ნანა კაკაბაძე: ეს განცხადება მიხეილ ყაველაშვილმა ვიღაცის კარნახით გააკეთა, მას უცხოეთიდან დაურეკეს

    „პრეზიდენტის განცხადება, გამოდით ციხიდან და არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობაო, აბსოლუტურად აუხსნელია. ეს ქართველი საზოგადოების უპატივცემულობაა...”

    საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართველი საზოგადოება გააოცა თავისი განცხადებით: „მსჯავრდებულმა პოლიტიკოსებმა მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ შეწყალების აქტს“.

    პრეზიდენტის ამ განცხადების ადეკვატურობაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

    _ პრეზიდენტ ყაველაშვილის განცხადება უცნაურია, გაუგებარია ამ განცხადების არსი, რადგან, როგორც წესი, პრეზიდენტი კი არ სთავაზობს პატიმრებს შეწყალებას, არამედ ადამიანები თვითონ სთხოვენ. შეწყალებას მოითხოვს ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თავის დანაშაულს, იხდის ბოდიშს, პირობას დებს, რომ აღარ გაიმეორებს და ამის შემდეგ პრეზიდენტი ან იწყალებს დამნაშავეს, ან არა… ასეთი განცხადება არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია, ვისაც პრეზიდენტმა მიმართა, ამიტომ ჩემთვის მართლაც გაუგებარია, პრეზიდენტის ტექსტის არსი.

    _ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ხელისუფლება და ხალხიც ასე თვლის. ყველა დაპატიმრებული დამნაშავეა, მაგრამ პრეზიდენტი მათ ,,მსჯავრდადებულ პოლიტიკოსებს” უწოდებს. ეს პოლიტპატიმრების არსებობის აღიარებაა?

    _ პოლიტპატიმარი შეიძლება პოლიტიკოსი საერთოდ არ იყოს. პოლიტპატიმარი ჰქვია ადამიანს, რომელიც დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით განსხვავებული თვალსაზრისის გამო. ქვეყანაში დაპატიმრებული ე.წ. პოლიტიკოსები კი ყველა დამნაშავეა.

    გვიჭერდნენ დისიდენტებს, არ ვიყავით პოლიტიკური პარტიის წევრები, პარტიები არ არსებობდა, მაგრამ გვაპატიმრებდნენ, რადგან სისტემას ვებრძოდით…

    _ ესენიც ებრძვიან არსებულ სისტემას, საერთაშორისო არენაზე ასე მიიჩნევენ…

    _ რაც ახლა ხდება, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური უმეცრებაა ან მიზანმიმართული ქმედება.

    მთავარი აქ ეს არ არის, მთავარია, პრეზიდენტის მიერ გაცხადებული შეწყალების აქტი, რის საფუძველზე განაცხადა ეს? თუკი პირს არ აქვს გაცნობიერებული და გაცხადებული თავისი დანაშაული, რის საფუძველზე იჩენს პრეზიდენტი ჰუმანურობას, რატომ მიმართავს ყველას, რომ გაათავისუფლებს, თუკი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას?

    ყაველაშვილის ეს განცხადება სასამართლოს დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებულს ჰგავს. სასამართლომ პატიმრად დატოვა დამნაშავეები, პრეზიდენტი კი იწყალებს, მაშინ სასამართლო რისი მაქნისია?

    _ პრეზიდენტმა ამ განცხადებით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა მათ…

    _ არჩევნებში მონაწილეობისკენ კრიმინალებს მოუწოდა? მოკლედ, ყაველაშვილის ეს განცხადება არაფრის მომტანია. ციხიდან გაგიშვებთო, _ ეუბნება პრეზიდენტი? წარმოუდგენელია…

    ყველა ე.წ. პოლიტიკოსი ციხეში თავის ფეხით წავიდა, მათ არ სურთ საპყრობილიდან გამოსვლა და, თუკი ყაველაშვილს სურს მათი გამოშვება, გამოუშვას, რისთვის სჭირდება შეწყალება?

    არჩევნები, საერთოდ, რომ არ ეხსენებინა, ეს განცხადება უკვე იყო უადგილო. რას ეფუძნებოდა, ჩემთვის ძნელი ასახსნელია. თუკი ხელისუფლებას ასე სურდა ე.წ. ოპოზიციონერების არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ქვეყნის დაქცევის ფასად, რისთვისღა იჭერდნენ? თუ დაიჭირეს იმიტომ, რომ კრიმინალები იყვნენ?! პრეზიდენტის განცხადება, გამოდით გარეთ და არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობაო, აბსოლუტურად აუხსნელია. ეს ქართველი საზოგადოების უპატივცემულობაა…

    ,,ოცნების” ლოზუნგია, გასამართლდეს რეჟიმი, ხალხიც ამას ითხოვს და ელოდება ხელისუფლებისგან, მაგრამ არავინ გაასამართლეს. მერე მოხდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გათითოკაცება, დანაწევრება _ სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ ყველა ერთია, მათ შორის ე.წ. ბიზნესმენებიც…

    მოკლედ, ჩემთვის მართლაც აუხსნელია პრეზიდენტის განცხადება, მან, ალბათ, თვითონ უნდა ახსნას, რა იგულისხმა, რატომ განაცხადა  ეს; უნდა ახსნას პოლიტიკურ ჭრილშიც, სამართლებრივშიც და ადამიანურშიც, რადგან ციხეებში უამრავი ადამიანია, რომლებსაც ეკუთვნით შეწყალება და, წლებია, არ ეღირსათ. პრეზიდენტმა უნდა ახსნას განცხადების არსი, რადგან თვითონ აღიარებს, რომ  დესტრუქციული ძალების წარმომადგენლები დანაშაულისთვის კი არ სხედან ციხეში, არამედ პოლიტიკური ნიშნით, რაც ძალიან ცუდია და საზოგადოებისთვის მიუღებელი.

    ციხიდან აგენტების გამოშვება არჩევნებში მონაწილეობისთვის ჩემთვის გაუგებარია, ეს ხალხი ხომ ქვეყანას ყიდის ფულის გამო?! ისინი გამყიდველები და კრიმინალები არიან…

    როგორც ჩანს, ვიღაცის კარნახით გააკეთა ეს განცხადება მიხეილ ყაველაშვილმა. მას უცხოეთიდან დაურეკეს. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთა იყო…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here