Home რუბრიკები პოლიტიკა ჟურნალისტი, ეთიკა და დაუსჯელობის სინდრომი

ჟურნალისტი, ეთიკა და დაუსჯელობის სინდრომი

3216
ნიკა გვარამია

დღეს საქართველო ახალ პრეზიდენტს ირჩევს. შეიძლება თამამად ითქვას, ეს არჩევნები ყველასგან გამორჩეულია. უფრო ზუსტად, წინასაარჩევნო კამპანია იყო გამორჩეული, რადგან არ გვახსოვს ამდენი ღვარძლი, ამდენი გინება, ამდენი გაწევგამოწევა, ბრალდებები, ოჯახის წევრებისთვის ნასროლი ლაფი, სახელისა და ღირსების ამოსვრის მცდელობა. გინება ისმოდა ყველგან _ სატელევიზიო ეთერით დაწყებული, ქუჩით დამთავრებული. სოციალური ქსელები ხომ საერთოდ წალეკა ბილწსიტყვაობამ და საქმის გარჩევებმა. ეგ კი არა, ლამის ყოველი მეორე კრიმინალური შემთხვევა არჩევნებს მიაბეს და ბოლოს ისიც კი სალაპარაკო გახდა, ვინმე წითელზე თუ გაივლიდა, რომელი პარტიის მხარდამჭერი იყო.

არ გამართლდა ივანიშვილის ნათქვამი: “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური სივრციდან გაქრებაო. გაქრება კი არა, მმართველმა გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ პოლიტიკურ სამარეში გაგზავნილინაცმოძრაობაგზიდან მოაბრუნა, მოასულიერა და კინაღამ ძალაუფლება გადააბარა.

ახლა არ მითხრათ, კორექტულობა დაიცავიო, რადგან კორექტულობისა და ობიექტურობის არაფერი ეტყობოდა არც ერთ ტელევიზიას. გინებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ობიექტური მედიის ცნება საერთოდ გაქრა ტელესივრციდან და ყველა იმისიანი ან ამისიანი იყო. სწორედ ამ პირობებში ვცდილობდით ობიექტურობის დაცვას და ყველაზე კრიტიკული თვალით მომზირალი ადამიანიც კი ვერ იტყვის, რომელიმე მხარე დაგვეჭიროს, თუმცა…

როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება ჩვენს გაზეთს გამადიდებელი შუშით აკვირდება. საკმარისია, დავწეროთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია, რომ დიალოგი დასაწყებია და, რაც მალე დავიწყებთ, მით უკეთესი ქვეყნისთვის, მაშინვე მოღალატეები ვხდებით. მოღალატეები ვართ მაშინაც, როცა ვამბობთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი საკუთარი ინტერესებისთვის გვიყენებს (და ამას ფაქტებით ვამყარებთ). მოღალატეებად გამოგვაცხადეს მაშინაც, როცა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, განცხადება ვთარგმნეთ, რომელშიც ის ამბობდა, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში მიღების შანსი არ აქვთ და ამ ქვეყნებმა რაღაც შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების დარი კავშირი უნდა შექმნან. არადა, ეს სარკოზიმ თქვა და ჩვენ მისი ნათქვამი გავიმეორეთ, მაგრამ თურმე ესეც ღალატია, უნდა დავმალოთ სიმართლე. და რა ვქნათ ახლა, სარკოზიმ გასულ კვირას რომ გამოაცხადა: ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო, არის და იქნებაო, არ დავწეროთ? თუ არც ის დავწეროთ, საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა დამარცვლით რომ თქვა: ამ ყველაფერზე პრეზიდენტად ყოფნის დროს ვერ ვსაუბრობდი, ახლა კი თამამად ვამბობ სიმართლესო? გესმით, მეგობრებო? მაგრამ ამ რეალობის მოსმენა არ გვინდა. არ გვინდა იმის აღიარება, რომ მაშინ, როცა სარკოზი პუტინს ხვდებოდა და ჩვენ გვეუბნებოდა, რუსეთის პრემიერს (პუტინი მაშინ პრემიერი იყო) თქვენ გამო მთელი ევროპა დავუპირისპირეო, გამოდის, ტყუილი ყოფილა. ახლა გაცხადდა, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, სარკოზი მეგობრულად საუბრობდა რუსეთის პირველ პირთან და ამ მეგობრობის ერთგულია ახლაც.

თუმცა საკუთარ თავს მივხედოთ. ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დამცველი ორგანიზაცია რომ არის, უმნიშვნელო გადაცდომაზე ბრიფინგებს რომ აწყობს, ხომ არ იცით, რატომ არ აპროტესტებს დედის გინებას ტელეეთერიდან? თუ არ მოგისმენიათ, საძიებო სისტემაში ჩაწერეთ “გვარამიას დედაც…” და ისეთ ამბებს მოისმენთ, წინ რომ +18 უნდა ეწეროს. ტელევიზიები არც ბოდიშის მოხდით იწუხებენ თავს, რადგან დედისმაგინებლებს თურმე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ და, რაც მეტი გინება გაისმება ეთერში, მით უკეთესი. სწორედ ამიტომ პრაქტიკულად ყველა ტელევიზია ცდილობს, თოქ-შოუებში ისეთი ადამიანები მოიწვიონ, რომლებიც დებატებისას ერთმანეთის დედის გინებას არ ერიდებიან. ისინიც სიხარულით თანხმდებიან იმ “ფილმში” მონაწილეობას, რომლის ბოლოც მათთვისაც ცხადია, მაგრამ მზად არიან, აიტანონ დედის გინებაც, ოღონდ კიდევ ერთხელ გამოჩდნენ ტელეეკრანზე. მერე კი, როცა არჩევნები მორჩება, ერთ ან მეორე მხარეს მივიდნენ და უთხრან, თქვენი გულისთვის დედის გინება ავიტანე და იმ ტორტიდან, მთავარ სუფრაზე რომ დევს, ერთი პატარა ნაჭერი მეც მეკუთვნისო.

ამ ყველაფერს მეორე მხრიდანაც შევხედოთ: თუ ქუჩაში ადამიანი შეგაგინებთ, შეგიძლიათ უჩივლოთ და საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძვრება. დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს ფულადი ჯარიმის გარდა, შესაძლოა, რამდენიმედღიანი პატიმრობა ან პირობითი მსჯავრი შეუფარდონ. ოღონდ ეს დამტკიცების შემთხვევაში, რისი გაკეთებაც ქუჩის პირობებში ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ შესაძლოა, ვინმემ მოულოდნელად შეგაგინოს და გაიქცეს. თანაც, ამ ფაქტს ერთი ადამიანი მაინც უნდა შეესწროს, რადგან, მოწმე თუ არ იქნება, საქმე ვერ აღიძვრება. აი, ტელეეთერში გინებას რაც შეეხება, არც მოწმე გინდა და არც დამნახავი _ გადაახვიე და ნახავ, კონკრეტულად ვინ ვის და რატომ აგინებს, თუმცა გსმენიათ, რომ ტელეეთერში გინების გამო ვინმე, დაეკავებინოთ კი არა, დაკითხვაზე დაებარებინოთ? არც ჩვენ არ გვსმენია და ეს იმ დაუსჯელობის სინდრომის ბრალი გვგონია, ბოლო პერიოდში რომ გამეფდა ტელესივრცეში. ტელეეთერში გაქვს ყველაფრის თქმის უფლება, შეგიძლია ცილი დასწამო ნებისმიერს ნებისმიერ საქმეზე და ყველაფერი შეგრჩება. შეგრჩება იმიტომ, რომ მთქმელმაც და გამგონემაც ზუსტად იციან, ამის გამო მათ არავინ დასჯით და მიშვებულია ყველა და ყველაფერი თავის ნებაზე.

