Home რუბრიკები საზოგადოება ნანა კაკაბაძე: პირველივე შემთხვევაში, როცა ვიღაცას სამსახურიდან გაუშვებენ ან სხვა ფორმით აიძულებენ...

ნანა კაკაბაძე: პირველივე შემთხვევაში, როცა ვიღაცას სამსახურიდან გაუშვებენ ან სხვა ფორმით აიძულებენ ვაქცინაციას, უნდა დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები

სტრასბურგმა იძულებით ვაქცინაციას “მწვანე აუნთო”

324
ნანა კაკაბაძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო საეჭო და ბოლომდე ჯერ კიდევ გამოუცდელი პრეპარატებით მსოფლიო მოსახლეობის მასობრივი აცრა ხმაურისა და მითქმამოთქმის ფონზე გრძელდება. ეს პროცესი ადამიანებში შიშსა და უნდობლობას იწვევს. მეტიც, ეჭვები იმის თაობაზე, რომ აცრა სულ მალე სავალდებულო იქნება და მასზე უარის თქმა თითოეული მოქალაქისთვის მთელი რიგი შეზღუდვების (მათ შორის გადაადგილების, განათლების უფლების შეზღუდვის, სამსახურის დაკარგვის და ..) მიზეზი შეიძლება იყოს, დღითიდღე იზრდება. ამაზე აქტიურად წერენ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე პრესაში, თუმცა, ეს ეჭვები საფუძველს მოკლებული რომ არ არის, უკვე კონკრეტული ფაქტითაც დასტურდება.

9 აპრილს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სავალდებულო ვაქცინაცია არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების შესახებ კანონს: “აღნიშნული ზომები უნდა შეფასდეს, როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიზანი უნდა იყოს თითოეული ბავშვის დაცვა სერიოზული დაავადებებისგან ვაქცინაციის ან კოლექტიური იმუნიტეტის გზით”, _ აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის: ეს გადაწყვეტილება სტრასბურგმა ჩეხეთის მთავრობის წინააღმდეგ რამდენიმე მოქალაქის მიერ შეტანილ სარჩელზე მიიღო. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მე-8 მუხლს (“პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება”) არღვევს. კერძოდ, სასამართლოს მიმართეს მშობლებმა, რომელთა შვილებიც სკოლაში არ დაუშვეს იმის გამო, რომ აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული: “შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვაქცინაცია ეროვნული ხელისუფლებების პასუხია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებაზე”, _ განაცხადა მოსამართლემ; ხოლო სხდომის შემდეგ სასამართლოს იურისტმა ნიკოლა ერვიომ მედიასთან განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინის დადებითი ეფექტის შესახებ საერთო კონსენსუსის კონსტატაციაა.

