ნანა კაკაბაძე: როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობა” აიკრძალება, ყველას, ვინც იყვნენ ამ პარტიაში, აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა

    ,,თუ დავინახავთ, რომ პროცესი გაჭიანურდება, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს კომისია იყო ფარსი და ამ ხელისუფლებას ხმა აღარ უნდა მივცეთ”

    საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, მუშაობა დაასრულა. კომისიის შექმნის მიზანი იყო, სააშკარაოზე გამოეტანა წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები. კომისიამ მოპოვებული მასალები ჯერ საგამოძიებო სამსახურს უნდა გადასცეს, შემდეგ _ პროკურატურას, ბოლო სიტყვას კი, უნდა აეკრძალოს თუ არა ,,ნაციონალურ მოძრაობასადა მის წევრებს პოლიტიური საქმიანობა, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის.

    კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებია წინა რეჟიმის მთავარი ფიგურები: მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ბარამიძე და კიდევ ბევრი სხვა, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს.

    რატომ არ დაიბარეს ზემონახსენები პირები კომისიაზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

    _ ამ შემთხვევაში რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება. ბოკერია, მერაბიშვილი, სააკაშვილი და სხვა დამნაშავეები რომ დაებარებინათ კომისიაზე, ისინი, დიდი ალბათობით, არ გამოცხადდებოდნენ, ჩვენებას არ მისცემდნენ, მაგრამ მათი დაბარება შეიძლებოდა და მიუსვლელობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საკითხი დადგებოდა, როგორც დანარჩენების მიმართ მოხდა, მაგრამ ეს კომისიამ არ გააკეთა.

    _ დიახ, ამაზეა საუბარი, რატომ არ გააკეთა ეს კომისიამ?

    _ ალბათ, აჟიოტაჟს მოერიდნენ, მათი დაკითხვა ფორმალური იქნებოდა. კომისია რისთვისაც იყო საჭირო, დეკლარირებულია _ ,,ნაციონალური მოძრაობის” ასაკრძალავად. ეს ზემონახსენები ადამიანების დაკითხვის გარეშეც მოხდება. რეჟიმის ყველაზე დიდი ფიგურები თავიანთი თავის საწინააღმდეგო ჩვენებას არ მისცემდნენ.

    _ ვინ ატეხდა აჟიოტაჟს? გავლენიანი ფიგურები არიან და წულუკიანიც კი უძლურია მათ წინაშე?

    _ თავად ატეხდნენ, იტყოდნენ, რომ არალეგიტიმური მთავრობა გვიჭერს და ა.შ.  ამ კომისიის მისიაა, მოამზადოს მასალები გამოძიებისთვის და გადაეცეს საქმე პროკურატურას. თუ დადგება პარტიის აკრძალვის საკითხი, მაშინ კიდევ უფრო გაუადვილდებათ ამ ადამიანების დასჯა.

    _ აიკრძალება ,,ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ გიგა ბოკერია დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი აღარ არის, ის ,,ფედერალისტია ”…

    _ გერმანიაში როდესაც აიკრძალა ფაშიზმი, მხოლოდ პარტიის დასახელება კი არ აიკრძალა, არამედ აკრძალეს ყველა იმ ადამიანის პოლიტიკაში მოღვაწეობა, რომლებიც იყვნენ ჰიტლერის პარტიაში. ასე რომ, როდესაც პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა” აიკრძალება, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც იყვნენ ამ პარტიაში, აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. ფიგურები, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ, მართლაც იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის თავკაცები და ისინი პოლიტიკაში აღარ უნდა იხილოს ქართველმა ხალხმა.

      ახლა უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მის საბოლოო სიტყვას და საკონსტიტუციო სასამართლოს, აკრძალავს თუ არა ის ,,ნაცმოძრაობას” იმ ჩვენებების საფუძველზე, რომლებსაც საპარლამენტო კომისია მიაწვდის.

    _ რეჟიმის შემოქმედი სააკაშვილი ვერა და ვერ გადაიყვანეს საპყრობილეში, ის სათანადოდ არ არის დასჯილი. რა არის ამის მიზეზი?

    _ სააკაშვილის საკითხი მართლაც გაუგებარია. მან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა, ის საქართველოს  მოღალატეა. მისი დანაშაული აშკარაა და ეს არის უახლესი წარსული, ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. სააკაშვილის კისერზეა ტერიტორიების დაკარგვის პროვოცირება. მან ეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო, 2004 წლიდან მიზანმიმართულად ცდილობდა ტერიტორიების დაკარგვას. სააკაშვილის დანაშაული მარტივი დასამტკიცებელია, ის კი სათანადოდ არ დასჯილა.  

