ნატოს ექსჰუმაცია

    ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტისა და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“.  ეს ამბავი 2025 წლის 10 ივნისს მოხდა.

    დიდი ხანია, რაც ამ დაწყევლილი, უბინძურესი და უბოროტესი ორგანიზაციის სახელი საქართველოში ოფიციალურად არ უხსენებიათ. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ვეღარ ბედავს ნატოს ხსენებას, ვინაიდან იცის, რომ ქართველი ხალხისთვის ნატო, დიდი ხანია,  სიცრუის, უპირობისა და არასერიოზულობის სიმბოლოდ იქცა. იმდენი ტყუილი, რამდენიც ნატომ გვითხრა და ნატოს სახელით გვითხრეს, არავის უთქვამს. თვით აშშ-სა და ევროკავშირსაც კი არ უკადრებია ჩვენთვის იმდენი მოღაღადე და უტიფარი სიცრუე, რამდენიც ნატოს სახელით გვაკადრეს. 10 ივნისს კი გამოხტა ეს „ნატოს სამეკავშირეო ოფისი” და ჩვიდმეტი წლის წინანდელი შეურაცხყოფა (ცრუ დაპირება) ერთხელ კიდევ შეგვახსენა, რითაც ძველ, ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობაზე მტკივნეულად შეგვეხო. ჭრილობაზე შეხებაა, აბა, რა არის, როდესაც თითქმის დავიწყებულ ტყუილს ხელახლა გვტენის (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის)  და ამითვე გვიმტკიცებს, რომ სულელებად გვთვლის. არადა, არ ვართ სულელებიო, უპასუხა „სამეკავშირეო ოფისს” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა:  „ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადების კონტექსტი ცოტა გაუგებარია. ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. სიტყვა ითქვა, მაგრამ საქმე არ გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს, ეჩვენებინა ნატოსთვის. მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ მისიებს, საქართველო ავღანეთში წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით. რაოდენობრივად ვიყავით მესამე, მეოთხე ქვეყანა ნატოს ქვეყნებთან შედარებით. ათასი-ათასხუთასი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი, მაშინ,  როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი და ისიც – შტაბში. ასე რომ, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, რათა გვეჩვენებინა, როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე საქართველოს მნიშვნელობა ნატოსთვის და ნატოს მნიშვნელობა საქართველოსთვის, ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ვაწყდებით მხოლოდ სიტყვებს და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხრიდან. განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს. ეს ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, რომლის მიმართაც ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ,  საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა ხვდება, რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა ნატოს ოფისების განცხადებები”.

    ჩვენ ბატონი პაპუაშვილის განცხადების ტექსტს კიდევ მივუბრუნდებით, მაგრამ ცოტა ხნით მისი ნათქვამის ერთ ეპიზოდზე შევჩერდეთ. კერძოდ: „ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა ნატოს ოფისების განცხადებები”.  კარგად დააკვირდით ამ ნათქვამს და მასში უთუოდ აღმოაჩენთ ფარულ დარდსა და ხვაშიადს, თუ გნებავთ, ფარულ  ნოსტალგიასაც ნატოს აწ უკვე გარდასულ დიდებაზე. „ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა” . ასეა? აბა, ნატოს გენერალურ მდივანს, ბატონ მარკ რუტეს მოუსმინეთ: „რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რუსეთი სამ თვეში აწარმოებს იმდენს, რამდენსაც მთლიანად ნატო ერთ წელიწადში. რუსეთის სამხედრო მანქანა არ ნელდება, პირიქით, აჩქარებს ტემპს. რუსეთი აქტიურად აღადგენს საკუთარ სამხედრო პოტენციალს, რაშიც მას ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ეხმარებიან. მოსალოდნელია, რომ წელს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია 1500 ტანკს, 3000 ერთეულ ჯავშანტექნიკას და „ისკანდერის“ 200 რაკეტას გამოუშვებს“.

    საოცარი დამთხვევაა: ეს სამი განცხადება (ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს გენერალური მდივნის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის) ერთ დღეს (2025 წლის 10 ივნისს) არის გაკეთებული. ნატოს გენერალური მდივანი რომ მოსთქვამდა, რუსეთი მთელ ნატოზე (ერთად აღებულზე) ოთხჯერ მეტ იარაღს აწარმოებსო, ზუსტად იმ დღეს ნატოს სამეკავშირეო ოფისი ბუქარესტის (ჩვენთვის შეურაცხმყოფელ) სამიტს გვახსენებს და ნატოს წევრობას კიდევ ერთხელ გვპირდება.