რას ნიშნავს საქართველოსთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტრასბურგის გადაწყვეტილება და იქნება თუ არა ეს ფაქტი იმის წინაპირობა, რომ მალე ვაქცინაცია აქაც სავალდებულო გახდება?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, ეჭვები და მითქმამოთქმა, რომ ვაქცინაცია შეიძლება სავალდებულო გახდეს, ხოლო აცრაზე უარისმთქმელ მოქალაქეებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ, მაგალითად, სამსახური დაკარგონ, ვერ იმოგზაურონ და .., უკვე დიდი ხანია, არსებობს, თუმცა ამ დღეებში ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა, პრაქტიკულად, ყველაფერი ცხადყო _ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ვაქცინაცია არ ეწინააღმდეგება ადამიანის მსოფლიოში აღიარებულ უფლებებს. მეტიც, დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ ის დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი ზომაახომ არ ფიქრობთ, რომ ამან ჩვენთანაც შეიძლება შეუმზადოს ნიადაგი ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადებას და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის და როგორც თუნდაც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია. ის არათუ იმ ფუნდამენტურ პრინციპებში არ ჯდება, რომლებითაც დასავლეთი ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებების დაცვისა და თითოეული მოქალაქისთვის სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფის პროცესში, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გახდეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვის საფუძველი, მათ შორის განათლების უფლების, სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობის, გადაადგილებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯანმრთელობის დაცვის უფლებისაც კი. ელემენტარულად, თუ გადაადგილება შეგიზღუდეს და ვერ მოძრაობ, საავადმოყოფოში ვერ მიხვალ, საზღვარგარეთ ვერ წახვალ სამკურნალოდ და ა.შ., თუმცა, რომც მოახერხო წასვლა, შეიძლება საავადმყოფომ არ მიგიღოს ე.წ. კოვიდპასპორტის გარეშე. ეს უკვე საგანგაშო ფაქტია და ამან, ცხადია, ხვალ-ზეგ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ აუტანელს გახდის ადამიანების ცხოვრებას. რაც შეეხება საქართველოს და კონკრეტულად სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო გავლენას ჩვენზე, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ერთადერთი ორიენტირი დასავლეთი და დასავლური სტრუქტურებია; იმის გათვალისწინებით, რომ მათ ყველაფერი ბრმად გადმოაქვთ იქიდან და სულ არ აინტერესებთ, საზოგადოებისთვის რა არის მისაღები ან მიუღებელი, რა თქმა უნდა, რეალურია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება აქაც შეიძლება გარკვეული ნაბიჯების მაპროვოცირებელი იქნეს. “არგუმენტად” გამოიყენებენ იმას, რომ აგერ სტრასბურგმა ეს დაასკვნა და მორჩა. ჩვენ რა, ევროპულ სასამართლოს არ ვენდობით?! ეს ერთი. და მეორე _ ამას ყველაფერს, ამ იძულებას, თუ ეს მოხდება, ცხადია, გაგვისაღებენ ისევ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვად…

_ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც ზუსტად ეს წერია: “ჩეხეთის ჯანდაცვის მიერ სავალდებულო ვაქცინაციის განხორციელება ბავშვების საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობაშია…”

_ ძალიან საინტერესო ფორმულირებაა. თურმე ის, რომ აუცრელ ადამიანს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უშვებენ და განათლების მიღების საშუალებას არ აძლევენ, რომ გადაადგილებას უზღუდავენ და, ფაქტობრივად, პატიმრობაში ამყოფებენ, მისი “საუკეთესო ინტერესი” ყოფილა. ეს უკვე აბსურდიც აღარაა, ეს არის ცინიზმი. ისე, თუ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვა და დისკრიმინაცია გამართლებულად მიაჩნიათ, მაშინ თვითმკვლელობაც უნდა დაისაჯოს. ხვდებით, რაზეა საუბარი? თუმცა იქ, სადაც თვითმკვლელის დასჯაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და სიკვდილის შემდეგ არ ხდება ადამიანის, ვთქვათ, ან ქონების კონფისკაცია, ან სხვა რამე ღონისძიება, გაუგებარია, რატომ უნდა ხორციელდებოდეს ჩემ მიმართ რამე სახის შემზღუდავი მოქმედება, თუ მე საკუთარ ჯანმრთელობას თუნდაც არ ვუფრთხილდები. მით უმეტეს როგორ შეიძლება ვაქცინაცია ძალდატანებითი იყოს, როცა უამრავი ადამიანი ალერგიულია, ბევრის ორგანიზმი მას, უბრალოდ, ვერ მიიღებს. ეს ერთი და მეორე _ თვით ვაქცინაც ხომ ჯერ არ არის ბოლომდე გამოცდილი, ის ხომ უმოკლეს დროში დამტკიცდა?!

_ თუ ვაქცინაცია ჩვენთანაც სავალდებულო იქნება, რის ნიშნებიც უკვე არის, თუნდაც თენგიზ ცერცვაძის განცხადების სახით, და დაიწყება ადამიანების იძულება სხვადასხვა ფორმით, როგორ ფიქრობთ, რა გზა დარჩება საზოგადოებას, რომ დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს? სხვათა შორის, უკვე არის კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ჯარისკაცებს, კონკრეტულად საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირებს, ეუბნებიან: თუ არ გაიკეთებენ ვაქცინას, ვერ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში

_ ადამიანის ნებისმიერი ფორმით იძულება, მუქარა და დაშინება იმ მოტივით, რომ, თურმე, მის ჯანმრთელობას უფრთხილდები, ვერანაირად ვერ ჩაჯდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებში; ვერ ჩაჯდება იმიტომ რომ, ვერავის აიძულებ, გაუფრთხილდეს საკუთარ სიცოცხლეს. მაშინ ყველანაირ დაავადებაზე ასე უნდა იყოს და ნებისმიერი პაციენტის მიმართ, რომელიც არ მკურნალობს ან, ვთქვათ, უარს ამბობს ოპერაციაზე, უნდა ხორციელდებოდეს იძულებითი ღონისძიებები. წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ მოქალაქეს შინიდან გასვლა რომ აუკრძალოს ან სამსახურიდან გაათავისუფლოს იმის გამო, რომ მან, ვთქვათ, ჰეპატიტის მკურნალობაზე უარი თქვა, ან ტუბერკულოზის, ან სხვა ნებისმიერი დაავადებისეს ხომ აბსურდია?! რაც შეეხება შეკითხვას, რა უნდა ქნას საზოგადოებამ, თუ დაიწყება იძულება, ვნახოთ, რა იქნება… არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ვფიქრობ, პირველივე შემთხვევაზე, როცა ვიღაცას სამსახურიდან გაუშვებენ ან სხვა ფორმით აიძულებენ ვაქცინაციას, უნდა დაიწყოს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. ყველა უნდა გამოვიდეს, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ეს უკვე იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზრუდვა, რომელიც, თუ დაიწყო და პრეცენდენტი შეიქმნა, უკლებლივ ყველას შეეხება. სხვა გამოსავალი მე არ ვიცი, თუმცა ამას სჭირდება მასობრივი პროტესტი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში…

_ რა შეიძლება იყოს იმის მიზანი, რომ სტრასბურგმა, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო სავალდებულო ვაქცინაციას? რატომ არიან ასე ძალიან ამ ყველაფრით დაინტერესებულნი?

_ სწორედ ეს არის ეჭვის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი. ვთქვათ, ადამიანს აქვს რაღაც დაავადება და ექიმი ეუბნება, _ თუ არ გაიკეთებ ოპერაციას, შეიძლება, მოკვდე. ის უარს ამბობს. ამის გამო პასუხი უნდა მოსთხოვონ? გაუგებარია… რაც შეეხება მიზანს, რელიგიურად ამ ყველაფერს ძალიან მარტივი და ყველასთვის გასაგები ახსნა აქვს, თუმცა, ჯამში, ყველანაირი გაგებით, ახსნა არის ერთი _ მივდივართ გაქანებული გლობალიზაციისკენ, მსოფლიო მმართველობისკენ… აი, ეს არის მიზეზი და საფუძველი ყველაფრის, რაც ხილულია და გაცხადებული, თორემ ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა რომ არ ადარდებთ, მგონი, ამას ახსნა არ სჭირდება. საერთოდ, ჩემი აზრით, კაცობრიობისთვის, განსაკუთრებით ქრისტიანული სამყაროსთვის, მომდევნო ოთხ წელი სერიოზული გამოწვევა იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ მომდევნო ოთხი წელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მთელი თავისი გუნდით მსოფლიოში გლობალიზმისა და აგრესიულინეოლიბერალურიჰეგემონიის განმტკიცების მომხრეა. საქართველოში ამ ყველაფრის შედეგები უკვე იგრძნობა კონკრეტული გამოვლინებებით… თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ _ უსამართლობა, რომელიც, უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა ფორმით ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მმართველი ელიტის მიერ მოსახლეობის უმრავლესობის ნების იგნორირებით, ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, ასე მჯერა და მინდა, მჯეროდეს მომავალშიც, მაგრამ, თუ საზოგადოება არ იქნება ქმედითი, არ იქნება ერთსულოვანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მსოფლიოში განხორციელებული ვერანაირი ცვლილება საქართველოში ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობას. აქ ისევ მოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს თავიანთი პირადი კეთილდღეობისა და პოლიტიკური დღეგრძელობისთვის გაწირავენ; აქ ისევ მოვა ხალხი, რომელიც კიდევ უფრო ღრმა ჭაობში შეიყვანს ქვეყანას

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here