მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენ არის მიპყრობილი _ 31 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ჩინეთის ქალაქ ტიანძინში თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) ყოველწლიური სამიტი იმართება, რომელშიც 20-ზე მეტი უცხოელი ლიდერი და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მონაწილეობს. მათ შორის არიან თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერები: ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, პაკისტანის პრემიერმინისტრი შეჰბაზ შარიფი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ–ჟომართ თოყაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.
ტელეკომპანია ,,ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ სამიტს დაესწრება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მიანმარის სამხედრო მეთაური მინ აუნ ჰლაინი, ნეპალის პრემიერმინისტრი კჰადგა ფრასად შარმა ოლი, ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო, მალაიზიის პრემიერმინისტრი ანვარ იბრაჰიმი და მალდივის კუნძულების პრეზიდენტი მოჰამედ მუიზუ. სამიტს, აგრეთვე, დაესწრებიან გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის გენერალური მდივანი კაო კიმ ჰოურნი.
თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში გაერთიანებულია 10 ქვეყანა, რომლებზეც გლობალური მშპ–ის 23% მოდის. თშო–ს წევრი ქვეყნები არიან: რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ორგანიზაციაში ორი დამკვირვებელი ქვეყანაა _ ავღანეთი და მონღოლეთი. გარდა ამისა, ორგანიზაციას ჰყავს დიალოგის 14 პარტნიორი: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, კატარი, კამბოჯა, ქუვეითი, მალდივის კუნძულები, მიანმარი, ნეპალი, საუდის არაბეთი, თურქეთი, შრი–ლანკა და გაერთიანებული არაბული საამიროები.
როგორც „როიტერი“ წერს, სი ძინპინი გეგმავს, გამოიყენოს ეს სამიტი იმის დემონსტრირებისთვის, როგორი იქნება „პოსტამერიკული საერთაშორისო წესრიგი და ასევე გაუწიოს დიპლომატიური მხარდაჭერა რუსეთს, რომელიც უკრაინაში ომის გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება“.
მსოფლიოს ახალი გადანაწილების პირველი ეტაპის მეორე შეხვედრა _ ასე უწოდებენ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები შანხაისში მიმდინარე სამიტს.
ცნობისთვის: რუსეთის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით ოთხ დღეს გაგრძელდება – 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე.
რას უნდა ელოდოს ამ ე.წ. გადანაწილების პროცესიდან საქართველო? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:
_ 15 აგვისტოს შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ რუსეთის მიმართ არანაირი იზოლაცია არ არსებობს. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, როდესაც ელცინი მართავდა რუსეთს, ის იყო სუბიექტი, უწევდნენ ანგარიშს და ითვალისწინებდნენ მის ინტერესებს. ამის მაგალითია საქართველო, რომელიც არც ერთ დიდ ორგანიზაციაში, მხედველობაში მაქვს ნატო და ევროკავშირი, არ მიიღეს. აშშ-მა ვერ შეძლო, 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტისგან დაეცვა ჩვენი ქვეყანა. უფრო მეტიც, საქართველო გამოიყენეს, როგორც საცდელი ობიექტი, რათა რუსეთისათვის მოესინჯათ კბილი და ეს, სამწუხაროდ, კატასტროფით დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის.
2025 წლის 15 აგვისტოს შეხვედრა ალასკაზე, ალბათ, ერთადერთია, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, და იყო პირველი ეტაპი მსოფლიოს გადანაწილების დიდ გზაზე. რატომ ვამბობ ამას? მოსკოვი და ვაშინგტონი აცნობიერებენ, რომ ერთმანეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ. ტრამპის მცდელობა, რუსეთი დაექვემდებარებინა, უშედეგოდ დასრულდა. მისი, როგორც მშვიდობისმყოფელის, იმიჯი მთლიანად იყო დამოკიდებული ვლადიმერ პუტინის პოზიციაზე უკრაინის მიმართ. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ტრამპის ბევრი განცხადება რამდენიმე დღეში კარგავს აქტუალობას. მისთვის მნიშვნელოვანია მყისიერი ეფექტი, მერე კი ავიწყდება.
15 აგვისტოს შეხვედრას წინ უძღვოდა ზანგეზურის დერეფნის ტრიუმფალური ,,გადაცემა” შტატებისათვის და ატყდა ყიჟინა: რუსეთმა დაკარგა კავკასია, იგი გაძევებულია რეგიონიდან და ა.შ. მაგრამ ალასკაზე რუსეთის ლიდერმა გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომლებიც ზანგეზურის დერეფნის მომავალს ამ კონფიგურაციით ეჭვქვეშ აყენებს, არც რუსეთის რაქციამ დააყოვნა ერევნისა და ბაქოს მიმართ. მყისიერად ამოქმედდა სავაჭრო-ეკონომიკური ბერკეტები და რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა ამ ორი მეზობელი სახელმწიფოსთვის. სად არის ახლა დასავლეთი? ათი ათასობით ტონა სასოფლო–სამეურნეო პროდუქტი რატომ არ ,,გადაამისამართა” ევროპის ბაზრებზე?
სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რუსეთის როლსა და მის შესაძლებლობებს კავკასიაში. ისტორიულ მეხსიერებას მოვუხმოთ და გავიხსენოთ დასავლეთის მიერ გახელებული პატარა ქვეყნები, შემდეგ მათი ტრიუმფალური მიტოვება და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება… არავინ იცის, რეალურად რაზე მოილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა. ეს, საუკეთესო შემთხვევაში, მომავალ წელს გამოჩნდება, თუმცა პირველი სიგნალი უკვე იქნება ჩინეთში ამჟამად მიმდინარე თშო-ს სამიტზე. მინდინარეობს დიდი ვაჭრობა მსოფლიოში ახალი წესრიგის დასამყარებლად და ეს პროცესი მტკივნეული იქნება ბევრი ქვეყნისთვის.
_ ამბობთ, რომ გადანაწილების პროცესი გრძელდება, მაგრამ ამ პროცესში საქართველო არ მონაწილეობს. ეს კარგია თუ ცუდი?
_ ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო არ არ არის მიწვეული ჩინეთში 3 სექტემბერს დაგეგმილ გრანდიოზულ აღლუმზე. გასაგებია, საქართველო არც ბრიჩსის, არც თშო-ს, არც დსთ-ის და, საერთოდ, არაფრის წევრი არ არის, სადაც ახალი მსოფლიო ყალიბდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩავრჩით ამ ევროსფეროში, რომელიც უკვე ევროპელებსაც
აღარ აინტერესებთ. რაც ყველაზე ტრაგიკულია, ევროპა ეწევა ჩვენი ქვეყნის, კერძოდ, მმართველი პარტიის მიმართ არნახულ შანტაჟს. უფრო დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძნელი წარმოსადგენია.
რატომ ვთვლი, რომ ძალიან სამწუხაროა ჩინეთში ჩვენი არყოფნა:
პირველი, საქართველოს ექნებოდა უნიკალური შანსი, ეთქვა, რომ დიდი თამაშის მონაწილეები ვართ და ახალი მსოფლიოს დაბადებაში ვმონაწილეობთ, მით უფრო, რომ იქ ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან მიწვეულნი. ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და, როდესაც იქ ვერ დაგვინახავენ ევროპელი ,,ქორები”, წნეხს გაზრდიან _ ეს უკვე აშკარად იკვეთება ქართველი პროდასავლელი პოლიტიკოსების რიტორიკაში, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით, ხელისუფლების ,,მშვიდობიანი დამხობით~…
მეორე და მთავარი, რაც საქართველოს ჰაერივით სჭირდება, არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. პეკინში ჩვენ გვექნებოდა, რუსეთის პრეზიდენტთან თუ არა, რუსეთის დელეგაციაში შემავალი უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრის უნიკალური შანსი და ეს იქნებოდა ქართველი მხარის უდიდესი გამარჯვება. დიალოგისთვის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად უფრო იდეალური მომენტი წარმოუდგენელია. ახლა აღარ არის იმის დრო, რომ ვეცადოთ დასავლეთის კეთილგანწყობის დაბრუნებას. დასავლეთმა განაჩენი გამოუტანა საქართველოს ხელუსუფლებას, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი ვიზიტით იყოსაქართველოში და არ შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, არადა, სომხეთსა და აზერბაიჯანში ყოფნისას მან შეხვედრები გამართა მმართველ ელიტასთან.
რუსეთთან დიალოგის დაყოვნება საქართველოს სტაბილურობას ემუქრება, მით უფრო, რომ ჩვენი პარტიის ინიციატივით, საზოგადოებითვის ცნობილი ადამიანების მხარდაჭერით მომზადდა მიმართვა საქართველის ხელისუფლებისადმი, სასწრაფოდ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან. დღეს უკვე 145 ათასზე მეტი ხელმოწერაა და ეს ,,ხალხის ხმა” უნდა შეისმინოს და გაითვალისწინოს მმართველმა პარტიამ. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ პეტიციას, მადლობა გადავუხადო. მერწმუნეთ, 145 000 ზრდასრული და სამშობლოს მომავლით შეწუხებული ადამიანის ხმა გასათვალისწინებელია.
უკვე მერიდება კიდეც ამ თემაზე საუბარი. ნუთუ იმ დონეზე დავეცით და დაგვიბნელდა თვალები, რომ ელემენტარულს ვერ ვხედავთ?! ძალიან სამწუხაროა, რომ 35 წელიწადი მომაკვდინებელ ილუზიებში ვცხოვრობთ. ვეხეთქებით ნაპირებს უკომპასო გემივით, რომელიც ისეა დაზიანებული, რომ, როდის დაიწყებს ჩაძირვას, არავინ იცის. ხან ევროპა, ხან აშშ, ხან თურქეთი, ხან ჩინეთი და დავდივართ ასე ხელგაწვდილები მოწყალების მოლოდინში… ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ მოსკოვის გარეშე რამე გადაწყდება კავკასიაში.
კიდევ ერთხელ გამოვხატავ წუხილს, რომ ვერ შევძელით პეკინში რუსეთთან დიალოგის დაწყება, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ეს დიალოგი დაიწყება და ეს იქნება საქართველოს გადარჩენისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი