სააკაშვილის ხელისუფლებას ადამიანების მკვლელობა არაფრად რომ არ უღირდა, კარგად მოგეხსენებათ. ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭები, ტყეში გატაცებული და წამებით მოკლული ადამიანები, უბრალოდ, გასართობად ნაწამები ახალგაზრდები – ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა და სხვა იყო გისოსებს მიღმა, ციხეში, სადაც ცალკე ცოდვის კალო ტრიალებდა, ამიტომაც იყო, გლდანის ციხის ხსენებაზე ყველას რომ აჟრჟოლებდა. არავის სურდა იქ მოხვედრა, გლდანის ციხეს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს უწოდებდნენ და საკმარისი იყო, საპყრობილეში გარდაცვლილთა სტატისტიკისთვის გადაგეხედათ, მიხვდებოდით, რომ იქ მართლაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა, რადგან შეუძლებელი იყო, ნორმალურ ვითარებაში ამდენი ადამიანი მომკვდარიყო ან ამდენ ადამიანს ეცადა თვითმკვლელობა…
გამაოგნებელი იყო ორი მკვლელობა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის უფროსმა რომან შამათავამ ჩაიდინა. „ჩაიდინა“-ს იმიტომ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი სასამართლომ დაამტკიცა, განაჩენი კანონიერ ძალაშიც შევიდა და შამათავამ სასჯელიც მოიხადა. ჰო, რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მან მოიხადა 2 ადამიანის მკვლელობისთვის დაკისრებული მსჯავრი და, სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, მოკლულთა სახელები გავიხსენოთ. შამათავას ბრალი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობაში ედებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, პირადად შამათავამ ესროლა ორივეს თავში მას შემდეგ, რაც ზღვაში კატერით გაიყვანა, შემდეგ მან და მისმა თანმხლებმა პირებმა ორივეს ფეხებზე სიმძიმეები მიაბეს და ზღვაში ჩააგდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახებს არც ერთი მოკლულის საფლავი არ აქვთ. იმხანად ქარდავასა და ცინდელიანს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი (არაოფიციალურად) და დახვრეტის განაჩენიც გამოუტანეს (ასევე არაოფიციალურად), რომელიც შამათავამ აღასრულა. საინტერესოა, რომ წლების შემდეგაც კი ვერავინ დადო ერთი დოკუმენტი მაინც, რომელიც ცინდელიანისა და ქარდავას ღალატს დაადასტურებდა. უბრალოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, როგორ უღალატა ქვეყანას იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, ასეთების მოშორება კი აუცილებელი იყო, რათა ღალატი არ გამჟღავნებულიყო. ორივე მაფიოზური წესით მოკლეს, ისე, როგორც ალ კაპონე იშორებდა ოპონენტებს, შემდეგ სიმძიმეებს აბამდა და ოკეანეში აგდებდა. წინა ხელისუფლება არაფრით განსხვავდებოდა ალ კაპონეს მაფიოზური კლანისგან, ამერიკელი განგსტერის ქილერების ბანდა უფრო შემწყნარებლური იყო, ვიდრე სააკაშვილის ბანდა.
ჰოდა, გათავისუფლდა შამათავა პატიმრობიდან (სასამართლომ 16 წელი მიუსაჯა, ამნისტიით 4 წელი ჩამოაკლეს და 12 სრულად მოიხადა) და ნაციონალებმა ის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. დიახ, საჯაროდ წერენ, რომ ციხიდან გათავისუფლდა ადამიანი, რომელიც არის ნამდვილი გმირი და რომელიც ხოცავდა რუსეთის აგენტებს. ანუ, ის, რის წარმოჩენასაც ბოლო წლებში ცდილობდნენ ნაცები, რომ თითქოს გამოსწორდნენ და სისტემის კრახი თითქოს ერთეულების გადაცდომის ბრალი იყო, ახლა დაივიწყეს – თავს ვერ ერევიან, ემოციებს ვეღარ აკონტროლებენ, როცა სისხლის სუნს იკრავენ ხოლმე. შამათავამ სწორედ სისხლი გაახსენათ და ჟრიამული ატეხეს, თავს ვერ იოკებენ და ზუსტად იციან, როცა საჭირო იქნება, შამათავას მსგავსნი კვლავ გაისვრიან, კვლავ გამოაბამენ სიმიმეს „არასასურველ ელემენტებს“ და ზღვის ფსკერზეც მარტივად გაისტუმრებენ. ციხის გარეთ არ არის მხოლოდ შამათავა, ბევრმა ჯალათმა მოიხადა სასჯელი, იმავე გაგა მკურნალიძემ, რომელიც ამაყობდა, რომ რამდენიმე ათეული პატიმარი ჩასვა ეტლში. ჰო, ცნობისათვის, მკურნალიძის ცოლი სასამართლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, თვითონ მას კი სამშენებლო ბიზნესი აქვს და შესანიშნავად არის. თავისუფალია არაერთი მკვლელი, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში ადამიანებს ხოცავდნენ და ახლა ეს ხალხი ისევ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება. უფრო ზუსტად ყველაფერს აკეთებენ, თავიანთი ბოსების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თვითონ კი სურთ, კვლავ იქცნენ შემსრულებლებად, რომლებსაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ამ ადამიანებს კრიმინალი ხელოვნების დონეზე ჰქონდათ აყვანილი და მკვლელობით ზუსტად ისეთივე სიამოვნებას იღებდნენ, როგორც ამას ანდრეი ჩიკატილო აკეთებდა. ჰო, სერიული მკვლელი ჩიკატილო არ მალავდა, რომ მკვლელობა სიამოვნებდა, და არც ესენი მალავენ, რომ ადამიანების გაქრობას არ ნანობენ. აი, „ნაცმოძრაობის“ ის წევრები, რომლებიც ადამიანების მკვლელობას ვერ ახერხებდნენ, ამათ ტაშს მაშინაც უკრავდნენ და ახლაც უკრავენ. მეტიც, ამბობენ, რომ მომვალში შამათავაზე, როგორც ეროვნულ გმირზე, ფილმი უნდა გადაიღონ და წიგნიც უნდა დაიწეროს. წიგნს, ალბათ, ლაშა ბუღაძე დაწერს, ლექსს – ზვიად რატიანი და ფილმს კი დათა თავაძე გადაიღებს, ის ახალგაზრდა „რეჟისორი“, რომელიც თავის სპექტაკლებში ერთნაირსქესიანთა ქორწინების პროპაგანდას არ ერიდება.
წინ 4 ოქტომბერია, თარიღი, რომელიც დამოკლეს მახვილივით დაეკიდა საქართველოს თავზე. აღარავინ მალავს, რომ ამ დღეს სისხლის კალოს დატრიალებას აპირებს ოპოზიცია. პირდაპირ ამბობენ: ნახავთ, თუ შტურმზე არ წავალთ და ხელისუფლებას არ დავამხობთო. შტურმზე წასვლა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან. სახელმწიფო კანონით დაშვებული ფორმებით დაიცავს თავს, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთი პუჩისტების მხარეს იქნება, მათ დაუკრავს ტაშს, ყველაფერზე მწვანეს აუნთებს და საერთაშორისო საზოგადოებასაც მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აძლევთ ხელს და არა რეალური სურათის ამსახველს..
ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ყველაფერს ჯერჯერობით ირონიულად უყურებენ და ამბობენ, რომ მოსახლეობა ქუჩაში არ გამოვა. ის, რომ ოპოზიციას საკმარის რაოდენობის მხარდამჭერი არ ჰყავს, გასაგებია, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ: თავისუფლები არიან პროფესიონალი მკვლელები, ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, როდის და როგორ უნდა მოკლან. რას ვაკეთებთ , თუ „ბრმა ტყვია“ რომელიმე მომიტინგეს მოკლავს? პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას დააკისრებენ და გვერწმუნეთ, თავის მართლება ურთულესი იქნება. აი, შემდეგ ქუჩაში გაბრაზებული ხალხის გამოყვანა რთული აღარ იქნება და ვერც გავეშებული ბრბოს შეკავება მოხდება მარტივად. გვამს რა ეფექტის მოხდენა შეუძლია, ყველაზე კარგად სწორედ ნაციონალებმა იციან და ამიტომ აუცილებლად შეეცდებიან, რომ, „ორი გვამი“ თუ არა, ერთი მაინც იყოს, შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკის საქმეა.
ვერ გეტყვით, იცის თუ არა ხელისუფლებამ ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები რეგიონებში უკვე ადგენენ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც 4 ოქტომბერს არჩევნების ნაცვლად რუსთაველზე უნდა წავიდნენ. იცის თუ არა ხელისუფლებამ ის, რომ ამ ადამიანებს არა მხოლოდ თანხას ჰპირდებიან კონკრეტული დღისთვის, არამედ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ – თანამდებობასა და მუდმივ სამსახურს. ანუ მას, ვინც აქციაზე მივა, ეცოდინება, რომ წარმატებული შტურმის შემთხვევაში დასაქმდება (რამდენად შეუსრულებენ დაპირებას, ეს სხვა თემაა, მაგრამ დაპირებასა და იმედს დიდი ძალა აქვს). ჰოდა, ის გვიკვირს, რატომ აძლევს ხელისუფლება ამ ადამიანებს 4 ოქტომბრისთვის გადატრიალების მომზადების ნებას. ეს ხომ არ არის დაფარული ან დამალული? კონკრეტული პირები პირდაპირ ეთერში აცხადებენ, ხელისუფლება უნდა დავამხოთო და ეს არ არის დანაშაული? ხალხის მოგროვება და რეგისტრაცია არ არის დანაშაულისთვის მზადება? თუ არის, მაშინ რატომ არ აკისრებენ პასუხისმგებლობას ამ ხალხს, რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ? ვის და რას ველოდებით? თუ დასავლეთს ვუფრთხით და არ გვსურს, ხმაური ატყდეს? ეს ის დასავლეთია, რომელიც დამხობასა თუ გადატრიალებას პირველი „გააპრავებს“ და ოპოზიციასაც ტაშს დაუკრავს: მიდით, ბოლომდე მიაწექით, თქვენ მხარეს ვარო. დასავლეთს საქართველოს სათავეში, სუვერენული კი არა, დამონებული და დაჩმორებული ხელისუფლება სურს და ოპოზიციაში სწორედ ასეთებს ხედავს, ამიტომ ისინი მათ არაფერს დაუშლიან. საკმარისია, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ხმამაღლა თქვას, დამხობა კრიმინალია და ოპოზიციას კრიმინალური ზრახვები აქვსო, მაშინვე შეაჩვენებენ და „დასავლური ღირებულებების“ უარყოფაში დაადანაშაულებენ. გნებავთ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ და მიხვდებით, სადამდე აქვს შეტოპილი ოპოზიციას და რაზეა წამსვლელი ევროპა თუ ამერიკა. 4 ოქტომბერს შეთქმულება მზადდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა რაღა შეთქმულება, ღიად აცხადებენ, დაგამხობთო, შეთქმულება კი ფარულია, მოულოდნელი…
მოკლედ, ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება და ახლა ის არის საინტერესო, რას და ვის ექნება „ავრორას გასროლის“ ეფექტი. ეჭვი გვაქვს, ესეც მოფიქრებული ექნებათ და ვინძლო მერე გვიანი არ იყოს და გაპროტესტებაც ვეღარ მოვასწროთ. დამხობა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებას არ ნიშნავს, გვერწმუნეთ, ბატონებო, ამას სამოქალაქო ომი მოჰყვება.
ლევან გაბაშვილი