საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
– ბატონო რამაზ, სასამართლოებში მიმდინარე პროცესებმა, იგულისხმება ოპოზიციის ლიდერებისთვის იმის გამო თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებების მიღება, რომ ისინი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ და არც დაწესებული ჯარიმები გადაიხადეს.
ასევე აქციის მონაწილე მათე დევიძისთვის, რომელმაც პოლიციელს ჯოხი მოუქნია 4, 5 წლის მიესაჯა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ხელისუფლებისთვის მიუღებელი სტატუსების გამო ჟურნალისტებს 3000-4000 ლარის ჯარიმები დაწესება.
ხელისუფლების მტკიცებით, პირები, ვისზეც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ნაწილი დააჯარიმა, მოქმედებდნენ „გარე ძალების ხელშეწყობით“ და მათი „ზიზღის ენა იმპორტირებულია“. ოპოზიცია და პერმანენტულ აქციებში მონაწილეები კი აცხადებენ, რომ „ქვეყანაში ავტოკრატია მძვინვარებს“.
ფაქტი ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ისე გაამკაცრა კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობა, იმდენად გამკაცრებულია პოლიტიკურ აქტივიზმთან ბრძოლა, პოლიტიკური ცხოვრება აშკარად სხვა განზომილებაშია, და მას სულაც არ ეტყობა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო ევროკავშირში აპირებს გაწევრიანებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური ცხოვრების იმ დინამიკას, რომელიც მას ახლა აქვს მიღებულიც და შეძენილიც?
– ქართველებს იმპორტირებული საქონელი გვიყვარს და დავიწყოთ ამ თემით. პოლიტიკის იმპორტი კაცობრიობის ასაკისაა. თუ ერთ სახელმწიფოს მოუნდებოდა მეორე სახელმწიფოს პოლიტიკის ან ხელისუფლების შეცვლა, დაიპყრობდა მას ხმლით და მერე შეცვლიდა ყველაფერს.
ახლა დემოკრატიის ზეობის ხანაა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას განსაზღვრავს ხალხი. ამ გარემოების გამო ძალის გამოყენება იშვიათი გახდა და პოლიტიკის იმპორტი უმეტესად ხდება პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით, როცა ხალხს მოაყვანინებენ იმ ხელისუფლებას, რაც სხვა სახელმწიფოს უნდა.
ახლა დემოკრატიის ზეობის ხანაა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას განსაზღვრავს ხალხი. ამ გარემოების გამო ძალის გამოყენება იშვიათი გახდა და პოლიტიკის იმპორტი უმეტესად ხდება პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით, როცა ხალხს მოაყვანინებენ იმ ხელისუფლებას, რაც სხვა სახელმწიფოს უნდა
ხელისუფლების შეცვლის ტექნოლოგიებსა და მათ გამოყენებაზე ბევრი უცხოელი ანალიტიკოსი ლაპარაკობს, მაგალითად ჯეფრი საქსი, თუმცა ქართველები მას ალმაცერად უყურებენ, რუსეთის აგენტიაო. ანალიტიკოსების გარდა, აგერ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეუწყვიტა იუესაიდს მრავალმილიარდიანი დაფინანსება სხვა ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევის გამო… ტრამპშიც ბევრი ხედავს რუსეთის აგენტს.
ქართველი ანალიტიკოსებიდან პოლიტიკურ იმპორტზე ძალზე დიდ ინფორმაციას იძლევა ირაკლი გოგავა, მეც ვლაპარაკობ ხოლმე ამის შესახებ და ალბათ არ აგვცდება აგენტის იარლიყი, მაგრამ რადგან ეს ბედისწერაა და ვერ შეიცვლება, მივიყვან სათქმელს ბოლომდე.
1973 წელს ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯინ შარპმა გამოაქვეყნა 198 რეკომენდაცია იმის თაობაზე, თუ არაძალადობრივი გზით როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება სხვა ქვეყანაში და ამას დემოკრატიის გავრცელება უწოდა.
