Home რუბრიკები პოლიტიკა მიმართვა პრემიერ გახარიას

მიმართვა პრემიერ გახარიას

ვითარება მომწიფდა, იმოქმედეთ დამოუკიდებლად!

1301
მიმართვა პრემიერ გახარიას

ვიცი, თქვენამდე მოვა ეს ღია წერილი _ მის შინაარსს გაგაცნობენ. უწინარესად, მოგმართავთ იმიტომ, რომ თქვენ ძირითადი განათლებით ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ბრძანდებით, მაშასადამე, პოლიტიკოსზე, მის მოწოდებასა და ქარიზმულობაზე სერიოზული წარმოდგენა გაქვთ, ფლობთ და აანალიზებთ ისტორიას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სტრატეგიული აზროვნებისთვის და, ამასთანავე, არა მხოლოდ საქართველოში წარმოადგენს უდიდეს დეფიციტს. ეს მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო და იმედი ვიქონიო, რომ ამ ტექსტის შინაარსს უპრობლემოდ აღიქვამთ და გაიგებთ. რა შედეგი ექნება ამას, არ ვიცი, ვგონებ, ცხოვრებაში პირველად მივმართავ ღია წერილით თქვენი რანგის თანამდებობის პირს.

უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გველის წინ, რომელზეც ერთმანეთს უპირისპირდება ორი დიდი კონგლომერატი პარტიებისა მმართველი ძალისა და ე. წ. გაერთიანებული ოპოზიციის სახით. მათგან ცალკე მოქმედი პარტიები მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. ამ პარტიების როლი შეიძლება საპარლამენტო კოალიციების შექმნისას გაიზარდოს, მაგრამ ეს არ არის პრინციპული. თვითონ ორი დაპირისპირებული კონგლომერატი ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის არსებითად უკვე აღარ განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს წარმოდგენა ხალხს განსაკუთრებით მას შემდეგ გაუძლიერდა, რაც მმართველმა “გუნდმა” პრეზიდენტ ზურაბიშვილს თაღლითების კომპანია “ფრონტერას” ლობისტი ამერიკის კონგრესმენ-სენატორების ზეწოლით მიაღებინა გადაწყვეტილება ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა თუ კრიმინალის შეწყალების შესახებ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიწყალა მმართველმა “გუნდმა”, მნიშვნელოვანია _ რატომ, რა მიზეზით.

აშკარაა, რომ მიჩუმებული ოპოზიცია უეცრად წელში გაიმართა და თავისი მცირერიცხოვანი, მაგრამ სტაბილური მომხრეების მობილიზაციას ახდენს, ხოლო მმართველი “გუნდი” ვერ უსაბუთებს უფრო მრავალრიცხოვან თავის ამომრჩეველს, რა უფლებით მოსპო მან საქართველოს ფორმალური სუვერენიტეტის ნიშანწყალი. ამომრჩევლების უმეტესობას დღეს უკვე ერთნაირად ეზიზღება ნაცებიცა და ქოცებიც. აწი ხალხი ხმას ქოცებს მხოლოდ ნაცებისა და სისხლიანი 9 წლის შიშით აღარ მისცემს. ეს ორი კონგლომერატი, როგორი დაპირისპირებულიც არ უნდა იყოს ერთმანეთთან და მეტიც, როგორიც არ უნდა იყოს მათ შიგნით ფარული დაპირისპირებები (ფრანგული სიტყვა კონგლომერატი შემთხვევით არ გამოვიყენე, რადგან იგი “ძალიან განსხვავებულის” ერთად “შეკვრას” გულისხმობს, რაც ზუსტად მიესადაგება მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც), ხალხისთვის დღეს უკვე ერთია.

პრინციპში, ამომრჩეველი უფრო პოლიტიკურად აზროვნებს, ვიდრე პოლიტიკოსები _ ხალხი ხედავს, რომ მმართველი პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია იდეოლოგიურად არ განსხვავდებიან: ორივენი მემარჯვენე ეკონომიკური მიდგომებითა და ფუჭი სოციალური დემაგოგიით გამოირჩევიან, ორივე რადიკალურად ემონება დასავლეთს თავისი ლიბერალიზმითა და ყალბი პოლიტკორექტულობით, მათგან არც ერთს არ გააჩნია არც საქართველოს განვითარების რეალისტური გეგმა და არც საამისო სურვილი.