    ეს სამხედრო ბლოკი (ნატო), რომელიც რუსეთის შეიარაღების მხოლოდ ერთ მეოთხედს აწარმოებს, არის ის „ყველაზე ქმედითი დაცვა”,  რomlის შესახებაც ბატონი პაპუაშვილი გველაპარაკება? ვაჰ, აგერ, უკრაინაში არ ვნახეთ, რა „ქმედით დაცვასაც” წარმოადგენს ეს გაბითურებული ორგანიზაცია?!

    ჰო, პაპუაშვილის ნათქვამიდან კიდევ ერთი ციტატა დაგპირდით. აჰა, ისიც: „ნატოს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები და არ გვაქვს არც მაპთან და არც ისეთ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ამ სიტყვების უკან დგას პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები“.  სწორი შეფასებაა.  ნატომ, არათუ წევრობა არ გამოიმეტა, ის ფარატინა ქაღალდიც კი („მაპი”) არ გვაღირსა, რომელსაც იმდენი მნიშვნელობაც არ ჰქონდა, რამდენიც კომუნისტების პერიოდის სკოლებში ბეჯითი მოსწავლეებისთვის დარიგებულ „ქების სიგელებს” . ამდენი სიცრუისა და პირის გატეხვის შემდეგ გამოტყვრა ეს „სამეკავშირეო ოფისი” და კვლავ ბუქარესტის სამიტი შეგვახსენა.  ამაში ხომ აშკარად ჩანს ის არაჯანსაღი დამოკიდებულება, რომელსაც ეს ორგანიზაცია ავლენდა და დღემდე ავლენს ჩვენ მიმართ?! რა საჭირო იყო  ან რას ეფუძნება ნატოს ოფისის ეს განცხადება? აქ ყველაფერი შეძლება დასახელდეს, გარდა რეალობისა. ნატოს დღევანდელ რეალურ მდგომარეობაზე (დაცემულ ავტორიტეტზე), სხვა რომ არაფერი, პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება ღაღადებს: „მას შემდეგ, რაც მე ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ნატოს დაფინანსების საკითხი დავაყენე, მილიარდობით დოლარი შემოდიოდა, რამაც ნატო გააძლიერა, მაგრამ ამ თანხების უდიდესი ნაწილი მან ამ საშინელი (უკრაინის – ვ.კ.) ომის წარმოებაში დახარჯა”. რა არის ის, რის შესახებაც ტრამპი ლაპარაკობს, თუ არა ნატოს მიერ გამოვლენილი არასერიოზულობა?! ნატო თავის თითქმის მთელ  თანხებს ხარჯავს უკრაინის ომში, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერასოდეს გახდება ნატოს წევრი. აი, ტრამპის პოზიცია: „რაც შეეხება ნატოს, სჯობს, რომ მათ (უკრაინელებმა – ვ.კ.) ამის შესახებ დაივიწყონ!”

    დააკვირდით: უკრაინა პრაქტიკულად შეეწირა ნატოსკენ სწრაფვას. რამდენი განადგურებული სიცოცხლე, რამდენი ტერიტორიული დანაკარგი, რა მასშტაბის ნგრევა და უბედურება გაიღო დასავლეთის აგენტურის ხელში ჩავარდნილმა სახელმწიფომ და, აჰა: „სჯობს, რომ ნატო დაივიწყონ!” თუ უკრაინელებმა უნდა დაივიწყონ ნატო, ჩვენ რატომ უნდა გვახსოვდეს? საიდან და რის საფუძველზე გამოტყვრა-მეთქი „ნატოს სამეკავშირეო ოფისი” და დაახეთქა ეს სიბრძნე, რომ ჩვენ ისევ ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში ჩაწერილი იმ სატყუარას იმედად უნდა ვიყოთ, რომელიც მაშინვე ვიცოდით, რომ საქართველოსთვის თვალებში შემოყრილი ნაცარი იყო. რა მიზანი აქვს ამას? ახლა, როდესაც ეჭვქვეშ დგება არა მხოლოდ ნატოს წევრობა, არამედ საერთოდ, დასავლური ორიენტაცია – ეს თავის დროზე კარგად აპრობირებული ფანდი ხომ არ არის, რითაც ერთხელ კიდევ უნდა მიგვიზიდონ, მიგვიბან და თავგზა ისევე აგვიბნიონ, როგორც გასული საუკუნის 80-იან 90-იან წლებში აგვიბნიეს?! საქართველოში დასავლეთის აგენტურა, მართალია, ჯერ კიდევ ცოცხალია და მოქმედებს, მაგრამ ხალხში ნატოს იდეა დიდი ხნის გარდაცვლილია, ქელეხი, ორმოცი და წლისთავი გადახდილია და ახლა მის ექსჰუმაციას, თუნდაც სასამართლო ექსპერტიზის თვალსაზრისით, არა მგონია, აზრი ჰქონდეს ან მათთვის სასურველი შედეგი მოჰყვეს…

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here