შარპს ხშირად ვახსენებ ხოლმე, მაგრამ არავინ მას არ კითხულობს, არადა სავსეა ინტერნეტი და ამიტომ ახლა გადავწყვიტე მე თავად მოვიტანო რამოდენიმე მისი რეკომენდაცია, თავისი ნომრით – რომ შესაძლო იყოს გადამოწმება და შინაარსით.
რეალურად შემოთავაზებულია არჩევანი არა დიქტატურასა და დემოკრატიას შორის, არამედ ორ დიქტატურას შორის, „ოცნების“ და „ნაცების“ დიქტატურებს შორის. მე ახლა არ ვიტყვი რომელი სჯობს, დავაკვირდეთ, რას ამბობს ხალხი
მაგალითად, რეკომენდაცია ნომერი 30 არის „უხეში ჟესტების ხმარება“, ნომერი 32 – „ოფიციალურ პირთა დაცინვა“, ნომერი 44 – „სიმბოლური დაკრძალვები“, ნომერი 48-„საპროტესტო მიტინგები“, ნომერი 54-„ზურგის შექცევა“, ნომერი 123-„საკანონმდებლო ორგანოების ბოიკოტირება“, ნომერი 146-„უარი სასამართლოსთან თანამშრომლობაზე“, ნომერი 154-„დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესება“, ნომერი 176-„გზების ბლოკირება“, ნომერი 178-„თვითშემოქმედების მოწყობა ქუჩაში“, ნომერი 195-„სწრაფვა პატიმრობისკენ“ და ა.შ.
ეს რეკომენდაციები მე შევარჩიე, რადგან მეცნო ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან. სხვას შეიძლება სხვა რეკომენდაცია უფრო ეცნოს. მე მგონი, ადვილი შესამჩნევია, რომ ბევრი რამ ისე ხდება ჩვენთან, როგორც უწერია შარპს.
შარპის რეკომენდაციებით ბევრგან მომხდარა გადატრიალება, მათ შორის ჩვენთან 2003 წელს. რით გამოვრიცხავთ, რომ ახლაც გადატრიალების სცენარი არ თამაშდება?!
მით უფრო, იმ ფონზე, რომ ჩვენს ოპოზიციას 2022 წელს ტრენინგებს უტარებდა პიტერ აკერმანი, შარპის მოწაფე. ყოველივე ამას ემატება დასავლეთის ლიბერალური წრეების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან „ოცნების“ ხელისუფლების მძაფრი კრიტიკა იმავე 2022 წლიდან, მოწოდება, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.
1973 წელს ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯინ შარპმა გამოაქვეყნა 198 რეკომენდაცია იმის თაობაზე, თუ არაძალადობრივი გზით როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება სხვა ქვეყანაში და ამას დემოკრატიის გავრცელება უწოდა
იგივე გვესმის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა საქართველოსთან იმის გამო, რომ საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე. ჩვენთან ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ვარიანტია „ნაციონალური“ კლასტერის მოსვლა. მგონი არაა გასაკვირი, რომ არსებულ ხელისუფლებას არ სურდეს „ნაციონალების“ მობრუნება, რომლებიც მხოლოდ ორი გვამით აღარ დაკმაყოფილდებიან. მით უფრო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არ სურს ამგვარი ცვლილება, რაც ბევრ რამეში ჩანს.
ქვეყანაში ავტოკრატია მძვინვარებსო, ამბობს ოპოზიცია. ხელისუფლება ამბობს, ქვეყანაში რევოლუცია, გარედან დაფინანსებული რევოლუცია მძვინვარებს „ნაციონალების“ მოსაყვანადო. ორივე ლაპარაკობს მძვინვარებაზე. შეგახსენებთ, რომ გილიოტინა ფრანგულმა რევოლუციამ მოიტანა, ანუ რევოლუცია, უპირველეს ყოვლისა, ქმნის დიქტატურას.
ესე იგი, რეალურად შემოთავაზებულია არჩევანი არა დიქტატურასა და დემოკრატიას შორის, არამედ ორ დიქტატურას შორის, „ოცნების“ და „ნაცების“ დიქტატურებს შორის. მე ახლა არ ვიტყვი რომელი სჯობს, დავაკვირდეთ, რას ამბობს ხალხი.
ოპოზიციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ყველასთვის კარგი იქნება. რეალური კონკურენცია ხელისუფლებას გახდის უკეთესს. ხოლო, თუ ვერ გახდება ხელისუფლება უკეთესი, ავირჩევთ ოპოზიციას, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია. ამჟამინდელი ოპოზიციიდან ძნელია ვინმესთვის ქვეყანის მინდობა
12 წლის განმავლობაში არცერთ არჩევნებში ხალხმა არც ერთხელ ძალაუფლების მანდატი არ მისცა „ნაციონალებს“ და მისცა „ოცნებას.“ ესე იგი ამ ხალხს ოცნება ურჩევნია ნაციონალებს რამდენიც არ უნდა იძახონ ოპოზიციონერებმა დიქტატურა აქვს ოცნებასო.
მე კი ვთვლი, რომ ოპოზიციისთვისაც, ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება, რომ დავანებოთ თავი „ოცნების“ თვალში ბეწვების თვლას და ოპოზიციის თვალში ერთი მორი მაინც დავინახოთ.
ოპოზიციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ყველასთვის კარგი იქნება. რეალური კონკურენცია ხელისუფლებას გახდის უკეთესს. ხოლო, თუ ვერ გახდება ხელისუფლება უკეთესი, ავირჩევთ ოპოზიციას, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია. ამჟამინდელი ოპოზიციიდან ძნელია ვინმესთვის ქვეყნის მინდობა.
ხალხს ბევრი სამართლიანი საყვედური აქვს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად დიქტატურას უჩივიან. პირიქით, „ოცნების“ მომხრეები უჩივიან ხელისუფლებას რატომ არ აღკვეთავ ქაოსს დედაქალაქშიო. ვის უნდა დავუჯეროთ, ყველა თავისას იძახის. ამ სიმრავლის დალაგებისთვის ისევ ხალხს უნდა მივმართოთ, არსებობს არჩევნები
ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდებსაც კი არ სურთ საქმის დაჭერა ოპოზიციურ პარტიებთან. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია, როგორც სერიოზული პოლიტიკური ძალა, არ არსებობს.
მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა გაკეთდეს ოპოზიციის გამონათქვამის კომენტარი, ბევრი მხარდამჭერის გარეშე ისინი ხომ მხოლოდ კერძო პირებია, ყველა კერძო პირის აზრს ხომ არ ვაანალიზებთ ხოლმე.
თუმცა, რადგან ქართულ ჟურნალისტიკას სხვა გზა არა აქვს პოლიტიკური ველის სიმცირის გამო, ვილაპარაკოთ ოპოზიციის მოსაზრებებზე, მაგრამ ვიცოდეთ რომ ეს ლაპარაკი შედეგიანი არ იქნება, ამომრჩეველი არ გადაიხრება ოპოზიციის მხარეს, რადგან თავად ოპოზიციაც არ ზრუნავს ქართველი ამომრჩევლების გულის მოგებაზე.
– ოპოზიციის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სასამართლოებში სამართალდამცავებს კი არ იცავს, არამედ კრიტიკულ ვითარებებში იმ სამართალდამცავებს იცავს, რომლებიც „ხელისუფლების უკანონო დავალებებს ასრულებდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ.“
ამის დასტურად სახელდება ის, რომ სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ არც ერთი პოლიციელი თუ სპეცრაზმელი, რომლებსაც ბრალად ედება 400-მდე აქციის მონაწილის გაუგებარი მიზეზით არა მარტო დაკავება, არამედ საკმაოდ მძიმე დაზიანებების მიყენება თავის არესა და სხეულის სხვა ნაწილებზე.
მზია ამაღლობელისა და მათე დევიძის საქმეებმა აჩვენა, რომ დაზარალებულად არც ის პოლიციელი გამოდგება, რომელსაც მზია ამაღლობელმა სილა გააწნა, და არც ის პოლიციელი, რომელსაც ჯოხი მათე დევიძემ მოუქნია.
რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ სასამართლოებში ხელისუფლება არა სამართალდამცავების ღირსებას იცავს, არამედ იმ პოლიციელებს, რომლებმაც მათი უკანონო ბრძანებები შეასრულეს?
– კარგად არ მესმის ამ კითხვის არსი. მეჩვენება, რომ ოპოზიციური აზროვნებიდან გაჩენილი ეს კითხვა გულისხმობს, რომ უნდა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს უფლება ურტყან პოლიციელებს. ასეთი დემოკრატიით გავამართლებთ ივანიშვილის ნათქვამს – „ჩვენი დემოკრატიით მსოფლიოს გავაკვირვებთო.“
ქართველები ევროპაში რომ მივდივართ, იქ ხომ სწორედ წესრიგი გვიზიდავს და არა ქაოსი. აბა საქართველოში რატომ ვართ უკმაყოფილო წერიგით? ყურადღება მივაქციოთ, რომ უწესრიგობის მოწყობას, პოლიციელის შეურაცხყოფას გვიწონებენ უცხოელები
რაც შეეხება პოლიციელების დაკავებას, სანამ მოქალაქეები ხელისუფლებას ყოველ ღამე აიძულებენ, რომ გამოიყვანოს პოლიცია, იქამდე პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი საჯაროდ არ უნდა დადგეს, თორემ მეორე დღეს გათამამებული მოქალაქეები პოლიციელებს ტყვიებს დაუშენენ. მაშხალები და მოლოტოვის კოკტეილების გამოყენება ხომ ტყვიის სროლის ტოლფასი იყო.
დაუცველი პოლიცია უარს იტყვის ვინმეს დაცვაზე და ქვეყანა დარჩება პოლიციელების, ანუ წესრიგის გარეშე. ვისაც ეს გაუხარდება, მას ქვეყანა უნდა მხოლოდ სათავისოდ.
– „ქართული ოცნების“ მიერ გამოყენებული რეპრესიული ქმედებების მიზეზად სხვადასხვა რამ სახელდება. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ „სიტყვისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ან კონტრპროდუქტიულია, ან გაუგებარი.“
გაუგებარი თუნდაც იმიტომ, როცა ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას სათავისოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში აქვს პრობლემები, და ცდილობს თავის ირგვლივ იმ ამომრჩევლის კონსოლიდირებისათვის იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც მისი აზრით მისი იდეოლოგიური ოპონენტები არიან და იცის, რომ ანტიდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი მათ დასჯას მხოლოდ მიესალმება.
ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი აზრი გამოითქმის, მაგრამ, როგორადაც არ უნდა იყოს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის იმ ფორმით შეზღუდვა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, სსრკ-ს დროინდელი „პერესტროიკიდან“ მოყოლებული ასეთი ფართო მასშტაბი არასდროს ჰქონია.
ქართული საზოგადოება, ტკივილებით და ძნელად, მაგრამ მაინც დაემშვიდობა საბჭოთა წარსულს, მიეჩვია პლურალიზმს, პარტიათა სიმრავლეს, პარლამენტარიზმს, იმას, რომ ქვეყანაში არც ცენზურა იყო და არც ისეთი სპეცსამსახურები, რომლებსაც შეეძლოთ მათი პოლიტიკური გემოვნების სრულად გაკონტროლება.
თუმცა, პოლიტიკური გემოვნების გაკონტროლება მოსმენები სააკაშვილის დროსაც ხდებოდა და ახლაც, პრაქტიკულად იგივე ხდება.
თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ 2025 წლის საქართველო ან პერესტროიკამდე საქართველოს ემსგავსება უკეთეს შემთხვევაში, ან უარეს შემთხვევაში რუსეთსა და ბელორუს, ან თუნდაც მეზობელ აზერბაიჯანს?
– სიტყვის თავისუფლების დაცვა თუ იყო ტელეფონების მოსმენა ან იმედის დარბევა, მაშინ ოპოზიცია მართალია და ახლა უნიკალური საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას. ოღონდ ისევ დავაკვირდეთ ხალხს და გავიგებთ ვისკენაა იგი.