ამიტომ დღემდე თავისუფალია ნიშა კონსერვატიულიმესამე ძალისთვის”, რომელსაც ნაცებსა და ქოცებს მიღმა დარჩენილი პარტიები ვერ ავსებენ და, სავარაუდოდ, ვერ შეავსებენ რიგი მიზეზების, პირველ რიგში, დამაჯერებელი, ძლიერი, ქარიზმული ლიდერების არყოლის გამო. არადა, ხალხში ასეთ ძალაზე , უკვე საკმაო ხანია, არსებობს მოთხოვნა და დღეს ეს თემა საოცრად აქტუალურია.

თქვენ აქამდე ბრწყინვალედ განვლეთ პოლიტიკოსისთვის აუცილებელი გზა. ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, ლიბერალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენლები ღიად გიპირისპირდებიან და ორგანულად ვერ გიტანენ, თქვენი საუკეთესო რეკლამა და პოლიტიკური აქტივია. შარშანდელი 20 ივნისის აქციისა და შემდგომი აქციების განეიტრალებით თქვენ მოახდინეთ ლეგიტიმური სახელმწიფო ძალის (აღარ ვწერ _ ძალადობის, რათა ყველამ სწორად გამიგოს) დემონსტრირება. გაირკვა, რომ ხალხს უნდა ძლიერი ლიდერი. სააკაშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ შექმნილმა გაურკვევლობამ, ფსევდოპლურალიზმმა, მუდმივმა გაუმართლებელმა მოლოდინმა და ამ ფონზე ისევმიშისტებისთავხედურმა აქტიურობამ კვლავ დღის წესრიგში დააყენაძლიერი ხელისთემა. ზოგანტიმიშისტსაცკი მოენატრა მიშასძლიერი ხელი”. პარადოქსია თითქოს, მაგრამ მოწმენი ვართ ახალი ციკლის, რომელშიცძლიერ ხელსისევ მოითხოვენ მისი შესუსტების შედეგად გამოწვეული არეულობების მიზეზით.

რა თქმა უნდა, ხალხს სააკაშვილის დანაშაულებრივი, სისხლიანი ხელი არ მონატრებია. ეს ილუზიაა და მადლობა უფალს, რომ ასეა, მაგრამ საზოგადოდ “ძლიერი ხელი”, სადაც და როგორც თქვენ დაანახვეთ საზოგადოებას, საჭიროა. მართალია, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში თქვენ არსებითი ხასიათის შეცდომები დაუშვით ეკლესიასთან ურთიერთობაში, ზედმეტად მიენდეთ ჩვენი კვალიფიციური ექიმ-მენეჯერების ამჯერად არაკვალიფიციურ, ჯანმოს კომიკური თავკაცის მიერ გამოშვებული “გაიდლაინების” საფუძველზე წამოყენებულ უაზრო მოთხოვნებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ზეიმის აკრძალვის ჩათვლით, მაგრამ გარკვეული პირობით, მორწმუნე მრევლიც შემობრუნდება თქვენკენ.

თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, გახდეთ ეროვნული ლიდერი, ძლიერი ფიგურა. თქვენი პოპულარობა იქნება უზარმაზარი და ეს იქნება დამსახურებული პოპულარობა, რადგან (თუკი) თქვენ სათავეში ჩაუდგებით საქართველოს რეალური სუვერენიტეტის შექმნის საქმეს, შეხვალთ საქართველოს ისტორიაში. ამჟამინდელი პოზიციებით თქვენი პოლიტიკური კარიერის პიკი მიღწეულია და მეტად ვერ განვითარდებით. თქვენი ქარიზმა მინელდება, თქვენ მალე იქცევით იმ მთავრობის პრემიერტექნოკრატად, რომლის მომავალი წარმატება საეჭვოა, მაგრამ ახლა შეგიძლიათ, გახდეთ ძლიერი ლიდერი, რომელიც მოწოდებითაა პოლიტიკოსი. საჭიროა ძალიან თამამი, მაგრამ ერთადერთი სწორი და, როგორც თქვენთვის პირადად, და, მით უფრო, საქართველოსთვის სასარგებლო ნაბიჯის გადადგმა!