შედეგად ვიღებთ უცნაურ რეალობას _ ბეჭდური მედია (ისიც ყველა არა) მაქსიმალურად კონტროლდება, თითოეულ სიტყვასა თუ ასოს გულისყურით კითხულობენ, სპეციალური დეპარტამენტიც კი აქვთ ძალოვნებს საამისოდ და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტელესივრციდან უხამსი სიტყვების ნიაღვარი აღკვეთონ, თანაც პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: მაგალითად, რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რომ დაიბარონ დაკითხვაზე იმ განცხადებების გამო, რომლებიც მან ბევრი აკეთა, ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდება, ცალკე არასამთავრობოები და ცალკე ევროპელი თუ ამერიკელიპარტნიორებიატეხენ ხმაურს, პოლიტიკურ დევნად შეაფასებენ და დაკითხვაზე დაბარებული გვარამია პროკურატურიდან გმირისა და წამებულის სახელით გამოვა. და ასე იქნება ყველა შემთხვევაში, როცა ვინმეს გინების გამო პასუხს მოსთხოვენ, რადგან ყველა ვიღაცის მხარესაა, ყველას გამოუჩნდება მფარველი პარტიაში, რომელიც შეეცდება, ქულები ჩაიწეროს და წამებული საკუთარ მხარდამჭერად წარმოადგინოს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ვინმე ლანა ღვინჯილია, სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომელი. ეს ე.წ. ქალბატონი გამორჩეულად უზრდელია და ისეა ნაცების დაუსჯელობით გათავხედებული, რომ საოკუპაციო ხაზთან ჩასულ პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატს პირისპირ მიუხტა და “ჩათლაშკა” უწოდა ყველას გასაგონად (მკითხველთან და ქალბატონ ზურაბიშვილთან ბოდიშს ვიხდით) იმ დროს, როცა ეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ _ არის შემთხვევები (არცთუ იშვიათად), როცა ჟურნალისტს არ ესმის ან არ სურს, გაიგოს, რომ ადამიანს არ უნდა კომენტარის გაკეთება. ამის მიუხედავად, ჟურნალისტი ჯიქურ ცდილობს ინფორმაციის გამოძალვას (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და მაგ დროს რომ შეაგინო (ცხელ გულზე), ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად შეფასდება და ამის გამო, შესაძლოა, ციხეშიც კი გამოგკეტონ. თუნდაც ბოლო შემთხვევა ავიღოთ, როცა ჟურნალისტისგან თავმობეზრებულმა რესპონდენტმა, რიგითმა მოქალაქემ კითხვა დაუსვა: “თუ ტვინი გაქვს, მასეთ კითხვას რატომ მისვამ?!”, რასაც ჟურნალისტის მყისიერი რეაქცია მოჰყვა _ რატომ შეურაცხმყოფთ ქალბატონო? და ეს იმ ტელევიზიის ჟურნალისტის რეაქცია იყო, რომლის გენდირექტორმაც პირდაპირ ეთერში არაერთხელ შეიგინა დედა, მთელი საქართველო ფეკალიებში ამოავლო და განაცხადა, რომ ასე ფიქრობს და სხვაგვარად არ ძალუძს. ჰოდა, იმ ჟურნალისტმა, ბოლომდე რომ მიჰყვეს საქმეს, ეგებ რიგით მოქალაქეს ამ კითხვის გამო პასუხიც აგებინონ, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მის გენდირექტორს პასუხს არავინ მოსთხოვს. რატომ? იმიტომ, რომ ეს პოლიტიკურ ზეწოლად და დამოუკიდებელი ტელევიზიისთვის მუშაობაში ხელის შეშლად შეფასდება.

სამაგიეროდ, არ ფასდება ხელის შეშლად, თუ ბეჭდური მედიის წარმომადგენელს მოღალატედ გამოაცხადებ. გახსოვთ, ალბათ, ცოტა ხნის წინათ იყო, ლამის მთელი რედაქცია სამშობლოს ღალატში რომ დაგვადანაშაულეს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფორუმში, რომელიც საქართველოში გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან ერთად, ჩვენი კოლეგებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციიდან. და მაშინ არც ერთ არასამთავრობოს არ უთქვამს: ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან, არიქა, განგაშის ზარებს შემოვკრათო. არა, ბატონებო, კრინტიც არავის დაუძრავს. ამ ეგრეთ წოდებული თავისუფალი მედიისთვის და არასამთავრობოებისთვის ჟურნალისტის საქმიანობა და ჟურნალისტის უფლებები შერჩევითია _ თუ ვნებ ქვეყანას, თუ მაყურებელსა და მკითხველს ატყუებ, რაც მთავარია, თუ რუსეთს აგინებ, “სწორი” ჟურნალისტი ხარ და ამაში ხელის შეშლა არავინ უნდა გაგიბედოს, თუ რამე _ უცბად დაირაზმებიან და მავნებელს, მატყუარას, უზრდელს, თავხედს ერთად გადაეფარებიან. თუ სიმართლეს ამბობ და მანკიერებებს ამხელ _ მათთვის კეთროვანი ხარ და ახლოს არავინ გაგეკარება, შენი ლანძღვა-გინება მათთვის უზენაესი და კარგად დაფინანსებული ნეტარებაა. მაშინ ტელევიზიებსა და “არასამთავრობოებს” ყველაფერი შერჩათ. შერჩათ მაშინ, ადრეც, იმის მერეც, ახლაც და შერჩებათ მომავალშიც.

ამიტომ, პატივცემულო მთავრობავ, როცა კონკრეტული ტელევიზიიდან ნებისმიერი მსურველი დედებს მოგიკითხავთუბრალოდ, შეირგეთ და შეირგეთ მანამ, სანამ კანონს არ აამოქმედებთ და უზრდელ ვიგინდარებს პასუხს არ მოჰკითხავთ!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here