უდავოდ გახსოვთ, რომ სსრკ-ს დროს 14 აპრილს მიტინგი მოეწყო საქართველოში ენის დასაცავად, 9 აპრილს ხალხი ტანკებს ებრძოდა შიშველი ხელებით. ესეიგი მათ დიქტატურის არ შეეშინდათ. საპროტესტო აქციები უხვად იყო სააკაშვილის დროსაც.
ახლა არ არის იმავე მასშტაბის საპროტესტო აქციები, რაც გაფიქრებინებს, რომ ამ ხელისუფლებას ხალხის დიდი ნაწილი დიქტატურად არ აღიქვამს, „იმედის“ დამრბევი პოლიტიკური ჯგუფი იძახის, რომ საქართველოში დიქტატურა არისო.
კი ბატონო, იძახონ. ფაქტია, რომ იმ პარტიას, ვისაც ოპოზიცია დიქტატურას აბრალებს, 12 წელია ირჩევს ხალხი, 12 წელია სოციოლოგიურ გამოკვლევებშიც უპირატესობას „ოცნებას“ ანიჭებს ხალხი და თუ ქუჩაზე მიდგა საქმე, 17 მაისს გაცილებით მეტმა ხალხმა დააფიქსირა თავის პოზიცია, ვიდრე ღამით რუსთაველის გადაკეტვით გახარებულმა ოპოზიციური განწყობის ადამიანებმა.
ისევ გავიმეორებ – მე რას ვფიქრობ, არა აქვს მნიშვნელობა იმასთან შედარებით, თუ რას ფიქრობს ხალხი. ხალხს ბევრი სამართლიანი საყვედური აქვს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად დიქტატურას უჩივიან. პირიქით, „ოცნების“ მომხრეები უჩივიან ხელისუფლებას რატომ არ აღკვეთავ ქაოსს დედაქალაქშიო. ვის უნდა დავუჯეროთ, ყველა თავისას იძახის. ამ სიმრავლის დალაგებისთვის ისევ ხალხს უნდა მივმართოთ, არსებობს არჩევნები… მაგრამ ეს სხვა თემაა.
ხალხმა გადაწყვიტოს – თუ ხელისუფლება რეპრესიულია, არ აირჩევს მას ხალხი. ასე მოხდა 2012 წელს, როცა არსებული ხელისუფლება თეფშებსაც კი აპატიმრებდა, მაგრამ ხალხმა ის მაინც უარყო
დიქტატურის თემა საერთაშორისო მასშტაბით არის მოუგვარებელი. რუსეთი რომ დიქტატურაა ამაზე არავინ კამათობს. აზრი იყოფა ევროკავშირზე, რომელიც ჩაერია რუმინეთის არჩევნებში, რაც ვენსმა საჯაროდ შეაფასა დემოკრატიის ღალატად. ანალოგიური მოვლენაა ჩვენთანაც.
ლიბერალური ძალები აფინანსებენ ოპოზიციას ბევრგან, მათ შორის, საქართველოში. დასავლეთის ლიბერალურ ძალებს უნდათ აქ მოაშორონ კონსერვატიული ხელისუფლება. ახლახან მოაშორეს კონსერვატორი რუმინეთში, იქამდე ცდილობდნენ სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში.
ამ პროცესების ფონზე ლიბერალების მოქმედება დემოკრატიად არ მიაჩნია ამერიკის ვიცე პრეზიდენტს. ესე იგი ეს მოქმედებები არის ლიბერალური ძალების დიქტატურა მსოფლიოშიც და ჩვენთანაც. დიქტატურის ეს განზომილებაც დავინახოთ.
– ეს თემატიკა რომ ამოვწუროთ, გვერდს ვერ აუვლით ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
განხორციელებულ ცვლილებების მთელ სიაზე არ შევჩერდები, ალბათ საკმარისი იქნება მინისტრ გომელაურისა და შსს მაღალჩინოსნის ხარაზიშვილის უწყებიდან წასვლა. ისინი იმიტომ გამახსენდა, რომ ორივენი სანქცირებულები იყვნენ.