ვგულისხმობ იმას, რომ დადგა დრო, როდესაც თქვენ უნდა დატოვოთ უღიმღამო, აქოთებული ჭაობი სახელად “ქართული ოცნება” და შექმნათ საკუთარი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. გთავაზობთ კოლონიალიზმისგან გამწარებული ქართველობისთვის ფრიად მიმზიდველ სახელწოდებასაც _ “ახალი ძალა სუვერენული საქართველოსთვის”. თქვენ არ გჭირდებათ “მამა-მარჩენალი”, დღევანდელი მდგომარეობით ხართ თვითკმარი პოლიტიკოსი. გადადგით ეს ნაბიჯი და გახდით ქართველი ხალხის საყვარელი ლიდერი, რომც დამარცხდეთ, მაინც ღირსეულ ადგილს დაიკავებთ ჩვენს ისტორიაში, რადგან თქვენი ბრძოლა იქნება სიმართლისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისთვის, მშრომელი ხალხისთვის ბრძოლა.

არ ვამტკიცებ, რომ ეს ამ კვირაში უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, იმავე ხალხს, რომელიც ხელის გულზე გატარებთ, პოპულისტური მიდგომაც სჭირდება ერთგვარად, ასეთია პოლიტიკის თვისება. იდეალიზმი და რეალიზმი ხელიხელჩაკიდებული უნდა მოქმედებდეს. მიზანი უნდა იყოს იდეალისტური, სუფთა, ამაღლებული, მაგრამ მეთოდები, თუ საჭიროა, მაკიაველისტურიც. ცოტა ხნით კიდევ დარჩით მთავრობის მეთაურის პოსტზე, მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ხორცშესხმა დაიწყოთ და ამ მაჟორულ ნოტზე მიუჯახუნეთ კარი ქოცებს, რომლებიც თავისიანად და . . გუნდის ლიდერად მაინც არ მიგიჩნევენ. თქვენ არ ხართსოროსელი”, არ გაქვთ გავლილი მათი სკოლა, საპარლამენტო უმრავლესობაში არ არის არც ერთი დეპუტატი და მთავრობაში არ გყავთ არც ერთი მინისტრი, რომლებიც თქვენი დასაყრდენი იქნებოდნენ. თქვენი პოლიტიკური კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ეს კი ძალიან მყიფე საფუძველია. თვით პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ნაცების ჯიბრით ავირჩიეთ, არ გასახელებთ მათ რიცხვში, ვისაც ე.წ. პოლიტპატიმრებისა თუ კრიმინალების შეწყალება შეუთანხმა. თქვენი “ანტიკორონავირუსული” რიტორიკა უკვე დროში იწელება, რაღაც ეტაპის შემდეგ ხალხი ისე აღგიქვამთ, როგორც თეთრხალათიანს, ახალგაზრდა ამირან გამყრელიძეს ან მომავალ პაატა იმნაძეს არ გაგიკვირდეთ, ქოცებმა ბოლოს “ლუგარის ცენტრის” დირექტორობა ან რაიმე მსგავსი ეგზოტიკური პოსტი რომ შემოგთავაზონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე გვიან, არჩევნების შემდგომ დღეს, თქვენ მათთვის უინტერესო და არააქტუალური, უფრო მეტიც, საშიში კონკურენტი იქნებით. თქვენ ფონზე მათი უღიმღამობა კიდევ უფრო მყვირალაა. შეიძლება, მანამდეც, 20 ივნისს დაგეგმილი “წლისთავის” ფონზეც შეგწირონ მსხვერპლად. ნუ დაელოდებით ამას, თვითონ იმოქმედეთ, ქართველი ხალხი გელით!

პატივისცემით,

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. გიორგის ძალიან დიდი შანსი აქვს ეროვნულ ლიდერად გახდომის. ყველაფერი აქვს საამისოდ. იდეალიზმი და რეალიზმი ხელიხელჩაკიდებული უნდა მოქმედებდესო, და გარე და შიდა პოლიტიკური პროცესების რეალობიდან გამომდინარე იქნებ ჯობდეს ჯერ ისევ გუნდს შეყვეს ბოლომდე. საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი საერთო ინტერესების ნაც-ქოცების ხელში არ უნდა დარჩეს. დანარჩენი გიორგის ფონზე მთელი საქოცეთი გამონაკლისების გარდა მაინც უსუსურად და უმწეოდ გამოიყურებიან. გიორგი ამ ეტაპზე შიგნით უფრო საჭიროდ მიმაჩნია. წარმატებები ჩვენს მაგარ პრემიერს, ჩვენს გიორგის ამდენ შიდა და გარე მტრის ხელში შექმნილი მდგომარეობით ბეწვის ხიდზე სავალი გზის გაკვალვაში ქვეყნის საკეთილდღეოდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here