უცებ ვერც გაიაზრებ, რა სიტყვაა ეს. მისი ფუძე ჭინჭია. ჭინჭი – ხმარებისგან ყავლგასული, მოძველებული, გაქუცული ქსოვილი; მეჭინჭენი კი – ჭინჭის შემგროვებელნი ან მასთან გარკვეული დამოკიდებულების მქონე ადამიანები. სულ ეს არის ამ უცნაური ფონეტიკის მქონე სიტყვის მთელი სემანტიკური შიგთავსი. ფონეტიკა და სემანტიკა გასაგებია, მაგრამ ამ სიტყვის უკან, რომელიც არც ლიტერატურაში გვხვდება და არც ცხოვრებაში, დგას სოციალური შინაარსი, რომელიც შედარებით ახალი მოვლენაა…
მარგარეტ ტეტჩერს უთქვამს: „ევერესტზე ყველა თავისთვის მიცოცავს, მაგრამ მწვერვალზე ყველას თავისი ქვეყნის დროშა ააქვს”. ძლიერი ნათქვამია. რა არის დროშა -იდეა, რომელსაც ემსახურები, თუ ჭინჭი, რომელსაც მოხერხებულად იყენებ? ხან ასეა, ხან – ისე! ადამიანსაც გააჩნია და ეპოქასაც. ადამიანი, მოგეხსენებათ, ბევრნაირი არსებობს. ეპოქებიც განსხვავებულია – ჰეროიკულიდან მერკანტილურამდე. დროშა ყველა ეპოქაში ფასობს, ოღონდ სხვადასხვანაირად – ერთ შემთხვევაში ჭეშმარიტად და გულისფიცარზე ამოკვეთილად; მეორე შემთხვევაში – ფარისევლურად და მოსაჩვენებლად, პირადი მიზნებისთვის გამოსაყენებლად, იქიდან გამომდინარე, თუ რა ტენდენციებით ხასიათდება ესა თუ ის კონკრეტული მონაკვეთი ისტორიისა.
დროშის ფენომენი უძველესია. ათასწლეულების წინათ მას სხვადასხვა ტომი იყენებდა. იმდროინდელ დროშებს ფრინველების ბუმბულისგან ან ცხოველების ტყავისგან ამზადებდნენ. ქსოვილისგან დამზადებული დროშები გაჩნდა ძველ ჩინეთსა და რომის იმპერიაში. დღეს იგი ფართოდ გავრცელებული სახელმწიფოებრივი ატრიბუტია, პარალელურად გამოიყენება საზოგადოებრივ გაერთიანებებში, ორგანიზაციებში, კომპანიებში… დროშის მიმართ დამოკიდებულების მთელი კულტურაა ჩამოყალიბებული. ამ კულტურაში უმთავარესი მოწიწებაა. დროშასთან თავს ხრიან, მის წინ იჩოქებენ, მას ემთხვევიან. შესაძლებელია, ეს კანონით არ იყოს გაწერილი, მაგრამ არსებობს კანონზე მაღალი ნორმა, რომელსაც ტრადიცია ჰქვია. სახელმწიფო დროშა სახელმწიფო ორგანოების შენობების თავსა და გუმბათებზე უნდა ფრიალებდეს, ყველგან და უპრაგონოდ კი არ უნდა გამოიყენებოდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში იკარგება ის, რაც დროშასთან დამოკიდებულების კულტურაში უმთავრესია – კრძალვა და რიდი. ვიღაცათა სხეულზე თავშალივით შემოხვეული დროშა აღარ არის დროშა. აქედან უკვე სხვა რამე იწყება – საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პატრიოტიზმთან. ეს სამშობლოს წინაშე ფარისევლობაა. ასეთი ტენდენცია თავს იჩენს და მძლავრობს არეულობების დროს, გარდამავალ პერიოდებში და ა.შ. ორმოცი წელიწადია, საქართველოში ვუყურებთ დროშების გაუთავებელ ფრიალს. ჯერ გამსახურდიამ ირბინა ნოე ჟორდანიასდროინდელი მენშევიკური მთავრობის დროშით; შემდეგ ნაბოლშევიკარმა შევარდნაძემაც არ ითაკილა იგი, თერთმეტი წელიწადი მართა ქვეყანა მენშევიკების დროშით. შევარდნაძისთვის მთავარი, დროშა კი არა, ძალაუფლება იყო, რომელსაც ის დროშა ახლდა. შემდეგ დასავლეთის სპეცსამსახურებმა შევარდნაძე რომ დაამხეს და სააკაშვილი მოიყვანეს ხელისუფლებაში, იგი უკვე დარბოდა ხუთჯვრიანი დროშით, რომელიც მისი პარტიის („ნაციონალური მოძრაობა”) სიმბოლოდ ჰქონდა გამოცხადებული. არავინ იცის, სად მოძებნა მან ეს დროშა. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ საქართველოს ისტორიაში ცნობილია ამ დროშის ანალოგი; ზოგიერთების მტკიცებით, ეს ევროპული (მასონურ-როზენკრეიცერული) დროშაა, მაგრამ ფაქტია, რომ ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლიდან საქართველოს სახელმწიფო დროშაა. აკადემიკოსმა გურამ შარაძემ, რომელიც სააკაშვილმა ქუჩაში დაახვრეტინა, თბილისის იმდროინდელი მერიის (დღევანდელი საკრებულოს) შენობის თავზე სააკაშვილის მიერ უკანონოდ აღმართული ხუთჯვრიანი დროშა სამჯერ ჩამოაგდო, მაგრამ საბოლოოდ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ გაიმარჯვეს, ეს დროშა უკანალზეც მოიხვიეს და სახელმწიფო დაწესებულებებზეც აღმართეს. ახლა ე.წ. აკაცუკები (დასავლეთის ღია აგენტურა და ისევ სააკაშვილის ბანდა) დააფრიალებენ ამ დროშას თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. თბილისში (სხვაგანაც) ნახავთ საცხოვრებელი სახლების აივნებიდან გადმოფენილ და ფიზიკურად შელანძღულ ხუთჯვრიან დროშებს. თეთრი ფონის მქონე ქსოვილი ადვილად და მალე ჭუჭყიანდება, ქარსა და წვიმაში ხუნდება, იძენძება და საბოლოოდ ისეთ სახეს იღებს, რომ ყველაფერს შეიძლება მივამსგავსოთ, გარდა დროშისა. ალბათ, ძნელია, ადამიანს მისი ეროვნული დროშის პატივისცემა და სიყვარული დაუშალო, მაგრამ გამოხატვის ფორმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?! სხვათა შორის, საერთოდ არ მაქვს საუბარი დაშლაზე. ისემც გიქნიათ, ქართველებო, რომ ყველა ფანჯრიდან დროშები გიფრიალებიათ, თანაც არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ – ევროკავშირის, აშშ-ის, ნატოს, ეუთოს, გაეროს, უკრაინის… აფრიალებთ კიდეც. ეს კი არ მადარდებს, ამ მოვლენის ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიას მინდა ჩავწვდე. რა არის ეს, სამშობლოს სიყვარული? ვთქვათ ასეა, მაგრამ დავიჯერო, ასე ცოტას უყვარს სამშობლო? ათასიდან ერთ აივანზე რომ არის დროშა გადმოპროწიალებული, დანარჩენ ცხრაასოთხმოცდაცხრამეტს სამშობლო არ უყვარს? ის ერთი, ალბათ, ფიქრობს, რომ გაჭუჭყიანებულ-გაუბედურებული ჭინჭის აივნიდან გადმოფენა მისი გამორჩეული პატრიოტიზმის ნიშანია, მაგრამ სინამდვილეში ეს მატრაბაზობა უფროა, ვიდრე სამშობლოს სიყვარული. სამშობლოს სიყვარული, პირველ რიგში, პატიოსნებაა, შრომაა, შვილების აღზრდაა, აუცილებლობის შემთხვევაში თავდადებაა და არა ის, რასაც მოჩვენებითობა, სხვის ჯიბრში დგომა და საზოგადოების გახლეჩვისკენ ნაბიჯის გადადგმა ჰქვია.
ქალაქებში აივნებზე სარეცხის გაფენა კანონით იკრძალება, რადგან არაესთეტიკურია ანუ, სილამაზის კანონებიდან გამომდინარე, მიუღებელია. ითვლება, რომ ასეთი რამ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია. სწორიც არის, აივნებზე მოფრიალე ნიფხვები (ბოდიში მომიხდია ამ სიტყვის გამო) ვერ იქნება დადებითი ემოციის გამომწვევი, მაგრამ ის, რის შესახებაც ამ წუთს კონკრეტულად ვლაპარაკობ, გარეცხილი მაინც არის, ვინაიდან სწორედ ამ პროცედურის ჩატარების მერე ფენენ გასაშრობად. ეს საცოდავი ჭინჭი კი (იმ „გამორჩეულად პატრიოტებს” დროშა რომ ჰგონიათ) ისე ჩაბინძურებულ-ჩაოხრებულია, რომ გასაშრობად გაფენილ სარეცხზე უარესად გამოიყურება. დროშა კი ლამაზად, თავმომწონედ, ამაყად და დიდებულად უნდა გამოიყურებოდეს. მას გარემოც შესაბამისი სჭირდება. არ შეიძლება, ყველა საღორესა და საქათმეზე დროშა ააფრიალო, აქაოდა, პატრიოტი ვარო. დროშას ფიზიკურად არც უნდა შეეხო, მას დისტანცია სჭირდება. შეუძლებელია, ავტომანქანის სალონის რომელიღაც ნახვრეტში შერჭობილი დროშა დროშად აღიქვა. ისევე, როგორც საძინებელ ოთახებში არ არის ჯვრების, ხატებისა და რელიგიური სიწმინდეების ადგილი, საცხოვრებელი სახლების აივნებზეც არ არის დროშების ადგილი.
ამის შესახებ იმის იმედით არ ვწერ, რომ ხვალიდან ქართველები დაფიქრდებიან და ისე მოიქცევიან, როგორც მე ვეუბნები. ჩვენ ისეთი ჯიუტი ხალხი ვართ, ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველები – დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი და იოსებ სტალინი რომ გაცოცხლდნენ და ერთხმად რაღაც გვირჩიონ, იმავე წუთს გამოჩნდებიან უფრო „ჭკვიანი” აკაცუკები, რომლებიც საპროტესტოდ დაირაზმებიან.
როგორ ვთქვა, ათასწლეულებგამოვლილი ერი ცივილიზაციის დეფიციტს განიცდის-მეთქი, ან ის როგორ ვთქვა, აზრისა და კულტურის დეფიციტით იქცევა ასე-მეთქი, იმ დროს, როდესაც თუნდაც იმ სამი ზეკაცის მშობელია, წეღან რომ ვახსენე? სხვა რამდენი საკაცობრიო მნიშვნელობის გენიოსი შვა და აღზარდა მრავალ ჭირვარამგამოვლილმა ქართველმა ერმა; ერთი მხრივ, რა სასწაული გამონათებები, მეორე მხრივ, რა საოცარი ჩავარდნები და პრიმიტივიზმი? ახსნა უნდა ამასაც. დღევანდელი ეს მეჭინჭენი იმ გენიოსთა მშობელი ერი ვართ ან მათ შთამომავლებად უნდა ვითვლებოდეთ? იქნებ ისეთივე საბედისწერო წყვეტა მოხდა ჩვენს ისტორიულ-ეროვნულ გენეტიკაში, რომლის მსგავსიც იცის ისტორიამ?! არიან ხალხები, დიდი ეროვნული სახელის მქონენი, რომლებიც ჩრდილსაც კი არ წარმოადგენენ თავიანთი დიდი წინაპრებისა. შეგნებულად არ ვასახელებ, მაგრამ მიხვედრა სიძნელეს არ წარმოადგენს. მათ თითქმის ვერაფერი შეინარჩუნეს და მოიტანეს დიდი ისტორიიდან – ვერც ენა, ვერც სული, ვერც ანთროპოლოგიური ნიშან-თვისებები. ჩვენ „ვეფხისტყაოსანს” (აღმოსავლური რენესანსის ამ უკვდავ და მსოფლიოში აღიარებულ ქმნილებას) ორიგინალში ვკითხულობთ, გარდასულ ეპოქათა სულიც თითქოს გამოგვყოლია და ფიზიკური იერ-სახეც შეგვინარჩუნებია, მაგრამ ისეთ წვრილმანებში ვიყიდებით ხოლმე, რომ ზემოთ დასმულ შეკითხვამდე ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე მივსულვართ. ქრისტიანობასთან ზიარების თითქმის ორიათასწლოვანი ისტორიის მქონე ხალხი მეჭინჭეობას ვეწევით და აივნებზე საცვლებს შორის გამოფენილი დროშებით ვცდილობთ დიადი წარსულის ღირსეულ შთამომავლებად საკუთარი თავის გამოცხადებას. ამ დროს იმ შორეულ წინაპრებს – ტომობრივ დაჯგუფებებს უფრო ვემსგავსებით, ფრინველთა ბუმბულისგან ან ცხოველთა ტყავისგან დამზადებულ დროშებს რომ ეთაყვანებოდნენ, თუმცა არის ერთი არსებითი განსხვავებაც: ისინი იმ თავიანთი პირველყოფილი დროშებით ისტორიის საფეხურებს აღმა მიჰყვებოდნენ და წინ მიიწევდნენ, ჩვენ კი ამ ჩვენი მეჭინჭეობით დაბლა ვეშვებით და უკან მივდივართ. არის რაღაც, რის გაკეთებასაც ადამიანს შინაგანი ხმა არ ანებებს, ამგვარ ხმას მოკლებული თუ არ არის. შეკითხვას ვსვამ, რომელიც არა მხოლოდ მეჭინჭეობის გამო, არამედ ზოგიერთ სხვა საკითხზეც მაწუხებს ხოლმე: ხომ არ მოვწყდით შინაგან ხმასაც, ანუ ხომ არ მოვწყდით ისტორიასაც, საკუთარ თავსაც და ხომ არ მივექანებით იმ უფსკრულისკენ, დიდი ილია რომ გვაფრთხილებდა – „არ ვიცით – რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ – რანი ვართ, ვერ გამოგვისახია – რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა, ხელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?!”
ვალერი კვარაცხელია