ზოგი იმასაც ამბობს, რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება, ხდება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ანგარიშს არავის უწევს, მხედველობაში მაქვს ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები.
„ქართული ოცნება“ „პროცედურულ დემოკრატიას კი გვპირდებოდა, მაგრამ რასაც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ „პროცედურული დემოკრატია“ არც დემოკრატიას და „არც პროცედურულ სამართლიანობას“ არ ჰგავს და წინა ხელისუფლების მიმართ რევანშს ემსგავსება.
შეიძლება ვივარაუდოთ, შსს საკადრო ცვლილებების შემდეგ ძალოვნები საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისას უფრო ლმობიერები იქნებიან?
– წინა ხელისუფლების რევანში საინტერესო ვერსიაა. ეს ვერსია გულისხმობს, რომ წინა ხელისუფლებას არაფერი დაუშავებია და მათი გასამართლება მხოლოდ რევანშია.
ალბათ, გერმანულ პოლიტიკაში რომ დარჩენილიყო „ნაცისტური“ პარტია, ისიც იტყოდა რომ ნიურბერგის პროცესი გამარჯვებულების რევანში იყო, და არა – დამნაშავეების დასჯა. ამაზე კამათიც ალბათ დასაშვებია, ადამიანის გონებას ხომ საზღვარი არა აქვს.
რაც შეეხება ძვლოვანების ლმობიერებას, მე მიჭირს იმის გაგება, რა იგულისხმება ლმობიერ ძალოვნებში – პოლიციელი, რომელიც დამნაშავეს არ დასჯის? ამერიკელი, ებრაელი, ფრანგი თუ გერმანელი სამართალდამცავები, რამდენადაც ვხედავთ, ლმობიერები არ არიან. სადმე უნდა ვნახოთ ლმობიერი ძალოვნები, რომ მათ მიბაძონ ჩვენებმა. ისტორიაც არ გამოდგება მაგალითად, რუის-ურბნისის მომწყობი აღმაშენებელიც არ გამოირჩეოდა ლმობიერებით.
ქართველები ევროპაში რომ მივდივართ, იქ ხომ სწორედ წესრიგი გვიზიდავს და არა ქაოსი. აბა საქართველოში რატომ ვართ უკმაყოფილო წესრიგით? ყურადღება მივაქციოთ, რომ უწესრიგობის მოწყობას, პოლიციელის შეურაცხყოფას გვიწონებენ უცხოელები.
ისინი ყველას იცავენ, ვინც საქართველოში კანონს არღვევს, თავიანთ ქვეყნებში კი კანონის მხარეს არიან. კანონი სახელმწიფოა და ის უცხოელი, ვინც შენი კანონის დამრღვევის მხარეს არის, შენი სახელმწიფოს მორყევას ცდილობს.
სახელმწიფოს მორყევას ცდილობს ხოლმე სხვა მტრული ქვეყანა, ქვეყნის შიდა მტერი (რევოლუციონერი), ან კრიმინალი. ავირჩიოთ, რომელ ლიბერალურ დამოკიდებულებას ვემხრობით.
– ოპოზიციურ სპექტრში აქტიურად განიხილება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში იმ 4 ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი, რომლებმაც 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთობა-ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ითხოვენ უკვე 55 დაკავებულის, მათ შორის, ამ კოალიციის ლიდერები ჯაფარიძის, მელიას და გვარამიას გათავისუფლება, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ცესკო-ს ახალი ადმინისტრაციით ჩატარებას.
„ლელო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობისკენ იხრებიან. თუმცა, ვნახეთ, რომ ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ დათუნაშვილს 11 ივნისს სასამართლოდან გამოთრევის შემდეგ ისევე გაუსწორდნენ, როგორც ბათუმში თავად გახარიას.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ყველა მუნიციპალიტეტს მოიგებს. გარდა ამისა, იმასაც ამბობს, ოპოზიციის ნაწილმა დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო დავალება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ, „ქართული ოცნება“ წაუგებელ თამაშს თამაშობს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციურ სპექტრში არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თემაზე დაწყებულ კამათს? თქვენი აზრით, უნდა მიიღოს თუ არა მოახლოებულ არჩევნებში ოპოზიციის ნაწილმა მაინც?
