველოზეა საუბარი, ხარისხზე ნაკლებად ფიქრობენ. ჰო, სწორედ ამიტომ შემოდის ჩვენთან უვარგისი კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, ვაშლი… ვაშლიც, რომელიც დაკრეფისთანავე გაგვაქვს რუსულ ბაზარზე, რადგან სამაცივრე მეურნეობა არ გვაქვს, შემდეგ კი თურქეთიდან შემოგვაქვს და კილოგრამში 4 ლარსაც ვიხდით.

ინფლაციისა და ტოტალური უმუშევრობის ფონზე პროდუქტების გაძვირება უმძიმეს ტვირთად აწევს მოსახლეობას და ჩვენი გადმოსახედიდან გვგონია, რომ ეს ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევა უნდა იყოს. პური არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არა მხოლოდ მთავარი საკვები, არამედ გადარჩენის ერთადერთი საშუალებაც და მასაც თუ ისეთი ფასი დაედება, ყიდვა გაჭირდეს, მოსახლეობა განწირულია შიმშლისთვის. გასულმა ზაფხულმა გვიჩვენა, რომ სეზონური პროდუქტებიც აღარ ღირს იაფი და ეს იმიტომ, რომ მიწას სულ უფრო ნაკლები ადამიანი ამუშავებს, გლეხის შრომას არავინ არ აფასებს და ყველას გადაყიდვა ურჩევნია, მაგრამ ვინმემ ეს გადასაყიდი პროდუქტი ხომ მაინც უნდა მოიყვანოს?!

ივანიშვილს ძალიან კარგი დაპირება ჰქონდა, როცა თქვა, რომ სოფლის მეურნეობას ააღორძინებდა, მაგრამ დაპირება დაპირებადვე დარჩა. ახლა წისქვილკომბინატებმა წუწუნის ნაცვლად ის მაინც უნდა სთხოვონ ხელისუფლებას, რომ დაბალი ეშელონების დონეზე (დასაწყისისთვის) ჰქონდეთ უფლება, რუსულ მხარეს დაელაპარაკონ. პარალელურად, საქართველოში დაუმუშავებელი მიწების ათვისება უნდა დაიწყოს და ქართული ხორბლის უნიკალური ჯიშები დაითესოს. ადგილობრივი წარმოების ხორბლის გადამუშავება იაფიც დაჯდება და უფრო ხარისხიანიც იქნება. როგორ გგონიათ, რამდენი პროცენტით შეიძლება ადგილობრივი წარმოების ხარჯზე შემოტანილი ხორბლის ჩანაცვლება? სულ ცოტა, 35%-ით და ეს არ არის ცოტა, ეს მესამედზე მეტია და ვინ იცის, ეგებ სწორედ ადგილობრივმა ნაწარმმა შეძლოს პურზე ფასის დარეგულირება. საამისოდ კი ხელისუფლების ნება და სურვილია საჭირო…

უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში კი რუსეთთან კონკრეტულად ხორბლის თემაზე საუბრის დაწყება შეიძლება. აგერ ალიევი და ფაშინიანი გასულ კვირას შეხვდნენ პუტინს დაცოცხლები არიან, ცოცხლები!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here