    წულუკიანის კომისიას ახალი არაფერი უთქვამს, ყველა დანაშაული აშკარა იყო, ყველაფერი იწერებოდა

    _ მართალია, ახალი არავისთვის არაფერი ყოფილა, მაგრამ კომისიას ეს ყველაფერი იურიდიულად უნდა გაეფორმებინა პროკურატურისთვის. კიდევ ვიმეორებ: მთავარი სიტყვა უნდა თქვან პროკურატურამ და საკონსტიტუციო სასამართლომ. მინდა მჯეროდეს, რომ მოლოდინი არ გაგვიცრუვდება.

    კომისიამ შეასრულა ქართველი ხალხის დაკვეთა, რისი დაპირებაც  თვითონ ხელისუფლებამ ხალხს მისცა. რეჟიმი უნდა გასამართლდეს და სამართალი აღდგეს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. მალე გამოჩნდება, ეს იყო, უბრალოდ, წინასაარჩევნო პიარი თუ სინამდვილე, რომელსაც ხალხი ელის. კანონით განსაზღვრული ვადები არ არსებობს ამ საქმისთვის, მაგრამ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, სწრაფად მოხდება თუ არა ამ საქმის აღსრულება და ,,ნაციონალური მოძრაობის” სამუდამოდ აკრძალვა. თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი გაჭიანურდება, მაგალითად, წელიწადს ან მეტხანს, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს კომისია იყო ფარსი და ამ ხელისუფლებას ხმა აღარ უნდა მივცეთ მომავალ არჩევნებში.

    _ 2028 წლამდე უნდა ვითმინოთ?

    _ სხვა გზა არ არის, ხელისუფლების დამხობის მომხრე არ ვარ, როგორიც უნდა იყოს ის. საქართველოზე მოფიქრალ ადამიანს ხელისუფლების გადაყირავების იდეა არ უნდა აწუხებდეს. ვინც ასე ფიქრობს, ის ქართული იდეით მოქმედი არ არის.

    თუკი ხელისუფლება ვერ ახერხებს ხალხის დაკვეთის შესრულებასუნდა წავიდეს, მაგრამ არჩევნებით.

    თქვენი გამოცემის საშუალებით, სხვა საინფორმაციო საშულებებით მუდმივად უნდა ისმოდეს ხალხის ხმა. ეს ხმა უნდა გაიგონოს ხელისუფლებამ.

    ჩვენ კარგად უნდა გავთვალოთ ის, რომ ნაცები აღარ მობრუნდნენ ქვეყნის სათავეში. მართალია, ამ ხელისუფლებით ბევრია უკმაყოფილო, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, ,,ოცნების ” წასვლის შემდეგ უკან არ მობრუნდნენ დესტრუქციული ძალები. სიფრთხილე გვმართებს. შეიძლება ბარამიძებოკერიასააკაშვილი არ დაბრუნდნენ, მაგრამ აგენტურა არსებობს და ისინი საშიშნი არიან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ოპოზიცია, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში. შევარდნაძე გააგდეს და მოვიდა სააკაშვილი _ აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ… ივანიშვილს თუ გავაგდებთ და მოვიყვანთ სააკაშვილზე ორჯერ უარესს, ეს დაუშვებელია. ჩვენ არასდროს ვიცოდით, ვინ მოდიოდა  ხელისუფლებაში, ჩვენი არჩევანი ჩვენზე არ იყო დამოკიდებული,…

    _ ფაქტია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ”  ძირეული ცვლილებები უნდა განახორციელოს, ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში

    _ უპირველესი, რაც უნდა გააკეთონ, ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიცია უნდა დაუშვან თავიანთი კონტროლის გარეშე. ქვეყანაში უნდა იყოს ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ქართულ სახელმწიფოზე.

    ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებობდა ჩვენს ქვეყანაში უცხო ძალების აგენტურა, ისინი ბაცილებივით მრავლდებოდნენ. ივანიშვილი როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მას არჩევანი არ ჰქონდა, ქვეყანა აგენტურით იყო სავსე, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ არსებობდნენ. აგენტურა ძლიერი ძალაა, მას ადვილად ვერ გაუმკლავდები. დღემდე იბრძვის ჩვენი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ, ცამეტი წელიწადი ცოტა დროა მათ ასაკრძალავად და გასანადგურებლად. ცდილობს ხელისუფლება და მივცეთ კიდევ ცოტა დრო, წესით, ბოლოში ვართ გასულები.

     უფლის წყალობით მოვედით აქამდე, უფალი ფონს გაგვიყვანს… უფალმა დაუშვა სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში, ჩვენ ჩვენი ცოდვებით დავიმსახურეთ ეს, მაგრამ არ გავიწირეთ, უფალმა ჩვენი დანაშაული დაგვანახვა, მაგრამ სააკაშვილს ჩვენი გადაგვარების ნება არ მისცა სააკაშვილს სხვა ქართველის შექმნა უნდოდა, რაღაც ნაწილში ეს მოახერხა, მაგრამ, საბედნიეროდ, დიდ ნაწილს ეს არ შეეხო… ჩვენ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, მაგრამ უფალმა დაგვიფარა, რეალობა დაგვანახვა და გადაგვარჩინა. ჩვენ გადავრჩებით.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here