– გავყვეთ ყველა ვერსიას. რომ არ მიიღოს ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა მათ სხვა ძალა, გარდა უცხოელების მხარდაჭერისა არ ექნებათ, ისიც დროებით, საერთაშორისო სიტუაციის შეცვლის მერე ამასაც დაკარგავენ.
ამასთანავე, საქართველოში გაჩნდება ახალი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეავსებენ სპექტრს. თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს გადაინაცვლებს სამზარეულოში. ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს.
თუ ოპოზიციური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იბრძოლებენ თავიანთი პოზიციისთვის პოლიტიკური მეთოდებით, გაიზრდება მათ მიმართ მოსახლეობის ნდობა, თუმცა, შეიძლება უცხოური დაფინანსება მოაკლდეთ.
– ვითარებაში, როცა ოპოზიცია ისეა დაქსაქსული რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ველზე ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არც ჰყავს, ასეთ ვითარებაში აშკარად ჭარბადაც კი გამოიყურება ის რეპრესიული ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ ატარებს.
საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არსებული უკმაყოფილებისა, საუბარია საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ერთგული რჩება კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ითვალისწინებს, ოპოზიცია ვერ ახერხებს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის სათავისოდ მობილიზებას.
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ, ამ ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა რეალურად ვერც კი ამჩნევს. ფასები იზრდება, ლარის შესყიდვის უნარიანობა იკლებს, სამუშაო ადგილები მცირდება და სულ უფრო მეტი შრომისუნარიანი ადამიანი ცდილობს და გეგმავს ქვეყნის დატოვებას.
თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტებს „აგენტებს“ და „უსამშობლოებს“ ეძახის, სურათი კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება. ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას მისადმი ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან საურთიერთობოდ რეპრესიული ენა და მეთოდი აქვს არჩეული და მასთან დიალოგის ნებისმიერ ფორმატზე უარი აქვს ნათქვამი?
– საერთოდ, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან დიალოგის ფორმა არის ოპოზიციური პარტიების ყოფნა პარლამენტში და მათთან დიალოგი. პარლამენტი სწორედ მაგისთვის მოიფიქრეს, რომ დიალოგის ადგილი სივრცე გაეჩინათ.
ჩვენი ოპოზიცია თავად უარს ამბობს პარლამენტზე, არ გაღიარებთ და ბოიკოტს ვაცხადებთო. ბოიკოტს გამარჯვება არც ერთი პარტიისთვის არ მოუტანია ისტორიაში. რადგან ბოიკოტს აცხადებს ოპოზიცია, ესე იგი მას გამარჯვება არ უნდა. ასე რომ, მეთოდი ოპოზიციასთან ურთიერთობისა აირჩია თავად ოპოზიციამ და არა ხელისუფლებამ.
რაც შეეხება რეპრესიულ მეთოდს, ისევ ხალხმა გადაწყვიტოს – თუ ხელისუფლება რეპრესიულია, არ აირჩევს მას ხალხი. ასე მოხდა 2012 წელს, როცა არსებული ხელისუფლება თეფშებსაც კი აპატიმრებდა, მაგრამ ხალხმა ის მაინც უარყო.
ამდენად, რეპრესიულ ხელისუფლებას ხალხი მოიშორებს. ხოლო ხალხს ამჟამად კარგად ეტყობა ვის თვლის რეპრესიულად. მოკლედ, ოპოზიციასთან დიალოგის შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ პარლამენტის გარდა, მე ვერ ვხვდები როგორ უნდა შედგეს მასთან დიალოგი, ვინც იბუტება და არც ლაპარაკობს დიალოგის საჭიროებაზე.
ალბათ, მოგვარდება მომავალში ეგ საკითხი. სავარაუდოდ, ან გადაივლის დაძაბულობა, ან პირიქით, გარე ქარიშხლებისგან ისე გაიზრდება დაძაბულობა, რომ ჭიქაში ატეხილ ქარიშხლებს აღარ მივაქცევთ ყურადღებას და… გავერთიანდებით.